კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„სამეურვეო საბჭომ მხარი კორუფციას დაუჭირა“

13 აგვისტო, 2009

თაკო ხუციშვილი

საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორის ლევან ყუბანეიშვილის თანამდებობიდან წასვლის მიზეზი საზოგადოებისთვის დღემდე უცნობია. პირველ არხს უკვე ჰყავს ახალი გენერალური დირექტორი გიორგი ჭანტურია. მან ფარული კენჭისყრით ჩატარებულ არჩევნებში საბჭოს  წევრთა 5 ხმა მიიღო. კონკურსში მონაწილე გიორგი კაჭარავას და ზვიად ქორიძეს ხმა საბჭოს არცერთი წევრისგან არ მიუღიათ.  ჩატარებულ არჩევნებზე გვესაუბრება ჟურნალისტი ზვიად ქორიძე.

- ბატონო ზვიად როგორ შეაფასებდით საზოაგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის არჩევნებს?

იმედი მქონდა, რომ საბჭო ამჯერად მაინც იმოქმედებდა დამოუკიდებლად და იქნებოდა თავისუფალი ნებისმიერი ტიპის პოლიტიკური ზეწოლისაგან. ამისთვის კარგი ფონი იყო შექმნილი - ოპოზიცია ნაკლებად აქტიურობდა, არც ხელისუფლება ჩანდა აქტიურად. საჭოს წინაშე იდგა ძალიან კონკრეტული ამოცანა, მას მხარი ან ძველი სისტემისთვის  უნდა დაეჭირა ან არჩევანი ცვლილებების სასარგებლოდ გაეკეთებინა. ძველი სისტემის პირობებში ძალიან დაბალი იყო სარედაქციო დამოუკიდებლობის ხარისხი, იყო საკმაოდ მდარე ხარისხის და სამოქალაქო ღირებულებებისგან დაცლილი პროგრამირება, ამ სისტემაში საზოგადოებრივი მაუწყებელი პრაქტიკულად კორუფციაში იყო ჩაძირული. საბჭოს შეეძლო გაეკეთებინა არჩევანი ცვილებების სასარგებლოდ და ეთქვა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი მართლა უნდა გახდეს ძლიერი, საზოგადოების ნდობით აღჭურვილი ინსტიტუტი და ეს გაკეთდება მხოლოდ და მხოლოდ დამოუკიდებლობის პირობებში.

- ეს თქვენს პროგრამაშიც იყო აღნიშნული?

რა თქმა უნდა... სატელევიზიო დებატების დროს ბატონი გიორგი კაჭარავაც საუბრობდა თავის პრიორიტეტულ საკითხებზე, როგორიცაა ტელესერიალების წარმოება და ა. შ. უფრო მეტად ხაზს უსვამდა მომგებიანი პროდუქციის წარმოებას. ეს მოსაზრება პატივსაცემია, მაგრამ მას უნდა ჰქონოდა გააზრებული, რომ საუბარი იყო საზოგადოებრივ მაუწყებელზე, რომელიც მხოლოდ მოგებაზე ორიენტირებული ტელევიზია არაა. ეს არის ტელევიზია, რომელიც ემსახურება საზოგადოებას და იგი  დაფინანსებას საზოგადოებისგან იღებს.

საბჭოს წინაშე იდგა პრინციპული პრინციპული არჩევანი და საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება. მან თქვა - მე მირჩევნია გიორგი ჭანტურია, ადამიანი, რომელიც აწარმოებს მდარე პროდუქციას, ადამიანი, რომელიც არღვევს კანონს და მონაწილეობს იმ სატენდერო კომისიაში, რომელიც ანაწილებს სატენდერო თანხებს სხვადასხვა გარე მწარმოებელი სტუდიებისთვის. მართალია 3 წლის წინ გია ჭანტურიამ გაწყვიტა ყოველგვარი ურთიერთობა და საქართველოს ანიმაციური სტუდიიდან თავისი წილი სხვა პირებს გადააბარა, მაგრამ მიუხედავად ამისა, გასული წლის ტენდერში ამ სტუდიამაც მოიგო რამოდენიმე პროექტი.

დებატების დროს მას პირდაპირ დავუსვი კითხვა, იზიარებს თუ არა ის პასუხისმგებლობას იმის გამო, რაც ამ არხზე ბოლო წლებში ხდებოდა, როცა ის ტელევიზიის დირექტორის მოადგილე იყო. მან განმარტა რომ პასუხისმგებლობას მხოლოდ იმ ნაწილში იღებს რომელიც მას ებარა. მაგრამ არ  შეიძლება ასე მარტივად შევხედოთ საკითხს, იმიტომ რომ, ტელევიზია არის კოლექტიური მმართველობის ორგანო. ამიტომაც ის ვერანაირად ვერ ჩამოიხსნის იმ პასუხისმგებლობას, რომლიც აკისრია. ამ პასუხისმგებლობის წილი სამეურვეო საბჭოზეც მოდის. რომ არა სამეურვეო საბჭოს ასეთი მორჩილი თანხმობა, ასეთი კეთილგანწყობა კორუფციის მიმართ, ალბათ ლევან ყუნბანეიშვილი და გია ჭანტურია ამას ვერ გაბედავდნენ. ეჭვი მაქვს, რომ ის 5 ხმა რომელიც გია ჭანტურიამ მიიღო საბჭოს 5 ყოფილ წევრს ეკუთვნის. რაც შეეხება 3 ახალ წევრს მათ მიიღეს ძალიან კომფორმისტული გადაწყვეტილება, როცა უარი თქვეს რომელიმე კანდიდატის სასარგებლოდ არჩევანის გაკეთებაზე. ასეთი უმოქმედობა ხანდახან მოქმედებაზე უფრო სახიფათოა.

- თქვენი აზრით, განხორციელდება თუ არა არხზე რეალური ცვლილებები?

მეეჭვება, რომ განხორციელდეს. მეტსაც გეტყვით, ეს საბჭო და მენეჯმენტი, გააგრძელებს იმავე საქმიანობას, რასაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში ეწეოდა.

- თუ ფიქრობთ, რომ ლევან ყუბანეიშვილის გია ჭანტურიას შეცვლა მხოლოდ ფასადური მოვლენაა მაშინ რატომ გადადგა ლევან ყუბანეიშვილი?

მას ამის თაობაზე კომენტარი არ გაუკეთებია და ეს არის ძალიან ცუდი. ეს არის უპასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე, ვინაიდან ის ანგარიშვალდებულია ყველა მოქალაქის მიმართ.

ფაქტი ერთია, ტელეკომპანია „იმედის“ დახურვაზე ძალიან დიდი თანხა დაიხარჯა. ეს არ იყო მხოლოდ ერთ ღამეში განხორციელებული აქცია, როცა ტელეკომპანიაში შეიჭრნენ და დაარბიეს. ეს იყო გრძელვადიანი პროექტი, რომელიც გარკვეული თანხა დაჯდა. ამ თანხამ, რომელიც გაურკვეველი შავი სალაროდან წამოვიდა, გაიარა „თიბისი ტვ“-ის სტუდიის სალარო და ამ ადამიანების დასაქმებაში, მაღალ ხელფასებში და ახალ სატელევიზიო პროექტებში დაიხარჯა. როცა გენერალურ დირაქტორად ლევან ყუბანეიშვილს ირჩევდნენ, განხორციელდა ერთი საინტერესო საკანონმდებლო ცვლილება. აქამდე საზოგადოებრივი მაუწყებელი ფინანსდებოდა მთლიანი შიდა ეროვნული პროდუქტის 0.15% ოდენობით. დღეს კი საზოგადოებრივი მაუწყებელი ფინანსდება ბიუჯეტიდან პირდაპირი დაფინანსების წესით. მართალია, 2008 წელს მთლიანი შიდა ეროვნული პროდუქტის 0,15 % შეადგენდა დაახლოებით 17 მილიონ ლარს, მაგრამ მთავრობამ გამოიჩინა კეთილი ნება და საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის 25 ნახევარი მილიონი ლარი გამოყო. ვფიქრობ, რომ 8 ნახევარი მილიონი, რომლითაც გაიზარდა საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება 2009 წელს, ზუსტად ის თანხაა, რაც დაჯდა „იმედის“ დახურვა. ამიტომ სატენდერო თანხების 72% წავიდა საზოგადოებრივი მაუწყებლიდან „თიბისი ტვ“-ის სტუდიაში. მაგალითად, „დიდი ათეული“ და „ცხოვრება მშვენიერია“ ყოველგვარი ტენდერის გარეშე დაფინანსდა. ეს აშკარა კორუფციული ნიშნების შემცველი ფაქტია და სამეურვეო საბჭომ ამაზე თვალი დახუჭა. იგი პრაქტიკულად მიესალმა კორუფციას, აი ეს არის ყველაზე მანკიერი მოვლენა, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელში ბოლო დროს დაფიქსირებულა და საბჭომ სამწუხაროდ დღეს ამ პრაქტიკის გაგრძელებას დაუჭირა მხარი.

ახალი ამბები