კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

წეროვანში ჩასახლებული პედაგოგები დასაქმებას მოითხოვენ

31 ივლისი, 2009

„არ შეიძლება პედაგოგების ერთი ხელის მოსმით სანაგვე ყუთში გადაგდება“

თაკო ხუციშვილი

ასმათ ჯოჯიშვილი სოფელ წეროვანში ჩასახლებული დევნილია. აგვისტოს ომის შემდეგ მის ოჯახს მეორედ მოუწია ადგილსამყოფელის იძულებით შეცვლა. ჯერ ცხინვალიდან გამოაძევეს, ახლა კი სოფელ კეხვის დატოვებაც მოუხდა. პროფესიით პედაგოგი, 30 წელი კეხვის საჯარო სკოლაში ქართულს, ისტორიას და გეოგრაფიას შეთავსებით ასწავლიდა. დევნილობას უმუშევრობაც დაემატა, რაც ყველაზე მეტად აწუხებს. სკოლა მისთვის ყველაფერი იყო, დღეს კი მხოლოდ კოტეჯის კედლებს შეჰყურებს. იმედი, რომ წეროვანში მშენებარე სკოლაში დასაქმდებოდა, მასწავლებელთა ტესტირებამ საბოლოოდ გაუქარწყლა. მასწავლებელთა შესარჩევი კონკურსი ვერ გაიარა. თუმცა გამოცდის სამართლიანობის არ სჯერა, რადგან თავის პროფესიონალიზმში დარწმუნებულია.

ამბობს, რომ გამოცდის შესახებ მხოლოდ ერთი დღით ადრე შეატყობინეს, „მაქვს 30 წლიანი სამუშაო გამოცდილება, ითვლებოდა, რომ ვიყავი საუკეთესო პედაგოგი, ერთი წუთით ეჭვი არ შემპარვია, რომ ამ დამსახურებას დაივიწყებდნენ და არ დამასაქმებდნენ. დასაქმებასთან დაკავშირებით მცხეთის რესურს-ცენტრში შევიტანე განცხადება. ამის მერე რამდენჯერმე მივაკითხე. შემდეგ გავიგე, რომ კონკურსის სახით უნდა მომხდარიყო პედაგოგთა შერჩევა. მითხრეს გამოცდა გექნებათო, რაშიო რომ ვიკითხე ნორმალურ პასუხს არ მცემდნენ. ბოლოს ისე მოხდა, რომ გამოცდის დღე დანიშნული იყო და არ გამაგებინეს. ხელოვნურად იქმნებოდა ბარიერები, რომ ბევრ პედაგოგს არ გაეგო გამოცდის შესახებ. ამის გამო გამოცდაზე ბევრი ვერც მოხვდა. 20 წელია ტყვიის ქვეშ ვატარებთ გაკვეთილებს. მთელი წლის გაუბედურებულმა მასწავლებლებმა, არც ვიცით რაში ვაბარებთ გამოცდას, არც რეაბილიტაცია მომხდარა, 1 კვირა მაინც მოეცათ ასე ცხვრებივით რომ შეგვრეკეს გამოცდაზე? მთელი ჩემი ცხოვრება სკოლაში მაქვს გატარებული და ერთი ტესტირებით გადაესვა მთელ ჩემს პედაგოგიურ მოღვაწეობას ხაზი?“ - ამბობს ასმათ ჯოჯიშვილი.

ანალოგიურ მდგომარეობაშია წეროვანში დასახლებული დევნილი პედაგოგების უმრავლესობა. ისინი არ ცნობენ ტესტირების შედეგებს, ვინაიდან მიაჩნიათ, რომ გამოცდა არაობიექტურად ჩატარდა. გივი სიქტურაშვილი, რომელიც სოფელ ნულის სკოლის დირექტორი გახლდათ, თვლის, რომ პედაგოგებისთვის არ იყო ერთნაირი პირობები შექმნილი. დევნილთა განცხადებით, შედეგებს ეჭვ-ქვეშ აყენებს ისიც ისიც, რომ ტესტებზე მათ სახელი და გვარი დააწერინეს.

განათლების სამინისტრო დევნილთა პრეტენზიებს არ ცნობს. მათი განცხადებით გამოცდა ობიექტურად ჩატარდა და ინფორმაცია კონკურსის შესახებ ყველასთვის ერთნაირად ხელმისაწვდომი იყო. „კონკურსი სამ ეტაპს მოიცავდა, პირველი ეტაპზე ცხეთის რესურს-ცენტრში შეტანილი განცხადებების საფუძველზე დაფიქსირებული აპლიკანტების გადარჩევა მოხდა. აპლიკანტებს სამი კრიტერიუმით ვარჩევდით: პირველი მოთხოვნა იყო შესაბამისი უმაღლესი განათლება, მეორე - მინიმუმ ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება, მესამე სავალდებულო მოთხოვნა იყო რომ ყველა წეროვანში უნდა ყოფილიყო ჩასახლებული. ვინც ეს კრიტერიუმები დააკმაყოფილა გავიდა გამოცდაზე, გამოცდა შეფასებების და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ჩაატარა. ის 27 ივნისს 51 საჯარო სკოლაში ჩატარდა. მასწავლებლებმა ტესტირება საგნობრივ ცოდნაში და სწავლების მეთოდიკაში ჩააბარეს. კონკურსის ბოლო ეტაპი იყო გასაუბრება. გასაუბრებაზე მოვიდა ყველა ის პედაგოგი, რომელმაც მაღალი ქულა მიიღო. საბოოლოოდ 137 პედაგოგიდან 46 შევარჩიეთ. აქედან 35 ახაგორიდან ხოლო 14 დიდი ლიახვის ხეობიდან დევნილები იყვნენ. ყველა თანაბარ პირობებში იყო. გამოცდებამდე არცერთს რაიმე ტრეინინგი არ გაუვლია.“ - განაცხადა რეგიონალური კოორდინაციის დეპარტამენტის თანამშრომელმა ეკა დარბაიძემ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ გამოცდის შედეგებში დევნილებს ეჭვი არ უნდა შეეპაროთ, ვინაიდან იდენტიფიკაცია მოხდა არა გვარისა და სახელის, როგორც ამას პედაგოგთა ნაწილი ფიქრობს, არამედ შტრიხკოდების საშუალებით. პრეტენზიის შემთხვევაში პედაგოგებს ნამუშევრების ნახვის საშუალება ექნებათ.

საგამოცდო კომისია 5 წევრისგან შედგებოდა. კომიისიის თავმჯდომარე წეროვანის მე-3 საჯარო სკოლოს დირექტორი რამინ ჩიტაშვილი იყო, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრიდან სოფო გორგოძე და ეკა მამაცაშვილი, ეროვნული სასწავლო გეგმების და შეფასების ცენტრიდან ნანა დალაქიშვილი და დოდო სალაყაია, ხოლო რეგიონალური კოორდინაციის დეპარტამენტიდან ეკა დარბაიძე.

შეგახსენებთ, რომ წეროვანში დევნილები დიდი და პატარა ლიახვის, ფრონეს ხეობიდან და ახალგორიდან არიან ჩასახლებულნი. „თიბისი“ ფონდის ინივიატივით ამ დასახლებაში სექტემბრიდან დევნილი ბავშვებისთვის სკოლა გაიხსნება. გამოცდების შედეგებით უკმაყოფილო პედაგოგებმა განათლების მინისტრს, წერილობით მიმართეს, რათა წეროვანის სკოლაში მათთვისაც გამოყოფილიყო სამუშაო ადგილები, ან დამატებით კიდევ ერთი სკოლა გახსნილიყო. განათლების სამინისტრომ ეს საქმე განსახილველად სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის განათლების მინისტრს სოსო ცოტნიაშვილს გადასცა, მაგრამ მინისტრის განცხადებით მას არანაირი  საქმე განსახილვევად არ მიუღია.

იმ შემთხვევაში, თუ დევნილების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება ისინი წეროვანის დასახლებიდან განათლების სამინისტრომდე მშვიდობიანი აქციის მოწყობას გეგმავენ.

ახალი ამბები