კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დევნილები ხელისუფლებას ორმაგი სტანდარტების გამოყენებაში სდებს ბრალს

28 ივლისი, 2009

თეა თედლიაშვილი, გორი

სკრაში ჩასახლებული თენგიზ ბასიშვილი ხელისუფლების მოქმედებით უკმაყოფიოლოა, მისი განცხადებით ხეობაში მაცხოვრებლებს კოტეჯები და თანხები უკანონოდ გადაუნაწილეს.

„მე ორი სახლი მქონდა ქურთაში ძალიან კარგად იცოდა ყველამ, რომ ორივე სახლი ჩემზე იყო გაფორმებული. ხეობიდან რომ გამოვედით მითხრეს - ერთი კოტეჯი გეკუთვნისო. მართალია ორივე სახლი შენზე იყო გაფორმებული, მაგრამ მეორე სახლზე კონპენსაციას კი ვერ მიიღებო. ავტომანქანა მქონდა „ვილისი“, რომ წამოვედი იქ დამრჩა, მე როცა გამოვედი მთელი ხალხი გამოსული იყო უკვე. 12 აგვისტოს წამოვედი. აქ, რომ ჩამოვედი მითხრეს საბუთების აღება ხელახლა შეგიძლიაო, მართლა ავიღე მანქანის საბუთები რუსთავში. ქურთის მუნიციპალიტეტში, რომ მივიტანე, მასხარად ამიგდეს, ოსები რომ გამოიყვანენ შენს მანქანას ჩვენსკენ აუცილებლად წავართმევთ და დაგიბრუნებთო. მე, რომ ისევ ქურთაში ვიყავი, ესენი აქ მარჯანიშვილზე სკამებს დაეძებდნენ. ახლა ხალხის ნერვების მოშლის მეტს არაფერს აკეთებენ. ელემენტარულად რამე რომ დაგვჭირდება თბილისში უნდა ჩავიდეთ, ამისი ფული სად არის, ხალხს ისე უჭირს არ იციან თავი რითი ირჩინონ, ესენი კი მარჯანიშვილის ქუჩაზე სხედან. მე როცა წამოვედი, „სპეცნაზიც“ გამოქცეული იყო, პოლიციაც და ხალხიც. პოლიცია და სანაკოევის მთავრობის ხალხი ყველაზე ადრე გამოიქცნენ, თან მოსახლეობას არც კი უთხრეს, რომ ომი დაიწყო და იქ უპატრონოდ დაყარეს“ - ამბობს ხელისუფლების ცინიზმით განაწყენებული თენგიზ ბასიშვილი.

მისივე თქმით, ხელისუფლება ვისაც უნდა იმათ ეხმარება, ვისაც არა დახმარების გარეშე ტოვებს. კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრები დევნილებიც იგივე პრობლემაზე საუბრობენ. ისინი აცხადებენ, რომ ზოგმა ოჯახმა, ვინც ლიახვის ხეობაში ერთ სახლს ფლობდა, კოტეჯიც მიიღო და ფულადი კონპენსაციაც. მათი აზრით კომპენსაციის საკითხი ნაცნობობით გვარდება. ვისაც ხელისუფლებაში მფარველი არ აღმოაჩნდა ერთი კოტეჯის მეტი ვერაფერი მიიღო, მნიშვნელობა არა აქვს ორი სახლის მფლობელი იყო თუ მეტის. დევნილების განცხადებით, ხელისუფლება ორმაგ სტანდარტს იყენებს და როგორც უნდა სახლებს ისე ანაწილებს. მაგალითად როდესაც დევნილები ჩივიან, რომ ხეობაში ორი სახლი ჰქონდათ და ჩასახლებაშიც ორი კოტეჯი ან კონპენსაცია უნდა მიიღონ, ეუბნებიან, რომ მათ კოტეჯები კომლის მიხედვით გაანაწილეს და რადგან თავშესაფარი უკვე აქვთ ორ კოტეჯს ვერ მისცემენ. იმ შემთხვევას კი როდესაც მომჩივანი დევნილი აცხადებს, რომ სახლში ორი კომლი ცხოვრობდა და ახლა პატარა კოტეჯში, მაგალითად ორი ძმის ოჯახი პატარა კოტეჯში ვერ დაეტვა, ეუბნებიან, რომ კოტეჯები ჭერის მიხედვით ( ანუ ერთი სახლის მიხედვით) გაიცა და არა კოტეჯების მიხედვით. ასე ხელისუფლებას ყველა კითხვაზე აქვს პასუხი და მხოლოდ იმათთვის არიან გულუხვები, რომლებიც მათი კეთილანწყობით სარგებლობენ და სანათესაო წრეს წარმოადგენენ.
 
ერთ-ერთ შეხვედრაზე შიდა ქართლისა და სამცხე ჯავახეთის დევნილთა სამმართველოს უფროსმა მანანა ჭამპურიძემ ეს საკითხი შემდეგნაირად განმარტა.
„ეს არ არის დევნილებისთვის მიცემული ქონების კონპენსაცია. მთავრობას ყველა დევნილის დაბინავების ამოცანა ჰქონდა, ამიტომ ხდება რომ იმათ, ვისაც დიდი და პატარა ლიახვის ხეობაში ორი ან მეტი სახლი გააჩნდა მხოლოდ ერთი კოტეჯი მისცეს. მათ მიეცათ თავშესაფარი, დანარჩენს ხელისუფლება შემდგომ ეტაპზე იზრუნებს“ - თქვა მანანა ჭამპურიძემ.

დევნილებს ამ საკითხზე სხვაგვარი მოსაზრება აქვთ.

„მე ვიცი, რომ სახლებზე კონპენსაცია თამარაშენში 800 ადამიანმა მიიღო, მაშინ როდესაც თამარაშენში სულ 250 სახლი იდგა. ფულს მხოლოდ იმათ აძლევენ ვისაც თვითონ ჩათვლიან საჭიროდ, ვისაც არადა ისე სტოვებენ, აი, ესაა მაგათი სამართალი. მე მითხრეს ქურთაში რომ შევალთ იქ ორ სახლს დაგიდგამთო. მეზობელია და სახელი და გვარი როგორ უნდა გაგიმხილოთ, მაგრამ ჩემმა მეზობელმა ერთ სახლში ორი კოტეჯი აიღო, მამამ კი იგივე სახლში ფული აიღო კონპენსაციის სახით, ვისაც ნამდვილად ჰქონდა ორი სახლი იმათ არ მისცეს. ისეთი კოტეჯები აგვიშენეს, სახლში წყალი ჩამოდის, კედლები დახეთქილია და შეკეთებასაც არავინ აპირებს. ფულს იღებენ და არაფერსაც არ აკეთებენ“ - ამბობს თენგიზ ბასიშვილი.

ქურთის მუნიციპალიტეტის გამგებელის დავით დათაშვილის განცხადებით, კონპენსაცია ლიახვის ხეობაში სულ დაახლოებით 450 ადამიანზე გაიცა, რაც შეეხება თარაშენს, კონპენსაცია მისი განცხადებით სულ 80-მა ადამიანმა მიიღო.
„ის რაც მოსახლეობამ მიიღო კოტეჯების და კონპენსაციის სახით, არ არის ქონების კონპენსაცია. უბრალოდ ეს თანხები დევნილებს თავშესაფარისა და კოტეჯების შეძენის საშუალებას აძლევს. ღმერთმა ნუ ქნას, რომ ჩვენს მიწა წყალზე ვერ დავბრუნდეთ, მაგრამ თუ ეს გარდაუვალი გახდა, მაშინ მოხდება ამ ადამიანებისთვის ზარალის სრულად ანაზღაურება. დევნილებმა იქ მხოლოდ სახლები კი არ დატივეს, ქონება ჰქონდათ, ნაკვეთები, საიდანაც იმდენ შემოსავალს იღებდნენ, რომ ერთ და ორ სახლს უდრიდა. ახლა ოჯახს ვაძლევთ თითო კოტეჯს, რომ შესახლდნენ... ვინც კოტეჯზე ამბობს უარს ის თანხას იღებს 10 000 დოლარის ოდენობით და თვითონ ყიდულობს სახლს თუ თავშესაფარს. მაგალითად, თამარაშენში ცხოვრობდა იოსებ დათაშვილი, რომელსაც შვილები საზღვარგარეთ ჰყავს და 4 სახლი ჰქონდა თამარაშენში, მას ერთი სახლის მეტი ვერ მივეცით, ფიზიკურად შეუძლებელია, ერთ დევნილს მივცეთ 4 სახლი, მაშინ, როდესაც დევნილთა 20 პროცენტი ისევ დასაბინავებელია. ხდება პატარა გაუგებრობები... ჩვენ გვაქვს შექმნილი კომისია რომელიც ადგენს სიებს და მათ მონაცემებს ვეყრდნობით, კომისიაში შედიან სოფლის რწმუნებულები, საკრებულოს დეპუტატები, კოორდინატორები და ა. შ. საკომლო წიგნები დაიწვა, ამიტომ ვერ მოვახერხეთ საკომლო წიგნით ხელმძღვანელობა. თუმცა არც იმით სარგებლობა იქნებოდა სამართლიანი, რადგან 15 წლის განმავლობაში ხეობაში მოდიოდა უამრავი დახმარება და ამის გამო ოჯახები გაყრილ კომლებად ცხოვრობდნენ, სინამდვილეში ერთი ოჯახი იყო. ამიტომ კომლების მიხედვით კოტეჯების გაცემაც უსამართლო იქნებოდა. კომლები იმის გამო გავყავით, რომ სულადობა ჰქონდათ მაღალი. სამი ვაჟი ვისაც ჰყავს იმათ ერთად ვერ შევასახლებდით. სახელმწიფოს რა საშუალებაც უჩნდება იმის მიხედვით ვცდილობთ დევნილების დაკმაყოფილებას. ახლა ლაგოდეხში გვაქვს 16 ბინა, სადაც შეგვიძლია დევნილების შესახელება მაგრამ ვერ ვახერხებთ, იმის გამო რომ არავის არ უნდა ლაგოდეხში წასვლა. დევნილებს კი მოფერება და ფრთხილად მიდგომა უნდა, ამ ადამიანებმა ისედაც ბევრი გადაიტანეს, ამიტომ ძალით ვერავის შევასახლებთ, ამის გამო დევნილების სრულად დაბინავება ჯერ-ჯერობით შეუძლებელია“ - განაცხადა ჩვენთან საუბრის დროს ქურთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით დათაშვილმა.

ახალი ამბები