კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პრეზიდენტის ძმის ბიზნესს შეწირული ადამიანები

12 აგვისტო, 2009

გელა მთივლიშვილი

მკერდის, ყელის და კანის სიმსივნე, ინტოქსიკაციის ზოგადი მოვლენები, ღვიძლის ციროზი, ეს იმ დაავადებების არასრული ჩამონათვალია, რითაც საგარეჯოს რაიონის სოფლებში, ნინოწმინდასა და წყაროსთავში მცხოვრებნი  ნავთობის ამოფრქვევის შემდეგ მასობრივად დაავადდნენ. ნავთობკომპანია „კანარგო-ჯორჯიას“ კუთვნილ ჭაბურღილზე მომხდარი ავარიის შედეგად განადგურდა ასობით ჰექტარი ტყის მასივი, დაბინძურდა წყალი და ნიადაგი. ადამიანები ცოცხლად ლპებიან. მნიშვნელოვნად იმატა სიკვდილიანობამ. უკიდურესად მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, ნავთობკომპანიაში ირწმუნებიან, რომ ავარიას მკვეთრად უარყოფითი შედეგები არ მოჰყოლია.

საგარეჯოს რაიონის სოფელ ნინოწმინდაში #100 ჭაბურღილიდან დიდი რაოდენობით ნავთობი და გაზი 2004 წლის 10 სექტემბერს ამოიფრქვა. ღია შადრევანის დალუქვა სპეციალისტებმა მხოლოდ სამი დღის შემდეგ მოახერხეს. ავარიის გამომწვევი მიზეზებისა და მიყენებული ზიანის შემსწავლელი კომისიის ინფორმაციით, ნავთობის მილგარე სივრცეში ამოფრქვევა დაგროვილმა გაუთვალისწინებელმა გაზმა გამოიწვია, რომლის ინდიკაციაც შეუძლებელი იყო.

„მაზუთის წვიმა“

ქალია როსტომაშვილი, საგარეჯოს მკვიდრი: „10 სექტემბერს, დილით მთელი სოფელი მოულოდნელად ბურუსმა მოიცვა. ყველაფერი შავი მაზუთით შეიღება. ყელის წვა, ქავილი და სხვა ჩივილები მაშინვე დაგვეწყო. სახლიდან გარეთ გამოსვლას ვერიდებოდით, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღე გვიუარესდებოდა. მაზუთი 3 დღე გვაწვიმდა“.

ნადია ივანიაშვილი, სოფელ ნინოწმინდის მკვიდრი: „უცებ ძლიერი ქარი ამოვარდა, რასაც მძაფრი სუნი მოჰყვა. ეზოებში და გზებზე მაზუთის გუბეები დადგა. გარეთ ვერ გავდიოდით. ინფორმაციას ტელევიზიით ვიღებდით. გავიგეთ, რომ ჭაბურღილიდან ნავთობი ამოიფრქვა. ნავთობკომპანიის წარმომადგენელი გვაიმედებდა, რომ ავარიის ლიკვიდაციას მალე მოახდენდნენ, თუმცა 3 დღე-ღამის განმავლობაში არაფერი გვეშველა. ნინოწმინდაში, წყაროსთავსა და საგარეჯოს ნაწილში ხილის ბაღები და ბოსტნეული მთლიანად განადგურდა“.

ელენე როსტომაშვილი, სოფელ ნინოწმინდის მკვიდრი: „ნავთობის ამოფრქვევის შემდეგ არავინ გაგვაფრთხილა, რომ სასმელი წყალი დაბინძურებული იყო. წყალს ჩვეულებრივ მოვიხმარდით მანამ, სანამ თვითონ არ შევნიშნეთ, რომ წყლის მიღების შემდეგ სუნთქვა გვიჭირდა. მასობრივად გავრცელდა კანის და ალერგიული დაავადებები. მხედველობაზეც პრობლემები შეგვექმნა. ადამიანები, რომლებიც მანამდეც ავად იყვნენ, წნევას ან სხვა დაავადებას უჩიოდნენ, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. ნავთობის ამოფრქვევიდან რამდენიმე დღეში სოფელში ექიმები ჩამოვიდნენ და ჩვენი შემოწმება დაიწყეს. ექიმები პირად საუბარში გვეუბნებოდნენ, რომ დაავადებების მნიშვნელოვნად ზრდა ავარიით იყო გამოწვეული, თუმცა ამას ოფიციალურად არ აფიქსირებდნენ. ნავთობკომპანია იძულებული გახდა ჩვენთვის სადაზღვევო პოლისები გადმოეცა. წესით, სამედიცინო დახმარება უფასოდ უნდა მიგვეღო, მაგრამ სადაზღვევო კომპანიის პოლისებით სამედიცინო დაწესებულებებში არ გვმკურნალობდნენ, უარს ამბობდნენ“.

თინა ორკოშნელი, სოფელ წყაროსთავის მკვიდრი: „სასმელი წყლის სათავე ნაგებობა, საიდანაც სოფლები ნინოწმინდა და წყაროსთავი მარაგდება, იმ ჭაბურღილიდან რამელზეც ავარია მოხდა, დაახლოებით 1 კილომეტრში მდებარეობს. ხეობაში ჩაღვრილი ნავთობის ნაწილი ამოტუმბეს და მანქანებით გაზიდეს, ნაწილი კი იქვე სახელდახელოდ გათხრილ ორმოებში ჩაღვარეს და მიწა მიაყარეს. ავარიიდან მეორე, მესამე დღეს სოფლის მაშინდელი გამგებელი შიო შიოშვილი გვარწმუნებდა, რომ წყალი ლაბორატორიულად შემოწმდა და დაბინძურებული არ აღმოჩნდაო. ნავთობის ამოფრქვევიდან 7 დღის განმავლობაში ამ სასმელი წყლით ვსარგებლობდით. წყლით სარგებლობა მას შემდეგ აგვიკრძალეს, რაც სამედიცინო დაწესებულებებში ასთმური შეტევების და კანის დაავადებების ჩივილებით მიმართვის ფაქტებმა იმატა. რამდენიმე თვის განმავლობაში სასმელ წყალს ნავთობკომპანიის მიერ დაქირავებული პირები გვაწვდიდნენ. ცოტა ხნის შემდეგ სასმელი წყლის მიწოდება შეგვიწყვიტეს. გვითხრეს, სოფლის სასმელი წყლის სათავე ნაგებობა და შემკრებ-გამანაწილებელი გარეცხეთ, დაქლორეთ და სუფთა წყალს მიიღებთო. სოფლის გამგებლის ხელმძღვანელობით ასეც მოვიქეცით. ამოირეცხა და დაიქლორა სათავე ნაგებობა და ავზები. სასმელად ისევ ამ წყალს მოვიხმარდით, არადა თურმე არ შეიძლებოდა, მით უფრო დაქლორვის შემდეგ ყოფილა საშიში.

დღეისათვის სოფელში სხვადასხვა დაავადებებია გავრცელებული, განსაკუთრებით ონკოლოგიურად დაავადებულთა რიცხვი გაიზარდა“.

„კანარგო-ჯორჯიას“ განცხადება

ნავთობკომპანია „კანარგო-ჯორჯიას“ ხელმძღვანელობა ამტკიცებს, რომ #100 ჭაბურღილზე მომხდარ ავარიას სხვადასხვა დაავადებების გავრცელება და სასმელი წყლის დაბინძურება არ გამოუწვევია.

„ჭაბურღილზე მომხდარი ავარიის შემდეგ კომპანიამ განახორციელა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ავარიის რიგი სალიკვიდაციო და პრევენციული სამუშაოები, რაც 2006 წელს დასრულდა.

უფრო მეტიც, კომპანიამ გამოიჩინა კეთილი ნება და გარემოსა და მოსახლეობისათვის მიყენებული ზიანის აღმოფხვრისა და მისი შემდგომი პრევენციის მიზნით, განახორციელა ისეთი ღონისძიებები, რაც მას კანონით არ ევალებოდა. კომპანიის მიერ ჩატარდა გარემოს ლაბორატორიული და საექსპერტო კვლევები ქართველი და უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით. ტყის აღდგენის საკითხებს სწავლობდა და მონიტორინგს ახორციელებდა ბოტანიკის ინსტიტუტის ექსპერტთა ჯგუფი; გარემოს ლაბორატორიულ შესწავლასა და კონტროლს ახორციელებდა დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ფირმა „გამა“. მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზიანის პოტენციური რისკის შეფასება ჩატარდა იტალიელი ექსპერტების მიერ, ევროსტანდარტებით მიღებული მეთოდიკის გამოყენებით.

ზემოხსენებული შესწავლების შედეგად დადგინდა: დაზიანებული ტყის თვითაღდგენის პროცესი სტაბილურია; ნიადაგის დაბინძურების დონე ამ ეტაპზე კანონმდებლობით დადგენილი ნორმის ფარგლებშია. სასოფლო-სამეურნეო სავარგულებში ნიადაგი ნავთობით დაბინძურებული არ არის; ჰაერში ნახშირწყალბადების შემცველობა ავარიის მომენტიდან მე-15 დღეს შეესაბამებოდა დადგენილ სანიტარულ და ეკოლოგიურ ნორმებს და ამის შემდგომ მონიტორინგის პერიოდშიც კონცენტრაციის მომატება არ გამოვლენილა; ამოფრქვევის პარამეტრებიდან გამომდინარე მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის სერიოზული ზიანის (რამაც შეიძლება გამოიწვიოს ქრონიკული დაავადებები, ონკოლოგიური დაავადებების წარმოქმნა ან დაავადებების სერიოზული გართულება) მიყენების ფაქტი არ დადგინდა. კომპეტენტური სამედიცინო ექსპერტების დასკვნის შესაბამისად, მწვავე ინტოქსიკაციის არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა“, - ნათქვამია ნავთობკომპანია „კანარგო-ჯორჯიას“ ოფიციალურ განცხადებაში.

რაც შეეხება ავარიის შედეგად დაზიანებულ და განადგურებულ მოსავალს, ნავთობკომპანიის ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სპეციალისტებისა და სოფლის მოსახლეობის წარმომადგენელთა ერთობლივი კომისიის შესწავლის, აგრეთვე მოსახლეობიდან შემოსული საპრეტენზიო განცხადებების საფუძველზე, კომპანიის მიერ მთლიანად იქნა კომპენსირებული. სოფლისთვის გადარიცხულმა საკომპენსაციო თანხამ სულ 878 ათასი ლარი შეადგინა.

ნავთობკომპანიის საპირისპირო მტკიცებულებები

მართალია, ნავთობკომპანია „კანარგო-ჯორჯია“ ირწმუნება, რომ 2004 წლის 10 სექტემბერს #100 ჭაბურღილზე მომხდარ ავარიას სხვადასხვა დაავადებების გავრცელება და სასმელი წყლის დაბინძურება არ გამოუწვევია, მაგრამ ჩვენ დოკუმენტებისა და ჩვენებების სახით, საპირისპირო მტკიცებულებები მოვიპოვეთ.

მტკიცებულება #1

იმის დასტურად, რომ ავარიის შედეგად დაავადებები არ გავრცელებულა და მოწამვლის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, ნავთობკომპანიას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ასთმის, ალერგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის დასკვნა მოაქვს. „რენტგენოგრაფიული, ექოსკოპიური, კლინიკო-ლაბორატორიული და სხვა მეთოდებით გამოკვლეული 9 პაციენტიდან არცერთს ნავთობით ინტოქსიკაციის ან ნავთობის ზემოქმედებით გამოწვეული რაიმე დაავადება არ გამოუვლინდა. გამოკვლეული პაციენტებიდან 3 შემთხვევაში დაისვა მუნის დიაგნოზი, დანარჩენი სხვადასხვა. გამოვლენილი დაავადებები ძირითადად უკავშირდება არადამაკმაყოფილებელ საყოფაცხოვრებო პირობებს და არ შეიძლება დავუკავშიროთ ნავთობის რამენაირ ზემოქმედებას“, - აღნიშნულია დასკვნაში, რომელსაც ხელს სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი ალექსანდრე თელია აწერს.

სინამდვილეში, როგორც ამ დასკვნაში მოყვანილი ადამიანები ამბობენ, ასთმის, ალერგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში ისინი მართლაც იმყოფებოდნენ, მაგრამ მოცემული გამოკვლევები არ ჩატარებიათ.

ეთერ კერატიშვილი: „ავად მას შემდეგ ვარ, რაც ნავთობი ამოიფრქვა. როდესაც სოფელში ხალხის გამოსაკვლევად ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სამედიცინო კომისია იყო ჩამოსული, შემოწმების შემდეგ დამიწერეს ტოქსიკური მოწამვლა. როცა ექიმ ალექსანდრე თელიასთან გამოკვლევაზე მიმიყვანეს, არაფერი არ გამოუკვლევიათ, არც ანალიზი გაუკეთებიათ, არადა დასკვნაში უწერიათ, რომ კლინიკურ-დიაგნოსტიკური გამოკვლევებით დამიდგინდა ალერგიული რანიტი, მომატებული მგრძნობელობით ოთახის მტვრის მიმართ. ეს არის ტყუილი. ალექსანდრე თელია და მასთან ერთად სხვა ექიმები ობიექტურები რომ არ იყვნენ, ჯერ კიდევ მაშინ დავრწმუნდი, როცა ჩემი ავადმყოფობის ისტორიაში სამედიცინო კომისიის ჩანაწერი ნახეს, სადაც ტოქსიკური მოწამვლა ეწერა. ამის დაწერა ვინ გაბედაო, ხმამაღლა ყვიროდნენ“.

მტკიცებულება #2

ამონაწერი საგარეჯოს პოლიკლინიკურ-ამბულატორიული გაერთიანების 2005 წლის 14 ივლისის წერილიდან: „2004 წლის 10 სექტემბერს საგარეჯოს რაიონის სოფელ ნინოწმინდაში ნავთობის ჭაბურღილზე მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით, საგარეჯოს ამბულატორიულ-პოლიკლინიკური გაერთიანების ბაზაზე შექმნილი სამედიცინო კომისიის მიერ, 11-დან 21 სექტემბრამდე სამედიცინო-პროფილაქტიკური გამოკვლევა ჩაუტარდა სოფლების ნინოწმინდის, წყაროსთავის და საგარეჯოში გაღმა უბანში მცხოვრებ 1206 პირს. გამოვლინდა შემდეგი დაავადებანი, რომლებიც გამოწვეული იყო ნავთობპროდუქტებთან კონტაქტით: ფარინგიტი, ლარინგიტი, ბრონქიტი, პნევმონია, გასტროენტერიტი, გასტრიტი, დერმატიტი, ნეიროცირკულატორული დისტონია, ინტოქსიკაციის ზოგადი მოვლენები, კონტაქტური კონიუნქტივიტი.

მტკიცებულება #3

ამონაწერი საგარეჯოს ბავშვთა პოლიკლინიკისა და ბავშვთა საავადმყოფოს ერთობლივი წერილიდან: „ჩვენს მიერ გამოკვლეულ იქნა 0-15 წლამდე ასაკის 280 ბავშვი. გამოვლენილ იქნა იგივე დაავადებები, რაც მოზრდილებსა და უფროსებში“.

მტკიცებულება #4

ამონაწერი სამედიცინო ექსპერტთა კომისიის 2004 წლის 8 ოქტომბრის დასკვნიდან: „ჩატარებული გამოკვლევები საფუძველს გვაძლევს დავასკვნათ, რომ ნავთობის ჭაბურღილიდან ამოფრქვევამ პირველი სამი დღის მანძილზე გამოიწვია შექცევადი კონტაქტური დაავადებები (სასუნთქი გზების კატარი, ფარინგიტი, ლარინგიტი, კონიუნქტივიტი). ქრონიკული დაავადებების გამწვავება. გასტროენტერიტების შემთხვევები შესაძლებელია განპირობებული იყოს წყალსადენის ბანალური დაბინძურებით“.

მტკიცებულება #5

ამონაწერი სანიტარიისა და ჰიგიენის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დასკვნიდან: „შპს „კანარგო-ჯორჯიასთან“ 2005 წლის 30 იანვარს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე ინსტიტუტს ევალებოდა საგარეჯოს რაიონში, სოფელ ნინოწმინდის მიმდებარედ, ნავთობისა და გაზის ღია შადრევნის შემთხვევის შედეგად, საკვლევ წერტილებში სასოფლო-სამეურნეო ნიადაგის სანიტარულ-ქიმიური შეფასება; სოფელ ნინოწმინდის სასმელი წყლის წყაროების და ნავთობკომპანიის მიერ გაბურღული სასმელი წყლის ჭაბურღილებიდან მოწოდებული წყლის ხარისხის ჰიგიენური შეფასება.

2004 წლის სექტემბერ – ოქტომბერში სოფელ ნინოწმინდის სასმელი წყლის ხარისხის კვლევას ატარებდა საქართველოს ჰიდრომეტეოროლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის გარემოს ფინანსური დაბინძურების მონიტორინგის ცენტრი და სამეცნიერო-კვლევითი ფირმა „გამა“. მათი მონაცემების ჰიგიენური შეფასებისას იკვეთება, რომ #100 ჭაბურღილიდან გარემოში ნავთობის გაფრქვევიდან მომდევნო 4 თვის განმავლობაში (სექტემბერ-დეკემბერი), სასმელი წყლის სხვადასხვა წერტილებიდან აღებულ ნიმუშებში ჯამური ნახშირწყალბადების რაოდენობა არ აღემატება ზღვრულად დადგენილ ჰიგიენურ ნორმატივებს. მიგვაჩნია, რომ შესწავლილი წერტილების როგორც რაოდენობა, ასევე ტოპოგრაფია არ შეესაბამება სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნებით გათვალისწინებულ ნიადაგის სინჯების აღების მეთოდოლოგიურ პრინციპებს.

სამწუხაროდ, იგივეს ვერ ვიტყვით ინსტიტუტში ამავე მიზნით ჩატარებული პირველადი კვლევის შედეგებზე. საანგარიშო პერიოდისთვის ნავთობპროდუქტების შემცველობა შესწავლილია ნიადაგის 40, წყლის 6 და საკვები პროდუქტების 27 სინჯში. წყლის ექვსივე ნიმუში დაბინძურებულია ნავთობპროდუქტებით. სასმელი წყლის ნიმუშებში ნახშირწყალბადების შემცველობა აღემატება მათ ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციას შესაბამისად 45; 42,5; 19,5; 23 - ჯერ, ხევის წყალში კი 21,5-ჯერ. ერთ ნიმუშში აღინიშნა აგრეთვე ჟანგბადის სრული შთანთქმა. ნავთობპროდუქტებით განსაკუთრებით დაბინძურებულია ცენტრალიზებული სასმელი წყალმომარაგების სათავე ნაგებობის წყალშემკრები რეზერვუარიდან აღებული ნიმუში, სადაც ნავთობპროდუქტების რაოდენობაა 19,5 მგ/ლ, რაც მიუთითებს ნავთობპროდუქტებით გარემოს დაბინძურებაზე. აღნიშნული სასმელი წყლის დაქლორვა, მასში ჯამური ნავთობპროდუქტების ზდკ-ზე გადაჭარბებული შემცველობის გამო კატეგორიულად დაუშვებელია“. დასკვნას ხელს პროფილაქტიკური მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ირაკლი ფაღავა აწერს.

მტკიცებულებების განადგურებისა და დაზარალებული მომჩივნების განეიტრალების კვალდაკვალ

უნდა აღინიშნოს, რომ ამ დასკვნის გახმაურების შემდეგ პროფესორმა ირაკლი ფაღავამ პოზიცია შეცვალა და პირველი დასკვნის საწინააღმდეგო დასკვნა დადო. „2005 წელს ჩატარებული ანალიზით, დაბინძურება არ უკავშირდება ნახშირწყალბადებით დაბინძურებას. რაიმე საშიში პათოლოგიური მიკრორგანიზმები არ აღმოჩნდა. წყალში ნავთობის მასა ნამდვილად ერევა, მაგრამ არა სათავე ნაგებობიდან, არამედ მონაკვეთიდან, სადაც მილებია დაზიანებული“, - აღნიშნავს ფაღავა მეორე დასკვნაში.

ნინოწმინდელების თქმით, პროფესორმა ირაკლი ფაღავამ ამგვარი დასკვნა ზეწოლის შედეგად დაწერა.

ნანა ლაღაძიშვილი, ნინოწმინდის მკვიდრი: „ნავთობკომპანიის წარმომადგენლებმა სოფლიდან ყველაზე მძიმე რამდენიმე ავადმყოფი თბილისის საავადმყოფოში გადაგვიყვანეს. ექიმებმა გამოკვლევები ფორმალურად ჩაგვიტარეს. ყველას გვეუბნებოდნენ, რომ ფსიქოლოგების კონსულტაცია და დამაწყნარებელი მედიკამენტები გვჭირდებოდა. დაავადებების გართულება ნავთობის ამოფრქვევის გარდა ყველაფერს დააბრალეს. მხოლოდ ერთმა ექიმმა, ხუტა პაჭკორიამ გაბედა და დაწერა, რომ ორგანიზმის მოწამვლა ნავთობის ჩასუნთქვის შემდეგ განვითარდა. ენა ისე მქონდა გასიებული, რომ პირში აღარ მეტეოდა. კანზეც გამონაყარი მქონდა, წითელი ფერის ხორცმეტები, რომელიც ადრე არასოდეს მქონია. ექიმმა პაჭკორიამ მკურნალობა დამინიშნა. ხარჯების გადახდისთვის სპეციალური ფორმა, სადაც დიაგნოზი იყო მოცემული, სადაზღვევო კომპანიას წარვუდგინე, მაგრამ არაფერი გადაურიცხავთ. მოგვიანებით, როცა დოკუმენტაცია უკან მოვითხოვე, ყველაფერი დამიბრუნეს გარდა იმ ფორმისა, სადაც დაავადების გამომწვევი მიზეზი ეწერა. მიმტკიცებდნენ, რომ მსგავსი დოკუმენტი მათთვის არ წარმიდგენია. ექიმ პაჭკორიას თბილისში ისევ ჩავაკითხე და ვთხოვე, ისევ დაეწერა ჩემთვის დიაგნოზი და დაავადების გამოწვევის მიზეზი დაეფიქსირებინა. მითხრა, თუ გნებავს მკურნალობა, სათანადოდ გიმკურნალებ, სხვას ნურაფერს მთხოვო“.

სოფელ ნინოწმინდის მკვიდრი ემზარ გორგილაძე ერთ-ერთია დაზარალებულთა შორის, რომელიც ნავთობკომპანიისგან ზიანის ანაზღაურებას ითხოვს. სხვადასხვა დროს ის აქტიურად მონაწილეობდა დაზარალებულების მიერ ნავთობკომპანიის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში.

„რაიონის მაშინდელი ხელმძღვანელობა ყველაფერს აკეთებდა, რომ საპროტესტო აქციები არ გაგვემართა. ამ მიზნით აქციების ორგანიზატორების გადაბირებას როგორც ადგილობრივი ხელისუფლების, ისე ნავთობკომპანიის წარმომადგენლები ცდილობდნენ. გაჩუმების სანაცვლოდ ჯერ გამგეობაში მუშაობა შემომთავაზეს, შემდეგ გამგეობის აპარატის უფროსის თანამდებობაზე დანიშვნა, ბოლოს კი გამგებლის მოადგილის თანამდებობაც. ნავთობკომპანიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი გოჩა შავგულიძეც იყო ჩემთან მოსული და მითხრა, გაჩუმების სანაცვლოდ რა თანხას ითხოვო. ნავთობკომპანიაში მაღალანაზღაურებად სამსახურში დასაქმებასაც დამპირდნენ, მაგრამ უარი ვთქვი. გარიგება რომ ვერ გამოუვიდათ, მერე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მემუქრებოდნენ, რამეს მოგიძებნით და ციხეში გამოგამწყვდევთო, მაგრამ ვერაფერი მომიძებნეს“, - ამბობს გორგილაძე.

მისივე თქმით, იმდროინდელი ადგილობრივი ხელისუფლების მიერ არასწორად განაწილდა ნავთობკომპანიის მიერ დაზიანებული მოსავლის საკომპენსაციოდ გამოყოფილი თანხებიც. „მოქალაქე კახა ნარეკლიშვილის სახელზე გაწერილი და გაცემული იყო 3 ათასი ლარი, თუმცა მას ეს თანხა მიღებული არ ჰქონდა. როცა ეს ამბავი გახმაურდა, ნარეკლიშვილი საგარეჯოს რაიონის გამგეობის იურისტად დაინიშნა და ამის შემდეგ ის ჩვენთან აღარ თანამშრომლობდა. 10 ათასი ლარი იყო გაცემული ვინმე თულაშვილზე, რომელიც ვერ დავადგინეთ ვინ იყო. ამ ფაქტებმა სოფლის მოსახლეობა კიდევ უფრო აღაშფოთა. ხალხის დასაწყნარებლად სოფლის გამგებელი შიო შიოშვილი მოხსნეს, რომელმაც ცოტა ხნის შემდეგ მუშაობა ნავთობკომპანიაში დაიწყო“, - აღნიშნავს გორგილაძე.

მტკიცებულება #6

საგარეჯოს რაიონის სოფელ წყაროსთავში მცხოვრები 13 წლის ცისმარ ნადირაძე ნავთობის ამოფრქვევის შემდეგ დაავადდა. ავარიის პირველ დღეებში მას ჯერ ალერგიული დაავადება გაუჩნდა, შემდეგ კანი მთლიანად გაუთეთრდა, ბოლოს კი თმა გასცვივდა. ოფიციალური ინფორმაციით, რომელიც საგარეჯოს ბავშვთა პოლიკლინიკიდან ამოვიღეთ, ცისმარ ნადირაძე 2004 წლის სექტემბრამდე არავითარ დაავადებას არ უჩიოდა და ჯანმრთელი იყო. სამედიცინო გამოკვლევების შემდეგ მოზარდს სიმსივნე დაუდგინდა. გარკვეული ხნის განმავლობაში, მანამ, სანამ ოჯახს ამის ფინანსური საშუალება ჰქონდა, არასრულწლოვანი მკურნალობას თბილისის ონკოლოგიის ნაციონალურ ცენტრში გადიოდა. ქიმიო-თერაპიის კურსის სიძვირის გამო, ცისმარ ნადირაძე ამ დროისთვის მკურნალობას ვეღარ აგრძელებს. ოჯახს გასაყიდი აღარაფერი აქვს, ნავთობკომპანიდან და ადგილობრივი გამგეობიდან კი ნადირაძეებს, არაერთი თხოვნის მიუხედავად, არაფრით დახმარებიან.

მტკიცებულება #7

სოფელ წყაროსთავში მცხოვრები მარიამ ჭავჭანიძის ჯანმრთელობის მდგომარეობაც ნავთობის ამოფრქვევის შემდეგ გაუარესდა. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილი სპეციალური კომისიის დასკვნაში აღნიშნულია, რომ ექოლოგიურად „ღვიძლის პარენქიმაში აისახება დანეკროზებული უბნები“.

2004 წლის 27 სექტემბერს, ქალაქ თბილისში მდებარე კლინიკურ-დიაგნოსტიკური კერძო ლაბორატორიის მიერ ჭავჭანიძის სისხლი გამოსაკვლევად გერმანიაში, ქალაქ ჰაიდელბერგის ლაბორატორიაში გაიგზავნა. გერმანიის წამყვან სამედიცინო დაწესებულებაში დაადგინეს, რომ სისხლში ბენზოლის შემცველობის მკვეთრად მომატება ნავთობპროდუქტებით არის გამოწვეული. სამედიცინო დასკვნის თანახმად, ნორმა არის 0,5, ხოლო ჭავჭანიძის სისხლში ბენზოლი 4,3 ერთეულს შეადგენს.


საქმიდან მოსამართლის დადგენილება გაქრა

დაზარალებულმა მოსახლეობამ ნავთობკომპანიის წინააღმდეგ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2005 წელს მიმართა. თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმე აიცილა და განსახილველად საგარეჯოს რაიონულ სასამართლოში გადააგზავნა, სადაც ანალოგიური ფაქტი - საქმის აცილება მოხდა. საგარეჯოს სასამართლომ საქმე განსახილველად ისევ თბილისის საქალაქო სასამართლოს დაუბრუნა. საქმის განხილვის დაწყება 2007 წლამდე გაჭიანურდა. 2007 წლის 30 იანვარს, მოსარჩელეთა ადვოკატმა მირიან ნიკოლაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში დააყენა შუამდგომლობა, ეკოლოგიური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ. მოსამართლე ბესიკ სისვიძემ სხდომაზე შუამდგომლობა დააკმაყოფილა, თუმცა ადვოკატის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, მოსამართლემ მას დადგენილება არ მიაწოდა.

2009 წლის ივნისში, დაზარალებულთა ინტერესების დასაცავად საქმეში არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოლოგიური სამართლის ცენტრის“ ადვოკატი ნიკოლოზ მჟავანაძე ჩაერთო. ადვოკატი ამბობს, რომ საქმეში მოსამართლე სისვიძის მიერ მიღებული დადგენილება არ აღმოჩნდა. „შეგნებულად გააყალბეს სხდომის ოქმიც. ამოიღეს ის ნაწილი, სადაც ხსენებული შუამდგომლობაა დაკმაყოფილებული. 2009 წლის 10 ივლისს გამართულ სასამართლო პროცესზე, ჩემს კითხვაზე, სად იყო მოსამართლე ბესიკ სისვიძის მიერ მიღებული დადგენილება ეკოლოგიური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძემ განაცხადა, რომ საქმეში ეკოლოგიური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ დადგენილება არ დევს, ვინაიდან ასეთი გადაწყვეტილება სასამართლოს საერთოდ არ მიუღია. იმის გამო, რომ საბოლოოდ, საქმეში არ არის არც დადგენილება და არც ადვოკატის წერილები შუამდგომლობის წარდგენისა და დაკმაყოფილების შესახებ, ექსპერტიზა არ ჩატარდა. ეკოლოგიური ექსპერტიზის დანიშვნა განმეორებით მოვითხოვეთ, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. იმ მოტივით, რომ ნავთობის ამოფრქვევის შედეგად მოსახლეობისადმი მიყენებული ზიანი ვერ დავადასტურეთ, 2009 წლის 17 ივლისს მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძემ სარჩელი არ დააკმაყოფილა“, - აღნიშნავს ადვოკატი ნიკოლოზ მჟავანაძე.

ქალაქ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლეს ბესიკ სისვიძეს საქმეზე რომ ნამდვილად აქვს მიღებული ეკოლოგიური ექსპერტიზის დანიშვნის დადგენილება, ამას მოპასუხე მხარის, ნავთობკომპანია „კანარგო-ჯორჯიას“ წარმომადგენლის ნონა ყავალაშვილის წერილობითი ახსნა-განმარტებაც ადასტურებს, რომელიც მრავალტომიანი საქმიდან ამოვიღეთ. დოკუმენტი, რომლითაც ნავთობკომპანიის წარმომადგენელი მოსამართლე სისვიძეს მიმართავს, ოფიციალურადაა რეგისტრირებული თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის კანცელარიის მიერ 2007 წლის 8 თებერვალს და მისი სარეგისტრაციო ნომერია 5227. ახსნა-განმარტებაში ნავთობკომპანია „კანარგო-ჯორჯიას“ წარმომადგენელი ნონა ყავალაშვილი აღნიშნავს: „2007 წლის 30 იანვარს გამართულ სასამართლო სხდომაზე თქვენს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მოსარჩელე მხარის შუამდგომლობის დაკმაყოფილებისა და კომპლექსური ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე. დასაბუთებული განჩინების გამოტანამდე, გვსურს, გაცნობოთ, რომ ავარიის ფაქტის მოხდენიდან ორ წელზე მეტი ხნის პერიოდის გასვლის შემდეგ ძალზე ძნელია რაიმე მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენა ავარიის ფაქტსა და მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობას შორის. ამიტომ, ამჟამად, ამგვარი სახის ექსპერტიზის ჩატარება პრაქტიკულად შეუძლებელია. ამისათვის არ არსებობს არც სპეციალიზებული საექსპერტო ორგანო და არც საავადმყოფოებს გააჩნიათ ამის პოტენციალი. კანონითაც ამგვარი ექსპერტიზის ჩამტარებელი ორგანო განსაზღვრული არაა. არ არსებობს რეგისტრირებული ცალკე ორგანო ან შესაბამისი ლიცენზირებული და უფლებამოსილების მქონე სამკურნალო დაწესებულება, ისევე როგორც ცალკეული ექსპერტი“.

კომპანია „კანარგო-ჯორჯიას“ ფაქტობრივი მფლობელი რომ საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ძმა დავით სააკაშვილი იყო, ამის შესახებ პრესაში ნავთობის ამოფრქვევიდან რამდენიმე დღეში დაიწერა. მაშინ ამაზე განცხადება „მწვანეთა პარტიის“ ლიდერმა გიორგი გაჩეჩილაძემაც გააკეთა, რომელიც ამ ინფორმაციას დღესაც არ უარყოფს. ნავთობკომპანია „კანარგო-ჯორჯიას“ განცხადებით კი, დავით სააკაშვილი კომპანიის მესაკუთრე არასოდეს ყოფილა. იგი მხოლოდ თანამშრომელი იყო.

ახალი ამბები