კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ცხოვრება კოდორის ხეობის გარეშე

10 აგვისტო, 2009

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

ზუსტად ერთი წლის წინ, დღევანდელისგან განსხვავებით, მამა-პაპისეულ სახლებში ცხოვრობდნენ და მიუხედავად იმისა, რომ დაძაბულობა დღითიდღე მძაფრდებოდა, საკუთარ მიწაზე თავს მაინც ბედნიერად თვლიდნენ. განცდა, რომ ხეობის დატოვება მოუწევდათ და დევნილებად იქცეოდნენ, გაცილებით გვიან, ხეობის თავზე რუსული ბომბდამშენების გაუთავებელი ფრენის შემდეგ დაეუფლათ. ზუსტად მაშინ, როცა სატვირთო მანქანებზე შეხიზნულნი ზემო აფხაზეთიდან უკვე ქუთაისისკენ გამოემგზავრნენ.

დღეს კი, მოგონებებით ცხოვრობენ და 2008 წლის 10 აგვისტოს ცრემლისა და ოხვრის გარეშე ვერ იხსენებენ. ამბობენ, რომ ერთი წლის შემდეგ განცდა გაცილებით მძიმეა და აუტანელი, ვიდრე მაშინ, როცა ჯერ კიდევ არ იცოდნენ, ყველაფერი როგორ დამთავრდებოდა.

„კოდორის ხეობიდან 10 აგვისტოს წამოვედით... გენწვიში (ჩვენი სოფელი) დილიდან იბომბებოდა, ადგილობრივი ხელისუფლება კი დაჟინებით გვიმეორებდა, საშიში არაფერიაო. ჩვენთან ახლოს სამხედრო შტაბია და ამიტომაც იქ ყოფნა გაცილებით სახიფათო იყო. წერტილი არ დაუტოვებიათ, რომ არ დაებომბათ. მახსოვს, სოფელში დილიდან სამარისებური სიჩუმე იყო. ქათმები დავაპურე და ეზოში თუ ეზოს გარეთ რომ ვერავინ შევნიშნე, ქუჩაში გავედი. კაციშვილის ჭაჭანება არ იყო. იქვე რამდენიმე ბიჭი დავინახე, რომლებიც ძალიან დაბალ ხმაზე, გაურკვევლად საუბრობდნენ. ვეცადე, გამეგო, რა ხდებოდა. ამასობაში რამდენიმე ვერტმფრენმა გადაიფრინა და ზუსტად ჩემი ეზოს წინ ჭურვი ჩამოვარდა. ამის შემდეგ დაიწყო ჯოჯოხეთი - დაბნეულობა, ალიაქოთი. ჩვენ ვიცოდით, რომ სხვა გზა არ იყო, ხეობას უნდა გავცლოდით“, - ყვება გენწვიშელი ფატმან ოთხვანი.

62 წლის ქალბატონი იხსენებს, როგორ აღმოჩნდნენ სულ რამდენიმე წუთში სატვირთო მანქანაზე და მხოლოდ ამის შემდეგ აღმოაჩინეს, რომ საკუთარი სახლიდან ერთი ნივთიც კი არ წამოუღიათ. იმასაც გვიან მიხვდნენ, რომ სატვირთო მანქანამ ყველა ვერ დაიტია და ყველაზე ახლობელი ადამიანები კვამლში გახვეულ კოდორის ხეობაში მხოლოდ „რუსების ამარა“ დარჩნენ.

„გული იმაზე მწყდება, რომ გვატყუებდნენ, ყოველ წუთს იმას გვიმეორებდნენ, რომ საშიში არაფერი იყო. სამხედროები (ჩვენი ჯარისკაცები) ისე გაიქცნენ, რომ უკან არ მოუხედავთ. კარგად მახსოვს, სოფლიდან ისე წამოვედით, რომ იქ ერთი სამხედრო პირიც კი არ დაგვინახავს. ეს რას ნიშნავს? - იმას, რომ ადგილობრივმა მთავრობამ გაგვწირა, სასიკვდილოდ გაგვიმეტა... მაგრამ ალბათ, ძნელია, როცა თავზე ცეცხლის წვიმა გეყრება და ცხვირწინ ბომბები გიფეთქდება. ალბათ, მაშინ მხოლოდ საკუთარი თავის გადარჩენაზე ფიქრობ... ალბათ, ჩვენს ხელისუფლებასაც ეს დაემართა“.

დღეს აღარც ბომბებია და შეშინებული ბავშვების  წიოკიც არსაიდან ისმის. საცხოვრებელი პირობებიც გაცილებით უკეთესია, ვიდრე დევნილობის პირველ დღეებში.

პირველმა ორმა დღემ სრულ გაურკვევლობაში ჩაიარა. არავინ იცოდა სად დაებინავებინათ 700-მდე ადამიანი. მერე სრული ანტისანიტარიული პირობები ქუთაისის ნახევრად დანგრეულ, ყოფილი ავტოკოლეჯის შენობაში და თითო ოთახში „დაბინავებული“ 8-10 ადამიანი. ოჯახზე 1 კგ. შაქარი, „კრეკერი“, ერთი შეკვრა ორცხობილა და ყოველდღიური დაპირება მთავრობისგან, რომ ხვალ უკეთესი პირობები იქნება... უკეთესი პირობები კი, კოდორის ხეობის გარეშე, უბრალოდ, წარმოუდგენელია...

„15 წელი ხეობას კბილებით ვიცავდით. შარშან კი, იგი სულ რამდენიმე საათში დავკარგეთ. გულდასაწყვეტი ისაა, რომ ყველაფერი ვიღაცის სულელურ ამბიციებს შეეწირა. იმ მძიმე წუთებში, როცა გორი იბომბებოდა და რუსებს თვალი კოდორზეც ეჭირათ, აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელობა ხეობაში არ გვეკარებოდა. იძახდნენ, თბილისიდან ვაგვარებთ საქმეებს, ზემო აფხაზეთში რუსი კი არა, ჩიტი ვერ შემოფრინდებაო. როგორც მოაგვარეს, ყველანი ვხედავთ. არ მეგონა, ოდესმე საკუთარ მიწა-წყალს თუ შეველეოდით, მაგრამ თავს ზევით ძალა არ გვქონდა. საჰაერო დაბომბვა რომ არ ყოფილიყო, იქედან ფეხსაც არ გავადგამდით, მაგრამ სული მწარეა, შვილო... 15 წლის ნალოლიავები უცებ ქარს გავატანეთ და დღეს მის დაბრუნებაზე, როგორც ვატყობ, ფიქრიც ზედმეტია. ხეობას თუ დავიბრუნებთ, სოხუმთან ერთად უნდა დავიბრუნოთ. სხვანაირად უბრალოდ, წარმოუდგენელია...“ - გვიყვება ფატმან ოთხვანი.

ოთხვანები დღეს ქუთაისის ერთერთ გარეუბანში, ყოფილი სამხედრო ლიცეუმის შენობაში არიან დაბინავებული. მათ გარდა აქ კოდორის ხეობიდან დევნილი 52 ოჯახი ცხოვრობს. ამბობენ, რომ პირობები არცთუ სახარბიელოა. 600 გრ. შაქარი, 4 კგ. თეთრი ლობიო, მაკარონი და ზეთი, რომელიც აქამდე თვეში ერთხელ ურიგდებოდათ, ბოლო ორი თვეა არ მიუღიათ. ცენტრალური მთავრობის მიერ დაპირებული ერთჯერადი ფულადი დახმარებაც (200 ლარი) დღეს უკვე ეჭვის ქვეშ დგას.

„არ გვინდა არანაირი დახმარება. ჩვენ თვითონ დავეხმერებით მთელ საქართველოს, ოღონდ ხეობაში დაგვაბრუნონ. ისე ნუ გააკეთებენ, რომ სამუდამოდ აქ დაგვტოვონ. ჩვენ ჩვენი მიწა და წყალი გვიხმობს, წინაპართა საფლავები გვიხმობენ... ერთი წელი გახდა, შვილის საფლავზე ფეხი არ დამიდგამს და ჯავრით ლამის გული გამისკდეს. ბოლოსდაბოლოს, ჩვენც დავიხოცებით, აბა, ცას ხომ არ გამოვეკერებით და მინდა იქ დავიმარხოთ, ახლობლების გვერდით... თუ არ დავბრუნდით, იქ აღარაფერი დაგვხვდება“, - ამბობს ფატმან ოთხვანი.

შიშისა და მონატრების განცდას კოდორიდან დაბრუნებულების მიერ საკუთარ კუთხეზე მოყოლილი ამბები კიდევ უფრო ამძაფრებს. ეუბნებიან, რომ ხეობას რუსები „აკონტროლებენ“. მათი სახლებისგან კი, მხოლოდ კედლებია დარჩენილი.

ახალი ამბები