კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ექსპერტიზის დასკვნა, რომელმაც გამოძიების შედეგები ეჭვქვეშ დააყენა

9 სექტემბერი, 2009

თაკო ხუციშვილი

სამ წელიწადზე მეტი გავიდა რაც ყაჩაღობის მომზადებაში ეჭვმიტანილი ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე ჩაცხრილეს.

პროკურატურამ, რომელიც ცალკე საქმედ სწავლობდა, ჰქონდა თუ არა ადგილი პოლიციის თანამშრომელთა მიერ ძალის გადამეტების ფაქტს, 2007 წლის 20 აპრილს  გამოძიება შეწყვიტა. გამოძიების თანახმად პოლიციის თანამშრომლების მხრიდან ძალის გადამეტებას ადგილი არ ჰქონია.

2009 წლის მარტსა და აპრილში, სახალხო დამცელის მოთხოვნით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დამოუკიდებელი ექსპერტიზის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა ჩაატარა ალტერნატიული ექსპერტიზა, რომელიც სუბარისვე განცხადებით საეჭვოს ხდის პოლიციის თანამშრომელთა მიერ დამნაშავეთა შეპყრობისთვის გამოყენებული ძალის მართლზომიერებას.

ამ საკითხს სახალხო დამცველმა გუშინ სპეციალური პრესკონფერენცია მიუძღვნა.

„3 წლის შემდეგ, როგორც იქნა, სახალხო დამცველის მოთხოვნით, ჩატარდა ალტერნატიული ექსპერტიზა. ექსპერტიზის შედეგებმა ეჭქვეშ კი არ დააყენა, არამედ სრულიად შემოატრაილა ის დასკვნები, რაც გამოძიების მიერაა გაკეთებული“ -აღნიშნა სუბარმა.

ექსპერტიზის შედეგები არსებითად განსხვავდება გამოძიების მიერ საქმეში  წარმოდგენილი ექსპერტიზის შედეგებისგან.

პროკურატურის მიერ წარმოდგენილი საქმის მასალებით, ეჭვმიტანილებმა პირველებმა გახსნეს ცეცხლი პოლიციის მანქანის მიმართულებით. გამოძიების მტკიცებით ამას  ზურაბ ვაზაგაშვილის მამის კუთვნილი ავტომანქანის ჩამსხვრეული უკანა საქარე მინა  და პოლიციის ავტომანქანის წინა მინაზე არსებული ნახვრეტი ადასტურებს.

2006 წლის 26 ივნისს გამოძიების მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნით, ვაზაგაშვილი კუთვნილი BMჭ მარკის ავტომანქანის (სახელმწიფო ნომრით IOI-823) უკანა საქარე მინიდან გასროლილი ტყვია პოლიციის მანქანის წინა საქარე მინას მოხვდა. არგუმენტების გასამყარებლად ექსპერტიზამ თავის დასკვნას სქემაც დაურთო. სახალხო დამცველის მიერ ჩატარებული ექსპერტიზა კი ადგენს, რომ მსგავსი გასროლა შეუძლებელი იქნებოდა. ამავე ექსპერტიზამ გამოარკვია, რომ  საქმეში არსებული სქემისა და მონაცემების მიხედვით გამოძიება ზემოთაღნიშნულ დასკვნას ვერ მიიღებდა. ერთმანეთს არ ემთხვევა ავტომანქანების ადგილმდებარეობა და სროლის ტრაექტორია.

დამოუკიდებელმა ექსპერტიზამ ისიც დაადგინა, რომ ზურაბ ვაზაგაშვილის მანქანის შიგნიდან გასროლა არ მომხდარა, ვინაიდან მანქანაში არ აღმოჩნდა დენთის კვალი, რაც გასროლის შემთხვევაში აუცილებლად დარჩებოდა.

გამოძიების მიერ ჩატარებულ ექსპერტიზის შედეგებს საეჭვოს სხვა გარემოებებიც ხდის. საქმეში არსებული მასალებით, უკანა საქარე მინის ზედა მარცხენა ჩამოტეხილია. პოლიციელთა ჩვენებების მიხედვით, გასროლა შიგნიდან უკანა საქარე მინის სწორედ ამ ნაწილიდან მოხდა. სახალხო დამცველის მიერ ჩატარებული მოკვლევა ცხადყოფს, რომ უკანა საქარე მინა მანქანას მოგვიანებით ჩაუმტვრიეს.

„საქმე ისაა, რომ 2006 წლის 20 მაისს ავტომანქანის სპეც-ავტოსადგომიდან (შპს „ორთაჭალა 600“) შსს ადმინისტრაციული შენობის შიდა ავტოსადგომზე გადაყვანისას შედგენილ მიღება-ჩაბარების აქტში უკანა საქარე მინის დაზიანება არ არის აღნიშნული. აღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტში, ზედმიწევნით არის ასახული ავტომანქანის დაზიანებები. ეს კი ნიშნავს, რომ გადაყვანის მომენტში მანქანის საქარე მინა მთელი იყო და შემდეგ მოხდა მისი, როგორც მტკიცებულების განადგურება“ - განაცხადა სუბარმა.

სახალხო დამცველის განცხადებით, თავად შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ოპერატიულ ვიდეომასალაშიც აშკარად ჩანს, რომ სპეცოპერაციის შემდეგ ვაზაგაშვილის კუთვნილი ავტამანქანის ევაკუაციის დროს, მანქანის უკანა საქარე მინა სრულიად მთელია.  შესაბამისად მანქანიდან გასროლას ეს საქარე მინა არ დაუზიანებია.

კიდევ ერთი დეტალი, რომელიც სუბარის განცხადებით გამოძიების შედეგებს არარეალურ ხდის არის ამოღებული მასრები. მისი თქმით, გამოძიების მიერ არ მომხდარა ამოღებული მასრების იდენტიფიცირება. ამასთან, საქმეში მხოლოდ პერიმეტრზე ამოღებული 40 მასრა ფიგურირებს, მაშინ, როცა საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნით, ავტომანქანის ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული 70 შემავალი დაზიანება აღენიშნება.

პოლიციის თანამშრომლები გამოძიებისადმი მიცემულ ჩვენებებში აღნიშნავენ, რომ ბოძთან შეჯახებისთანავე შეწყვიტეს სროლა, მაგრამ შსს-ს მიერ გავრცელებული ოპერატიული ვიდეომასალების კადრებში ჩანს, რომ სწორედ შეჯახებულ მანქანას ესვრიან, რაც მიუთითებს, რომ სროლა შეჯახების შემდეგაც მიმდინარეობდა. სახალხო დამცველი ეჭვს გამოთქვამს, რომ მოწმეები ცრუ ჩვენებებს იძლევიან.

ყოველივე ამის საფუძველზე სახალხო დამცველმა მოამზადა 127 გვერდიანი დასკვნა, რომელსაც მთავარ პროკურორს უახლოეს დღეებში წარუდგენს. იგი 2007 წლის 20 აპრილს შეწყვეტილი წინასწარი გამოძიების განახლებას ითხოვს. „გამოძიების მხრიდან ძალიან სერიოზულ დარღვევებს აქვს ადგილი. ყველაფერი არის გაკეთებული, რომ გაყალბებულიყო მტკიცებულებები, რომლებიც პოლიციის მიერ ძალის გადამეტების ფაქტს მოჰფენდა ნათელს, ამიტომაც მიგვაჩნია რომ ამ საკითხზე თავიდან უნდა დაიწყოს გამოძიება“, - განაცხადა ომბუდსმენმა.

ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი მიიჩნევს, რომ  დამოუკიდებელი ექსპერტიზის დასკვნით საქართველოს ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა: „მე როგორც ადვოკატმა, შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის საბრალდებო დასკვნა ვანო მერაბიშვილზე. ამ მტკიცებულებების გაყალბება მერაბიშვილის და ადეიშვილის უწყების გარეშე ვერ მოხდებოდა. სახალხო დამცველმა შეძლო ის, რასაც ამ რეჟიმის პირობებში სხვა ვერ მოახერხებდა“.

სახალხო დამცველი ფიქრობს, რომ ამ დასკვნის საფუძველზე ბევრ ჩინოვნიკს მოუწევს პასუხისგება: „რა თქმა უნდა, არ მაქვს იმედი, რომ ეს მოხდება დღეს ან  მანამ, სანამ თვითონ დამნაშავეები წყვეტენ საკითხს, მაგრამ ამის დრო აუცილებლად დადგება“ - აცხადებს სუბარი.

ახალი ამბები