კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვინ გადაიხდის გაზისა და ელექტროენერგიის საფასურს

18 სექტემბერი, 2009

დევნილები ზამთარმა და „გორი-გაზის“ ქვითრებმა შეაშინა

თეა თედლიაშვილი, გორი

კარალეთის ჩასახლებაში მცხოვრებ დევნილებს კომუნალური გადასახადების ქვითრები უკვე მიუვიდათ. „გორი-გაზის“ მიერ დარიგებულმა ქვითრებმა დევნილები საგონებელში ჩააგდო. მათი უმრავლესობა ჩივის, რომ გადასახადების გადახდას ვერ შეძლებენ, რადგან დევნილების ჩასახლებაში მაცხოვრებლების 95 პროცენტი დაუსაქმებელია. დევნილები შიშობენ, რომ მალე ქვითრებს „ენერგო-პრო ჯორჯიაც“ მოიტანს.

აქამდე გაზისა და ელექტროენერგიის დავალიანებას ორგანიზაცია USAID-ი ფარავდა, დევნილები შიშობენ, რომ ამიერიდან გადასახადის გადახდა თვითონ მოუწევთ. სხვაგვარად ვერაფრით ხსნიან ქვითრების მიღების ფაქტს.

ელზა ბლიაძე: „ქვითრები მოგვიტანეს, მაგრამ ჩვენ არაფერი გადაგვიხდია. რითი უნდა გადავიხადოთ? აქ გადასახადების გადახდის საშუალება არავის გააჩნია. ველოდები თუ მოგვაკითხავს ვინმე, ქვითარი შენახული მაქვს. როცა „გორი-გაზში“ ვიკითხეთ ქვითრები რატო მოგვიტანეთო, გვითხრეს ჩვენ არ დაგვირიგებიაო. არ ვიცი ვინ იყო ის ადამიანი, მაგრამ ყველას კი მიუვიდა გაზის ქვითარი”.

დევნილები შიშობენ, რომ ზამთარში გაზის გადასახადის გადახდას ვერ შეძლებენ, რადგან სწორედ გაზის მეშვეობით უნდა გაათონ კოტეჯები ზამთარში. ეს კი სერიოზულ დანახარჯებთანაა დაკავშირებული.

ჩვენ დავუკავშირდით გორი-გაზის დირექტორს გუჯა ბერუაშვილს, რომელმაც განაცხადა, რომ დევნილებისთვის გაზის ქვითრების დარიგება, მხოლოდ იმიტომ დაიწყო, რათა მათ გაიგონ რა რაოდენობის გაზს მოიხმარს საშუალოდ დევნილი ოჯახი თვის განმავლობაში. გასულ თვეებში გაზის ქვითრები არც ერთ ჩასახლებაში არ დარიგებულა, შესაბამისად იმის აღრიცხვა რა რაოდენობის გაზი მოიხმარეს დევნილებმა არ მომხდარა. გორი-გაზის დირექტორის განცხადებით, ასეთი აღიცხვა აგვისტოს თვიდან არის დაწყებული. ბერუაშვილის განცხადებით გაზის საფასურს ჯერ-ჯერობით დევნილებს USAID-ი უხდის, ხოლო შემდგომში ვის მოუწევს გაზის გადასახადის გადახდა ჯერ არვინ იცის.

ასეთივე მდგომარეობაა ელექტრო-ენერგიის თვალსაზრისითაც. 5 ჩასახლებაში მცხოვრები (კარალეთი, მეტეხი, შავშვები, სკრა, ბერბუკი) დევნილების მიერ მოხმარებული ელექტრო-ენერგიის ღირებულება მაისის ჩათვლით USAID-მა დაფარა. ენერგო-პრო-ჯორჯიას გორის ფილიალის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამასხურის წარმომადგენლის გიორგი ბალახაშვილის განცხადებით, ბოლო სამი თვეა დევნილების მიერ მოხმარებული ელექტრო ენერგიის საფასურს, ენერგეტიკის სამინისტრო ფარავს. გიორგი ბალახაშვილის განცხადებით, მანამ-სანამ სამინისტრო დევნილებისთვის მოხმარებული ელექტრო ენერგიეს საფასურს გადაიხდის, ენერგო-პრო მოსახლეობაში ქვითრების დარიგებას არ აპირებს. თუ სამინისტრო უარს იტყვის დევნილების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდაზე აღრიცხვა მკაცრად მოხდება და გადასახადსაც ჩვეულებისამებრ ამოიღებენ.

შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის დევნილთა სამმართველოს უფროსის მანანა ჭამპურიძის განცხადებით ელექტრო-ენერგიის და გაზის საფასური ივლისის ჩათვლით დაფარულია და მისი გადახდა დონორების და სამინისტროების წილობრივი დაფინანსებით მოხდა. ამჟამად უცნობია როგორ მოხდება დანარჩენი გადასახადის დაფარვა.

„მე ზუსტად არ ვიცი როგორ მოხდება გადასახადების დაფარვა, ეს ცენტრალიზებულად ხდება. მოიძიებენ ალბათ თანხებს, არ მგონია გადასახადის გადახდა დევნილებს მოუწიოთ. ძველი დევნილების შემთხვევაში ელექტრო ენერგიის გადასახადს სამინისტრო ფარავს 100 კვ. ფარგლებში, თუ ამას გადააჭარბეს დანარჩენ თანხას დევნილები თვითო ინხდიან, გაზიფიცირება კი ძველი დევლნილების ჩასახლებაში არ მომხდარა. ახალი დევნილების შემთხვევაში ჯერ გარკვეული არ არის ვინ უნდა გადაიხადოს გადასახადი აგვისტოს თვიდან“ - ამბობს მანანა ჭამპურიძე.

დევნილებისთვის ელექტრო-ენერგიის და გაზის გადასახადების გადახდა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, მართალია ჯერ დევნილები არავის შეუწუხებია გადასახადების ამოღების მიზნით, თუმცა ისინი არ გამორიცხავენ, რომ მრავალმილიონიანი დაფინანსების ფონზე გადასახადები მაინც მათი გადასახდელი გახდება.

ახალი ამბები