კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„მეორე დევნილობა“

20 ივლისი, 2009

თამარ ხუციშვილი

აფხაზეთიდან დევნილი წოწონავების ოჯახი თავშესაფრის გარეშე რჩება

წყნეთში, გურამიშვილის #5 მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი წოწონავების ოჯახის გამოსახლების პროცესი ამ დრომდე გრძელდება. სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე წყნეთის ბინის კანონიერ მფლობელად მუზაშვილების ოჯახი მიიჩნიეს. წოწონავების ბინიდან ნივთების ნაწილი გარეთაა გამოტანილი, ხოლო ბინაში კერძო დაცვის თანამშრომლები რჩებიან.

ბინის თაობაზე დავა მუზაშვილებსა და წოწონავებს შორის უკვე წლებია გრძელდება. წოწონავების ოჯახი გამოსახლებას უკანონოდ მიიჩნევს, თავს ბინის კანონიერ მფლობელად თვლის და წყნეთის დატოვებას არ აპირებს. გამოსახლების დღიდან ისინი სახლს მაინც არ ტოვებენ და სადარბაზოში განაგრძობენ ცხოვრებას.

გამოსახლების პროცესს წყნეთში მისული აღსრულების პოლიციას წარმომადგენლებსა და წოწონავების ოჯახის წევრებს შორის ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია. სასამართლოს წარმომადგენლების გამოჩენამ განსაკუთრებულად იმოქმედა 9 წლის გიორგი წოწონავაზე, რომელმაც ემოციური სტრესი მიიღო.

„ჩვენ აფხაზეთიდან დევნილები აქ 1993 წლის დეკემბერიდან ვცხოვრობთ და დღემდე აქა ვართ. მუზაშვილები კი ამბობენ, ეს ბინა ჩვენი საკუთრებააო. მუზაშვილების განცხადებით მათ ბინა 1996 წელს გამოისყიდეს, მაგრამ როგორ მოხდა პრივატიზაცია და გამოსყიდვა 1996 წელს, როცა აქ 1993 წლიდან დევნილები სახლობდნენ, წოწონავებისთვის გაუგებარია. „მათ არანაირი  დამამტკიცებელი საბუთი ჩვენთვის არ უჩვენებიათ. შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს გამოიცა განკარგულება, რომლის თანახმადაც არ შეიძლებოდა ისეთი ბინების პრივატიზაცია, რომლებშიც დევნილები იყვნენ შესახლებულები. ჩვენ რომ დაგვაბრუნებენ მერე, კი ბატონო, რაც უნდათ ის უქნიათ. აქედანაც თუ გაგვასახლეს, ეს ხომ მეორე დევნილობა და ლტოლვილობა იქნება ჩვენთვის“, - ემოციებს ვერ მალავდა წოწონავების ოჯახის წევრი ზაირა ღურწკაია.

მუზაშვილებსა და წოწონავებს შორის რამდენიმე წლის წინ, დევნილების ფართით დაკმაყოფილების თაობაზე, მოლაპარაკები გაიმართა. მორიგების მცდელობა უშედეგოდ დამთავრდა. წოწონავებისთვის ბინის შეძენაზე მუზაშვილებმა უარი განაცხადეს. საუბარი იყო ვარკეთილში 4000 დოლარად ღირებული ბინის შეძენაზე. „მიზეზად თანხის უქონლობა დაასახელეს“ - ამბობს ზაირა ღურწკაია.

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში აცხადებენ, რომ წოწონავების ოჯახის ფართით დაკმაყოფილება ვერ მოხერხდება მანამ, სანამ ისინი სამინისტროს განცხადებით არ მიმართავენ. სამინისტროს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, დევნილებს განცხადება ჯერაც არ დაუწერიათ. „რატომ არ გაგვაფრთხილა სამინისტრომ ამის შესახებ, სანამ მდგომარეობა აქამდე მოვიდოდა? სამინისტროში ხომ იცოდნენ, რომ ამ საკითხზე სასამართლო მსჯელობდა“ - ამბობენ წოწონავები.

ჯერ-ჯერობით უცნობია კონკრეტულად რა ფართით დააკმაყოფილებს წოწონავებს სამინისტრო განცხადებით მიმართვის შემდეგ, მაგრამ ფაქტია, რომ აფხაზეთიდან დევნილი ოჯახი ამ დრომდე ღია ცის ქვეშ რჩება და ღამეს აივანზე ათევს.

ახალი ამბები