კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დეპუტატმა და გამგებელმა თანასოფლელი გუბერნატორთან „ჩაშვების“ გამო სცემეს

31 ივლისი, 2009

საბა წიწიკაშვილი

გორის რაიონის სოფელ კარბში გუბენატორის ვიზიტის შემდეგ ადგილობრივი მკვიდრი გურამ თევდორაშვილი სოფლის მამასახლისმა და დეპუტატმა სასტიკად სცემეს. ორივე საჯარო მოხელე დანაშაულს აღიარებს და ჩადენილ ქმედებას აფექტურ მდგომარეობას აბრალებს. ამის შესახებ ისინი სახალხო დამცველის წარმომადგენლებითვის დაწერილ ახსნა-განმარტებებში საუბრობენ, თუმცა აღიარების მიუხედავად დღემდე არც ერთი არ დაუსჯიათ.

შიდა ქართლის გუბერნატორი ლადო ვარძელაშვილი მოულოდნელი ვიზიტით სოფელ კარბს 22 ივლისს ესტუმრა.

გუბერნატორი სოფლის მოედანზე ხალხს გამოელაპარაკა და აუხსნა, რომ ყველაფერი კარგად არის. ეს ის სოფელია, სადაც აგვისტოს მოვლენების დროს ჭურვი ჩამოვარდა. სწორედ იმ მოედანთან, სადაც 22 ივლისს გუბერნატორი ხალხს გამოელაპარაკა, ომის დროს ჭურვის ჩამოგდების შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა. ამ უბანს ბიძინაანთ უბანს ეძახიან. სოფელი სულ 150 კომლიანია.

ცოტა ხანში გუბერნატორთან შეკრებილ ხალხს იქვე მაცხოვრებელი გურამ თევდორაშვილი შეუერთდა. „ვეღარ მოვითმინე გუბერნატორი და ხალხი რომ ასე ლმობიერად საუბრობდნენ“ - გვითხრა გურამ თევდორაშვილმა და ამის გამო საუბარში ჩაერთო. ლადო ვარძელაშვილმა მისგან შეიტყო, რომ სოფელში სახლების რესტავრაცია და კომპენსაციები ისეთ ადამიანებზე გაიცა, რომლებსაც ეს კომპენსაციები არ ეკუთვნოდათ.

ლადო ვარძელაშვილმა გურამ თევდორაშვილს კატეგორიულად მოსთხოვა იმ სახლების დასახელება, რომლებიც უსამართლოდ შეაკეთეს. გურამ თევდორაშვილმა, მეზობლების დასმენა არ ისურვა და ვარძელაშვილს დასარწმუნებლად პირადად მისი სახლის ნახვა შესთავაზა. მართლაც, ამ სახლის ნახვის შემდეგ ვარძელაშვილი დარწმუნდა, რომ გურამ თევდორაშვილის და მისი ძმის სახლები ისევე როგორც სოფლის სხვა მაცხოვრებლების ვალერი ბიძინაშვილის, მიშიკო სიდამონიძის, ლილი გნოლიძის სახლები შეკეთებას საჭიროებდა.

სოფლის თავკაცების ავკარგიანობის შესახებ გუბერნატორთან კარბის მაცხოვრებელმა მიშა სიდამონიძემაც ისაუბრა. მისი თქმით, სოფლის მამასახლისი უყურადღებობას იჩენს. „როცა დაჟინებით ვთხოვთ ყურადღების მიქცევას, მაშინვე გვეუბნება - სადაც გინდათ იქ მიჩივლეთ, კარგი კრიშა მყავსო“ - უთხრა მიშა სიდამონიძემ გუბერნატორს.

გუბერნატორმა მიშა სიდამონიძეს ახლა უკვე იმ „კრიშის“ დასახელება მოსთხოვა, რომელიც თურმე სოფლის მამასახლისს ვასიკო თევდორაშვილს მფარველობს. „ალბათ თქვენ გგულისხმობთო“ - უთხრა სიდამონიძემ გუბერნატორს.

ამის შემდეგ გუბერნატორი გურამ თევდორაშვილს სახლის სანახავად ფეხით გაჰყვა. გზად მიმავალმა ვარძელაშვილმა ვალერი ბიძინაშვილის სახლი დაათვალიერა. ვარძელაშვილი გაოცდა იმის გამო, რომ ვალერი ბიძინაშვილის სახლს სახურავი ისე გადააფარეს, რომ დანგრეული კედლები არ შეუკეთებიათ.

„ეს რა არის?“ - გაოცებულა ვარძელაშვილი. „სახურავი რად უნდოდათ, თუკი კედლები დაინგრევა?“ - შეხედა გუბერნატორმა სოფლის დეპუტატს ლევან ბიძინაშვილს.

გურამ თევდორაშვილის სახლის ნახვის შემდეგ გუბერნატორმა, ადგილობრივი მაცხოვრებლების ინფორმაციით, სოფლის დეპუტატს სიების გადაცემა მოსთხოვა.

„სიები დაკარგული გვაქვს“ - აღმოხდა სოფლის დეპუტატს. „რას ჰქვია დაკარგული გაქვთ?“ - იკითხა ვარძელაშვილმა. ორ დღეში ახალი სიები გამიმზადეო, მოუთხოვია გუბერნატორს. კარბელებმა რაკიღა დაინახეს გუბერნატორის „სამართლიანობა“, თავი კიდევ უფრო გამოიდეს და იქვე მაცხოვრებელმა ლილი გნოლიძემ ვარძელაშვილს მისი სახლის ნახვაც შესთავაზა. ვარძელაშვილმა დააპირა ლილი გნოლიძეს გაჰყოლოდა, თუმცა შუაში სოფლის დეპუტატი ჩადგა - ბატონო ლადო აღარ შეწუხდეთ ამდენი სიარულით, მე თვითონ მივხედავ ყველაფერსო. არადა ლილი გნოლიძე დაჟინებით ითხოვდა მისი სახლის ნახვას.

სხვათა შორის, ლილი გნოლიძის გვერდით ცხოვრობს თენგიზ გნოლიძე. თენგიზ გნოლიძის სახლი გადახურულია, მაგრამ როგორც ჩვენ კარბელებმა გვითხრეს, მისი სახლის ეზოში უამრავი მასალა ალაგია, რომელიც სავარაუდოდ ლევან ბიძინაშვილი ახალი საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად გამოიყენებს. ეს რომ არ დაენახა გუბერნატორს, სწორედ ამის გამო გადაუდგა შუაში ბიძინაშვილი გუბერნატორს და აღარ დაათვალიერებინა ლილი გნოლიძის საცხოვრებელი სახლი.

„მე და ვარძელაშვილი თითქმის შევკამათდით. იგი დაჟინებით მთხოვდა, დამესახელებინა იმ ადამიანების გვარები, რომლებმაც უსამართლოდ გაარემონტეს სახლები. საერთოდ, როგორც კი საუბარში ჩავერთე მაშინვე ჩვენი სოფლის დეპუტატმა ლევან ბიძინაშვილმა და სოფლის მამასახლისმა, გუბერნატორის თვალწინ, აგრესიულად დამიწყეს ლაპარაკი, შენ რეებს ლაპარაკობო. შემდეგში გუბერნატორმა საკუთარი თვალით ნახა, რა მდგომარეობაშიც ვიყავით“ - გვითხრა გურამ თევდორაშვილმა.

დაზარალებული ოჯახის თვალწინ გუბერნატორმა მამასახლისს და დეპუტატს შენიშვნა მისცა, აქამდე რატომ არ იაქტიურეთ ამ ოჯახის დასახმარებლადო. „მე თქვენგან სხვა ინფორმაცია მქონდა, მეგონა ამ სოფელში ყველაფერი კარგად იყო“ - შეწუხდა დეპუტატისგან და მამასახლისისგან მოტყუებული ვარძელაშვილი.

კარბიდან „მაღალი რანგის“ სტუმრების ანუ ვარძელაშვილის და მისი ამალის წასვლის შემდეგ სოფლის მოედანზე მამასახლისმა და დეპუტატმა გურამ თევდორაშვილი სასტიკად სცემეს. დღეს მას ტვინის შერყევა, პირღებინება და ტკივილები აქვს.

მეორე დღეს, იმავე მოედანზე, სადაც თურმე ლევან ბიძინაშვილი ხშირად არის ხოლმე, გურამ თევდორაშვილის ძმა - გიორგი თევდორაშვილი გავიდა. მან სოფლის დეპუტატს ძმის ცემის ფაქტზე პასუხის გაცემა მოსთხოვა. დაბალ სკამზე ჩაცუცქულ გიორგი თევდორაშვილს დეპუტატმა ლევან ბიძინაშვილმა მარცხენა მხარზე წიხლი ჩაარტყა.

როგორც აღვნიშნეთ, სოფლის დეპუტატი ლევან ბიძინაშვილი და მამასახლისი ვასიკო თევდორაშვილი დანაშაულს აღიარებენ. ოღონდ, განმარტავენ, რომ იძულებულები გახდნენ გურამ თევდორაშვილი ეცემათ.

მამასახლისი ახსნა-განმატებაში ამბობს, რომ თავდაპირველად გურამ თევდორაშვილი სოფლის დეპუტატს „შეესპორა“. მე ამ დროს ტელეფონზე ვსაუბრობდი და მათი კამათის შინაარსი ვერ გავიგეო, ამბობს მამასახლისი ვასილ თევდორაშვილი. ტელეფონზე საუბრის შეწყვეტის შემდეგ მამასახლისს მოესმა, რომ გურამ თევდორაშვილმა მისი სახელიც აუგად ახსენა. ამის გამო სოფლის ხელმძღვანელი გაღიზიანადა და გურამ თევდორაშვილს სახლში წასვლისკენ და ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდა.

„რადგან ჩემი და და დედა აუგად მოიხსენია, აფექტის მდგომარეობაში ჩავვარდი და გურამ თევდორაშვილს ხელი ვკარი, ხელითაც შევეხე, თუმცა ხალხი გვაკავებდა“ - უთხრა მამასახლისმა სახალხო დამცველის წარმომადგენლებს.

სოფლის დეპუტატმა სახალხო დამცველის წარმომადგენლებისთვის მიცემულ ახსნა-განმარტებებში აღიარა, რომ გურამ თევდორაშვილი ჯერ ვასიკო თევდორაშვილმა სცემა. მან ასევე აღიარა, რომ მეორე დილით იგი ნაცემი გურამ თევდორაშვილის ძმის გიორგი თევდორაშვილის პროვოკაციაზე წამოეგო.

გიორგი თევდორაშვილი აცხადებს, რომ მან ძმის ცემის ამბავი დილით გაიგო და სოფლის ჩინოვნიკებს ამის გამო პასუხი მოსთხოვდა. როგორც გაირკვა, ნაცემ გურამ თევდორაშვილს დილით პირღებინება დამართვია, რადგან ტვინის შერყევა ჰქონდა. სოფლის დეპუტატმა გიორგი თევდორაშვილს უთხრა, რომ ამჯერად მისი ნერვები არ ჰქონდა და ჩაცუცქულ კაცს წიხლი ჩაარტყა მხარზე.

საერთოდ, გურამ თევდორაშვილის და მისი ძმის გიორგი თევდორაშვილის სახლები ძალიან დაზიანებულია. აგვისტოში, დაბომბვის დროს, გურამ თევდორაშვილი დაიჭრა კიდეც, ხოლო დედამისი გარდაიცვალა.

დაბომბვის დროს დაიღუპა ასევე გურამ თევდორაშვილის დის შვილი, რომელიც იმ პერიოდში სატანკო ბატალიონში მსახურობდა. დაჭრილი გურამ თევდორაშვილი კი 9 აგვისტოს გორის საავადმყოში გადაიყვანეს. ცოტა ხანში გორში განგაში გამოცხადდა და დაჭრილთან ერთად ახლობლებმა ატენის ხეობას შეაფარეს თავი. დაჭრილმა თვითმკურნალობით ატენში მოიშუშა იარები. ფეხებში ჩარჩენილი „ასკოლკები“ მეუღლემ ამომაცალა“ - ამბობს ის. ერთი სიტყვით, ასეთ დასახიჩრებულ ადამიანს და დაზარალებულ ოჯახს დღემდე არანაირი დახმარება არ მიუღია. აგვისტოს ომში დაჭრილ კაცს კი დეპუტატი და მამასახლისი სასტიკად გაუსწორდნენ.

ინციდენტის შესახებ გუბერნატორმა და გამგებელმა მეორე დღეს, დღის მეორე ნახევარში შეიტყვეს. „პოლიცია რასაც გაარკვევს, იმის მიხედვით ვიმოქმედებთ“ - გვითხრა რაიონის გამგებელმა.

გამგებელი და გუბერნატორი არ აპირებებენ კანონით მინიჭებული უფლების გამოყენებას. მათ შეეძლოთ გამოძიების დასრულებამდე სოფლის მამასახლისისთვის უფლებამოსილების დროებით შეჩერება. „ამის უფლება მე არა მაქვს“ - გვითხრა გამგებელმა, რომელიც სოფლებში მამასახლისებს პირადად ნიშნავს. ადგილობრივი თვითმმართველობის კანონის მიხედვით, მას სრული უფლება აქვს საკუთარ რწმუნებული მოხსნას.

ვასილ თევდორაშვილის და ლევან ბიძინაშვილის მოქმედებით ძმების გურამ და გიორგი თევდორაშვილების მიმართ სახეზე გვაქვს მინიმუმ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით შესაძლო დასჯადი მართლსაწინააღმდეგო ქმედება. ანუ ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულების ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება.

ტყვიავის პოლიცია გამოძიების საქმეში უკვე ჩაერთო. სოფლის დეპუტატს კი იმის იმედი აქვს, რომ სოფელში ამ ფაქტს არავინ დაადასტურებს.

„სოფელში ადასტურებს ვინმე?“ - დაჟინებით უმეორებდა სოფლის დეპუტატი ლევან ბიძინაშვილი იმ ჟურნალისტს, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით მას ტელეფონით დაუკავშირდა. „მე საერთოდ არც გამიგია ეგეთი ფაქტი თუ მოხდა. რაც გინდა დაწერეთ, იცოდეთ ჩემზე ცუდები არ დაწეროთ“.

სოფელ კარბიში ჩვენი ასვლის დროს ლევან ბიძინაშვილი სოფლის მოედანზე იდგა, თუმცა როდესაც დაზარალებული ოჯახისგან გამოვტრიალდით ის და სოფლის მამასახლისი, სხვათა შორის გვარად ასევე თევდორაშვილი ვასიკო, სოფელში აღარ იმყოფებოდნენ. ისინი ჟურნალისტებს სოფლიდან გაერიდნენ. დაუბარებიათ, გორში გამგეობაში მივდივართო.

რაიონის გამგებელიც და გუბერნატორის გამოძიების დასრულებას ელოდებიან. შეშფოთებული ლევან ბიძინაშვილს კი როგორც გითხარით, ჟურნალისტისგან ის უფრო აინტერესებდა, სოფელში ვინმე თუ ადასტურებდა ცემის ფაქტს.

დაზარალებული თევდორაშვილების ოჯახის დიასახლისმა, ლუიზა თევდორაშვილმა გვითხრა, რომ ამ სოფელში დიდი ხანია დეპუტატს და მამასახლის ხალხი ტერორში ჰყავს - „გინდა აგაშენებთ, გინდა დაგანგრევთ“ - ასე დაემუქრა მამასახლისი ვასიკო თევდორაშვილი და დეპუტატი ლევან ბიძინაშვილი დაზალარებულ თევდორაშვილებს.

სამხარეო ადმინისტრაციის სპეციალისტმა ანა ჯებისაშვილმა კი კარბის მამასახლისისა და დეპუტატის შესახებ გვითხრა, ძალიან კარგი მოხელეები არიანო. „მე მაგალითად, მაგ ზონის სტუდენტების უფასო სწავლებასთან დაკავშირებით, მონაცემებს ვაგროვებდი. დღე არ გავიდოდა, რომ მაგ დეპუტატს და მამასახლისს არ დაერეკათ ჩემთვის და არ ეკითხათ იმის შესახებ თუ რა ბედი ეწიათ კარბელ სტუდენტებს. აი ასეთი მზრუნველი დეპუტატი და მამასახლისი ჰყავს კარბს“ - გვარწმუნებდა ანა ჯებისაშვილი.

P.შ.

სხვათა შორის, ამჟამინდელი დეპუტატი ლევან ბიძინაშვილი ყოფილი გუბერნატორის მიხეილ ქარელის კადრი იყო. ლევან ბიძინაშვილი ჯერ კიდევ მაშინ იდგა მიხეილ ქარელის გვერდით, როცა ოქრუაშვილის მომხრეები საკრებულოს შენობაში შეჭრას ლამობდნენ და გუბენატორის პოსტიდან გადაყენებული მიხეილ ქარელის რაიონის გამგებლად დაენიშნვას ცდილობდნენ. ეს მოხდა 2007 წლის სექტემბერში. ეს ის დროს იყო, როდესაც საკრებულოს წევრებს გამგეობის შენობაში არ უშვებდნენ და მიხეილ ქარელი გუბერნატორის თანამდებობიდან გადააყენეს. დღეს ლევან ბიძინაშვილი ახალი გუბერნატორის ლადო ვარძელაშვილის გვერდით დგას და ვარძელაშვილთან ე.წ. „ჩაშვებისა“ და „გამყიდველობის“ გამო გურამ თევდორაშვილს სცემს. სხვათა შორის ამჟამინდელი საკრებულოს დანარჩენი დეპუტატები - თემურ აფხაზაშვილი, კახა ქარელი და კახა ერგემლიძე თავად ადანაშაულებენ ლევან ბიძინაშვილს ღალატში იმ ხალხის წინაშე, რომლებმაც იგი კაცად აქციეს. საუბარია მიხეილ ქარელზე და ირაკლი ოქრუაშვილზე.

რაც შეეხება სოფლის მამასახლის ვასიკო თევდორაშვილს, მას 9 აპრილის აქციების დროს პოლიტიკურად აქტიური ალექსანდრე თევდორაშვილის დაჭერაში ადანაშაულებენ. ალექსანდრე თევდორაშვილმა 2009 წლის თებერვალში ნინო ბურჯანაძის რეგიონული ოფისის გახსნის დროს სოფლიდან 40-ზე მეტი მხარდამჭერი ჩამოიყვანა. სოფლის მამსახლისი მაშინ დაემუქრა ალექსანდრე თევდორაშვილს, რომ მას ამ საქციელს არ შეარჩენდა. მამასახლისიც და დეპუტატებიც დღემდე უხდიან სამაგიეროს ომის შედეგად დღემდე ყველაზე დაზარალებულ ოჯახებს სოფელ კარბში.

ახალი ამბები