კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქართველები გვიკეტავენ წყალს და ოსებს რაღა ვუთხრათ?...

16 ივლისი, 2009

საქართველოს მთავრობა ოსური სოფლისთვის წყლის მიწოდებას არ აპირებს

საბა წიწიკაშვილი

14 ივლისს გორის რაიონის სოფელ ყელქცეულის მოსახლეობამ ადმინისტრაციული შენობის წინ დილის 10-ის ნახევარზე დაიწყო შეკრება. გამგეობის აპარატის უფროსი რატომღაც ჟურნალისტის გამოჩენის გამო ღელავდა. „იქნება გვაცალოთ, რომ შენს გარეშე დაველაპარკოთ ამ ხალხს“ – მითხრა აპარატის უფროსმა კახა ტოლიაშვილმა. თუმცა ყელქცეულის მოსახლეობა ჩვენს თანდასწრებას დაჟინებით ითხოვდა და ამიტომ შეხვედრას უჩვენოდ არ ჩაუვლია.

ყელქცეული ნიქოზის მეზობელი სოფელია. მას ასევე ქვემო ხვითი, ფხვენისი, შინდისი, ძლევისჯვარი და სხვათა შორის ოსური სოფელი მუგუთი ესაზღვრება. ამ სოფლებს შორის დავის საგანი სარწყავი წყალია. ვაშლი და პომიდორი მთელი ზაფხული არ მოურწყავთ აქაურებს. მთავრობა კი ირწმუნება, რომ მილიონები იდება სარწყავი სისტემების აღდგენაში. ამასთან, სოფლების მოსახლეობისთვის აღმოჩენილი დახმარების შესახებ საუბრისას, ხელისუფლების წარმომადგენლები ამერიკის განვითარების სააგენტოს დახმარებით დათესილ ხორბლის ყანებს ახსენებენ. ხორბალზე მეტად კი აქაურებს ვაშლი და პომიდორი ადარდებთ, რომელსაც დღესდღეობით უფრო მეტი ფასი აქვს.

კაშხლის გახსნა, საიდანაც არხებით წყალი სოფლებში უნდა გამოიყვანონ, სექტემბერშია დაგეგმილი. ყელქცეულელები შიშობენ, რომ ამ კაშხალით მხოლოდ ტირიფონის არხით მოსარგებლე სოფლები იხეირებენ, ხოლო სალთვისის არხით მოსარგებლე სოფლები მშრალზე დარჩებიან. ამ შიშს გამგებელმა დავით ხმიადაშვილმა არარეალური უწოდა და განაცხადა, რომ შემოდგომისთვის წყალი ყელქცეულსაც მიეწოდება.

შინდისის თემის მამასახლისი ივანე გაბროშვილი, რომელსაც ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სოფელი აბარია, ირწმუნება, რომ ყელქცეულში ყველაფერი წესრიგშია: - არხი გაყვანილია, ტრაქტორმა იმუშავა, შხამ-ქიმიკატები დარიგებულია და ა. შ.

ვანო გაბროშვილი ირაკლი ოქრუაშვილის ფავორიტი იყო. გაბროშვილის ვაჟები ოქრუაშვილის და მიხეილ ქარელის დაცვაში მუშაობდნენ. ერთ-ერთი მათგანი 7 ნოემბრის პერიოდში დაკავებულიც კი ჰყავდათ.

ასე რომ ამ მამასახლის სოფლები გამუდმებით გამოთქვამენ უკმაყოფილებას ამა თუ იმ საკითხზე. ამ ზამთარს სოფელ შინდისში სპეციალურად პარლამენტის ანტიკრიზისული საბჭოს წევრებიც კი იყვენ ჩასულები, რადგან მთელი სოფელი ვანო გაბროშვილის და მისი მდივნის გადაყენებას ითხოვდა. თუმცა გუბერნატორმა ლადო ვარძელაშვილმა გაბროშვილი და მისი მდივანი დაიცვა.

დღეს ვანო გაბროშვილს ყელქცეულელებიც დაუპირისპირდნენ. ყელქცეულში ჩატარებული სამუშაოებთან დაკავშირებულ საუბარს ისმენდა დალი გამგებელი. მან გადაწყვიტა საუბარში ჩარეულიყო. მისი განცხადებით სოფლის მამასახლისი იტყუებოდა. დალი გამგებელი აცხადებს, რომ სოფელში მხოლოდ რამდენიმე ოჯახს მისცეს შხამ-ქიმიკატები, ხოლო არხის გამჭრელმა ტრაქტორებმა ძალიან ცუდად იმუშავეს.

„3-3 ლარი შევაგროვეთ და ისე წავედით თბილისში, სოფლის მეურნეობის სამინისტროში ჩავედით, რათა ჩვენი გასაჭირი მათთვისაც გვეთქვა. დაგვპირდნენ ჩამოვალთო, მაგრამ ჩავიდნენ სხვა სოფელში – ნიქოზში. კაშხალის დაათვალიერეს. სანამ ეგ ამოქმედდება, ჩვენ შიმშილით ვიხოცებით. იმასაც კი ამბობენ, კაშხლის წყალით ჩვენი მხარე ვერ ისარგებლებსო, მაშინ რა აზრი აქვს ეგეთ კაშხალს“ - მითხრა მედეა გამგებელმა.

მისი განცხადებით, წყლის პრობლემა სოფელს პირველად გამსახურდიას დროს დაუდგა, როცა ოსებსა და ქართველებს შორის დაპირისპირება იწყებოდა. აპარატის უფროსმა გვითხრა – ხომ ხედავ, ამდენი წელია ამ სოფელში წყლის პრობლემა არ მოგვარებულა და ახლა ჩვენ მოვაგვარებთო, რისიც სოფლის მოსახლეობას, როგორც უკვე აღვნიშნეთ არ სჯერა.

მძიმე მდგომარეობაში არიან წეველიძეების უბნის მაცხოვრებლებიც. ისინი თავს შეურაცხყოფილად გრძნობენ, რადგან ხელისუფლება ძირითად ამოცანად მხოლოდ ქვემო ყელქცეულის გასარწყავიანებას მიიჩნევს. „რაკი ქვემო ყელქცეულში წყალი მიდის, ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ზემო ყელქცეული დალხენილად ცხოვრობს?“ – ვერ მალავდნენ აღშფოთებას სოფლის ზემო უბნის მაცხოვრებლები.

„დისკუსიის“ დროს მრავალი ახალი პრობლემაც წამოიჭრა. ხალხი ამბობდა, რომ დაუშვებელი იყო სალთვისის არხის ქვემო ნაწილის ამოქოლვა იმ დრომდე, ვიდრე კაშხალის მშენებლობა არ დამთავრებოდა.

,,ოსები ასე თუ ისე არხში წყალს მაინც უშვებდნენ. განსაკუთრებით, მაშინ, თუკი კანალიზაცია ცხინვალში გასაწმენდი იყო. ეხლა ეს არხი ჩვენს მხარეს ქართველებმა ჩაკეტეს და წყალი  ქვემო ხვითის გავლით მოდის. ქვემო ხვითელები კი ჩვენამდე წყალს არ უშვებენ. ამის გამო მათ ხომ არ დავუპირისპირდებით? ისე უნდა გადაწყდეს ეს საკითხი, რომ არც ჩვენ დავზარალდეთ და არც ხვითელები. ეგენიც ხომ ოსები არ არიან” – ამბობენ ყელქცეულელები.

ისიც გაირკვა, რომ სალთვისის არხის ჩაკეტვამ ოსური სოფელი მუგუთიც დატოვა წყლის გარეშე. ამრიგად, საქართველოს მთავრობა კაშხლის აშენებით, ქართული სოფლების პრობლემას ხსნის, ხოლო ოსურ სოფელს წყლის გარეშე ტოვებს.

ახალი ამბები