კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მოსამართლეზე, რომელმაც პროკურატურის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, დისციპლინური დევნა დაიწყო

17 ივლისი, 2009

გელა მთივლიშვილი, კახეთი

ჩვენთვის გახდა ცნობილი, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე გიორგი გოგიჩაშვილის მიმართ დისციპლინური დევნა დაიწყო. მოსამართლე გოგიჩაშვილმა, რამდენიმე დღის წინ, არ დააკმაყოფილა კახეთის საოლქო პროკურატურის შუამდგომლობა და „ახალი მემარჯვენეების“ მხარდამჭერს კოტე კაპანაძეს წინასწარი ორთვიანი პატიმრობის ნაცვლად, 20 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.

იმავე სასამართლო პროცესზე, როცა კაპანაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი განიხილებოდა, მოსამართლე გოგიჩაშვილმა კახეთის საოლქო პროკურორ ხვიჩა ბეგიაშვილს საჯაროდ მისცა შენიშვნა და გააფრთხილა, რომ არ  დაერღვია დაკავებულის უდანაშაულობის პრეზუმფცია. მოსამართლის ამ შენიშვნას პროკურორის გაღიზიანება დარბაზშივე მოჰყვა. მოგვიანებით, კახეთის საოლქო პროკურატურამ თელავის რაინული სასამართლოს ბრძანება თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა და მისი გაუქმება მოითხოვა. სააპელაციო სასამართლომ რაიონული სასამართლოს მოსამართლის ბრძანება ბათილად სცნო და კოტე კაპანაძეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

კახეთის საოლქო პროკურატურა კაპანაძეს 2007 წელს, საგადასახადო ინსპექციაში მუშაობის დროს, თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს, რასაც თავად დაკავებული კატეგორიულად უარყოფს. მისი თქმით, პროკურატურა იმიტომ დევნის, რომ მისი ოჯახი მხარს „ახალ მემარჯვენეებს“ უჭერს და ამას ღიად გამოხატავს. დაკავებულის ძმა ვაჟა კაპანაძე „ახალი მემარჯვენეების“ წევრია.

ოფიციალური ცნობით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლის დისციპლინურ დევნას საბჭოში შესული განცხადების საფუძველზე იწყებს. საბჭოს ინფორმაციით, მოსამართლის დისციპლინურ დევნასთან დაკავშირებული ინფორმაცია კონფიდენციალურია.

ნანა კაკაბაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები – ადამიანის უფლებებისათვის“ ხელმძღვანელი: „ცნობილია, რომ მოსამართლეები პროკურატურის დავალებებს ასრულებენ. სხვაგვარად ვერ მოიქცევიან, რადგან მათ ან სამსახურიდან გაათავისუფლებენ, ან დაიჭერენ. იშვიათია გადაწყვეტილება, რომელსაც მოსამართლე თავად იღებს. თითქმის ყველა ასეთი შემთხვევა ისჯება“.

ეკა ბესელია, პოლიტიკური ორგანიზაცია „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი: „ეს ფაქტი ჩემთვის უცნობია, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ასეთ შემთხვევაში მოსამართლე გოგიჩაშვილის მიმართ გამოყენებულია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ აპრობირებული მეთოდი, როგორიც არის დისციპლინური დევნა. ამგვარი ფაქტებით კიდევ ერთხელ მიანიშნებენ მოსამართლეებს, რომ თუ ისინი არსებული მკაცრი კონტროლის პირობებში გაბედავენ და დამოუკიდებლად მიიღებენ გადაწყვეტილებას, დაისჯებიან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეა ვალერი ცერცვაძე, რომელმაც დაანგრია სასამართლო ხელისუფლება. ამავე დროს, იგი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეა. ანუ კონკრეტულ შემთხვევაში, მან გააუქმა რაიონული სასამართლოს მოსამართლის ბრძანება და მანვე გადაწყვიტა დაუმორჩილებელი მოსამართლის დაშინება და დასჯა. ეს სრულიად მიუღებელია“.

ახალი ამბები