კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ღრომი-მეჯვრისხევის ურთიერთობას პოლიცია და ენერგო-პრო ჯორჯია ართულებს

7 სექტემბერი, 2009
ხელისუფლებას ოსების პრობლემები არ ადარდებს

საბა წიწიკაშვილი, გორი

მეჯვრისხეველები ამბობენ, რომ მათსა და ოსურ სოფელ ღრომს შორის არსებულ ურთიერთობას საქართველოს ხელისუფლება ხელოვნურად ართულებს. ამ ორ სოფელს შუა ჩამდგარი ქართული პოლიციის თანამშრომლები ღრომიდან მომავალ ოს მაცხოვრებლებს, რომლებსაც მათთან ყველი და მაწონი ჩამოაქვთ გასაყიდად, მეჯვრისხევში აღარ უშვებენ.

„ღრომელ ქალს ყველი სულ ფეხით დაუჭყლიტეს ჩვენმა პოლიციელებმა და არ შემოუშვეს მეჯვრისხევში“, - გვითხრა ერთ-ერთმა მეჯვრისხეველმა. ცოტა ხანში, 2 სექტემბერს მეჯვრისხევის განაპირას მცხოვრები ოჯახიდან ოსებმა 3 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი წაიყვანეს. საქონელი ოსების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ბალახობდა.

ღრომისა და მეჯვრისხევის ნორმალური ურთიერთობა ნელ-ნელა იძაბება.

ცოტა ხანში ენერგო-პრო ჯორჯიამ ღრომს დენის მიწოდება შეუწყვიტა. ღრომმა საპასუხოდ მეჯვრისხევს სასმელი წყალი გადაუკეტა. მეჯვრისხეველები ღრომის ელექტრომომარაგების აღდგენას ითხოვენ, რათა სანაცვლოდ სასმელი წყალი მიიღონ.

ამ პრობლემებზე სასაუბროდ, მეჯვრისხევიდან დაახლოებით 100-კაციანი ჯგუფი გორში გუბერნატორის სანახავად ჩამოვიდა. გუბერნატორი ვარძელაშვილი და მისი არც ერთი მოადგილე სამსახურში არ იყო. გვიან მოვიდა ადმინისტრაციის უფროსი ზურაბ ლომიძეც, რომელმაც მოსახლეობის პრეტენზიები ადგილზე მოისმინა.

„ახლავე დავურეკავ გუბერნატორს და გეტყვით, შეგხვდებათ თუ არა“ - თქვა ზურაბ ლომიძემ და მომარჯვებული ტელეფონი ყურთან მიიტანა. დაელაპარა სავარაუდოდ ვიცე-გუბერნატორს და საუბრის შედეგი მოსახლეობას გააცნო.

„ამ წუთას ველაპარაკე გუბერნატორის პირველ მოადგილეს და მითხრა, რომ მეჯვრისხევში მიდიან...“ - თქვა ზურაბ ლომიძემ, რასაც მოსახლეობის აღშფოთება მოჰყვა.

„კი, მაგრამ მეჯვისხევში ვისთან მიდიან, ხალხი და გამებელი აქ არის...“ - გაოცებას ვერ მალავდნენ მეჯვრისხეველები.

„ღრომში გახარჯული ელექტროენერგიის საფასურს მეჯვრისხეველი კაცი კრეფდა. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ღრომელებმა 400 ლარის ელექტროენერგია მოიხმარეს, ხოლო „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წარმომადგენლებმა მათ 2 000 ლარი მოსთხოვეს. რატომ ახდევინებთ ოსებს ზედმეტ თანხას?“ - შეეკითხნენ სხდომათა დარბაზში შესული მეჯვრისხეველები სამსახურში დაგვიანებით მოსულ რაიონის გამგებელ დავით ხმიადაშვილს. გამგებელმაც პასუხი არ დააყოვნა:

„ორი კვირის წინ, როცა ღრომს ჩაუჭრეს დენი, ავედი და ჩავართვევინე. მაინც არ გადაიხადეს დენის საფასური და კვლავ ჩავჭერი. მე ველაპარაკე „ენერგო-პროს“ წარმომადგენლებს, შეიძლება ღრომისთვის დენი ამ საღამოს ისევ ჩავართვევინო. ელექტროენერგიას ღრომელებს ალბათ ორი კვირის მანძილზე მივაწვდით, ამასობაში კი მეჯვრისხევში ჭაბურღილების მშენებლობას დავამთავრებთ“, - განუცხადა მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ხმიადაშვილმა მოსახლეობას.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ სხდომას ვიდეო-კამერით იღებდა. ერთ-ერთი მეჯვისხეველი ქალბატონი გამუდმებით ცდილობდა კამერის ობიექტივში არ მოხვედრილიყო. ამაზე გამგებელმა აღშფოთება ვერ დამალა და დაგვიყვირა, ამ ქალბატონს ნუ უღებთო. როგორც გავარკვიეთ, ეს ქალბატონი მეჯვრისხევის სკოლის პედაგოგი იყო და სამსახურის დაკარგვის შიშით ობიექტივში მოხვედრა არ უნდოდა. „ხომ ხედავ ღიზიანდება, რატომ უღებ?“ - დაგვიყვირა გამგებელმა ხმიადაშვილმა, რომელსაც მეჯვრისხეველ ქალბატონთან ერთად დაავიწყდა, რომ სხდომა საჯარო იყო და ჟურნალისტი საკუთარ პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. თუმცა ეს არ ყოფილა პირველი ფაქტი, როცა პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელი შეგვიშალეს. სხდომას კონსტიტუციური უსაფრთხოების თანამშრომლებიც ესწრებოდნენ, სხდომის დაწყებამდე ერთ-ერთი მათგანი გადაღების უფლებას არ გვაძლევდა და ჩვენგან კამერის გამორთვას ითხოვდა.

რაც შეეხება ჭაბურღილებს, ლადო ვარძელაშვილის პრეს-მდივანი ნათია ომაძე ჯერ კიდევ 2008 წლის გაზაფხულზე პრეს-რელიზს პრეს-რელიზზე ავრცელებდა - ლადო ვარძელაშვილი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 33 ჭაბურღილს აკეთებსო... ამათგან 3 ჭაბუღილი 2 000 კომლიან მეჯვრისხევზე მოდიოდა. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა გვითხრა, რომ მეჯვრისხევის ჭაბურღილებს აკეთებს არა ვარძელაშვილი, არამედ მუნიციპალური განვითარების ფონდი, რომელმაც სამუშაოები კომპანია „ნიუ-ენერჯის“ დაუკვეთა.

გივი ხუროშვილის აზრით, „ნიუ ენერჯიმ“ სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა, რადგან არსებული სახსრები გაფლანგა და სამუშაოები ვერ შეასრულა.

„მთავარი დამნაშავე დამპროექტებელია“ - ფიქრობს გივი ხუროშვილი, რომელსაც მისი აზრით, პროექტი არც შეუდგენია. ხუროშვილს უნდა, რომ ერთხელ მაინც ნახოს პროექტი, რომელიც მეჯვრისხევის ჭაბურღილებისთვის შეადგინეს.

„მშენებელმა კომპანიამ ისე დაიწყო მუშაობა, რომ არ გაითვალისწინა სოფლის მოსახლეობის რაოდენობა. ამ რაოდენობის წყალი 2000 კომლიან სოფელს არ ეყოფა“, - აცხადებს სოფლის დეპუტატი მიშა ცერცვაძე.

მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ხმიადაშვილი ირწმუნება, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდიდან წარმომადგენლები მეჯვრისხევში ორ დღეში ჩავლენ და ახალ სამუშაოებს დაწყებიდან ორ კვირაში დაამთავრებენ. ხალხმა გივი ხუროშვილს მუნიციპალური განვითარების ფონდის შესახებ ინფორმაცია მოსთხოვა:

„მუნიციპალური განვითარების ფონდი დეპარტამენტის სახით შესულია დავით ტყეშელაშვილის სამინისტროს დაქვემდებარებაში. მისი ხელმძღვანელია ლაშა გოცირიძე. თუ სოფელში ჭაბურღილებს ამის შემდეგაც არ გააკეთებენ, მერე თუ გინდათ მოკალით ის კაცი. მოსაკლავი კია“ - უთხრა გამგეობის ინფრასქტრუქტურის სამსახურის უფროსმა გივი ხუროშვილმა მეჯვრისხეველებს.

ასე, რომ მეჯვრისხევი ჭაბურღილების ამოქმედებამდე ღრომის წყალზეა დამოკიდებული. აქ მაცხოვრებლები ელოდებიან როდის მიაწვდის ენერგო პრო-ჯორჯია დენს სოფელ ღრომს, რათა ღრომელებმა სასმელი წყალი გამოუშვან. მას შემდეგ როდესაც სოფელ მეჯვრისხევში სასმელი წყლის ჭაბურღილების გაკეთებას დაამთავრებენ, ღრომს კვლავ გადაუკეტავენ დენს და მერე თუნდ დაუკეტიათ წყალი და თუნდ არაო, ფიქრობენ ხელისუფლებაში.

თუმცა ეს გზაც არ მოსწონთ მეჯვრისხეველებს, რადგან მათი აზრით ღრომელებთან ურთიერთობის დაძაბვა არ აწყობთ. თუმცა ხელისუფლება ამ საკითხზე როგორც ჩანს არც ფიქრობს და მხოლოდ „საკუთარი“ მოსახლეობის გასაჭირის მოგვარებაზე ფიქრობს.


ახალი ამბები