კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახელმწიფო „ოქრუაშვილის მონების“ წინააღმდეგ

24 აგვისტო, 2009

გელა მთივლიშვილი, კახეთი

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების დარღვევის მიზეზით ასობით ყოფილ სამხედრო მოსამსახურეს სასამართლოში უჩივის. მოპასუხეთა სრულ უმრავლესობას ჯარში საკონტრაქტო სამსახურის დაწყების თაობაზე სამინისტროსთან ხელშეკრულება, ამჟამად ოპოზიციაში მყოფი ირაკლი ოქრუაშვილის თავდაცვის მინისტრობის დროს აქვს გაფორმებული. თავდაცვის სამინისტრო თითოეული ყოფილი სამხედრო მოსამსახურისგან, ჯარიმის სახით თანხის, პირგასამტეხლოს და ზიანის ანაზღაურებას ითხოვს, დაახლოებით, 30 ათასიდან 40 ათასამდე ლარის ოდენობით.

კაბალური პირობები

თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, მოქალაქესა და სამინისტროს შორის, სამხედრო ქვედანაყოფში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ ხელშეკრულება 4 წლის ვადით იდება.

ხელშეკრულების მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო მოსამსახურე თავისი სურვილით და სამინისტროსთან შეთანხმებით დატოვებს სამხედრო ძალებს, ვალდებულია ხელშეკრულების შეწყვეტიდან 10 დღის ვადაში, სამინისტროს ჯარიმის სახით აუნაზღაუროს ის ფულადი თანხები, რომელიც კონტრაქტის თანახმად მას შრომითი ხელშეკრულების ამოწურვამდე უნდა მიეღო. საინტერესო ისაა, რომ ეს წესი მოქმედებს ყველა ჯარისკაცზე, რომლებთანაც კონტრაქტი გაწყდება პირველი სამი თვის განმავლობაში ან ამ ვადის გასვლის შემდეგ, ან ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში, ანუ პრაქტიკულად ნებისმიერ შემთხვევაში. ხელშეკრულებით იგივე ვალდებულება ეკისრება სამხედრო მოსამსახურეს მაშინაც, თუ იგი შექმნის პირობებს იმისათვის, რომ სამინისტრო იძულებული გახდეს მასთან ოთხწლიანი კონტრაქტი შეწყვიტოს. ამგვარ შემთხვევებში სამხედრო მოსამსახურის მიერ სამინისტროსთვის ფულადი თანხების ანაზღაურების წესი კონტრაქტით შემდეგნაირად არის დადგენილი:

ა. ერთი წლის სამსახურის გავლის შემდეგ, მომდევნო სამი წლის ხელფასის სახით, საშუალოდ 14 ათასი ლარის ოდენობით, რომელიც დაანგარიშებულ იქნება ბოლო თვის ხელფასის შესაბამისად.

ბ. 2 წლის სამსახურის გავლის შემდეგ, მომდევნო 2 წლის ხელფასის სახით, საშუალოდ 10 ათასი ლარის ოდენობით, რომელიც დაანგარიშებული იქნება ბოლო თვის ხელფასის შესაბამისად.

გ. 3 წლის სამსახურის გავლის შემდეგ, მომდევნო ერთი წლის ხელფასის სახით, საშუალოდ 5 ათასი ლარის ოდენობით, რომელიც დაანგარიშებული იქნება ბოლო თვის ხელფასის შესაბამისად.

ამავე ხელშეკრულების თანახმად, გათავისუფლების შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურის მიერ აღნიშნული თანხების დადგენილ ვადებში დაფარვის ვალდებულების ვადის გადაცილებისას მითითებულ თანხებს დაერიცხება პირგასამტეხლო 0,2 პროცენტის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. იმ შემთხვევაში კი, თუ სამხედრო მოსამსახურე ვერ ასრულებს აღნიშნული თანხების დადგენილ ვადებში დაფარვის ვალდებულებას, იგი კარგავს უფლებას დასაქმდეს საჯარო სამსახურში ან სახელმწიფოს კონტროლს ქვეშ არსებულ სამეწარმეო იურიდიულ პირებში შესაბამისი თანხების სამინისტროსთვის ანაზღაურებამდე. ხელშეკრულების 7.3 მუხლის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურე უპირობოდ აცხადებს, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავების განხილვისას სადაო არ გახდება წინამდებარე მუხლში აღნიშნული თანხები და არანაირი დავა არ წარმოიშობა მის ირგვლივ.

ივანე სეფიაშვილის საქმე

ივანე სეფიაშვილმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან ოთხწლიანი კონტრაქტი 2005 წლის 8 ივლისს გააფორმა. ოჯახური პირობების გამო, სეფიაშვილმა სამხედრო სამსახურში მუშაობა ხელშეკრულების დადებიდან მხოლოდ 11 თვისა და 5 დღის განმავლობაში შეძლო.

„მამის გარდაცვალების გამო იძულებული გავხდი სახლში დავბრუნებულიყავი, რადგან ჩემი ორი მცირეწლოვანი ბავშვი და ოჯახი უყურადღებოდ დარჩა. სამხედრო სამსახურიდან თავდაცვის მინისტრის ბრძანებით 2006 წლის 27 ივნისს დამითხოვეს. სამი წლის განმავლობაში თავდაცვის სამინისტრო არაფერს მომდავებია. 2008 წლის აგვისტოში რეზერვისტის სტატუსით საომარ მოქმედებებშიც ვმონაწილეობდი. თავდაცვის სამინისტრომ სასამართლოს სარჩელით 2009 წლის მაისში მიმართა“, - აღნიშნავს ყოფილი სამხედრო მოსამსახურე.

თავდაცვის სამინისტრო სეფიაშვილის წინააღმდეგ გურჯაანის რაიონულ სასამართლოში შეტანილ სარჩელში განმარტავს, რომ მოპასუხე ივანე სეფიაშვილი სამხედრო სამსახურიდან ხელშეკრულების პირობების დარღვევით არის გათავისუფლებული. „მოპასუხესთან კონტრაქტი დადებული იყო ოთხი წლის ვადით, მან კი სამხედრო სამსახურში მხოლოდ 11 თვე და 5 დღე იმსახურა, რაც ჯარიმის ამოქმედების საფუძველია. მის მიერ თავდაცვის სამინისტროსთვის ასანაზღაურებელი თანხა შეადგენს 14 985 ლარს. გარდა ამისა, აღნიშნული თანხის დაფარვის ვალდებულების ვადის გადაცილების გამო მოცემულ თანხას უნდა დაერიცხოს პირგასამტეხლო 0,2 პროცენტის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე და ასევე, სამინისტროს მიერ სეფიაშვილის მომზადებაზე დახარჯული თანხა, რომლის მოთხოვნაც გარანტირებულია კონტრაქტით და რაც შეადგენს 4 992 ლარს“, - ვკითხულობთ თავდაცვის სამინისტროს სარჩელში.

სასამართლო პროცესზე ივანე სეფიაშვილის წარმომადგენელმა განმარტა, რომ სამინისტროსა და სამხედრო მოსამსახურეს შორის დადებული ხელშეკრულების მიხედვით, სამსახურიდან წასვლის შემთხვევაში სამხედრო მოსამსახურისთვის ჯარიმის დაკისრება მინიმუმ ერთი წლის სამსახურის გავლის შემდეგ ხდება. ერთ წლამდე ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში კი კონტრაქტით პასუხისმგებლობა გათვალისწინებული არ არის. აქედან გამომდინარე, სასამართლომ თავდაცვის სამინისტროს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი უთხრა.

სარიდან მამისაშვილის საქმე

თავდაცვის სამინისტრო ჯარიმის სახით თანხის, პირგასამტეხლოს და ზიანის საკომპენსაციო თანხის ანაზრაურებას ედავება მოქალაქე სარიდან მამისაშვილსაც. თუ წინა შემთხვევაში ხელშეკრულება ერთ წლამდე მუშაობის პერიოდში სამსახურიდან წასვლისას პასუხისმგებლობას არ ითვალისწინებდა, სარიდან მამისაშვილის და სხვათა ხელშეკრულებებში სამინისტროს ცვლილებები აქვს შეტანილი. ხელშეკრულებას თან ერთვის დანართი კონტრაქტში დამატების შეტანის თაობაზე, სადაც სამხედრო მოსამსახურის პასუხისმგებლობის განსაკუთრებული პირობების მუხლის „ა“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციითაა ჩამოყალიბებული: „სამხედრო მოსამსახურე ვალდებულია ხელშეკრულების შეწყვეტიდან 10 დღის ვადაში სამინისტროს ჯარიმის სახით აუნაზღაუროს მასზე კონტრაქტით გათვალისწინებული ფულადი თანხები ერთ წლამდე და ერთი წლის სამსახურის გავლის შემდეგ“.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სარიდან მამისაშვილმა სამინისტროსთან კონტრაქტი 2006 წლის 21 იანვარს გააფორმა, სამხედრო სამსახურიდან კი კონტრაქტის პირობების დარღვევით 2006 წლის 7 აგვისტოდან დაითხოვეს. თავდაცვის სამინისტრომ მამისაშვილის წინააღმდეგ სასამართლოს სარჩელით 2009 წლის 16 ივლისს მიმართა. სამინისტრო ყოფილი სამხედრო მოსამსახურისგან ჯარიმის სახით 26 068 ლარის და პირგასამტეხლოს - 22 664 ლარის ანაზღაურებას ითხოვს.

„სარიდან მამისაშვილის შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნის გამო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოუწია სხვა სამხედრო მოსამსახურესთან ახალი კონტრაქტის გაფორმება და მოპასუხეზე დახარჯული თანხის ხელახლა დახარჯვა ახალი სამხედრო მოსამსახურის სამხედრო მომზადების იმ დონემდე მისაღწევად, რაც ჰქონდა მოპასუხეს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნისას“, - განაცხადა თავდაცვის სამინისტროს სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსმა ვეფხია გრიგალაშვილმა.

სარიდან მამისაშვილის თქმით, სხვა სამხედრო მოსამსახურეების მსგავსად მანაც ხელშეკრულებას ხელი ისე მოაწერა, რომ პირობები არც წაუკითხავს. „შეიარაღებული ძალების რიგებში, საკონტრაქტო სამსახურში თავდაცვის მაშინდელი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის ბრძანებით ჩავირიცხე. იმავე რიცხვით ჩემთან დადებულ იქნა ხელშეკრულება, რომელიც მე არ წამიკითხავს. მხოლოდ ხელშეკრულების ბოლო გვერდზე მომაწერინეს ხელი. სამხედრო სამსახურიდან წასვლა ბავშვის ავადმყოფობამ მაიძულა. განცხადებით სამსახურის უფროსს მივმართე, რომელმაც ჩემი განცხადება დააკმაყოფილა. წარმოდგენა არ მქონდა, ამხელა ჯარიმას თუ დამაკისრებდნენ. სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანებაც მას შემდეგ ჩამბარდა, რაც სასამართლოდან სარჩელის ასლი მივიღე“, -  ამბობს ყოფილი სამხედრო მოსამსახურე.

სარიდან მამისაშვილის საქმეს გურჯაანის რაიონული სასამართლო განიხილავს.

„მინისტრის მონები“

თავდაცვის სამინისტროსა და სამხედრო მოსამსახურეებს შორის დადებულ ხელშეკრულებებში მოცემულ პირობებს იურისტი ლია ხუროშვილი მონურს უწოდებს. „კონტრაქტი შეიცავს ისეთ პირობებს, რაც აშკარად დისკრიმინაციულია და ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას. მაგალითად, ხელშეკრულების 7.3 მუხლში კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო მოცემულია ძალზედ მაღალი საჯარიმო თანხა. ამასთან, ამავე მუხლით, სამხედრო მოსამსახურე უპირობოდ აცხადებს, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავების განხილვისას სადაო არ გახდება წინამდებარე მუხლში აღნიშნული თანხები და არანაირი დავა არ წარმოიშობა მის ირგვლივ. აღნიშნული მუხლი პრაქტიკულად კრძალავს სამხედრო მოსამსახურემ იდაოს იმ მუხლის პირობებზე, რაც აშკარად კანონსაწინააღმდეგო დათქმაა, რადგან წინასწარ უარია გაცხადებული მართლმსაჯულების განხორციელებასა და სასამართლოს მეშვეობით თავის დაცვაზე. აღნიშნული კი ადამიანის ერთ-ერთი ძირითადი ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც საერთაშორისო აქტებთან ერთად, საქართველოს კონსტიტუციითაც არის აღიარებული. ამგვარი ხელშეკრულებებით სამხედრო მოსამსახურეები ფაქტობრივად მონებთან არიან გათანაბრებულები“ - აღნიშნავს იურისტი.

მისივე თქმით, მოცემულ შემთხვევებში საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მოვალეობას არამართლზომიერად ახორციელებს: „ხელშეკრულება ითვალისწინებს პირგასამტეხლოს გადახდას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სამინისტროს მხრიდან ადგილი აქვს ამ უფლების ბოროტად გამოყენებას, რადგან მან სარჩელით პრაქტიკულად 3 წლის შემდეგ მიმართა სასამართლოს. გამოდის, რომ სამინისტრო ელოდებოდა, როდის გაიზრდებოდა საჯარიმო თანხა 0,2 პროცენტის დარიცხვით“.

ახალი ამბები