კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სუბარი 15 ივნისს დაკავებულთა წამების ფაქტების გამოძიებას მოითხოვს

22 ივლისი, 2009

სახალხო დამცველმა საქართველოს მთავარ პროკურორს მამუკა გვარამიას 15 ივნისს შს პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის მონაწილეთა მიმართ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ ჩადენილი უკანონო ქმედებების გამოძიების რეკომენდაციით მიმართა.
 
როგორც სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, 2009 წლის 15 ივნისს მოქალაქეების ჯგუფმა დაახლოებით 14.00 საათზე თბილისის შს მთავარი სამმართველოს წინ საპროტესტო აქცია გამართა. აქციაზე 100-მდე მომიტინგე იმყოფებოდა. სახალხო დამცველის რწმუნებული აქციის მიმდინარეობაზე მონიტორინგს ახორციელებდა. საპროტესტო აქციის დაწყებიდან დაახლოებით 10 წუთში, აქციის მონაწილეები სასტიკად დაარბიეს სამართალდამცავებმა. აქციაზე მყოფ ყველა ჟურნალისტსა და ოპერატორს ჩამოართვეს აპარატურა, მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. ასევე სასტიკად ცემეს სახალხო დამცველის რწმუნებული ვახტანგ მენაბდე.

პოლიციამ აქციის 38 მონაწილე დააკავა. იმავე დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულმა კოლეგიამ 5  მათგანს დაჩი ცაგურიას, მიხეილ მესხს, გიორგი ჩითარიშვილს, მერაბ ჭიქაშვილსა და გიორგი საბანაძეს _ 30 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, ხოლო 33 დაკავებულს ადმინისტრაციული სახდელი - ჯარიმა 400 ლარის ოდენობით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადებით, `თბილისის შს მთავარ სამმართველოსთან ოპოზიციის წარმომადგენლებმა ბლოკირება გაუკეთეს პოლიციის მთავარ შესასვლელს და გადაკეტეს სამანქანო გზა. პოლიცია შეეცადა შესასვლელი და სამანქანო გზის გათავისუფლებას, რა დროსაც მომიტინგეები  არ დაემორჩილნენ პოლიციის თანამშრომლებს და გაუწიეს ფიზიკური წინააღმდეგობა. სამართალდამცავების მიერ პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე  დაკავებულები იქნენ აქციის მონაწილეები“.

მოგვიანებით შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ეკა ზღულაძემ გააკეთა ოფიციალური განცხადება, რომლის თანახმად, სამართალდამცავებმა აქციის მიმდინარეობისას შენიშნეს რამდენიმე პირი, რომლებიც მონაწილეობდნენ ამა წლის 12 ივნისს პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებში და სცადეს მათი დაკავება. სამართალდამცავებს წინააღმდეგობა გაუწიეს აქციის მონაწილეებმა, რამაც გამოიწვია ინციდენტი.

ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით,  15 ივნისის ინციდენტის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ჩაატარა მოკვლევა. შედეგად სასტიკი საყვედური გამოეცხადა ორ თანამშრომელს, საყვედური _ ოთხ თანამშრომელს, ხოლო სამ თანამშრომელს შეუჩერდა უფლებამოსილება გამოძიების დასრულებამდე.

სახალხო დამცველის რწმუნებულებმა ახსნა-განმარტებები ჩამოართვეს აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებს, ასევე ადმინისტრაციული წესით დაკავებულ პირებს.

ოფიციალური მონაცემებით, 15 ივნისს ღუდუშაურის სახ. ეროვნულ სამედიცინო ცენტრში ქალა-ტვინის ტრავმებითა და სხეულის სხვადასხვა სახის დაჟეჟილობებით აქციის 17 მონაწილე შეიყვანეს.

ახსნა-განმარტებებიდან და მასობრივი ინფორმაციის საშუალებით, კერძოდ, ინტერნეტგამოცემა ითV-ის მიერ გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ აქციის მონაწილეების მხრიდან ადგილი არ ჰქონია ძალადობას ან წინააღმდეგობას, მაშინ, როდესაც პოლიციამ მოულოდნელი შტურმი დაიწყო მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ (იხ. ვიდეო: ჰტტპ://იტვ.გე/?პ=10381ითV). აღნიშნულ ვიდეოჩანაწერში კარგად ჩანს, როგორ მორბიან აგრესიულად განწყობილი პოლიციელები აქციის მონაწილეებისაკენ, მაშინ როდესაც ისინი განცხადებას კითხულობენ. ამასთან, აქციის მონაწილეებს არ გადაუკეტავთ გზა და მათი ადგილსამყოფელი სამმართველოს შენობიდან ბევრად აღემატებოდა 20 მეტრს.

სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, ალყაში მოაქციეს მომიტინგეები, არ მისცეს მათ გაქცევის საშუალება და ხისა და რკინის ხელკეტებით, ასევე ბეისბოლის ჯოხებით დაიწყეს ცემა. სამართალდამცავები გაქცეულ მომიტინგეებსაც მისდევდნენ და სცემდნენ. აქციის ერთ მონაწილეს დაახლოებით 7-8 პოლიციელი ურტყამდა. ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება ძირითადად ზურგისა და თავის არეში ხდებოდა.

აღსანიშნავია, რომ აქციის დარბევას ესწრებოდნენ საქართველოს საპატრულო პოლიციის უფროსი გოგა გრიგალაშვილი და თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიციის უფროსი გიორგი გეგეჭკორი. ეს უკანასკნელი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა აქციის მონაწილეებს. მან პირადად გასცა თითოეული მომიტინგის სასტიკი ცემის ბრძანება. ასევე ბრძანა, არ გაეშვათ დაჩი ცაგურია.

პოლიციელებმა აქციის მონაწილეები ჯერ დაკავებისას სცემეს, შემდეგ დაკავებულები სამმართველოს შენობაში ე.წ. სირცხვილის დერეფანში გაატარეს, სადაც რკინის ხელკეტებს ურტყამდნენ, აფურთხებდნენ და სიტყვიერი შეურაცხყოფის აყენებდნენ. დაკავებულები იატაკზე დააწვინეს და სურათებს უღებდნენ. პოლიციელები იატაკზე დაწოლილ ახალგაზრდული მოძრაობის წარმომადგენლებს სცემდნენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.

თავის ახსნა-განმარტებაში დაჩი ცაგურია აღნიშნავს, რომ სამმართველოს შენობაში პოლიციის თანამშრომლები კითხულობდნენ, რომელი იყო ცაგურია, მიდიოდნენ მასთან და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ. ერთ-ერთმა მათგანმა თავსა და მარჯვენა ხელში რამდენჯერმე ჩაარტყა ბეისბოლის კეტი, იმ ადამიანმა, რომელიც ძირს მყოფთ სურათებს უღებდა, წიხლებით ცემა.

მიხეილ მესხი აღნიშნავს, რომ მას სამმართველოს ეზოში მანქანიდან გადმოყვანიდან შენობაში შეყვანამდე 20-30 პოლიციელი თავში ურტყამდა ხელკეტს. ცემა და გინება სამმართველოს შენობაში იატაკზე წოლის დროსაც გაგრძელდა.
 
სამმართველოს შენობაში იატაკზე მყოფი დაკავებულების ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას ადასტურებს სახალხო დამცველის რწმუნებული, რომელიც ასევე სასტიკად სცემეს და დააკავეს. შემდეგ დაკავებულები დაარეგისტრირეს და დროებითი მოთავსების იზოლატორში ჩაიყვანეს. მათ ჩამოართვეს ნივთები და გახადეს ტანსაცმელი. საკანში დაკავებულების ხელახალი რეგისტრაცია მოხდა, თუმცა დაკავების ოქმი არც სახალხო დამცველის რწმუნებულსა და არც სხვა დაკავებულ პირებზე არ შედგენილა.

დროებითი მოთავსების იზოლატორში დაკავებულებმა დაახლოებით 25-30 წუთი დაჰყვეს. შემდეგ წარსდგნენ სასამართლოს წინაშე, რომელმაც ხუთ მათგანს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

გიორგი საბანაძე სახალხო დამცველისთვის მიცემულ ახსნა-განმარტებაში აღნიშნავს, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორში მასზე კვლავ გაგრძელდა ფიზიკური შეურაცხყოფა. ამასთან, როდესაც დაკავებულები სასამართლოდან თბილისის შს მთავარ სამმართველოში დაბრუნდნენ, ტერიტორია კვლავ სავსე იყო ხელკეტებით შეიარაღებული პოლიციელებით, რომლებიც დაჩი ცაგურიას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და ცემით ემუქრებოდნენ. 
 
მოძრაობა „რატომ?“-ის წევრის გიორგი ბექაურის განმარტებით, იგი პოლიციის თანამშრომლებმა წააქციეს, ჯაჭვი მოაბეს ფეხზე და ისე შეიყვანეს პოლიციის შენობაში, სადაც კვლავ გაგრძელდა მისი ცემა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების ქმედებებში აღინიშნება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები. კერძოდ, სახალხო დამცველის რწმუნებულის შემთხვევაში, ადგილი აქვს თავისუფლების უკანონო აღკვეთას (სსკ 143-ე მუხლი).
 
აღსანიშნავია, რომ ვახტანგ მენაბდეს თავდაპირველად სახალხო დამცველის საიდენტიფიკაციო ფორმა ეცვა, რომელიც ცემის დროს სამართალდამცავებმა შემოახიეს. სამმართველოს შენობაში შესვლისას, იგი უკვე სამოქალაქო ფორმაში იმყოფებოდა, თუმცა დროებითი მოთავსების იზოლატორში შეყვანისას რამდენჯერმე შეატყობინა პოლიციელებს თავისი ვინაობა.

დროებითი მოთავსების იზოლატორში სახალხო დამცველის რწმუნებულმა სხვა 9 დაკავებულთან ერთად მხოლოდ 15 წუთი დაჰყო. შემდეგ იგი შსს-ს ერთ-ერთმა თანამშრომელმა გამოიყვანა, უთხრა, რომ შეცდომა მოხდა და ბოდიში მოუხადა. ვახტანგ მენაბდე უკანა გასასვლელიდან გამოუშვეს.

სახალხო დამცველის აპარატში დაბრუნებულ ვახტანგ მენაბდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი 033-ის თანამშრომლებმა პირველადი დახმარება გაუწიეს და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თსუ-ს კლინიკურ საავადმყოფოში (ყოფილი მიხაილოვი) გადაიყვანეს.

სახალხო დამცველი აცხადებს, რომ სახალხო დამცველის რწმუნებულის, დაკავებულებისა და ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში მოთავსებული დაშავებული აქციის მონაწილეების მიმართ პოლიციის თანამშრომელთა ქმედებაში იკვეთება სისხლის სამართლის კოდექსის 144 I პრიმა მუხლით გათვალისწინებული ქმედება (წამება).

2009 წლის 23 ივნისს წამების, ძალადობისა და გამოხატული სტრესული ზემოქმედების მსხვერპლთა ფსიქო-რეაბილიტაციის ცენტრმა „ემპათიამ“ შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს დროებითი მოთავსების #2 იზოლატორში სამედიცინო მონიტორინგი ჩაატარა და კონსულტაცია გაუწია 5 დაკავებულს. „ემპათიას“ ანგარიშის თანახმად, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადების და დროებითი დაკავების იზოლატორის სამედიცინო პერსონალის მიერ გაკეთებულ დაზიანებათა აღწერა ერთმანეთს არ ემთხვევა და ხშირ შემთხვევაში ეწინააღმდეგება კიდეც. 

„ემპათიას“ დასკვნით, მოხდა როგორც მინიმუმ სასტიკი, ღირსების შემლახავი და არაჰუმანური მოპყრობა, რასაც ამძიმებს არაადეკვატური სამედიცინო მომსახურება.

ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა ქმედებებში იკვეთება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები. შესაბამისად, მიმართა რეკომენდაციით საქართველოს მთავარ პროკურორს მამუკა გვარამიას, დაუყოვნებლივ გამოიძიოს აქციის მონაწილეთა მიმართ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ ჩადენილი უკანონო ქმედებები.

ამასთან, სახალხო დამცველი სთხოვს საქართველოს მთავარ პროკურორს, გაითვალისწინოს აღნიშნულ პირთა მდგომარეობა და არ გაახმაუროს ცენტრ `ემპათიას~ მიერ ჩატარებული სამედიცინო მონიტორინგის ანგარიში.

წყარო: მედიანიუსი

ახალი ამბები