კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვის ეკუთვნის სამართალი?

8 სექტემბერი, 2009

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

„სამართალი ხალხს ეკუთვნის!“ - ეს განცხადება სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა, ამ რამდენიმე დღის წინ, ზუსტად იმ დროს გააკეთა, როცა მსჯავრდებული ლაშა იმედაძის ოჯახის წევრები ქუთაისის №2 საპყრობილის თანამშრომლებთან სამართალს უშედეგოდ არკვევდნენ. იმ დღეს პატიმრის ახლობლებმა ციხის უფროსის სახელზე დაწერილი განცხადების ადმინისტრაციაში დატოვება არაერთი მცდელობის შემდეგ, როგორც იქნა, მოახერხეს.

ლაშა იმედაძეს ბრალი ტელევიზორის ქურდობაში ედება, რისთვისაც 21 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. მაგრამ ეს სასჯელი არაფერია იმ მდგომარეობასთან შედარებით, რომელშიც იგი ჯერ ქუთაისის №2 საპყრობილეში, ამჯერად კი, ქსნის კოლონიაში უწევს ყოფნა. 20 წლის პატიმრის დედამ, როგორც თავად აცხადებს, მოსვენება მას შემდეგ დაკარგა, რაც მისი შვილი, გასამართლებამდე, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, ქუთაისიდან ციხიდან ქსნის კოლონიაში გადაიყვანეს.

„რატომ წაიყვანეს აქედან? ალბათ, იმიტომ, რომ უამრავ უმსგავსობას ხედავდა და ამაზე თვალებს არ ხუჭავდა. ერთხელ კიბეზე მიაბეს და ისე სცემეს. როცა ვიკითხეთ, რატომ სცემეთო, ხმამაღლა გაიცინაო გვიპასუხეს. მერე ნაცემი კამერაში შეათრიეს და მთელი კვირა კარცერში ჰყავდათ. ახლა უკვე რვა თვეა ქსანშია გადაყვანილი. გასამართლებულიც არ იყო, აქედან ისე წაიყვანეს. რატომ გადაიყვანეს, როცა ქუთაისელია, დანაშაული აქ აქვს ჩადენილი და სასამართლო პროცესიც აქ უნდა ჩატარებულიყო? ვიცი, ჩემი შვილი ციხის უფროსის კაბინეტში შეყავდათ და იქ სცემდნენ. თვითონ ციხის უფროსი ზურაბ რუხაია სცემდა... ეს ხომ პატიმრის წამებაა, რაც კანონით იკრძალება და ისჯება... ციხის უფროსი ჩემს შვილს მოსვენებას არ აძლევდა და ვფიქრობ, მისი ქსანში გადაყვანაც რუხაიას პირადი ინტერესი იყო. სურდა, ჩემი შვილი თავიდან მოეცილებინა და მოიცილა კიდეც“, - ამბობს ლაშა იმედაძის დედა ნანა იმედაძე.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით პატიმრის დედამ სახალხო დამცველის დასავლეთ საქართველოს სამმართველოს უფროსს, მადონა ბასილაძეს, ასევე -  ქუთაისის №2 საპყრობილის საზოგადოებრივი კონტროლის კომისიის ყოფილ თავმჯდომარეს მანანა მანაგაძეს მიმართა.

„არ შეიძლება ბრალდებულის გადაყვანა, სანამ მას არ განესაზღვრება რეჟიმი. განაწილება ხდება მხოლოდ მას შემდეგ, როცა სასამართლო პროცესი ჩატარდება და კანონიერ ძალაში შევა ის ბრალეულობა, რასაც მას წაუყენებენ... ეს იქნება მკაცრი რეჟიმი, საერთო რეჟიმი, კრიტი თუ ა. შ. ამის შემდეგ ხდება, უკვე, მსჯავრდებულის გადაყვანა იმ დაწესებულებაში, რომელი რეჟიმიც მას ექნება განსაზღვრული. სანამ ეს არ მოხდება, პატიმრის გადაყვანის უფლება არა აქვთ. ეს რომ იყოს მძიმე ავადმყოფი და საჭიროებდეს სასწრაფო მკურნალობას, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, სადაო არაფერი იქნებოდა. თუმცა, ქუთაისის №2 საპყრობილეში უკვე არსებობს საავადმყოფო და დღეს იქ არც ავადმყოფი პატიმრის მკურნალობა უნდა წარმოადგენდეს პრობლემას“, - აცხადებს ქუთაისის №2 საპყრობილის საზოგადოებრივი კონტროლის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე მანანა მანაგაძე.

ქუთაისის ციხეში იმედაძე, როგორც ახლობლები აცხადებენ, ხშირად ჰყავდათ კრიტში. მშიერი და ჯანმრთელობა შერყეული მსჯავრდებული ციხის თანამშრომლების მხრიდან ბევრჯერ იყო ნაცემი და შეურაცხყოფილი. მოგვიანებით კი, ჯერ კიდევ გაუსამართლებელი ქსნის კოლონიაში გადაიყვანეს და ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გამართულ სასამართლო პროცესს არ დაასწრეს.

„მხოლოდ ბადრაგი ჩამოვიდა, ჩემი შვილი არ ჩამოიყვანეს. რომ ვიკითხე, სად არის ჩემი შვილი, პროცესზე რატომ არ მოიყვანეთ-მეთქი, ბადრაგმა მიპასუხა - პროკურორს არ უთქვამს ქუთაისში წაიყვანეთო. მოგვიანებით გავიგეთ, რომ ნაცემი და გაუბედურებული იყო. ის არ აკმარეს, რომ მოუპარავი ტელევიზორის და საერთოდ, ჩაუდენელი დანაშაულისთვის 21 წელი მიუსაჯეს. ახლა უნდათ ცემით მომიკლან, კარცერში გამომწყვდეული“ - აცხადებს ნანა იმედაძე.

პატიმრის დედა ამბობს, რომ მისი შვილი ვერც ანგარიშზე გადარიცხულ თანხას იღებს: „ვიცი, რომ ფული სჭირდება, რათა ნორმალურად იკვებოს და რაც ჭირდება, შეიძინოს, მაგრამ თანხა ანგარიშიდან მოხსნილი არ არის. ეს კი, იმას ნიშნავს, რომ ახლაც კარცერში ჰყავთ და კაცმა არ იცის, იქ კიდევ რამდენი ხანი ეყოლებათ. დააბრუნონ ქუთაისის ციხეში და ის მაინც მეცოდინება, რომ ჩემი შვილი აქვე, ჩემთან ახლოსაა და ამით მაინც ვიქნები მშვიდად“.

ლაშა იმედაძის ოჯახმა განცხადებით ქუთაისის №2 საპყრობილის უფროსს მიმართა. განცხადებაში პატიმრის დედა ზურაბ რუხაიას განმარტებას თხოვს, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანამდე (და საერთოდ, სასამართლო პროცესის ჩატარებამდე) პატიმრის ქსნის კოლონისში გადაყვანის გამო. ნანა იმედაძემ აღნიშნული განცხადების ადგილზე დატოვება, ქუთაისის ციხის თანამშრომლების წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც მოახერხა, თუმცა, პასუხის მიღების იმედი არა აქვს.

არაერთი მცდელობის მიუხედავად, ქუთაისის №2 საპყრობილის უფროსისგან აღნიშნულ კითხვაზე პასუხის მიღება ამ დრომდე ვერც „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ მოახერხა. ზურაბ რუხაია სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

ახალი ამბები