კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ლევან გოგიჩაიშვილი-შურისძიების მსხვერპლი

3 სექტემბერი, 2009

ანა შეშაბერიძე

ოპოზიციის ახალგაზრდა აქტივისტის ლევან გოგიჩაიშვილის სასამართლო პროცესი კვლავ გრძელდება. სასამართლო დღეს ბრალდების მტკიცებულებებს განიხილავს... გოგიჩაიშვილის ადვოკატი და მეგობრები სასამართლოს მიკერძოებულობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ მისი ობიექტურობის იმედი არა აქვთ.

შეგახსენებთ, რომ  ლევან გოგიჩაიშვილის, ირაკლი ბათიაშვილის შვილის, ირინა ბათიაშვილის დაბადების დღის შემდეგ მომხდარ ინციდენტში მონაწილეობას და დავით ლეჟავას დაჭრაში სდებენ ბრალს.

გოგიჩაიშვილი 16 ივნისს დააკავეს. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის, მე-5 ნაწილის, გ ქვეპუნქტით აქვს წაყენებული, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განძრახ მძიმე დაზიანებას ხულიგნური ქვენაგრძნობით და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 7-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სასამართლოზე ლევან გოგიჩაიშვილს ადვოკატები ნათია კორკოტაძე და მალხაზ ჯანგირაშვილი იცავენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გოგიჩაიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმაცია 17 ივნისს გაავრცელა. სამინისტროს განცხადება გვაუწყებს, რომ დაიკითხნენ ფაქტის უშუალო მოწმეები, რომელთაც გამოძიებასთან არ ითანამშრომლეს.  ეჭვმიტანილის ვინაობა დაზარალებულის ნათესავების ჩვენებებიდან გამომდინარე დადგინდა.

ნათია კორკოტაძის თქმით, საქმესთან დაკავშირებით დაკითხული თხუთმეტამდე მოწმიდან დანაშაულის თვითმხილველი არავინაა. მათ მხოლოდ სხვისგან მოსმენილი თუ ტელევიზიით ნანახი ინფორმაცია მიაწოდეს გამოძიებას. ამის გამო გოგიჩაიშვილის დანაშაულის დამტკიცება ან უარყოფა ვერ ხერხდება. მისი დამნაშავეობის დამადასტურებელი პირდაპირი მტკიცებულება არ არსებობს. თავად წაყენებულ ბრალს არ აღიარებს და აცხადებს რომ უდანაშაულოა.

„იმ დღიდან როცა დანაშაული მოხდა 17 ივნისამდე, ანუ 9 დღის განმავლობაში ლევან გოგიჩაიშვილი შინ იმყოფებოდა და როცა მისმა სახელმა ამ დანაშაულთან მიმართებაში გაიჟღერა, მან ტელევიზიით განაცხადა, რომ ითანამშრომლებდა გამოძიებასთან და უპასუხებდა ყველა კითხვას“ - აცხადებს მისი ადვოკატი ნათია კორკოტაძე. აქედან გამომდინარე მისი დამნაშავეობა ეჭვქვეშ დგება.

ლევან გოგიჩაიშვილის მეორე ადვოკატი, მალხაზ ჯანგირაშვილი დაკავებულს უკანონო პატიმრად მიიჩნევს, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. ის სასამართლოს მიერ დაცვის მხარის უფლებების დარღვევებზე საუბრობს. კერძოდ, ჯანგირაშვილი აცხადებს, რომ მოსამართლემ დაცვის მხარეს არასაკმარისი დრო მისცა საქმის მასალების გასაცნობად. „შეუძლებელიაორ სამუშაო დღეში შეისწავლო საქმის მასალების 2 ტომი. მხოლოდ წაკითხვა საკმარისი არ არის, საჭიროა საქმის სიღრმისეულად შესწავლა და ტაქტიკის დაგეგმვა, რისი საშუალებაც ჩვენ დროის სიმცირის გამო არ გვქონია“ -აცხადებს მალხაზ ჯანგირაშვილი. მისი განცხადებით, ადვოკატებმა საქმის გასაცნობად 10 დღე მოითხოვეს, თუმცა მოსამართლემ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. დაცვის მხარე საუბრობს იმაზეც, რომ მოსამართლე არ აკმაყოფილებს არც ერთ შუამდგომლობას, რომელიც ბრალდებულის ადვოკატების მიერაა წამოყენებული.

ლევან გოგიჩაიშვილის ადვოკატები აცხადებენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფი პოლიტიკური ნიშნითაა დაკავებული და სწორედ ამიტომ არა აქვთ სასამართლოს ობიექტურობის იმედი.

ასევე ფიქრობს მოძრაობა „7 ნოემბბრის“ აქტივისტი, ბრალდებულის ერთ-ერთი მეგობარი ჯაბა ჯიშკარიანიც. ჯიშკარიანი გოგიჩაიშვილის დაკავების ერთ-ერთ მიზეზად იმ აქციებს ასახელებს, რომლებსაც ახალგაზრდა აქტივისტები მიხეილ სააკაშვილის სადილობისას მართავდნენ. შეგახსენებთ, რომ გოგიჩაიშვილი მონაწილეობდა იმ რესტორნებთან გამართულ აქციებში, რომლებშიც პრეზიდენტი იმყოფებოდა. ჯიშკარიანის ინფორმაციით აქციებით შეწუხებულ პრეზიდენტს ლევან გოგიჩაიშვილზე უთქვამს: „ეგ ნაძირალა მე ჭამას არ მაცდის და იჯდეს ციხეშიო“.

სასამართლო პროცესზე დაიკითხნენ მოწმეები, მამუკა აბრამიძე, თეა წერეთელი და იოსებ (სოსო) ქასრაშვილი, რომლებიც აცხადებენ, რომ ფაქტის თვითმხილველები არიან. მათი ჩვენებებიდან ირკვევა როგორი აგრესიული იყო იმ საღამოს ლევან გოგიჩაიშვილი სხვა ახალგაზრდების მიმართ.

ჯაბა ჯიშკარიანი მათ ცრუ მოწმეებად მიიჩნევს. „ისინი თვითონ აცხადებენ, რომ 9 ივნისს კოჯორში იყვნენ, იქიდან წამოვიდნენ მანქანით 11 საათზე, ინციდენტი კი თორმეტ საათსა და  5 წუთზე მოხდა, გამოდის რომ მათ წყნეთში მისვლას ერთი საათი მოანდომეს, არადა ამ მანძილის გავლას 15 წუთიც არ სჭირდება“. ჯიშკარიანი საუბრობს იმაზეც, რომ მამუკა აბრამიძისა და თეა წერეთლის ჩვენებები ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

როგორც უკვე აღვნიშნეთ დაცვის მხარეს სასამართლოს სწორი გადაწყვეტილების იმედი არა აქვს, გამოძიების მიერ „შეთითხნილი“ საქმეზე განაჩენი, მათი აზრით უკვე გამოტანილია და სასამართლო ფორმალობაა, რომელიც აუცილებლად უნდა დაიცვან. მალხაზ ჯანგირაშვილი აცხადებს, რომ მოსამართლემ უკვე მიიღო მკაფიო ინსტრუქციები მიხეილ სააკაშვილისა და გივი თარგამაძისგან.

ჯიშკარიანი ამბობს, რომ გოგიჩაიშვილზე შურისძიების სურვილი არა მხოლოდ ქვეყნის პრეზიდენტს ამოძრავებს. მისი დაპატიმრებით დაინტერესებულია პროკურორი გოდერძი გოდერძიშვილიც, რადგან სწორედ გორდერძიშვილი აფარებდა ხელს იმ პოლიციელებს, რომელთაც კლუბ „გვირაბთან“ სცემეს სამი ბავშვი. ლევან გოგიჩაიშვილი და ჯიშკარიანი კი მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას მოითხოვდნენ.

ლევან გოგიჩაიშვილის ადვოკატები ყველა კანონიერი ხერხით ეცდებიან მისი უდანაშაულობის დამტკიცებას, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს ობიექტურობის იმედი არ აქვთ.

ამ თემაზე:

ლევან გოგიჩაიშვილი გამოძიების დასრულებამდე წინასწარ პატიმრობაში რჩება 

25 დღიანი პატიმრობა თავისუფალი სიტყვის და პოლიტპატიმართა დასაცავად

ახალი ამბები