კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მიტინგის გამართვა კანონით იკრძალება?

13 ივლისი, 2009

რომან აფაქიძე
ნონა სალაღაია

ხელისუფლება „პროვოკაციების“ წინააღმდეგ საკანონმდებლო ბრძოლას იწყებს

საკანონმდებლო  ცვლილებების პაკეტი, რომელმაც მანიფესტაციების წესები უნდა გაამკაცროს და სამართალდამცავებს მანიფესტანტების წინააღმდეგ მოქმედების დროს მეტი თავისუფლება მიანიჭოს, მორიგი პოლიტიკური ვნებათაღელვის საბაბად იქცა. საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომლის ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები: პავლე კუბლაშვილი, მურთაზ ზოდელავა, კახა ანჯაფარიძე და ლაშა თორდია არიან, სამი  კანონის ცვლილებას ითვალისწინებს. ყველა ეს ცვლილება მანიფესტაციების წესის გამკაცრებისკენაა მიმართული და ექსპერტების განცხადებით ხელისუფლების ბოლოდროინდელ გამოცდილების კვალი ეტყობა.

მანიფესტანტები თუ პროვოკატორები

„ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა, კერძოდ მანიფესტაციებმა, რომლებმაც ძალიან აქტიური ხასიათი მიიღო, დისკომფპრტი შეუქმნა ხელისუფლებას. ეს მათთვის არცთუ სასიამოვნო აღმოჩნდა, მათთვის მიუღებელია პროტესტის გამოხატვის ის ფორმები, რომლებსაც აქციის მონაწილეები მიმართავდნენ“ - განაცხადა ჩვენთან საუბარში არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ დირექტორმა მანანა კობახიძემ, მისი აზრით,აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა ადასტურებს, რომ ხელისუფლება ცდილობს ამგვარი „მიუღებელი“ აქციების დასაშლელად საკანონმდებლო საფუძვლები მოამზადოს.

9 აპრილის შემდეგ ოპოზიციის მიერ გამართულ აქციებს, რომ ხელისუფლება „პროვოკაციული“ ხასიათის ქმედებებად აღიქვამს, ეს ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებმა არაერთხელ ცხადყო. ასეთი მიდგომა კი იმთავითვე განაპირობებდა ხელისუფლების მხრიდან აქციის მონაწილეთა მოთხოვნების იგნორირებას. როცა ხელისუფლება აქციის მონაწილეებს უბრალო „პროვოკატორებად“ განიხილავს, რასაკვირველია, არც არის საუბარი მათი მოთხოვნების გათვალისწინებაზე.

ასეთმა პოლუსირებამ ასახვა რამოდენიმე შეტაკებაში ჰპოვა, რომელსაც ადგილი ჰქონდა პოლიციისა და აქციის მონაწილეებს შორის. აღსანიშნავია ისიც, რომ ძალოვნებმა მანიფესტანტების დასაშლელად რამოდენიმეჯერ გადამეტებული ძალა გამოიყენეს.

ძველი და ახალი კანონი „პოლიციის შესახებ“

ყველაზე თვალსაჩინოდ ამ მიმართებაში 6 მაისის აქცია უნდა მივიჩნიოთ. აქციის დარბევის დროს სამართალდამცავებმა მომიტინგეების დასაშლელად არალეტალური იარაღი, პლასტმასის ტყვიები გამოიყენეს, რის შედეგადაც რამოდენიმე მომიტინგე დაშავდა, ორმა კი თვალი დაკარგა.

დღეს მოქმედი კანონმდებლობა, კერძოდ კანონი „პოლიციის შესახებ“ (მუხლი 12) ამომწურავად განსაზღვრავს იმ სპეციალური საშუალებების ჩამონათვალს, რომელთა გამოყენება შესაძლებელია პოლიციის მიერ: ესენია - ხელბორკილი ან შებორკვის საშუალების სხვა საშუალება, რეზინის ხელკეტი, ცრემლსადენი გაზი, ფსიქოლოგიური ზემოქმედების შუქბგერითი მოწყობილობა, დაბრკოლების დამანგრეველი და ტრანსპორტის იძულებითი გაჩერების საშუალება, წყალსატყორცნი, ჯავშანმანქანა და სხვა სპეციალური სატრანსპორტო საშუალება, სპეციალური საღებავი, სასამსახურო ძაღლი და ცხენები, ელექტროშოკური მოწყობილობა.

როგორც ხედავთ, ამ ჩამონათვალში არალეტალური იარაღი ნახსენები არაა, რაც ცალსახად ნიშნავს იმას, რომ 6 მაისს და სხვა დღეებში, როცა ამგვარი იარაღი იქნა გამოყენებული, პოლიცია მომიტინგეების მიმართ კანონს არღვევდა. მიუხედავად იმისა, რომ შსს-მ აღიარა 6 მაისს არალეტალური იარაღის გამოყენების ფაქტი, ამის გამო არავინ დაუსჯიათ.

საკანონმდებლო ინიციატივის დამტკიცების შემთხვევაში სპეციალური საშუალებების მაღლა ჩვენს მიერ მოყვანილ ნუსხას არალეტალური იარაღიც დაემატება. საკანონმდებლო ცვლილებათა ერთ ერთი ინიციატორი, საქართველოს პარლამენტის წევრი პავლე კუბლაშვილი აცხადებს, რომ 6 მაისს არალეტალური იარაღის გამოყენებით პოლიციას კანონი არ დაურღვევია, რადგან კანონმდებლობა უშვებს იმ სპეციალური საშუალებების გამოყენებას, რომელიც საერთაშორისო ნორმებით აკრძალული არ არის.

ამ მოსაზრებას არასწორს უწოდებს „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი დავით მანაგაძე. ის ამბობს, რომ ამჟამად მოქმედი კანონის თანახმად „პოლიციელს ეკრძალება ისეთი ფიზიკური იძულების და სპეციალური საშუალების გამოყენება, რომელიც ადამიანის მძიმე დასახიჩრებას იწვევს, დაკავშირებულია გაუმართლებელ რისკთან ან იკრძალება საერთაშორისო კონვენციებითა და საერთაშორისო აქტებით“. მისი განცხადებით აქ აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ის ორი მოქალაქე, რომლებმაც პოლიციის მიერ არალეტალური იარაღის გამოყენების გამო თვალი დაკარგეს.

მანაგაძე ფიქრობს, რომ „პოლიციის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანა მიზნად  ქართველი ძალოვნების მიერ ჩადენილი უკანონობის გამართლებას ისახავს.  „დღეს, კანონში ცვლილებების განხორციელებამ შეიძლება დაარეგულიროს რეზინის ტყვიების ან/და ბედეების გამოყენების პროცედურები მომავალში, მაგრამ ვერანაირად ვერ დააკანონებს მათ გამოყენებას წარსულში. ვინაიდან კანონის უკუქცევითი ძალა არ გააჩნია“ - აცხადებს ის.

ძველი და ახალი კანონი „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“

ცვლილებების შედეგადნ აიკრძალება მიტინგის მსვლელობის დროს გზის სავალი ნაწილისა და ტროტუარის „ხელოვნურად“, „განზრახ“ გადაკეტვა, როგორც აქციის მონაწილეების მიერ ასევე სხვა საშუალებებითაც, როგორიცაა ავტომანქანები, და სხვადასხვა კონსტრუქციები.

პავლე კუბლაშვილის განცხადებით - „სამომავლოდ ქუჩების გადაკეტვა საკნების ან ნებისმიერი სხვა კონსტრუქციების მეშვეობით იქნება შესაბამისად რეაგირებული და სამართალდამცავი ორგანოები მიიღებენ შესაბამის ზომებს“. მისი ეს განცხადება ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ საკანონმდებლო ინიციატივის შემუშავება ხელისუფლების მიერ ბოლო დროს მიღებულმა „არასასურველმა“ გამოცდილებამ განაპირობა.
კანონპროექტის თანახმად, „ხალხის სამოძრაო ნაწილის სრული, აგრეთვე, ტრანსპორტის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეკრებაში ან მანიფესტაციაში მონაწილე პირთა რაოდენობის გათვალისწინებით სხვაგვარად შეკრების ან მანიფესტაციის განხორციელება შეუძლებელია.

ასევე, ხალხის სავალი ნაწილის სრული, აგრეთვე, ტრანსპორტის სავალი ნაწილის ნაწილობრივი ან სრული გადაკეტვა უნდა მოხდეს მხოლოდ იმ დროის განმავლობაში, როდესაც ამას შეკრებაში ან მანიფესტაციაში მონაწილე პირთა რაოდენობა მოითხოვს.“

ამასთან, კანონპროექტის თანახმად,  მიტინგი ”უნდა შეწყდეს დაუყოვნებლივ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს უფლებამოსილი წარმომადგენლის მოთხოვნისთანავე”.

ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენელი ვახუშტი მენაბდის განცხადებით, „გაუგებარია ვინ უნდა დაადგინოს შეესაბამება თუ არა აქციაზე შეკრებილი ხალხის რაოდენობა იმ ზღვარს, როცა შესაძლებელია ქუჩის გადაკეტვა“

თუმცა ამას არცა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა თუ ამოქმედდება წესი „უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ მანიფესტაციის დაუყოვნებლივ დაშლის“ შესახებ. ხელისუფლების „უფლებამოსილ წარმომადგენელს“ ნებისმიერ შემთხვევაში შეეძლება აქციის დაშლა.

ისიც გასათვალისწინებელია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები, ოპოზიციური პარტიის ლიდერები და ჟურნალისტები ვერასოდეს თანხმდებიან მომიტინგეთა რიცხვის დადგენაზე და ეს პოლიტიკური სპეკულაციების მუდმივ საბაბს წარმოადგენს.

ვახუშტი მენაბდე ამ კონკრეტულ ცვლილებას საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამოს უწოდებს: „კონსტიტუციის მიხედვით, აქციის გამართვის დროს, სავალი ნაწილის გადაკეტვა, იქნება ეს ტროტუარი თუ სამანქანო გზა, არ უკავშირდება აქციის მონაწილეთა რაოდენობას. კონსტიტუციის თანახმად საკმარისია წინასწარ გაკეთდეს განცხადება აქციის გამართვის შესახებ. არანაირი მნიშვნელობა არა აქვს აქციაში 10 კაცი მიიღებს მონაწილეობას თუ 100 000. მოქალაქეებს პროტესტის თავისუფლად გამოხატვის საშუალება უნდა მიეცეთ“ - აცხადებს ის.

ძველი და ახალი „ადმინსტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“

ამ შემთხვევაში მთავარი სიახლე ისაა, რომ ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა 30-დან 90 დღემდე იზრდება.

იურისტი დავით მანაგაძე მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს საკანონმდებლო ნონსენსთან. „საქმე ისაა, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, პატიმრობის ვადად ორთვიან პერიოდს ითვალისწინებს, ხოლო ადმინისტრაციული კანონდარღვევა უფრო მსუბუქი ხასიათის ქმედებაა და ამდენად უფრო ხანგრძლივი სანქიების გამოყენება ადმინისტრაციული  სამართალდარღვევის შემთხვევაში - არასწორია“ - ამბობს ის.

ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენელი ვახუშტი მენაბდე მიიჩნევს, რომ ინიციატივა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები, ისევე როგორც სხვა კანონპროექტების ცვლილებათა პაკეტი „მიმართულია იქითკენ, რომ რაც შეიძლება მეტად გართულდეს აქციის ორგანიზება. ასტრონიმიული ჯარიმების დაწესება კი სხვა არაფერია თუ არა იმ ადამიანების დაშინების მცდელობა, რომლებსაც პროტესტის გამოხატვის სურვილი გააჩნიათ“.

ცვლილებების თანახმად, შეკრებისა და მანიფესტაციების წესების დარღვევისთვის აქციის მონაწილე დაჯარიმდება 1 000 ლარის, ხოლო აქციის ორგანიზატორი 5 000 ლარის ოდენობით ჯარიმით. ცვლილებების თანახმად ასევე იკრძალება სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებური შესრულება ადმინისტრაციული ორგანოების შენობათა ფასადებზე, აგრეთვე, მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის - ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების სავალ ნაწილზე. ასეთი ქმედება, სამომავლოდ კანონდამრღვევის 500 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს.

ექსპერტები საკანონმდებლო ცვლილებების რეალურ მიზეზებსა და სავარაუდო შედეგებზე

„კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ დირექტორი მანანა კობახიძე ფიქრობს, რომ ხელისუფლებას ამ ცვლილებებით სურს შეამციროს მანიფესტაციების რიცხვი, „ვფიქრობ, რომ თავდაპირველად, შესაძლებელია, ხელისუფლებამ მართლაც მიაღწიოს მანიფესტაციების რიცხვის კლებას, რადგან შემუშავებული კანონპროექტის მიხედვით კარიმები საკმაოდ სოლიდურია, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ, ამ გამკაცრებების გამო მოსახლეობაში პროტესტის გრძნობა უფრო გამწვავდება და საბოლოო ჯამში ეს იქამდე მიგვიყვანს, რომ უფრო მეტი სინდისის  და  პოლიტპატიმარი გვეყოლება“.

დავით მანაგაძე ამბობს, რომ „კანონების გამკაცრება არ ამცირებს სამართალდარღვევების რაოდენობას, პირიქით, ამას საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, მივყავართ ადამიანების უფრო დიდი მასის კრიმინალიზაციისკენ“.

შესაბამისობა

რაც შეეხება საკანონმდებლო ინიციატივის შესაბამისობას საერთაშორისო ნორმებთან, ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენელი ვახუშტი მენაბდე აღნიშნავს, რომ „ნამდვილად არსებობს შეუთავსებლობა ადამიანის უფლებათა ეროვნულ საერთაშორისო სამართალთან“.

საქართველოს მიერ ხელმოწერილ და რატიფიცირებულ საერთაშორისო ხელშეკრულებებს პირდაპირ ეწინააღმდეგება ეს კანონპროექტი“, - მიიჩნევს მანანა კობახიძეც.

დავით მანაგაძე განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს იმ ადგილს, სადაც საკანონმდებლო ინიციატივის ერთ ერთი ავტორი, პავლე კუბლაშვილი, 6 მაისის აქციაზე საუბრობს. დეპუტატის განცხადებით „6 მაისს არალეტალური იარაღის გამოყენებით პოლიციას კანონი არ დაურღვევია, რადგან კანონმდებლობა უშვებს იმ სპეციალური საშუალებების გამოყენებას, რომელიც საერთაშორისო ნორმებით აკრძალული არ არის“.

მანაგაძე აცხადებს, რომ „ყველა რეპრესიული კანონი (მათ შორის კანონი „პოლიციის შესახებ“) ადგენს იმ ნორმებს და პროცედურებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა და გადაცდომა ისჯება კანონით. მართალია, პოლიციის შესახებ კანონში არ წერია, რომ არ შეიძლება მომიტინგეთა წინააღმდეგ არალეტალური იარაღის გამოყენება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მისი გამოყენების ფაქტები დასჯადი არ არის. არც ერთ კანონში არ წერია, რომ მკვლელობა ან ქურდობა არ შეილება, თუმცა სისხლის სამართლის კოდექსით ამგვარი ქმედების ჩადენა დასჯადია. კანონში პოლიციის შესახებ არის ძალიან ზუსტი ჩამონათვალი იმ სპეციალური საშუალებებისა, რომლის გამოყენებაც შეუძლია პოლიციელს. საერთაშორისო კანონმდებლობაში არ გვხვდება სახეობითი და გვარეობითი ჩამონათვალი სპეციალური საშუალებების. საერთაშორისო კანონმდებლობაში გამოიყენება შემდეგი ტერმინოლოგია - „მიიღოს ყველა ზომა ან საშუალება რაც არის გათვალისწინებული ეროვნუილი კანონმდებლობით“ შესაბამისად, პოლიციის მოქმედება რეგულირდება საქართველოს კანონით პოლიციის შესახებ და არ უნდა გასცდენოდა მის ფარგლებს“.

საინტერესოა ასევე იმ ქვეყნების ჩამონათვალი, სადაც ნებადართულია მანიფესტაციების წინააღმდეგ არალეტალური იარაღის კანონმდებლობა. შედარებისთვის საკმარისია სამი მაგალითის, რუსეთის, აზერბაიჯანისა და გერმანიის მოყვანა. გერმანიაში რეზინის ტყვიების გამოყენება აკრძალულია, მაშინ, როცა ამგვარი საშუალებების გამოყენება კანონით გათვალისწინებულია რუსეთსა და აზერბაიჯანში. ვფიქრობთ ეს ერთი მაგალითიც კი ცხადყოფს რამდენად დემოკრატიული და „დასავლურია“ ის ცვლილებები, რომელსაც, საქართველოს პარლამენტი სავარაუდოდ უახლოეს მომავალში კანონის ძალას მიანიჭებს.

ახალი ამბები