კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უსახლკაროდ დარჩენილი ქალბატონი თელავის სასამართლოსთან უვადო შიმშილობის დაწყებას გეგმავს

3 აგვისტო, 2009

გელა მთივლიშვილი, კახეთი

უსახლკაროდ დარჩენილი ნანული ყურშიტაშვილი პროტესტის ნიშნად, თელავის რაიონული სასამართლოს შენობასთან უვადო შიმშილობის აქციის დაწყებას აპირებს. ნანული ყურშიტაშვილი მოსამართლე ნათელა ჯაშიაშვილს თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს.

მოქალაქე ნანული ყურშიტაშვილმა დახმარებისათვის "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" თელავის ორგანიზაციას მიმართა. "ქრისტიან-დემოკრატებმა" კი ყურშიტაშვილის საქმის შესწავლა ადამიანის უფლებათა ცენტრის კახეთის ოფისს სთხოვეს.

საქმის შესწავლის შედეგად გამოირკვა: ნანული ყურშიტაშვილი აღნიშნულ საცხოვრებელ სახლში დაბადებიდან ცხოვრობდა. ნანული ყურშიტაშვილის დაოჯახების შემდეგ, ამავე საცხოვრებელ სახლში ცხოვრობდა მისი მეუღლეც. დედის გარდაცვალების შემდეგ ნანული ყურშიტაშვილი ავადმყოფ მამას პატრონობდა. ამ ხნის განმავლობაში მან საცხოვრებელი სახლი შეაკეთა და სხვადასხვა ნივთებიც შეიძინა. ნანული ყურშიტაშვილი შვილებთან ერთად, საცხოვრებელი სახლიდან, დისშვილმა ზაქარია ყურშიტაშვილმა 2008 წლის 18 დეკემბერს გააძევა. ზაქარია ყურშიტაშვილმა დეიდას განუცხადა, რომ საცხოვრებელი სახლი მისი იყო. აღმოჩნდა, რომ ზაქარია ყურშიტაშვილს ხელთ ჰქონდა და აქვს ჩუქების ხელშეკრულება, რომლითაც ნანული ყურშიტაშვილის მამა სახლს მას ჩუქნის. ჩუქების ხელშეკრულება 1996 წლის 21 მაისს არის გაფორმებული, ანუ იმ დროს, როცა ნანული ყურშიტაშვილის მამა ჯანმრთელი არ იყო რაც დასტურდება სხვადასხვა სამედიცინო ჩანაწერებით. ამასთან ერთად, საქმის შესწავლის დროს ცნობილი გახდა, რომ სოფელ იყალთოს მაშინდელმა გამგებელმა ვაჟა ხუცურაულმა ნანული ყურშიტაშვილი და მისი შვილები მამის საკომლო წიგნიდან კანონის დარღვევით ამოწერა, რითაც ზაქარია ყურშიტაშვილს დოკუმენტების გაყალბებაში დაეხმარა. აღნიშნული დასტურდება თელავის რაიონული პროკურატურის 2004 წლის 28 იანვრის დადგენილებითაც, თუმცა ხანდაზმულობის მიზეზით დანაშაულში ეჭვმიტანილები სისხლის სამართლის პასუხისგებაში არ მიეცნენ. გარდა ამისა, ნაჩუქრობის ხელშეკრულების მეცხრე პუნქტის თანახმად, სამოქალაქო კოდექსის 239-ე მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულება სამი თვის ვადაში უნდა დარეგისტრირებულიყო, ვადის დარღვევის შემთვევაში კი ხელშეკრულება ბათილდებოდა. მიუხედავად ამისა, ზაქარია ყურშიტაშვილმა კანონდარღვევით ნაჩუქარი სახლი ტექნიკური აღრიცხვის ბიუროში 2003 წლის 23 დეკემბერს მაინც აღრიცხა, საჯარო რეესტრში კი 2003 წლის 24 დეკემბერს საკუთრებად დაირეგისტრირა. საყურადღებოა ისიც, რომ ნაჩუქრობის ხელშეკრულებაში მითითებულია მხოლოდ 71,7 კვ/მ ფართობი, საჯარო რეესტრის მიერ გაცემულ ცნობაში კი 1415 კვ/მ, რაც ყურშიტაშვილების კუთვნილი სახლის და ეზოს ფართობზე ბევრად მეტია.

არსებული მტკიცებულებების მიუხედავად, რაც ადასტურებს, რომ ნანული ყურშიტაშვილს სახლი გაყალბების შედეგად უკანონოდ წაართვეს, თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ნათელა ჯაშიაშვილმა დაზარალებული ქალბატონის სარჩელი მაინც არ დააკმაყოფილა. საქმის განხილვის დროს ნანული ყურშიტაშვილის ადვოკატმა მოსამართლე ჯაშიაშვილის აცილება მოითხოვა, მაგრამ მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. აღმოჩნდა, რომ მოსამართლე ნათელა ჯაშიაშვილი მოპასუხე ზაქარია ყურშიტაშვილის ცოლის ნათესავი ყოფილა. მოგვიანებით, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვეს სააპელაციო და უზენაესმა სასამართლოებმაც.

თავშესაფრის გარეშე დარჩენილი ოჯახი დახმარებას სახალხო დამცველის აპარატისგან და მთავარი პროკურატურისგან ითხოვს.

ახალი ამბები