კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ახალი ბულვარი ადგილობრივთა საკუთრების ხარჯზე

18 სექტემბერი, 2009

მოსახლეობა კომპენსაციის ოდენობაზე ინფორმაციას არ ფლობს

მაკა მალაყმაძე

აჭარის მთავრობა ბოლო პერიოდში თავს იწონებს ადლიის სანაპირო ზოლში გაშენებული ახალი ბულვარით. ხელისუფალნი დარწმუნებით აცხადებენ, რომ ტერიტორიიდან გასახლებით მოსახლეობაც კმაყოფილია. არადა მოსახლეობა კომპესაციის ოდენობის შესახებაც კი არ ფლობს ინფორმაციას. კომპენსაციების საკითხი მცდელობის მიუხედავად ვერც ადამიანის უფლებათა ცენტრმა გაარკვია, რადგან ბათუმის მერმა, რობერტ ჩხაიძემ ჩვენთვის ვერ მოიცალა.

წითელ ზოლში მოხვედრილი 60 ადლიელი ოჯახიდან, პირველ ეტაპზე 15-ს გაასახლებენ. მოსახლეობის განცხადებით, ისინი ბათუმის მერმა რობერტ ჩხაიძემ და მერიის აპარატის უფროსმა გელა მახარაძემ მკაცრად გააფრთხილა: „ილუზიები არ შეიქმნათ, იცოდეთ რასაც შემოგთავაზებენ უნდა დათანხმდეთო“.

გული სელიმბა, სოფელ ადლიის მცხოვრები: „ჩემი სახლი და ეზო 500 კვადრატულ მეტრის ფართობზეა. გვეუბნებიან რომ კვადრატულზე 40 დოლარს მოგვცემენ. ეს ხომ სასაცილოა.

ერთი კვირის წინ ბათუმის მერი, რობერტ ჩხაიძე იყო მოსული და გვითხრა სავარაუდოდ ნოემბრისთვის ყველა სახლი აღებული იქნებაო. აღებით კი აიღებენ, მაგრამ იმაზე თუ ფიქრობენ, რამდენად გვაწყობს ჩვენ ეს პირობები?  პრეზიდენტის ნახვა მინდა, სეზონის დროს ყოველ საღამოს აქ იყო, მაგრამ დაცვამ არ მომცა მისი ნახვის საშუალება“.

დონარი ფარტენაძე, სოფელ ადლიის მცხოვრები: „მე იმ სიაში ვარ მოხვედრილი, რომლებიც პირველ ეტაპზე უნდა გაგვასახლონ. ასეთი სულ 15 ოჯახია. როცა ვეკითხებით, თუ რამდენი უნდა გადაგვიხადონ, ბათუმის მერიაში გვპასუხობენ ჯერ არაფერი გადაგვიწყვეტიაო. სახლი სადაცაა უნდა აიღონ, და ჯერ ის ვერ გადაუწყვტიათ, რამდენს გვიხდიან. იქნებ, ჩვენ არ გვაკმაყოფილებს ის თანხა, რასაც ბოლო დღეს გადაწყვეტენ. ყოველდღე ვხედავთ თუ როგორ მოდიან ბიზნესმენები, ათვალიერებენ და ინაწილებენ ჩვენს მიწებს ისე რომ ჩვენ არაფერს გვეკითხებიან“.

ელდარ ვარდმანიძე, სოფელ ადლიის მცხოვრები: „აქ როცა მეფრინველეობის ფაბრიკა იყო და ბუზები გვჭამდა, მაშინ არავის მოუქცევია ყურადღება. გაუსაძლისი მდგომარება იყო, სახლში სადილს ვერ ვჭამდით იმდენი ბუზი და საშინელი სუნი იდგა. მაშინ არავის ვაინტერესებდით, ახლა მთავრობა ყველა დღე აქ გვყავს. თუმცა, მათთან მიახლოებასაც ვერ ვახერხებთ“.
 
ადლიის სანაპირო ზოლიდან რამოდენიმე თვის წინ ექვსი ოჯახი ეტაპობრივად, შეთანხმების მიღწევის შემდეგ გაასახლეს. მაშინ მოსახლეობასთან მოლაპარაკებას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ავთანდილ დარჩია ახორციელებდა. დარჩიას განცხადებით, აღნიშნულ ოჯახებს ნამდვილად გაუმართლათ: „მათ ოჯახებს იმდენივე ფართობის ბინა გადაეცათ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, რამდენსაც მათი საცხოვრებელი შეადგენდა. ასევე მათ გადაეცათ იმდენივე მიწის ფართობი, რაც გააჩნდათ მიმდებარე რაიონში. ამ ეტაპზე მოლაპარაკებას მოსახლეობასთან ბათუმის მერია აწარმოებს“.

ადამიანის უფლებათა ცენტრი ბათუმის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა. თუმცა, ჩვენი მერთან შეხვედრა არ მოხერხდა. აღნიშნული სამსახურის პასუხი ასეთია: „თუკი დეტალურად საქმის კურსში არის ვინმე, მაშინ შეგახვედრებთ, მაგრამ თუკი ბატონ რობერტთან გაქვს კითხვები, მაშინ გამორიცხულია, იმიტომ რომ სხვა საკითხზე აქვს შეხვედრები და თვითონაც ვერ ვახერხებ მასთან შეხვედრას“.

შეგახსენებთ, რომ ე. წ. ახალი ბულვარი 21 აგვისტოს გაიხსნა. სხვათაშორის, ეს პირველი ობიექტია აჭარაში რომლის გახსნას საქართველოს პრეზიდენტი არ დასწრებია. ახალი ბულვარის სიგრძე 1 200 მეტრია. ხელისუფალთა განცხადებით, იქ ხელოვნურ მდინარეებზე გადასასვლელი მინის ხიდები და ახალი თანამედროვე ტიპის განათებები დამონტაჟდება. სპეციალურად ბულვარისთვის უცხოეთიდან 20 ათასამდე ნარგავი ჩამოიტანეს. ზღვისპირა პარკის განაშენიანება დაახლოებით ორ თვეში განხორციელდა, რომლისთვისაც ბათუმის მერიის ბიუჯეტიდან 27 მილიონი ლარი დაიხარჯა. პროექტზე ესპანელ დიზაინერთა ჯგუფმა იმუშავა.

ახალი ამბები