კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„რატომელების“ მიმართ მუქარის ფაქტები გახშირდა

15 ივლისი, 2009

თამარ ხუციშვილი

გიორგი ბექაურის მიმართ მუქარის ფაქტები გრძელდება. რამდენიმე დღის წინ მას კორპუსთან ახლოს 3 „უცნობი“ ადამიანი დახვდა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. 

„დაახლოებით დღის 5 საათი იქნებოდა, როცა ეზოში მიმავალმა კორპუსის ახლოს სტადიონთან მანქანა შევნიშნე. ვერცხლისფერი მერსედესი იყო, თუმცა საეჭვო არაფერი მიფიქრია. როცა მანქანას გავცდი მომესმა „ე ბიჭო მოდი აქო“, რომ შემოვბრუნდი ერთი მანქანიდან გადმოვიდა (სულ 3 იყვნენ). მე მაშინვე ვიცანი, ერთ-ერთი იმათგანი იყო ვინც განყოფილებაში უმოწყალოდ მცემა, მიცანიო მკითხა, კი გიცანი-მეთქი ვუპასუხე.  „15 ივნისის მერე სულ ტელევიზიით გამოდიხარო, რა ინტერვიუებს აძლევ, რატომ ლაპარაკობ ეგეთ რამეებსო. მე შენ ხელი დაგარტყიო - მკითხა, კი მეთქი დავუდასტურე. ახლა მეორე გადმოვიდა მანქანიდან და დამიწყეს გინება და სიტყვიერი შეურაცხყოფა. ეხლავე წადი სახლშიო. მე კი შემოვლითი გზით მივედი ჩემს კორპუსამდე. შემდეგ როგორც  ჩემმა მეგობარმა მითხრა, რომ წახვედი უკან მოგყვებოდნენო. მე იმ დღეს იქ მყოფმა ხალხმა გადამარჩინა, ისინი რომ არ ყოფილიყვნენ, ან მცემდნენ ან ვინ იცის სად წამიყვანდნენ“.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ბექაური 15 ივნისს პოლიციის სამმართველოსთან მომხდარი დარბევის ერთ-ერთი მსხვერპლია. იგი დარბევისას მიღებული დაზიანებების გამო დღემდე მკურნალობს. 15 ივნისის ინციდენტის შედეგად სასტიკად ნაცემი გიორგი ღუდუშაურის კლინიკაში მოხვდა მას ტვინის შერყევა, 60-მდე ნაკერი და სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები აღენიშნებოდა. მის საბოლოო გამოჯანმრთელებას ფეხის ტრავმა აფერხებს, რომელიც დროდადრო უსივდება და სიარულში უშლის ხელს.

აღსანიშნავია ისიც, რომ 15 ივნისის დარბევამდე ცოტა ხნით ადრე  გიორგი ბექაურს გლდანში ნაციონალური მოძრაობის ოფისთან, 5 უცნობი დაესხა თავს და სასტიკად სცემა. „რეპეტიციიდან მოვდიოდი, ღამის 12 საათი იქნებოდა , როცა 5 უცნობი  ახალგაზრდა წინ გადმომიხტა და ცემა და გინება დამიწყო, ასევე მემუქრებოდნენ ბიჭო სად დადიხარო, ტანსაცმლის შემოხევა დამიწყეს, ეგონათ „რატომ“-ის მაისური მეცმეოდა, მაგრამ სამწუხაროდ არ მეცვა. ფანდურის წართმევას შეეცადნენ, მაგრამ წინააღმდეგობა გავუწიე. საბოლოოდ ფული წამართვეს, მობილური კი არ მოეწონათ და უკან მომიგდეს“ - იხსენებს გიორგი ბექაური.

„რატომ“-ის წევრებისთვის ეს ფაქტი მოგვიანებით გახდა ცნობილი, რის გამოც მისი გახმაურება დაგვიანებულად ჩათვალეს. სამწუხაროდ,  მოძრაობის წევრების დევნის შემთხვევები საკმაოდ ხშირია. „რატომის“ წევრი ნათია ქობალია მუქარების გახშირებას იმ სარჩელს უკავშირებს, რომელიც მოძრაობამ სასამართლოში შეიტანა. ახალგაზრდული მოძრაობა ყველა იმ ადამიანის დასჯას ითხოვს, რომლებმაც 15 ივნისს სასტიკად სცემეს პოლიციის მთავარ სამმართველოსთან შეკრებილი ადამიანები. „გვინდა რომ ჩვენი ნაცემი აქტივისტების საქმეს ბოლომდე მივყვეთ და სარჩელი სტრასბურგის სასამართლომდე მივიტანოთ. ეს იწვევს ზუსტად მუქარების გახშირებას ჩვენი წევრების მიმართ, რომელთა საქმეც სარჩელშია წარმოადგენილი. განსაკუთრებით მძიმე კი მათთვის ბექაურის ცემის ფაქტია, რადგან ის განსაკუთრებული სისასტიკით იყო ნაცემი. უნდათ აიძულონ დაზარალებულები, რომ თვითონ თქვან უარი მათი ცემის ფაქტების გამოძიებაზე, თუმცა ამას ისინი ვერ მიაღწევენ, ყველას მოუწევს პასუხისგება ჩადენილი დანაშაულისთვის“ - აცხადებს ნათია ქობალია.

„მე მხოლოდ ერთადერთი რამ მინდა, არავის არ უნდა შერჩეს ადამიანის უმოწყალოდ ცემა. მარტო ჩემს თავს არ ვგულისხმობ, ჩემთან ერთან ბევრი სხვაც იყო სასტიკად ნაწამები. დამნაშავეები უნდა დაისაჯონ“, - აცხადებს გიორგი ბექაური და ამბობს, რომ ვერანაირი მუქარა ვერ აიძულებს უარი თქვას ამ სურვილზე.

ამ თემაზე:

პოლიცია სასიკვდილოდ ნაცემ ახალგაზრდებს ქუჩაში უპატრონოდ ყრის

ახალი ამბები