კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ერგნეთი - ერთი წლის შემდეგ

7 აგვისტო, 2009

გადამწვარ სოფელს ყურადღებას არავინ აქცევს

თეა თედლიაშვილი, გორი

ხელისუფლება ამყობს, რომ აგვისტოს ომის შემდეგ ყველა დევნილს თავშესაფარი მიუჩინა, მაგრამ სად და რა პირობებში უწევთ არსებობა დევნილ და დაზარალებულ მოსახლეობას, ეს მას, როგორც ჩანს ნაკლებად აღელვებს..

ერგნეთი ყველაზე ხმაურიანი სოფელი იყო გორის რაიონში, აქ ხომ 2004 წლამდე ბაზრობა იყო, რომელიც ირაკლი ოქრუაშვილმა მოშალა... ბაზრობის მოშლის შემდეგ სოფელი ნელ-ნელა იცლებოდა ხალხისგან. აგვისტოს ომმა კი ის საბოლოოდ გაასწორა მიწასთან...

ახლა სოფელი ერგნეთის ზედა უბანში, სულ 7 ოჯახიღა ცხოვრობს. ეს უბანი შარშან აგვისტოში მთლიანად გადაწვეს. სხვა სოფლების მსგავსად აქ სახლები ამორჩევით არ დაუწვიათ, მიჰყვნენ და ერთიანად ცეცხლს მისცეს ქართველების ქონება.

2008 წლის შემდეგ სოფელ ერგნეთში საზღვარმაც 500 მეტრით გადმოიწია და ქართველების ნაწილი, ახლა თავიანთი დამწვარი სახლების სანახავადაც ვერ ახერხებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლას. სოფელში დარჩენილი 7 ოჯახიც უკვე უიმედოდაა. ოსების საზღვართან მარტო დარჩენილებს მხოლოდ ორ თვეში ერთხელ აკითხავენ და დახმარების სახით,  9 კილოგრამ ფქვილს, ერთ ლიტრ ზეთს, 600 გრამ შაქარს, 1,50 კილოგრამ ლობიოს და 150 გრამ მარილს აძლევენ. ეს დახმარება მოსახლეობას ამა წლის დეკემბრამდე მსოფლიო კვების პროგრამის ფარგლებში  მიაწოდება. მერე რა იქნება არავინ იცის.

ზაზა დოიჯაშვილის მრავალშვილიანი ოჯახი სოფელში დღემდე აგრძელებს ცხოვრებას. ოჯახში მიიჩნევენ, რომ საკუთარი კერა არ უნდა მიატოვონ, მიუხედავად იმისა, რომ ამის გამო ათასი პრობლემის დაძლევა უწევთ.

„ამის წინათ დევნილთა მინისტრი კობა სუბელიანი იყო ჩამოსული. ერგნეთის დასაწყისში დიდი სახლი რომ დგას პირველი, იქ გაჩერდა. ქვემოთა უბანი არ დამწვარა, ეს ზემოთა უბანი კი მთლიანად გადაწვეს, დოიჯაანთ უბანს ეძახიან ამ უბანს, ეტყობა საზღვართანვე რომ არის ამიტომ დაწვეს. მოვიდა ერთხელ სუბელიანი და იკითხა როგორ ხართო? ჩვენც ვიყავით ჩასულები, ვეხვეწეთ წამოდი და ნახე როგორც ვართ და სად ვცხოვრობთო. ერთი ნაბიჯი არ გადმოდგა, მე გიჟი კი არ ვარ დაცვა არ მყავს და ვერ წამოვალო. ჩვენ გიჟები ვართ აქ რომ ვცხოვრობთ? მაშინ მოვიდეს ვინმე და ის მაინც გვითხრას, გიჟები ხართ და დატოვეთ აქაურობაო. ასეთი უყურადღებობა შეიძლება? ჯერ ისედაც 500 მეტრზეა გადმოწეული საზღვარი, მართლა უპატრონოდ ხომ არ დავტოვებთ აქაურობას“ - ამბობს ზაზა დოიჯაშვილის მეუღლე მაგული ოქროპირიძე.

დოიჯაშვილებს მეხუთე შვილი შარშან, 7 აგვისტოს შეეძინათ, თუმცა ოჯახმა პატარა ქეთევანის დაბადებით გახარება ვერ მოასწრო, რადგან ომი დაიწყო და დედა, თავი რომ გადაერჩინა, შვილთან ერთად გამოიქცა სამშობიაროდან. ჩვილი ბავშვით ხელში ღამის პერანგის ამარა გაუყვა თბილისის გზას. ფეხით მიმავალი ქალი უცხო კაცმა დაიმგზავრა ავტომობილით და თბილისამდე ჩაიყვანა.

„ისეთი სტრესი მქონდა, ვერც კი აღვიქვი შვილის დაბადების სიხარული, სამხედრო ბაზა, რომ იბომბებოდა 8 აგვისტოს, გადმოვხტი სამშობიაროდან და გამოვიქეცი ჩემს შვილათან ერთად, ბავშვისთვის ტანსაცმელიც კი არ მქონდა. დიღმის მასივში საბავშვო ბაღში მივედი და იქ ვცხოვრობდით, ერთი ექიმი იყო მეზობლად, იქვე ცხოვრობდა, ყოველდღე მოდიოდა და გვსინჯავდა მე და ჩემს შვილს“ - ამბობს მაგული ოქროპირიძე.

ხუთ შვილიანი ოჯახი მსოფლიო კვების პროგრამის ფარგლებში მიღებული დახმარებით ირჩენს თავს, რასაც 28 ლარიანი დახმარება ემატება, რომელსაც ოჯახი ცხინვალიდან პირველი დევნილობის გამო იღებს.

„ჩვენი შემოსავალი მხოლოდ 28 ლარიანი დახმარებაა. ცხინვალში ორი სახლი გვქონდა და პირველი ომის შედეგად დავტოვეთ. ახლა ისიც დაიწვა, რისი შეძენაც აქ პირველი ომის შემდეგ შევძელით. სხვა დახმარება არაფერი არ გვაქვს გარდა იმისა, რომ დანიის საბჭომ კოტეჯი აგვიშენა. რადგან მრავალშვილიანი ოჯახი ვართ უფრო დიდი კოტეჯი დაგვიდგეს ვიდრე სხვებს, თუმცა ძალიან უხარისხოდ არის გაკეთებული, კედლები უკვე იშლება. არც მიკვირს, დეკემბერში ააშენეს და აბა, ყინვაში აშენებული სახლი, როგორ არ დაიშლება. მე და ჩემი მეუღლე ვცხოვრობთ, ოთხი გოგო მყავს და ერთი ბიჭი. დამატებითი დახმარება არც ბავშვებზე გვეკუთვნის, ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვცხოვრობთ. ერთხელ შემოიტანეს ბავშვების საკვები და მეორედ რომ ვთხოვეთ, ასე გვითხრეს, ხომ მოგიტანეთ, რამდენი უნდა მოგიტანოთო. ერთი წლის ბავშვს ლობიოთი და მაკარონით ხომ არ გამოვკვებავ“ - ამბობს მაგული ოქროპირიძე.

დოიჯაშვილების უბანში არც სარწყავი წყალი აქვთ და არც სასმელი, სინათლე კი ძალიან ხშირად ქრება.

„წყალი ჩვენს სოფელს ცხინვალიდან მოეწოდებოდა, სარწყვიც და სასმელიც, ახლა არც ერთი გვაქვს და არც მეორე. სამი თვეა სოფლიდან ფეხი არ გაგვიდგია. თებერვალში რომ დავბრუნდით, სახლში შემოვედით და მორჩა. არც ჩვენ გავდივართ სადმე და არც არავინ შემოდის რათა ჩვენი ბედით დაინტერესდეს. შარშან დავთესეთ და მოვიყვანეთ მოსავალი, მაგრამ მოსავლის აღება ომის გამო ვერ მოვახერხეთ. წელს ვერც დავთესეთ რამე და შესაბამისად ვერც მოვიყვანეთ. სარწყავი წყალი არა გვაქვს და აბა როგორ მოვახერხებდით.“ - გვიყვებოდა ზაზა დოიჯაშვილის მეზობლად მცხოვრები ნაილი კახნიაშვილი.

„სარწყავ წყალს როცა უნდა მაშინ კეტავენ ოსები. ეს აქამდეც გვიქმნიდნენ ხოლმე პრობლემას, მაგრამ ეს ერთი წელია საერთოდ აღარ გვაწვდიან. როცა საკუთარი საკანალიზაციო არხების გაწმენდა მოუნდებათ მაშინ უშვებენ არხს და დაგროვილ ფეკალურ მასებს რეცხავენ, ჩვენ კი ასეთი წყლის მოსვლა უნდა გაგვიხარდეს“ - გვითხრა არხის პირას მდგარმა ზაზა დოიჯაშვილმა.

„ახლა მოდის წყალი, რადგან კანალიზაციის სისტემას რეცხავენ. სროლები ძალიან ხშირია, მიზანმიმართულად არ ისვრიან მაგრამ დალევენ თუ არა სროლას იწყებენ“ - გვითხრა ზაზა დოიჯაშვილმა.

„რამდენიმე დღის წინ ისეთი აფეთქება იყო, ლამის გულები გაგვისკდა, ხელები და ფეხები მთლად გამეყინა შიშისგან. ქალები მარტო ვიყავით სახლში, მეუღლეები არ იყვნენ და თავს ძალას ვატანდით, რომ არ დაგვეძინა. ვიფიქრეთ, რომ ისევ ომი დაიწყო“, - ამბობს ნაილი კახნიაშვილი.

„ჩემი უფლებები მეტი როგორღა უნდა დაირღვეს, ხუთი შვილის დედა ვარ და ზედ არავინ მიყურებს. მრავალშვილიანებს ხომ მაინც ჭირდებათ დახმარება. ყველაფერი განადგურებულია. რაც რამ მქონდა სახლში წაღებული. ერთი ძველის-ძველი პიანინო მქონდა ძალიან მძიმეა და ალბათ ვერ წაიღეს ეგღა დამხვდა სახლში დაზიანებული. ერთ რამეს ვითხოვთ მხოლოდ, აქ დარჩენილებს ყურადღება მოგვაქციონ. სულ 7 ოჯახი ვართ ბევრი ხომ არა“ - შემოგვჩივლა მაგული ოქროპირიძემ.

სოფელ ერგნეთის ზემოთ უბანში ის შვიდი ოჯახი, რომელიც ომის შემდეგ უკან დაბრუნდა დანიის ლტოლვილტა საბჭოს მიერ აშენებულ ერთ-ოთახიან კოტეჯებში ცხოვრობს. ეს შენობები ომის შემდეგ აშენდა და ამიტომ მხოლოდ მათ არ ატყვიათ ომის კვალი. გორის რაიონის არც ერთ სოფელში ისე არ იგრძნობა ომის კვალი, როგორც ერგნეთის ამ უბანში. კიდევ ერთი ნაგებობა, რომელსაც ვერ შეატყობ თუ ის ომის მომსწრეა, ერგნეთის ღვთისმშობლის ეკლესიაა, ეკლესია სადაც მამა დავითი წირავდა ხოლმე და ომამდე მოქმედი იყო, არც ერთი ნატყვიარი არ ეტყობა. ახლა იქ წირვა-ლოცვა არ აღევლინება. მამა დავითი ამჟამად სიონის საკათედრო ტაძარში აღავლენს მსახურებას. ერგნეთში მცხოვრებ 7 ოჯახს მისი დაბრუნების იმედი აქვს და სჯერათ, რომ ეკლესიაში წირვა-ლოცვა მალე ისევ აღდგება.

ახალი ამბები