კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შოთა აფხაიძე: „ჩემ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება“

8 სექტემბერი, 2009
თაკო ხუციშვილი

ხელისუფლების მხრიდან ახალგაზრდული მოძრაობის აქტივისტების დაპატიმრების   და დაშინების მცდელობა საზოგადოებისთვის უცხო აღარაა. სტუდენტი ახალგაზრდობის „დემოკრატიული ლიგის“ ვიცე-პრეზიდენტი და „დაიცავი საქართველოს“ წევრი შოთა აფხაიძე მუქარის ზარებს უკვე მიეჩვია. მასზე ორი თავდასხმაც განხორციელდა. აგვისტოს თვეში შვიდჯერ უმიზეზოდ დააპატიმრეს. შოღა აფხაიძე აცხადებს, რომ ამჯერად მის სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე ემუქრება: „სარწმუნო წყაროდან გვაქვს ინფორმაცია, რომ ხელისუფლება ჩემზე  სერიოზულ შურისძიებას გეგმავს, ისინი უკან არაფერზე დაიხევენ, არ გამოვრიცხავ რომ შესაძლოა გატაცების ან წამების გზით მოახდინონ ჩემთან ანგარიშსწორება“, - აცხადებს აფხაიძე.

„9 აპრილის  აქციებიდან მოყოლებული აშკარად დავუპირისპირდი მიხელ სააკაშვილს, მის სამართალდამცავ ორგანოებს. მათ ხშირად ვაკრიტიკებ და    უკანონობასა და ძალადობაში ვამხელ. ბოლო პერიოდში, საერთო ოპოზიციური მუხტი განელდა, თუმცა ბრძოლა არც ამის შემდეგ შემიწყვეტია. აგვისტოს თვეში „დემოკრატიული ლიგის“ წევრებმა რამდენიმე აქცია გავმართეთ და კიდევ ერთხელ ვამხილე სამართალდამცავი ორგანოების უკანონო ქმედებანი, რამაც ხელისუფლების გაღიზიანება გამოიწვია.“ -აცხადებს შოთა აფხაიძე.

ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის ფაქტად შოთა აფხაიძე „დემოკრატიული ლიგის“ ოფისთან დაკავშირებულ შემთხვევას მიიჩნევს. საქმე ისაა, რომ „დემოკრატიულ ლიგას“ დაატოვებინეს ფართი, რომელიც მოძრაობამ ოფისისთვის იქირავა (ანტონ კათალიკოსის #19),  და რომელიც აფხაიძის განცხადებით რუსეთში მოღვაწე ცნობილ ბიზნესმენ ზაზა ნიშნიანიძეს ეკუთვნის. აფხაიძისავე განცხადებით „ჯი ემ თი“ ჯგუფის მეწილე ბიზნესმენი ნიშნიანიძე საქართველოს სახელისუფლებო წრეებთან დაახლოებული პირია. აფხაიძე საუბრობს იმაზეც, რომ ეს ბიზნესმენი არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთანაა ახლო ურთიერთობაში. მისი ინფორმაციით, ნიშნიანიძე ვლადიმერ პუტინის ახლო გარემოცვის წევრიცაა. ზაზა ნიშნიანიძემ მოძრაობას ფართის დაცლა მოსთხოვა, მიზეზად კი საკუთარი ბიზნეს ინტერესი დაასახელა. შოთა აფხაიძე კი ფიქრობს, რომ მას პოლიტიკური მოტივი ამოძრავებს: „ამ ოფისში სამი თვე ვიყავით. მასთან მოლაპარაკებებს ფართთან დაკავშირებით მოძრაობის პრეზიდენტი ხათუნა შიუკაშვილი აწარმოებდა. თავდაპირველად მან არ იცოდა რა ორგანიზაცია ვიყავით, როდესაც შეიტყო ჩვენს შესახებ, ალბათ მიიჩნია, რომ ეს მისთვის სახიფათო იყო. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენს მიმართ ხშირად აკეთებდა მინიშნებებს „ოპოზიციურად განწყობილი ხართ და ნუთი არ გეშინიათ? ხომ შეიძლება რაიმე პრობლემები შეგიქმნან ან დაგიჭირონო“, მაგრამ ჩვენ მაინც ვაგრძელებდით ბრძოლას. აქციების შემდეგ მან უკვე ოფიციალურად მოითხოვა ოფისის დაცლა. მიზეზად ოფისში გაფუჭებული მილი დასახელდა. მაგრამ მილის დაზიანება ხომ არ არის მოუგვარებელი პრობლემა? როცა მისი წარმომადგენლები ხათუნას შეხვდნენ განუცხადეს „ჩვენ ამ მილს მალე ვერ შევაკეთებთ და ოფისი დატოვეთო“.

„დემოკრატიული ლიგის“ ვიცეპრეზიდენტის განცხადებით აქციების მიმდინარეობის პერიოდში ოფისში პოლიცია რამდენჯერმე მივიდა და ქონება აღწერა.

შოთა აფხაიძე: „როგორც წესი ქონების აღწერას სამართალდამცავი ორგანოები არ ახორციელებენ, ეს სხვა ორგანოს პრეროგატივაა“.

ოფისის ფართთან დაკავშირებულ პრობლემებზე შოთა აფხაიძე  გაზეთ „ალიას“ ესაუბრა. აფხაიძეს განცხადებით ჟურნალისტმა მის ნათქვამს სხვა ინტერპრეტაცია მისცა. „სტატიას სულაც ისეთი სათაური დაარქვეს, რასაც ჩემს ნაამბობთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა („ალიაში“ სტატია გამოქვეყნდა სათაურით „ალასანიამ და კოდუამ ახალგაზრდა ოპოზიციონერები ოფისიდან გამოყარეს?“ - ავტ.) მე კონკრეტულად ვთქვი, რომ საზოგადოებაში დადის ხმები, რომ გიორგი კოდუა ,,ჯი ემ თი“ ჯგუფის მეწილეა. მისთვის ბრალი არ წამიყენებია, და არ მითქვამს, რომ კოდუაა ის ადამიანი, რომელმაც ოფისიდან გამოგვაძევა. გავიგე ისიც, რომ ამ პუბლიკაციის გამო კოდუა სასამართლოში ჩივილსაც აპირებს. არ ვიცი რამ გამოიწვია მისი გაღიზიანება. ამ ყველაფრის შემდეგ ზაზა ნიშნიაძის ძმამ გიორგი ნიშნიანიძემ დარეკა, რომელმაც მითხრა, რომ ოფისის საკითხზე „ალიას“ არასწორი ინფორმაცია მივაწოდე. სატელეფონო საუბრიდან გამოვიტანე აზრი, რომ მას მართლაც ამოძრავებს პოლიტიკური მოტივი“.

ამ სატელეფონო ზარიდან რამოდენიმე დღეში კი მას მიაწოდეს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მის მიმართ ანგარიშსწორერება იგეგმება.

შოთა აფხაიძე თვლის, რომ ის ამჟამად აბსოლუტურად დაუცველია, თუმცა ამის მიუხედავად ბრძოლის შეწყვეტას, მაინც არ აპირებს.

ახალი ამბები