კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ციხე - კონტროლისთვის დახურული ზონა

4 სექტემბერი, 2009

„კომისიების გაუქმება დიდი შეცდომა იყო“

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

გადატვირთული საკნები, შეზღუდული სამედიცინო მომსახურება,  სხვადასხვა დაავადებისგან გამოწვეული ტკივილებით შეწუხებული პატიმრები  და თვითმკვლელობის არაერთი შემთხვევა - ეს ის პრობლემებია, რომელზეც ქუთაისის №2 საპყრობილის პატიმრის ახლობლები ბოლო პერიოდში ხშირად საუბრობენ.
 
ციხეში, სადაც მძიმე საყოფაცხოვრებო თუ სხვა სახის პირობებზე ინფორმაცია მისი გახსნის პირველივე დღეებიდან გაჟღერდა, ირკვევა, რომ დღესაც სავალალო მდგომარეობაა.

„მხოლოდ ეს რომ იყოს, ხმას არ ამოვიღებდით. ამას ემატება ციხის თანამშრომლების მხრიდან პატიმრების მიმართ უხეში დამოკიდებულება, რაც მე პირადად მაფიქრებინებს, რომ ამ ხალხს (პატიმრებს) ადამიანებად არავინ თვლის და შეუძლიათ, მათ როგორც მხეცებს, ისე მოექცნენ. ვერც კი წარმოიდგენთ, იქ რა ხდება. ან როგორ უნდა იცოდეთ, როცა იქედან ამბის გამომტანიც კი არავინაა. როდემდე შეიძლება ასე გაგრძელდეს? პატიმრები დაშინებული ჰყავთ. ჩემი ქმარი მეხვეწება, ცუდი არაფერი თქვა, თორემ წარმოდგენაც არ გაქვს, აქ რა დღეს დამაყრიან, შეიძლება ცოცხალიც ვეღარ მნახოო“, - ამბობს ერთერთი პატიმრის მეუღლე, რომელიც ვინაობის დასახელებისგან თავს იკავებს.

ციხეში არსებული მდგომარეობის შესახებ გვესაუბრა ქუთაისის №2 საპყრობილის საზოგადოებრივი კონტროლის კომისიის უკვე ყოფილი თავმჯდომარე მანანა მანაგაძე. იგი საპყრობილეების საზოგადოებრივი კომისიების გაუქმებას ხელისუფლების დიდ შეცდომას უწოდებს და დღეს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, კერძოდ კი, ქუთაისის ციხეში არსებულ მდგომარეობას სწორედ აღნიშნული კომისიების გაუქმებას უკავშირებს.

სასჯელაღსრულების დაწესებულებების საზოგადოებრივი კონტროლის კომისიებს 2007 წლის 21 დეკემბერს სამუშაო ვადა ამოეწურათ (ისინი ორი წლით იყვნენ არჩეული). ვადის გასვლის შემდეგ უნდა მომხდარიყო მათი გადახალისება. მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მათ უფლებამოსილება შეუჩერდათ. თუმცა, ისინი მონიტორინგს გასული წლის დეკემბრამდე მაინც  ახორციელებდნენ.
 
„ამ საბჭოების მიზანი პატიმრებსა და ციხის თანამშრომლებს შორის ჩატეხილი ხიდის გამთელება იყო. მონიტორინგის საბჭოებმა ამ კუთხით საკმაოდ პოზიტიური როლი შეასრულეს. 2006 წლის 27 მარტის ორთაჭალის ციხის გახმაურებული ბუნტის შემდეგ, რომელიც ყველას კარგად ახსოვს, და რომლის შედეგად ბუნტი ქვეყნის სხვა საპატიმროებშიც დაიწყო, იყო საკმაოდ რთული და ცხელი პერიოდი. პატიმრებსა და ციხის თანამშრომლებს შორის ნდობის ფაქტორი პრაქტიკულად ნულამდე იყო დასული. ჩვენი მუშაობის შედეგად ციხეში სიტუაცია ნელ ნელა იცვლებოდა და პატიმრებსა და ციხის თანამშრომლებს შორის დამოკიდებულება უკეთესობისკენ შეიცვალა. კომისიების არსებობა იქ ადამიანებს რაიმე ნეგატიურის ჩადენის უფლებას არ აძლევდა. ყოველ შემთხვევაში, არსებობდა სიფრთხილის მომენტი, რაც მნიშვნელოვანია. ჩვენ ორივე მხარეს - პატიმრებსაც და ადმინისტრაციასაც აგრესიის გაქრობაში დავეხმარეთ. ამას არც მაშინ უარყოფდა და ვერც დღეს  უარყოფს ვერცერთი მხარე. ჩვენ გვქონდა ახლო დამოკიდებულება პატიმრებთან. იმდენად, რომ როცა ისინი  სხვა დაწესებულებებში გადაჰყავდათ, სადაც ჯერ კიდევ არ იყო შექმნილი მონიტორინგის საბჭოები, იქედან მირეკავდნენ და მეუბნებოდნენ, როგორ ეტყობოდა იქაურობას მონიტორინგის საბჭოების, და საერთოდ, პატრონის არარსებობა“, - ამბობს მანანა მანაგაძე.

სასჯელაღსრულების დეპარტამენტსა და იუსტიციის სამინისტროში წელიწადზე მეტხანს მსჯელობდნენ რა ფორმით უნდა გაეგრძელებინათ მუშაობა აღნიშნულ კომისიებს.

„იყო წინადადება, რომ კომისიებს სახალხო დამცველთან ერთად ემუშავა.  უკვე 2008 წლის დეკემბერში, როცა კომისიებს მოქმედების ვადა და უფლებამოსილება ამოეწურათ, ნაცვლად გაგრძელებისა და იმის ფიქრისა, ამ კუთხით რა გაკეთებულიყო, კრინტიც არავის დაუძრავს. ყოველშემთხვევაში, ჩვენ არავინ შეგვხმიანებია. ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმა“, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის აღნიშნული კომისიების წარმატებით მუშაობაში,  ძალიან იყო დაინტერესებული კომისიებისთვის უფლებამოსილების გაგრძელებით. ამ ორგანიზაციამ კომისიის თანამშრომლები მაღალ დონეზე გადაამზადა და პრაქტიკულად ექსპერტებად ჩამოაყალიბა“, - ამბობს ქუთაისის №2 საპყრობილის საზოგადოებრივი კონტროლის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე.

მისი განმარტებით, ხელისუფლებამ აღნიშნული კომისიები მას შემდეგ გააუქმა, რაც მათ საპყრობილეებში არსებული სიტუაციის შეისწავლის შემდეგ ციხეებში არსებულ მდგომარეობაზე ხმამაღალი განცხადებები გააკეთეს. 

„სამი წელი, თითქმის ყოველდღე ციხეში დავდიოდი და პატიმრებს ვხვდებოდი. ჩემზე უკეთ არავინ იცის, იქ რაც ხდებოდა. დარწმუნებული ვარ, დღეს კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაა, თუნდაც იმ კუთხით, რომ დღეს იქედან ამბის გამომტანიც კი არავინაა. არავისთვის იქნება უცხო, თუ ვიტყვი, რომ ამ ბოლო დროს არც ადვოკატები გამოირჩევიან დიდი გულწრფელობით. ისინი არსებულ პრობლემებზე რატომღაც თვალს ხუჭავენ და ამით როგორც ციხის ადმინისტრაციის, ისე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტისა და საერთოდ, ამ ხელისუფლების წისქვილზე ასხამენ წყალს“, - აცხადებს მანანა მანაგაძე.

სასჯელაღსრულების დაწესებულებებში (მათ შორის ქუთაისის ციხეში) პატიმართა მძიმე პირობებისა და სიკვდილიანობის გამომწვევ მიზეზებზე, თავის ანგარიშებში,  სახალხო დამცველსაც არაერთხელ უსაუბრია. „პაციენტების ავადმყოფობის ისტორიებისა და სიკვდილიანობის გამომწვევი მიზეზების ანალიზმა ნათლად აჩვენა, რომ პატიმართა სიკვდილიანობა უმრავლეს შემთხვევაში არასწორი და არასათანადო მკურნალობის, ადმინისტრაციისა და ექიმების მხრიდან გულგრილობის შედეგია. სახელმწიფო არ ახორციელებს კონტროლს ჯანდაცვაზე სასჯელაღსრულების სისტემაში“, - ნათქვამია სოზარ სუბარის ერთ-ერთ ანგარიშში.

ქუთაისის №2 საპყრობილეში არსებულ ვითარებასა და კონკრეტულ ფაქტებზე „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მუშაობას აგრძელებს და მასალებს აღნიშნულ საკითხებზე უახლოეს დღეებში მოგაწვდით.

ახალი ამბები