კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ტელეიმედს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

14 ივლისი, 2009

ნინო მიქიაშვილი

ხელისუფლებისთვის ”ფრონტის ხაზი” ახლა ტელეიმედზე გადის - ამიერიდან ამ ტელეკომპანიას ეკონომიკური განვითარების ყოფილი მინისტრი გიორგი არველაძე გააკონტროლებს. იგი ”ჯორჯიან მედია ჰოლდინგის” ხელმძღვანელის თანამდებობაზე გიორგი ისაკაძეს ჩაანაცვლებს. ”იმედელები” ერთი გიორგის მეორით ჩანაცვლებას მოახლოებულ არჩევნებს უკავშირებენ.

როგორი ფორმით მოხდება არველაძის წარდგენა ჟურნალისტების წინაშე, არ ვიცით, მაგრამ 2006 წლის ნოემბერში, როცა იგი იმჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანამშრომლებს წარუდგინა, ტელეკამერების წინ, ერის და ბერის გასაგონად განაცხადა, რომ ”ახლა ფრონტის ხაზი ეკონომიკაზე გადისო”.

გიორგი ისაკაძეს პრესა.გე ტელეფონით ესაუბრა. მან ”ჯორჯიან მედია ჰოლდინგიდან” წამსვლა დაგვიდასტურა და გვითხრა, რომ ეს მისი სურვილით მოხდა. ჩვენი კითხვა - რატომ გაგიჩნდათ ჰოლდინგიდან წამოსვლის სურვილი, ისაკაძემ უკომენტაროდ დატოვა და დაგვემშვიდობა.

მთელი დღის განმავლობაში ვცდილობდით ”იმედის” გენერალურ დირექტორთან ბიძინა ბარათაშვილთან დაკავშირებას, მაგრამ სამწუხაროდ ვერ შევძელით. ასევე გვინდოდა ალეკო ფარულავასგან მაინც გაგვეგო მართლა არსებობდა თუ არა დაპირისპირება მასა და ისაკაძეს შორის, მაგრამ ფარულავამ, რომელიც გენდირექტორის მოადგილე გახლავთ, ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. გამომდინარე აქედან, პრესა.გე მის ხელთ არსებულ ვერსიებსა და ინფორმაციას კომენტარის გარეშე გთავაზობთ.

გიორგი ისაკაძე ჰოლდინგის ხელმძღვანელად ოფიციალურად მას შემდეგ დაინიშნა, რაც ”იმედის” აქციების 90% ჯოზეფ ქეიმ არაბულ კომპანია ”რაკიინ ჯორჯიას” გადაულოცა. ჩატარებული გამოკითხვებისა და რეიტინგების მიხედვით, ისაკაძის მმართველობისას ”იმედის” რეიტინგმა დაღმასვლა დაიწყო; იქ არსებული ცენზურის გამო არხი ცნობილმა სახეებმა დატოვეს - ”იმედის” კარი ზოგმა ხმაურით გაიჯახუნა და ზოგმა არხის ჩუმად დატოვება ამჯობინა. ამჟამად ძველი ”იმედელებიდან” არხზე ლაშა მიქაძე, ეკა სოსელია, ნინო კვირიკაშვილი, ლიკა ბერაია და ნინო მამალაძე არიან.

ბუნებრივია, ჰოლდინგიდან ისაკაძის წასვლის მიზეზი, რეიტინგის დაღმასვლა, ”იმედში” არსებული ცენზურა და იქიდან ამის გამო ცნობილი ტელესახეების წასვლა არ არის. ერთ-ერთი ვერსიით, ისაკაძემ ამ თანამდებობაზე თავისი თავი ამოწურა და ახლა, მოახლოებული არჩევნების წინ, ხელისუფლება თავს მათივე წიაღიდან წამოსულ არველაძესთან უფრო კომფორტულად იგრძნობს.

წყარო: პრესა.გე

ახალი ამბები