კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვაზაგაშვილისა და რობაქიძის ოჯახები აქციების გამართვას გეგმავენ [ ვიდეო ]

26 აგვისტო, 2009

ანა შეშაბერიძე

24 აგვისტოს ბუტა რობაქიძეს 24 წელი შეუსრულდებოდა. იგი 2004 წელს დიდუბის ეკლესიასთან მოკლეს. მისი მკვლელს, პოლიციელ გრიგოლ ბაშალეიშვილს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. გარდაცვლილის მშობლებისა და ახლობლების მიერ მის მფარველებად მიჩნეული ზურაბ მიქაძე და გურამ დონაძე დაუსჯელები არიან. ისინი სასამართლოს დღემდე არ დაუკითხავს და აქტიურად განაგრძობენ შინაგან საქმეთა სამინისტროში თანამშრომობას.

რობაქიძის ოჯახის წევრები 5 წლის შემდეგაც დაზარალებულად ცნობას და პროკურატურისგან საგამოძიებო მასალების გამოქვეყნებას ითხოვენ.

მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის სახელობის დარბაზში გამართულ პრესკონფერენციაზე, მოკლულების ოჯახის წევრებმა და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა ორი ძირითადი მოთხოვნა წამოაყენეს: საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ ბუტა რობაქიძის ოჯახის წევრების დაზარალებულად აღიარება და ბუტა რობაქიძის მკვლელობის გამოძიების პროცესში, საგამოძიებო მოქმედებების შესახებ ინფორმაციის საჯაროდ გამოტანა.

მოკლული ახალგაზრდების მშობლებმა შქმნეს არასამთავრობო ორგანიზაცია „გადავარჩინოთ სიცოცხლე“, იური ვაზაგაშვილის, სოსო რობაქიძის, ჯამბულ გამცემლიძის და გიგა გერკელიძის თაოსნობით. მათ გვერდში უდგას ახალგაზრდული მოძრაობა „7 ნოემბერი“, კონსტანტინე გამსახურდია, ლაშა ჩხარტიშვილი და ოპოზიციის სხვა ლიდერები.

„რესუბლიკელების“ ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, ამ დანაშაულებებზე პასუხისმგებლობას პირდაპირ მიხეილ სააკაშვილს, ვანო მერაბიშვილსა და ზურაბ ადეიშვილს აკისრებს და აცხადებს, რომ მშვიდობიანი ბრძოლა სამართლიანობის აღსადგენად და დამნაშავეების დასასჯელად კვლავ გაგრძელდება.

იური ვაზაგაშვილის განცხადებით ორგანიზაცია „გადავარჩინოთ სიცოცხლე“ არასდროს შეწყვეტს არსებობას და იბრძოლებს სამართლიანობის აღსადგენად. „იმ ოჯახებმა, ვინც სააკაშვილმა, ადეიშვილმა და მერაბიშვილმა ასე გაგვანადგურა, გადავწყვიტეთ გაერთიანება და ვაპირებთ ბრძოლას რათა ამ ქვეყანაში ნაწილობრივ მაინც აღდგეს სამართლიანობა“ - აცხადებს ის.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მოკლულების ოჯახებს სოლიდარობას უცხადებს ახალგაზრდული მოძრაობა „7 ნოემბერი“. სწორედ მისი წევრების თაოსნობით იგეგმება აქციები მათ მხარდასაჭერად. სად და როდის გაიმართება ეს აქციები საზოგადოება უახლოეს მომავალში დაწვრილებით შეიტყობს. ვინაიდან სასამართლოს მიერ გამოტანილ ობიექტურ, მიუკერძოებელ გადაწყვეტილებას ვერ ხედავენ, მოძრაობის წევრები, მათი მიზნების მისაღწევად ერთადერთ გზად - აქციების გამართვას მიიჩნევენ.

4 წელიწადში სამართალდამცავების მიერ იარაღის გამოყენების შედეგად დაღუპულია 54 ადამიანი

ვაზაგაშვილისა და რობაქიძიის საქმეებს „ადამიანის უფლებათა ცენტრიც“ იკვლევს. ცენტრის იურისტი ანა ნაცვლიშვილი აცხადებს რომ, პოლიციელის მხრიდან ადამიანის სიცოცხლის ხელყოფის არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა სრულყოფილად გამოძიებული. არის რამოდენიმე შემთხვევა, როცა ამგვარ საქმეებზე სასამართლომ იმსჯელა, თუმცა არც ერთ შემთხვევაში სასჯელი არ იყო დანაშაულის ადეკვატური.

ნაცვლიშვილი სახელმწიფოს მხრიდან დაზარალებულის უფლებების დარღვევაზე საუბრობს. გარდაცვლილის ოჯახს საქმის მასალების გაცნობისა და დაზარალებულის სტატუსის მიღების უფლებას კანონი აძლევს. საქრათველოში კი ეს უფლება ხშირად ირღვევა და ინფორმაცია გამოძიების შესახებ ხშირ შემთხვევაში ხელმიუწვდომელია.

„ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურისგან გამოითხოვა ინფორმაცია, პოლიციის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციების დროს დაღუპული, დაკავებული და მსჯავრდებული პირების სტატისტიკური მონაცემების შესახებ. აღმოჩნდა, რომ პროკურატურას ესეთი სტატისტიკა საერთოდ არა აქვს, შინაგან საქმეთა სმაინისტროს მიერ გამოგზავნილ დოკუმენტში კი ვკითხულობთ: „2005 წლიდან დღემდე სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაიცვალა 83 პოლიციელი, 2005 წლიდან დღემდე სამართალდამცავების მხრიდან იარაღის გამოყენების შედეგად დაიღუპა 54 პირი“.

ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, პოლიციელის მიერ ძალის გადამეტებით გამოყენებას ხშირ შემთხვევაში, უდანაშაულო ადამიანები ეწირებიან  და როცა ჩნდება კონკრეტული მტკიცებულებებით გამყარებული ეჭვი, რომ ეს მართლაც ასეა, სახელმწიფოს წარმომადგენლები და სხვადასხვა რანგის ჩნოვნიკები საპირისპიროს ამტკიცებენ. მისი განმარტებით „სახელმწიფოს აკისრია ცალმხრივი ვალდებულება, რომ არა სიტყვებით და პოლიტიკური განცხადებებით, არამედ ეფექტური, სრულყოფილი გამოძიებით მოახდინოს ეჭვების გაქარწყლება და აჩვენოს საზოგადოებას რა არის სიმართლე“.

პრესკონფერენციის ამსახველი ვიდეომასალა იხილეთ აქ

ახალი ამბები