კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შრომითი ტრეფიკინგი ბათუმში

6 აგვისტო, 2009

თამთა თალაკვაძე

სამშენებლო კომპანია შ.პ.ს „კრისტალის“ ხელმძღვანელობისაგან  მოტყუებული და უხელფასოდ დატოვებული 20-მდე თანამშრომელი, ფირმისაგან გასამრჯელოს დაუყოვნებლივ გადახდას ითხოვს.

მუშების განცხადებით მათ 9 000 ლარზე მეტი აქვთ ასაღები. ეს რვა თვის დავალიანებაა. ისინი მშენებლობაზე ე. წ. „აპალოვკას“ ასხამდნენ, რომლის კუბური მეტრის ღირებულება ამ ფირმის ფასების მიხედვით 42 ლარია, მთლიანობაში კი მათ 250 კუბამეტრამდე დაასხეს.
 
დავით სურმანიძე - მუშა: პირობები რომელიც შემომთავაზეს მაკმაყოფილებდა, გამომუშავებაზე ვმუშაობდით, რამდენ კუბამეტრსაც დავასხამდით, თანხასაც იმის შესაბამისად გვიხდიდნენ. სამუშაო ბლომად იყო, ხელფასის იმედით ბანკიდან სესხი ავიღე. საბოლოოდ ხელცარიელი დაგვტოვეს, ახლა მაგათ გამო ბანკთან სერიოზული პრობლემები შემექმნა, ვადაგადაცილება მაქვს და პროცენტები  ყოველდღიურად მერიცხება. ვალი რომ ნაწილობრივ დამეფარა ოჯახის მარჩენალი ძროხა გავყიდე. ხელფასის გარდა კომპენსაციასაც ვთხოვ, ის თანხა უნდა ამინაზღაურონ, რომელიც მათი ტყუილებისა და უპასუხისმგებლობის გამო ბანკში ზედმეტად გადავიხადე. ფული დროულად რომ მოეცათ, ასე არ დამემართებოდა.

ჯემალ გვაზავა - მუშა: ამ სამსახურის იმედზე ვიყავი და მთლად ხელცარიელი დამტოვეს, ბავშვის სწავლის ქირაც ვერ დავფარე. ასე კიდე 7 ბრიგადისთვის გაუკეთებიათ თურმე.

ხელფასს დაგვპირდებოდნენ და მერე კვირაობით ქრებოდნენ სადღაც. როცა ჩვენი კუთვნილი ფულის გადახდა კატეგორიულად მოვითხოვეთ, რაღაც გაურკვეველი დოკუმენტი მოგვიტანეს, ეწერა: „საქართველოს კანონის თანახმად (არც კანონის დასახელება ეწერა და არც მუხლის ნომერი) ხელფასი იქნება ამ თვის 10 რიცხვში“, გვაჩვენეს დასარწმუნებლად და ისევ უკან წაიღეს, ახლა ვხვდები რომ დაგვცინოდნენ, ყალბი ფურცლებით გვიხვევდნენ თვალს. არც სამუშაოზე აყვანის დროს გაგვიფორმეს ხელშეკრულება, მხოლოდ სია ჩამოგვაწერინეს რვეულში და იქ ვაწარმოებდით სამუშაოზე გამოცხადების აღრიცხვას. 

ვინც მშენებლობას ხელმძღვანელობდა ის ტელეფონზეც აღარ გვპასუხობს, ჩვენს ნომრებს ცნობს და გვემალება.

მურმან ზოიძე  - მუშა: სახლში მოხუცი მშობლები მყავს. სირცხვილი არაა, იმდენი ხანი ვიმუშავე და დედისთვის წამლის საყიდელი ფულიც არ მაქვს, ისევ პენსიის იმედად დავრჩით მთელი ოჯახი. საკუთარი თავის  მრცხვენია როცა ვაანალიზებ როგორ მოგვატყუეს ამდენი ხალხი. ეს ამბავი რომ არ გახმაურებულიყო და გავჩერებულიყავით, ასაღები თანხის მინიმალური ნაწილი მოგვცეს საახალწლოდ. ისიც ისეთ დროს, რომ ვერაფრის ყიდვა ვეღარ მოვასწარით ოჯახისთვის.

„ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ გაარკვია, რომ  შ.პ.ს „კრისტალი“ პუშკინის 33- შია რეგისტრირებული, შპს-ს დამფუძნებლად გულვარდი დიამასამიძეა გაფორმებული, მშენებლობას კი მისი მეუღლე ნუგზარ დავითაძე ხელმძღვანელობს.
ჩვენი ორგანიზაცია დაუკავშირდა შ.პ.ს „კრისტალს“, მაგრამ ოფისის ტელეფონს (888222 7 99 83) მხოლოდ რიგითი თანამშრომლები პასუხობენ.

ერთ-ერთმა თანამშრომელმა (მუშამ ზაურ ზაქარაძემ) გვითხრა, რომ ხელმძღვანელობა თბილისშია წასული და მათი მობილურის ნომერი არ იციან. შეგვპირდნენ რომ გაგვიგებდნენ, მაგრამ როდესაც ხელმეორედ დავუკავშირდით,  ოფისის ნომერზე დარაჯმა (რომელმაც სახელისა და გვარის გამხელა არ ისურვა) გვიპასუხა: „ხელმძღვანელი ახლა გავიდა და არ ვიცი როდის დაბრუნდება, არც ის ვიცი სად წავიდა, შეიძლება ქალაქგარეთააც იყოს წასული და 2-3 დღე არ დაბრუნდეს“.

ადგილზე მისულებსაც არავინ დაგვხვდა. რამდენიმე  ადამიანი რომელიც იქვე იდგა, მხოლოდ იმას ამბობდა არაფერი ვიცითო.

ნუგზარ დავითაძე მთელი დღის განმავლობაში არც ჩვენს მიერ მოპოვებულ ნომერზე (893 31 94 17) გვპასუხობდა.

ახალი ამბები