კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ექსპერტების შეფასებით, საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებებით მეწარმეებს კიდევ უფრო შეავიწროვებენ

6 აგვისტო, 2009

გელა მთივლიშვილი

მეწარმეების მხრიდან გადასახადების დამალვის ფაქტების თავიდან აცილების მოტივით პარლამენტმა საგადასახადო კოდექსში ცვლილებები შეიტანა. ცვლილების მიხედვით, საგადასახადო ინსპექტორს უფლება მიეცა, სასტუმროს ან კვების ობიექტს გასული წლის გადასახადები წლევანდელი წლის ბრუნვის შესაბამისად გადაახდევინოს. ამავე ცვლილებებით, იმ შემთხვევაში, თუ ყადაღადადებული ქონება მეორედ ჩატარებულ აუქციონზეც ვერ გაიყიდა, შემოსავლების სამსახურის უფროსი უფლებამოსილია ქონებაზე ყადაღა მოხსნას და აღნიშნული ქონება სახელმწიფო საკუთრებაში მიაქციოს.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ინფორმაციით, კანონის სრულად ასამოქმედებლად ფინანსთა მინისტრის ბრძანებაა საჭირო. კომიტეტის თავმჯდომარის ზურაბ მელიქიშვილის განცხადებით, სწორედ ამ ბრძანებით დაზუსტდება, თუ რა შემთხვევაში შეიძლება საგადასახადო ინსპექტორმა გადასახადების დამალვაზე ეჭვი მიიტანოს.

„ყველამ კარგად იცის, რომ ხშირია გადასახადების დამალვის შემთხვევები. მინისტრის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტის საფუძველზე ზუსტად გაიწერება პირობები და გათვალისწინებული იქნება განსაკუთრებული შემთხვევები, თუ რა ობიექტური მდგომარეობის საფუძველზე გახდება შესაძლებელი კონკრეტულ დაწესებულებას შემცირებული ჰქონოდა შემოსავლები“, - განმარტეს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში.
 
ფინანსთა მინისტრის მოადგილის ირაკლი ღვალაძის თქმით, საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე საგადასახადო ინსპექციას უფლებამოსილება 10 აგვისტოდან გაეზრდება.

„საქართველოში გადასახადების საკმაოდ დაბალი განაკვეთია. ამასთან, მეწარმეს სულ 6 სახის გადასახადი აქვს დაწესებული. ამიტომ, მათი ადმინისტრირება მაქსიმალურად უნდა მოხდეს“, - აღნიშნავს მინისტრის მოადგილე.

ეკონომიკის ექსპერტების შეფასებით, საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებები სასტუმროებისა და კვების ობიექტების მიმართ საჯარიმო სანქციების გაზრდას გამოიწვევს. მათივე თქმით, საკანონმდებლო ცვლილებებით საგადასახადო ინსპექციებს საფუძველი ეძლევათ მეწარმეები კიდევ უფრო მეტად შეავიწროვონ.

ამ პროგნოზს სპეციალისტები შემდეგნაირად ასაბუთებენ: ცვლილებით, საგადასახადო ინსპექტორს უფლება მიეცა რამდენიმე დღის განმავლობაში აკონტროლოს კონკრეტული სასტუმროს ან კვების ობიექტის მომხმარებელთა ოდენობა. შემდეგ, მიღებული მონაცემები შეადაროს გასულ წლის მონაცემებს, აღმოაჩინოს სხვაობა და გადასახადების დამალვის საფუძვლით, სასტუმროს ან კვების ობიექტს გასული წლის გადასახადები წლევანდელი წლის ბრუნვის შესაბამისად გადაახდევინოს.

„აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება ბიზნესს საერთოდ გაანადგურებს. ჩვენ ვამაყობდით, რომ ბოლო პერიოდში აღრიცხვიანობა მიწესრიგდა, ჩრდილოვანი სექტორი აღარ არის და ა. შ., მაგრამ ეს გადაწყვეტილება მიუღებელია. საგადასახადო ორგანოს აქამდეც ჰქონდა უფლება და უფრო მეტიც - ვალდებულება, რომ რეაგირება მოეხდინა კონკრეტული საწარმოს მიერ გადასახადების დამალვის ფაქტზე, თუკი ინსპექციას ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები გააჩნდა. ერთი წლის მონაცემების გადატანა მეორე წლის დაბეგვრაზე, ჩემი აზრით, აბსოლუტურად გაუმართლებელია“, - ამბობს ეკონომიკის ექსპერტი ნოდარ ხადური.

ყოფილი პარლამენტარის შოთა გვენეტაძის თქმით კი, ადმინისტრირების გამკაცრებას თავისი მნიშვნელობა აქვს და ის ყველასთვის ერთაინირი უნდა იყოს. „ამ მუხლში კი მხოლოდ საკვები ობიექტები და სასტუმროებია გამოყოფილი. ადამინისტრირების კუთხით დღეს ქვეყანაში ცუდი მდგომარეობა არ არის. ამიტომ, ასეთი გამკაცრება გაუგებარია“, - აღნიშნავს გვენეტაძე.

ცვლილება შეეხო საგადასახადო კოდექსის 88-ე მუხლსაც. ამ მუხლის მე-13 ნაწილმა გარკვეული ცვლილება განიცადა. ცვლილების შედეგად, თუ მეორედ ჩატარებულ აქუციონზე მყიდველი ვერ შეძლებს აუქციონზე შესყიდული ქონების ღირებულების დადგენილი წესით გადახდას ან აუქციონზე არ იქნება შეთავაზებული შესაბამისი ფასი, შემოსავლების სამსახურის უფროსი უფლებამოსილია ქონებაზე ყადაღა მოხსნას და აღნიშნული ქონება სახელმწიფო საკუთრებაში მიაქციოს. ე. ი. ახალი კანონით, რომელიც ძალაში უკვე შევიდა, შემოსავლების სამსახურის უფროსს უფლება აქვს, მაგალითად, ქიბარ ხალვაშის კუთვნილ კომპანიას, რომელსაც ყადაღა ადევს და აუქციონზე ორჯერ ვერ გაიყიდა, ყადაღა მოხსნას და ქონება სახელმწიფო საკუთრებაში გადავიდეს.

ნოდარ ხადური: „საქართველოში სასამართლო რომ დამოუკიდებელი იყოს და ხელისუფლების დავალებებს არ ემორჩილებოდეს, შესაძლოა, ეს ასეც ყოფილიყო. მაგრამ, ვიცით, რომ ჩვენს ქვეყანაში ამ მიმართულებით სერიოზული პრობლემებია. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ ამგვარი ქონების მყიდველები მომავალში დაზარალდებიან, რადგან მათ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თუ სხვა უწყებათა გადაწყვეტილებების მეშვეობით, დიდი ალბათობით, შეძენილი ქონების დათმობა მოუწევთ. საერთო ჯამში, ეს ბიზნესზე და ინვესტიციებზე უარყოფითად აისახება“.

უნდა აღინიშნოს, რომ პარლამენტმა, საგადასახადო კოდექსში მთავრობის მიერ ინიცირებული ცვლილებები, მანიფესტაციებისა და შეკრებების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის პარალელურად განიხილა. იქიდან გამომდინარე, რომ საზოგადოების მთელი ყურადღება მანიფესტაციების გამართვის შეზღუდვის კანონპროექტის განხილვაზე იყო გადატანილი, საგადასახადო კოდექსში ცვლილებები ისე შევიდა, რომ ამის შესახებ რამდენიმე ექსპერტის გარდა არავის არაფერი გაუგია.

ახალი ამბები