კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პაატა ხოხაშვილის სამედიცინო დახმარების აღმოჩენაზე სამართალდამცავები უარს ამბობენ

7 ივლისი, 2009

ნონა სალაღაია

პრეზიდენტის არწივები წინასწარი გამოძიების საკანში იმყოფებიან

პაატა ხოხაშვილის პირად საქმეში, რომელიც თავდაცვის სამინისტროს არქივში ინახება, დღემდე მხოლოდ მადლობის ბარათები, სიგელები და მედლები იდო. დღეს კი მის შეუბღალავ სამხედრო კარიერას სამხედრო ამბოხის მოწყობის ბრალდება ამძიმებს. პრეზიდენტი მეომრებს, რომლებიც დღეს გლდანის წინასწარი გამოძიების საკანში იმყოფებიან, ერთ დროს, თავის „არწივებს“ უწოდებდა. ახლა ეს არწივები დაპატიმრებულები არიან და მათ სამართალდამცავები მკურნალობის საშუალებასაც არ აძლევენ.

„ადამიანის უფლებათა ცენტრში“ დაკავებული ასმეთაურის მეუღლე ინგა ხოხაშვილი მოვიდა და დახმარება ითხოვა. „ჩემი მეუღლე ძალიან ცუდადაა, თუ მკურნალობის კურსი არ ჩაუტარდა, ციხიდან ინვალიდი გამოვა. გლდანის საპყრობილის ტერიტორიაზე ციხის რესპუბლიკური საავადმყოფოა და მაინც უარს გვეუბნებიან ერთ საათიან პროცედურაზე. დამნაშავეც რომ იყოს ჩემი მეუღლე, მისი ჯანმრთელობის უფლების დარღვევა ხომ არ შეიძლება“ - ამ სიტყვებით დავიწყეთ საუბარი ახალგაზრდა ქალთან, რომელიც მეუღლის უდანაშაულობაში დარწმუნებულია და ერთადერთი მოთხოვნა აქვს - დაკავებულს საჭირო მკურნალობის კურსი ჩაუტარდეს.

გორის ჯავშანსატანკო ბატალიონის ასეულის მეთაური, პაატა ხოხაშვილი 5 მაისს, მუხროვანში აჯანყების მოწყობის ბრალდებით, საკუთარ თანამებრძოლებთან ერთად დააკავეს. სასამართლომ ხუხაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. ხოხაშვილის მეუღლე ირწმუნება, რომ დაკავებული ასმეთაური ოთხი დღის მანძინზე, სხვა დაკავებულებთან ერთად, გლდანის ციხის სარდაფში ჰყავდათ დამწყვდეული. ხოხაშვილს ჯანმრთელობა აგვისტოს ომის დროს შეერყა, ნესტიან სარდაფში ოთხი დღის განმავლობაში ყოფნამ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმე.

საქმე ისაა, რომ აგვისტოს ომის დროს, პაატა ხოხაშვილის წინ აფეთქებულმა ნაღმმა,  მას თავის ქალა და ხერხემალი დაუზიანა. გაუსაძლისი ტკივილების გამო ის, სამხედრო მანქანით, თბილისში, ყიფშიძის კლინიკაში ჩამოიყვანეს. აქ მას კომპიუტერული ტომოგრაფიით ხერხემლის თიაქარი დაუდგინეს. ნეიროქირურგის თქმით, პრობლემის დასაძლევად ქირურგიული ჩარევა იყო საჭირო, მაგრამ გენერალი ოპერაციის მერე ფიზიკურ დატვირთვას ვეღარ შეძლებდა და მუშაობა უნდა შეეწყვიტა. საბოლოოდ ხოხაშვილმა არჩევანი ფიზიოთერაპიის კურსის ჩატარებაზე გააკეთა. თერაპიის შედეგად თიაქარი არ ქრება, მაგრამ მას ნორმალური ცხოვრების და მოძრაობის საშუალებას უქმნიდა.

მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობით შეწუხებულმა ინგა ხოხაშვილმა სასამართლოს განაჩენის გასაჩივრება გადაწყვიტა და  სახაზინო წესით დანიშნულ ადვოკატ მერაბ წკრიალაშვილს დახმარების თხოვნით მიმართა. „ადვოკატმა მითხრა, რომ მომდევნო დღეები შაბათ-კვირას ემთხვეოდა და ყველა ინსტანცია ისვენებდა. ორშაბათიდან კი საკუთარი ადვოკატის აყვანაზე უნდა მეზრუნა, რადგან მას არ ჰქონდა იმის დრო, რომ ჩემი პატიმრის საქმეებზე ერბინა. ასე რომ ვიფიქრე, სასამართლოს გადაწყვეტილებას ახალი ადვოკატი გაასაჩივრებდა“, - მოგვითხრობს დაკავებულის მეუღლე ინგა ხოხაშვილი.

ორშაბათს განაჩენის გასაჩივრება აღარ მოხერხდა. გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი 48 საათი უკვე გასული იყო. კანონი ამ შემთხვევაში შაბათ-კვირას და დასვენების დღეებს არ სცნობს, რაც სავარაუდოდ, ადვოკატ წკრიალაშვილსაც კარგად უნდა სცოდნოდა. ეს ერთი შეხედვით არცთუ მნიშვნელოვანი ფაქტი სინამდვილეში ძალიან საყურადღებოა. ინგა ხოხაშვილი ფიქრობს, რომ სახაზინო ადვოკატები თავს არიდებენ ამბოხებაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული ადამიანების უფლებების დაცვას.

ახლა ხოხაშვილს ახალი ადვოკატი ჰყავს. ცირა ჯავახიშვილი იმ დარღვევებზე საუბრობს, რომლებიც მისი კლიენტის დაკავებიდან დღემდე დაფიქსირდა და იმედი აქვს, რომ დაკავებულის ჯანმრთელობის უფლების დარღვევის ფაქტი საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ყურადღებას მიიპყრობს, რამაც მისი აზრით შეიძლება პრობლემის მოგვარებას შეუწყოს ხელი. „იმ ოთახში, თუ სარდაფში, რომელშიც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა ოთხი დღე გაატარა არც სკამი იყო, არც საწოლი, საბანზე და ლეიბზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა მიამბო, რომ სარდაფში ყოფნის დღეები წვიმებს დაემთხვა და კედლები და იატაკი სულ დანესტიანდა. პატიმრები ბოლოს ვერც ძირს ჯდებოდნენ და ვერც კედელს ეყრდნობოდნენ“, - აცხადებს ხოხაშვილის ადვოკატი ცირა ჯავახიშვილი.

12 მაისს ხოხაშვილის კერძო ადვოკატს საქმეში ჩართვის საშუალება მიეცა და პატიმარი მოინახულა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამამძიმებელი გარემოებები ადვოკატმა საპყრობილის ხელმძღვანელობისთვის გაგზავნილ წერილებში დაწვრილებით აღწერა და პატიმრის საავადმყოფოში გადაყვანა მოითხოვა. ცირა ჯავახიშვილმა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელობას სხვა ინფორმაციის მოსაპოვებლადაც მიმართა. კერძოდ ის ციხის ადმინისტრაციისგან ითხოვდა ინფორმაციას 8-13 მაისის პეროდში ხოხაშვილის ადგილსამყოფელის შესახებ. მის კითხვას, რომელ კამერაში იმყოფებოდა პაატა ხოხაშვილი 8-13 მაისის განმავლობაში, რა პირობებში და რამდენ პატიმართან, სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა ძალიან უცნაურად გასცა პასუხი. ადვოკატმა დეპარტამენტიდან საპასუხო წერილი კი მიიღო, მაგრამ წერილი პასუხს არ სცემდა არც ერთ კითხვას. დეპარტამენტი იტყობინება, რომ პატიმარი ხოხაშვილი ამჯერად მე-3 კორპუსის #7 საკანშია მოთავსებული. იმ კითხვებზე, კი რაც სამართალდამცავების მიერ ჩადენილ დარღვევაზე მიუთითებდა, პასუხის გაცემას თავი აარიდეს.

ცირა ჯავახიშვილმა სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით და 10000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ მისი დაცვის ქვეშ მყოფის გათავისუფლება ითხოვა, თუმცა სასამართლომ მისი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

„მიუხედავად იმისა, რომ შუამდგომლობა ახლადაღმოჩენილ გარემოებებს ეფუძნებოდა, სასამართლომ მიიჩნია, რომ ჩემს მიერ დასახელებული მიზეზები საკმარისი არ იყო, აღმკვეთი ღონისძიების მართლზომიერების გადასამოწმებლად. უცნაური ის არის, რომ საქმეზე, იმ პერიოდისთვის 17 ტომი არსებობდა. ჩემთვის გაუგებარია, მოსამართლე გოგინაშვილმა როგორ შეძლო რამდენიმე საათში საქმის შესწავლა. ერთი დღე მას მხოლოდ იმისთვის დასჭირდებოდა, რომ გარკვეულიყო, რომელი ტომი უნდა შეესწავლა დასკვნის გამოსატანად“, - განაცხადა ცირა ჯავახიშვილმა.

ამის შემდეგ ჯავახიშვილმა დაკავებულისთვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენა ითხოვა, თუმცა მისი შუამდგომლობა არც ამ შემთხვევაში დააკმაყოფილეს. სასჯელაღსრულების დეპარტამენტში მიიჩნიეს, რომ ის გამაყუჩებლები, რაც პაატა ხოხაშვილს საკანში უკეთდება, სრულიად საკმარისია მისი მდგომარეობის შესამსუბუქებლად. დეპარტამენტი მისთვის  დამატებითი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის აუცილებლობას ვერ ხედავს.

„გამაყუჩებელი, რომელიც ჩემს მეუღლეს უკეთდება, მის მდგომარეობას დიდად არ შეამსუბუქებს. მისმა პირადმა ექიმმა მითხრა, რომ აუცილებელია ფიზიოთერაპიის კურსის გაგრძელება, რაც მას აგვისტოს ომის შემდეგ უტარდებოდა. ამ პროცედურით, მას მალებს შორის უკეთდება ინექცია სითხის სახით, რაც ხელს უშლის პაატას ხერხემალში სითხის გამოშრობას. პარალელურად საჭიროა დასხივება და მასაჟები. მთელი ეს პროცედურა სულ 45 წუთი გრძელდება. ეს არ არის ძალიან დიდი დრო, გლდანის საპყრობილეში ციხის რესპუბლიკური საავადმყოფოა და ამ თერაპიის ჩატარება იქაც შეიძლება, ახალგაზრდა კაცი ციხიდან ინვალიდი რომ  არ დაბრუნდეს“, - აცხადებს ინგა ხოხაშვილი.

ადვოკატი ირწმუნება, რომ ტკივილებმა გენერალის სხეულის  მთლიანი დეფორმაცია გამოიწვია.

„ბოლოს დასაკითხად მისული პროკურორი და გამომძიებელიც კი შესძრა მისმა მდგომარეობამ და იმას მაინც მივაღწიეთ, რომ წელის ქამარის შეტანის უფლება მიგვეღო. ეს ქამარი სხეულზე მჭიდროდ უკეთდება და მოძრაობისას არაადამიანურ ტკივილებს უნელებს“, - გვითხრა ადვოკატმა.

ხოხაშვილის პირადი ექიმის დანიშნულებით ავადმყოფს ვოლტარინი მაინც უნდა გაუკეთდეს, რომ მან შეღავათი იგრძნოს. „როდესაც ჩვენ ამ თხოვნით საპყრობილის ხელმძღვანელობას მივმართეთ, უმადურები გვიწოდეს. წელის ქამარი ხომ შემოგატანინეთ, გამაყუჩებლებსაც ვუკეთებთ და ახლა რა ვოლტარინი მოგინდათო“, - ამბობს ინგა ხოხაშვილი.

მან დახმარებისთვის თავდაცვის სამინისტროსა და  სასჯელ აღსრულების დეპარტმენტსაც მიმართა. პასუხი ჯერ-ჯერობით არც მათგან მიუღია.

დაკავებულის მეუღლე გულისტკივილით აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ გამომძიებელმა მისი თხოვნა არ გაითვალისწინა და 11 წლის გოგონას მამასთან სატელოფონი საუბრის საშუალება არ მისცა. „გამომძიებელს ჩემი მდგომარეობის გათვალისწინება ვთხოვე. ჩემს გოგონას მხედველობა, გორში საცხოვრებელი სახლის აფეთქების შემდეგ (ჩვენც იქ ვიმყოფებოდით), შიშის ნიადაგზე დააკლდა. მისთვის ტირილი არ შეიძლება. გამომძიებელს ეს ავუხსენი და ვთხოვე, ბავშვისთვის მამამისთან საუბრის საშუალება მიეცა. უარი მითხრა. როგორც კომპეტენტურმა პირებმა მითხრეს, გამონაკლისის დაშვება მას ნამდვილად შეეძლო, ზოგ შემთხვევაში, თუ საჭიროა პაემანსაც უნიშნავენ ოჯახის წევრებს“, - ამბობს ინგა ხოხაშვილი.


პაატა ხოხაშვილი 17 წელია სამხედრო სამსახურში მსახურობს. ის იბრძოდა როგორც აფხაზეთში, ასევე სამხრეთ-ოსეთში, მიღებული აქვს უამრავი მედალი და მადლობის სიგელი. „ჩვენთვის პირადი ცხოვრება თითქმის არ არსებობდა, სადაც არ უნდა ვყოფილიყავით, პაატა მუდამ მზადყოფნაში იყო. ის შეიძლებოდა ნებისმიერ დროს გამოეძახებინათ სამსახურში. გული მტკივა, რომ მას დღეს სამხედრო აჯანყებაში დებენ ბრალს. მოსალოდნელი ამბოხის შესახებ, მე არაფერი ვიცოდი, უფრო სწორად, არა მარტო მე, იქ მყოფმა ჯარისკაცებმაც არაფერი იცოდნენ. ჯარისკაცები და ოფიცრები, რომლებთანაც მე მაქვს ურთიერთობა, ყვებიან, რომ ამ ამბოხების შესახებ არაფერი იცოდნენ. მათ 12 საათიანი კურიერიდან გაიგეს, რომ თურმე ამბოხებაში მონაწილეობდნენ“, - ამბობს ინგა ხოხაშვილი და როგორც სჩანს სჯერა, რომ ამდენ ომგამოვლილი მეუღლე გლდანის ციხიდანაც მოახერხებს სახლში ღირსეულად დაბრუნებას და რაც მთავარია - ჯანმრთელი იქნება.

ახალი ამბები