კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გაზეთი „სპექტრი“ გელა მთივლიშვილის სტატიას ეხმაურება

6 აგვისტო, 2009

რომან აფაქიძე

ჩვენი რეგიონული კორესპონდენტის, გელა მთივლიშვილის სტატიას სახელწოდებით „როგორ ზღუდავენ პრესას რეგიონებში“ გაზეთ „სპექტრის“ რედაქციიდან გამოეხმაურნენ. სტატიაში საუბარი იყო იმ ზეწოლაზე, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება რეგიონულ მედიაზე ახორციელებს. სტატიის ავტორი საუბრობდა იმაზე, რომ ხელისუფლება ერთნაირად იყენებს ჟურნალისტების დაშინების და გადაბირების პრაქტიკას და წარსულში კრიტიკული გაზეთების რედაქტორებსა თუ თანამშრომლებს სახელმწიფო უწყებებში ასაქმებს. ამ კონტექსტში საუბარი იყო რამოდენიმე გაზეთის, მათ შორის სპექტრის შესახებ. მთივლიშვილი წერდა, რომ ხელისუფლების სტრუქტურებში დასაქმებული ჟურნალისტები საკუთარი გაზეთებისთვის რეკლამის მოპოვებასაც უფრო ადვილად ახერხებენ. პუბლიკაციამ გაზეთ სპექტრის რედაქციის უკმაყოფილება გამოიწვია. მათ რედაქციაში გამოაგზავნეს საკუთარი გამოხმაურება, რომელსაც უცვლელეად გთავაზობთ

გაზეთ სპექტრის რედაქციის გამოხმაურება

29 ივლისს, საიტზე - www.humanrights.ge , გელა მთივლიშვილის ავტორობით განთავსდა სტატია: „როგორ ზღუდავენ პრესას რეგიონებში“. სტატიის დასაწყისშივე ავტორი კახეთის რეგიონულ გაზეთებზე - „პროგრესი“, „სპექტრი“ და „კახეთის ხმა“ - საუბრობს და აღნიშნავს, „...ისედაც მწირი სარეკლამო ბაზრიდან რეკლამის აბსოლუტური უმრავლესობაც ზემოაღნიშნულ გაზეთებში მიდის. მაგალითად, გაზეთ „სპექტრში“, რომელიც სულ რვაგვერდიანია, 16 ივლისის ნომერში ოთხი გვერდი მუნიციპალიტეტების გამგეობების რეკლამას უკავია“. გაურკვეველია რა მიზნები ამოძრავებდა ბატონ გელა მთივლიშვილს, როცა ასეთ სიცრუეს წერდა, რადგან ჯერ ერთი, გაზეთ „სპექტრის“ 16 ივლისის ნომერი თორმეტგვერდიანია და მეორეც, რეკლამას მხოლოდ 3 გვერდი უკავია, რომლებიც სტანდარტების მიხედვით, შესაბამის ჩარჩოშიც ზის და სხვა გაზეთებისგან განსხვავებით, სარეკლამო ნიშანიც აქვს მითითებული. სტატიის ავტორს კი ვურჩევდით, საკუთარი გაზეთ „იმედის“ არქივს გადაავლოს თვალი, სადაც რეკლამა სტატიისგან აბსოლუტურად გაუმიჯნავია. სწორედ იმ მიზნით, რომ მკითხველმა ვერ გაარკვიოს რისთვის გადაურიცხა „ისედაც მწირი სარეკლამო ბაზრიდან“ ჯერ მარტო გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2008 წელს 3 ათას 287 ლარი, ხოლო 2009 წელს 965 ლარი.

ცნობისათვის, გაზეთ „სპექტრს“ აქვს საკუთარი ვებ გვერდი: http://www.kakhetiinfo.ge/ და ასევე აქტიურად თანამშრომლობს http://www.regions.ge/ -სთან, დაინტერესებულ პირებს ვურჩევდით გაეცნონ გაზეთის შინაარსს და დასკვნები შემდეგ გააკეთონ.

გაზეთ „სპექტრის“ რედაქცია

ჩვენი მხრივ გამოხმაურების ტექსტი, სტატიის ავტორს გადავუგზავნეთ და მისი კომენტირება ვთხოვეთ. აქვე ვბეჭდავთ სტატიის ავტორის კომენტარს აღნიშნულ გამოხმაურებაზე.

სტატიის ავტორის კომენტარი:

„გამოხმაურებაში, რომლის ავტორადაც გაზეთ „სპექტრის“ რედაქციაა მითითებული, სინამდვილეში კი, სტილიდანაც კარგად ჩანს, რომ ტექსტი კახეთის გუბერნატორის ამჟამინდელი პრესმდივნის მაია ყალაბეგაშვილის მიერ არის მომზადებული, ბევრი უზუსტობაა.

გაზეთი „სპექტრი“ ბოლო რამდენიმე თვეა უკვე 8 გვერდიანი გამოცემაა. რაც შეეხება კონკრეტულ ნომერს, გაზეთი 12 გვერდიანია, მაგრამ რეკლამას ნამდვილად ოთხი გვერდი უკავია.

რაც შეეხება სპექტის რედაქციის ინფორმაციას, რომ რეგიონულ გაზეთ „იმედში“ (რომელსაც მე ვრედაქტორობდი და რომლის გამოცემაც ცოტა ხნის წინ შეჩერდა) რეკლამა სპეციალური სარეკლამო ნიშნით გამოყოფილი არ იყო, სიმართლეს არ შეესაბამება.

არასწორად არის დათვლილი და დაანგარიშებული გაზეთ „იმედის“ სარეკლამო შემოსავლებიც. გაზეთზე ხელმოწერისათვის გადახდილი თანხები რეკლამას არ ნიშნავს და შესაბამისად ამ თანხის სარეკლამო შემოსავლად ჩათვლა არასწორია“.

ჩვენი ვებ გვერდიის რედაქციის სახელით კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ გაზეთ სპექტრის გამოხმაურება წმინდა „ტექნიკური“ ხასიათისაა და არ ცვლის ავტორის ძირითად მოსაზრებას, რომელიც ხელისუფლების მხრიდან მედიაზე ზეწოლის ფაქტებზე საუბრობს. კონკრეტული გაზეთის გვერდების რაოდენობაზე დავა, სტატიის კონტექსტის თვალსაზრისით მეორეხარისხოვანია, მთავარი ისაა, რომ ჩვენი ხელისუფლება (რეგიონული ხელისუფლებების დონეზეც) ცდილობს მედიაზე ზეწოლას, ჟურნალისტების დაშინებისა თუ გადაბირების საშუალებით.

ამ თემაზე:

როგორ ზღუდავენ პრესას რეგიონებში

ახალი ამბები