კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თითქმის ჩადენილი დანაშაული, ანუ თითქმის სამართლიანი სასამართლო

22 სექტემბერი, 2009

მაია გოგოლაძე
ნათია იმერლიშვილი

ივანე თამაზაშვილის სასამართლო საქმე არ გახმაურებულა პრესითა და ტელევიზიით, მას არ გამოუწვევია თანამოქალაქეთა განსაკუთრებული ინტერესი. მის ისტორიას განსაკუთრებით არავინ აუღელვებია, რადგან პოლიციის სამმართველოს საკანში გატარებული რამდენიმე საათი, ხელკეტები, ცემა, სასამართლოს მიერ სამართალდამრღვევად სახელდახელოდ და კანონის დარღვევით გამოცხადება, შემდეგ კი ოთხასლარიანი ჯარიმა ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად იქცა, რომელშიც პოლიტიკურ ვნებათა ქაოსს სამართლებრივი ქაოსი ენაცვლება და პირიქით.

ჩვეულებრივი  ისტორია

ივანე  თამაზაშვილი სამართალდამცველებმა 2009 წლის 15 ივნისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს შენობასთან გამართული საპროტესტო აქციის დარბევის, გნებავთ “დაშლისას” დააკავეს. თამაზაშვილი საქმიანი შეხვედრიდან შინ ბრუნდებოდა. კორნელი ჩალაძის ქუჩაზე ნაცნობი ქალბატონები შეხვდნენ. ერთ-ერთი მათგანი, ადვოკატი ცისმარ ონიანი პოლიციის სამმართველოში მიდიოდა თავისი დაცვის ქვეშ მყოფ პატიმართან შესახვედრად თამაზაშვილმა მათი გაცილება გადაწყვიტა. ქალბატონები პოლიციის სამმართველოს შესასვლელამდე მიაცილა. ცისმარ ონიანი საშვს ელოდებოდა. თამაზაშვილი მის თანმხლებ ქალბატონს ესაუბრებოდა. სამმართველოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. თამაზაშვილი აქციის მონაწილეებსაც გამოელაპარაკა, მათ შორის მისი მეგობრებიც იყვნენ. ამ დროს დაინახა, როგორ დაიძრა პოლიციის სამმართველოს მხრიდან არაადამიანური ყვირილით და ყიჟინით შავფორმიან, ნიღბიან, ხელკეტებით შეიარაღებულ პოლიციელთა რაზმი. პოლიციელებმა  აქციის მონაწილეები, ჟურნალისტები და გამვლელები სამი მხრიდან ალყაში მოაქციეს და ხელკეტები აამოქმედეს. თამაზაშვილი ხედავდა, როგორ სცემდნენ პოლიციელები აქციის მონაწილეებს, ქალებს, ჟურნალისტებს, ურტყამდნენ წაქცეულებს. პოლიციელის მიერ ნაცემი გოგონა წამოაყენა და უნდოდა ჟურნალისტებსაც მიშველებოდა, როცა მას სკამის ფეხით შეიარაღებული  პოლიციელი მივარდა და უღრიალა, შენ ხომ მელორ ვაჩნაძის მეგობარი ხარო. თამაზაშვილმა პოლიციელს ჰკითხა, რატომ იყო ეს უკანასკნელი სკამის ფეხით შეიარაღებული. პოლიციელმა მას სკამის ფეხი ზურგში ჩაარტყა. სკამის ფეხით შეიარაღებულს სამი სხვა პოლიციელიც “მიეშველა”. თამაზაშვილი უმოწყალოდ სცემეს და პოლიციის სამმართველოში შეათრიეს. მან გონება დაკარგა. ცნობიერება  პოლიციის სამმართველოს ფოიეში დაუბრუნდა, სხვა დაკავებულებთან ერთად იატაკზე დაგდებულს, ოცდაათამდე იქნებოდნენ. ხელბორკილდადებული  დაკავებულები ისევ სცემეს ხელკეტებით. თამაზაშვილმა ისევ დაკარგა გონება. ცნობიერება მეორედ უკვე საკანში დაუბრუნდა, სადაც რვა საათი დაჰყო. მორიგი გონზე მოსვლისას ისევე, როგორც სხვა დაკავებულებს, ხელწერილის დაწერა უბრძანეს, ტექსტიც უკარნახეს. დაკავებულებს უნდა დაეწერათ, რომ ისინი არ დაემორჩილნენ პოლიციის მოთხოვნას. სამართალდამცველების მიერ ნაკარნახევ ხელწერილში არ იყო დაზუსტებული, კონკრეტულად პოლიციის რა მოთხოვნას  არ დაემორჩილნენ დაკავებულები. საკნიდან ნაცემი სასამართლო დარბაზში წაიყვანეს. მისი  ჯანმრთელობის მდგომარეობით არავინ დაინტერესებულა არც სასამართლომდე, არც სასამართლოს სხდომაზე. არც დაკავებისას, არც საკანში ყოფნისას თამაზაშვილისთვის არ განუმარტავთ მისი უფლებები და დაკავების საფუძველი.

ჩვეულებრივი სასამართლო

სასამართლო სხდომა გვიან საღამოს გაიმართა. თამაზაშვილის ადვოკატები საქმეს სასამართლო სხდომის დაწყებამდე 10 წუთით ადრე გაეცნენ. მათ სასამართლომ ამისთვის ზუსტად 10 წუთი გამოუყო.

სხდომა ხანმოკლე იყო. შედგა ოქმი. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ, მირანდა ერემიძემ, გამოიტანა დადგენილება, რომლითაც ივანე თამაზაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით და სასჯელის ნორმად 400 ლარის ოდენობით ჯარიმა განუსაზღვრა.

დადგენილების თანახმად, სასამართლომ განიხილა სამართალდარღვევის ოქმი და მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და მიიჩნია, რომ სამართალდარღვევის ფაქტი დადასტურებულია საქმეში არსებული მასალებითა და მტკიცებულებებით.

სასამართლომ ნამდვილად განიხილა სამართალდარღვევის ოქმი, მხარეთა ახსნა-გამარტებებიც მოისმინა, მაგრამ მასალებსა და მტკიცებულებებს ვერ განიხილავდა, რადგან ივანე თამაზაშვილის ბრალეულობის დამადასტურებელი საბუთები საქმეში უბრალოდ არ იყო და, შესაბამისად, არც სასამართლოზე ყოფილა წარმოდგენილი. თავად ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენი კი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-3 განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებელი, ავთანდილ ფოლადაშვილი, დაკავებულმა და სამართალდამრღვევად ცნობილმა თამაზაშვილმა პირველად სასამართლოს სხდომაზე იხილა. არც დაკავებისას, არც პოლიციის სამმართველოში ყოფნისას მას არ უნახავს მისი დანაშაულის აღმნუსხველი, ოქმის შემდგენი, ინსპექტორ-გამომძიებელი ფოლადაშვილი. ადვოკატი ცისმარ ონიანი, ამ საქმის ერთადერთი მოწმეც, ადასტურებს, რომ ავთანდილ ფოლადაშვილი პოლიციის სამმართველოს წინ თამაზაშვილის დაკავებისას არ უნახავს. ანუ სამართალდარღვევის ოქმის შემდგენს სამართალდარღვევის ფაქტი არ უნახავს და არც გამოძიება ჩაუტარებია, რაზეც ნათლად მეტყველებს ის ფაქტი, რომ თამაზაშვილს ინსპექტორ-გამომძიებელი არ უნახავს; ამ უკანასკნელს არ დაუკითხავს დაკავებული.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 236-ე მუხლში ჩამოთვლილია ის მტკიცებულებები, რომელთა არსებობაც აუცილებელია სამართალდარღვევის ფაქტის დადგენისას: მოწმის ჩვენება, სამართალდარღვევის ფაქტის ამსახველი ფოტო ან ვიდეომასალა, ფაქტობრივი გარემოებების ამსახველი სხვა მასალები. თამაზაშვილის საქმეში კი არ არის წარმოდგენილი არც ერთი ასეთი მტკიცებულება, არ არსებობს მოწმე, რომელიც დაადასტურებდა, რომ ივანე თამაზაშვილს გადაკეტილი ჰქონდა გზის სავალი ნაწილი და რომ იგი “ბოროტად” არ დაემორჩილა პოლიციელთა მოთხოვნას. თუმცა კი პოლიციის მთავარი სამმართველოს შესასვლელთან დამონტაჟებული კამერის ფირზე აუცილებლად იქნებოდა დაფიქსირებული სამმართველოს შენობის წინ განვითარებული მოვლენები და, რა თქმა უნდა, ივანე თამაზაშვილსა და პოლიციელებს შორის გამართული ინტერაქციაც. ეს ფირი მყისიერად მოჰფენდა ნათელს თამაზაშვილის საქმეს, მაგრამ, დაცვის მხრის მოთხოვნის მიუხედავად, სასამართლოზე არ იქნა წარმოდგენილი.

მოსამართლის განაჩენი კი ერთადერთ გარემოებას დაეფუძნა - ინსპექტორ-გამომძიებლის, ავთანდილ ფოლადაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ ივანე თამაზაშვილმა “თითქმის ჩაიდინა სამართალდარღვევა”. ივანე თამაზაშვილის ადვოკატმა, კახა კოჟორიძემ, სასამართლო პროცესზევე მიმართა სხდომის მდივანს თხოვნით, სასამართლო სხდომის ოქმში ზუსტად დაფიქსირებულიყო ივანე თამაზაშვილის წინააღმდეგ წაყენებული ერთადერთი ბრალდების ასეთი ფორმულირება, რაზეც მკაცრი პასუხი მიიღო მოსამართლისგან: ოქმი შედგება კანონის მოთხოვნათა დაცვით. ავთანდილ ფოლადაშვილის სიტყვები მასში დაფიქსირდება და ამასთან დაკავშირებით ზედმეტი მითითებები საჭირო არ არის. თუმცა ოქმის გამოთხოვის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ბრალდების ის ფორმულირება, რომელმაც სასამართლო სხდომაზე არა ერთი მოწმის თანდასწრებით გაიჟღერა, ოქმში არ იყო შეტანილი. თამაზაშვილის ადვოკატმა ოქმის შესწორება მოითხოვა. ოქმი შესწორდა, მაგრამ მასში მაინც  არ  დაფიქსირდა პირველადი ბრალდების ზუსტი ფორმულირება - “თითქმის ჩაიდინა სამართალდარღვევა”. მის ნაცვლად ოქმში ჩაიწერა ძირითადი ბრალდების ახალი, არანაკლებ აბსურდული ფორმულირება: “ივანე თამაზაშვილს თითქმის გადაკეტილი ჰქონდა გზა”. ზოგადად, ივანე თამაზაშვილის საქმეზე გამართული ოქმში დაფიქსირებული სასამართლო სხდომა თვალსაჩინო ნიმუშია იმისა, თუ როგორ უარყოფს სასამართლო თავის ფუნქციას და დანიშნულებას.

სასამართლო პროცესზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენი მოახსენებს სასამართლოს, რომ მოქალაქე ივანე თამაზაშვილი 2009 წლის 15 ივნისს კორნელი ჩალაძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას გაეთავისუფლებინა გზის სავალი ნაწილი. მოსამართლე ითხოვს პოლიციის ბრძანების დაკონკრეტებას და სვამს კითხვას, ჰქონდა თუ არა ივანე თამაზაშვილს გზა გადაკეტილი. ინსპექტორ-გამომძიებელი პასუხობს, რომ პოლიციის მოთხოვნას შეადგენდა გზის სავალი ნაწილის გათავისუფლება, რომელიც ივანე თამაზაშვილს სხვა პირებთან ერთად თითქმის გადაკეტილი ჰქონდა (ოქმში ეს ფრაზა შეტანილია ივანე თამაზაშვილის ადვოკატის პროტესტის შედეგად ოქმის ჩასწორების შემდეგ). მოსამართლე არ ეკითხება ავთანდილ ფოლადაშვილს, ოქმის შემდგენს, ანუ მას არ აინტერესებს, რას ნიშნავს “თითქმის გადაკეტილი გზა”, სად იმყოფებოდა სამართალდამრღვევად მიჩნეული ივანე თამაზაშვილი მისდამი მოთხოვნის წაყენებისა და ბრძანებისადმი დაუმორჩილებლობის მომენტში, იდგა თუ არა იგი გზის სავალ ნაწილზე (იქნებ იჯდა ან იწვა-მ.გ.), ან ჰქონდა თუ არა გზა გადაკეტილი რამე ტექნიკური ან მექანიკური საშუალებით. მოსამართლე არ მოითხოვს ივანე თამაზაშვილის მიერ “გზის თითქმის გადაკეტვის” დამადასტურებელ თუნდაც ერთ მტკიცებულებას, თუნდაც ყველაზე მარტივს-მოწმის ჩვენებას.

სამართალდამრღვევად მიჩნეული თამაზაშვილი კი, თავის მხრივ, სასამართლო პროცესზე აცხადებს, რომ მას გზა არ გადაუკეტავს, რადგან გზის სავალ ნაწილზე არ მდგარა. იგი იდგა პოლიციის სამმართველოს შენობის შესასვლელთან, ანუ გამვლელთა და პოლიციის სამმართველოში შემსვლელ-გამომსვლელთათვის განკუთვნილ ადგილზე. იქვე მოხდა მისი დაკავება. იგი ასევე აცხადებს, რომ პოლიციელთა მოთხოვნისათვის წინააღმდეგობა არ გაუწევია, რადგან პოლიციელებს მისგან არაფერი მოუთხოვიათ.

იმავეს ადასტურებს მომხდარის შესახებ პროცესზე გამოცხადებული ერთადერთი მოწმე, ადვოკატი ცისმარ ონიანი: თამაზაშვილს პოლიციელებისათვის წინააღმდეგობა არ გაუწევია; მისთვის არავის არაფერი უბრძანებია, მისგან არავის არაფერი მოუთხოვია. თამაზაშვილს სამართალდარღვევა არ ჩაუდენია, შეხლა-შემოხლაში მოყოლილი ქალების დაცვას ცდილობდა და ითხოვდა, პოლიციელებს ჟურნალისტები არ ეცემათ. ცისმარ ონიანი შეძლებისდაგვარად უხსნიდა პოლიციელებს, რომ თამაზაშვილი მას ახლდა, სთხოვდა, არ დაერტყათ მისთვის. პოლიციელებმა თამაზაშვილი ისე სასტიკად სცემეს, რომ ცისმარ ონიანს აღარ ეგონა, თუ მას ცოცხალს ნახავდა. იგი პოლიციელებმა ფეხზე ვეღარ წამოაყენეს, ისე შეათრიეს პოლიციის სამმართველოს შენობაში.

მოსამართლე მირანდა ერემიძეს სასამართლო პროცესზე არ დაუსვამს არც ერთი შეკითხვა არც მის მიერ შემდეგში ბრალდებულად ცნობილი ივანე თამაზაშვილისათვის, არც ერთადერთი მოწმისთვის. სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას კი არ გაუთვალისწინებია არც თამაზაშვილის და არც მისი მოწმის ჩვენებები, არც თამაზაშვილის დაცვის მიერ წარმოდგენილი ვიდეომასალა, რომელშიც ასახულია, თუ როგორ უსწორდებიან პოლიციელები აქციის მონაწილეებს ყოველგვარი მოთხოვნის, ბრძანების ან მითითების გარეშე.

ივანე თამაზაშვილი აფხაზეთის ომის მონაწილეა. მას სკოლაც არ ჰქონდა დამთავრებული, თექვსმეტი წლისაც არ იყო, როცა აფხაზეთში საომრად წავიდა. მშობლებმა არასრულწლოვანი შვილი ორჯერ მოძებნეს, ორჯერ მოაბრუნეს ფრონტის ხაზიდან. ორჯერვე ისევ გაეპარათ. ბოლოს მიხვდნენ საკუთარი მცდელობის უნაყოფობას და შვილისთვის წინააღმდეგობა აღარ გაუწევიათ. ივანე თამაზაშვილი თბილისში სოხუმის დაცემის შემდეგ დაბრუნდა. სკოლაც შემდეგ დაამთავრა და უმაღლესი სასწავლებელიც. პროფესიით ქიმიკოსია.

ჩვეულებრივი სამართალდარღვევა

ივანე თამაზაშვილი სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენაში დაადანაშაულა, ანუ “სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავ ორგანოთა მუშაკების კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი ბოროტად დაუმორჩილებლობაში”. ამ მუხლის თანახმად, იმისათვის, რომ ესა თუ ის პირი სამართალდამრღვევად იყოს ცნობილი, საჭიროა ორი ფაქტობრივი გარემოების ერთდროულად დადასტურება: სამართალდამცველების კანონიერი განკარგულების არსებობა და ამ განკარგულებისადმი “ბოროტად” დაუმორჩილებლობა. სასამართლოს სწორედ ამ ორი ფაქტორის არსებობა უნდა დაედგინა. სამართალდამცველთა მოთხოვნის კანონიერების დადგენა იმთავითვე გამორიცხული იყო, რადგან საქართველოს კანონი “შეკრებებისა და მანიფესტაციის შესახებ” უფლებას აძლევს მოქალაქეებს, შეიკრიბონ ქუჩაში, საჯაროდ, თუნდაც პოლიციის სამმართველოს შენობის წინ. სამართალდამცველებს კი არ აქვთ უფლება, ხელი შეუშალონ მოქალაქეთა მშვიდობიან შეკრებას და გასცენ თავყრილობის “დაშლის” განკარგულება. რაც შეეხება “ბოროტად დაუმორჩილებლობას”, მოსამართლე მირანდა ერემიძის მიერ გამოტანილ სასამართლოს დადგენილებაში გაკვრითაც კი არ არის ნათქვამი, რომ ივანე თამაზაშვილი ბოროტად არ დაემორჩილა პოლიციის მოთხოვნას. არადა,  სასკ-ის 173-ე მუხლით მხოლოდ “ბოროტი დაუმორჩილებლობა” ითვლება დასჯად ქმედებად და არა, ზოგადად, დაუმორჩილებლობა. სრულიად გაუგებარია, როგორ ცნო სასამართლომ სამართალდამრღვევად ივანე თამაზაშვილი სასკ-ის 173-ე მუხლით, ან როგორ უნდა დამორჩილებოდა იგი პოლიციელთა ბრძანებას, როცა ამ უკანასკნელთ მისთვის არაფერი უბრძანებიათ.

ჩვენ ვცადეთ მოსამართლე  მირანდა ერემიძესთან დაკავშირება. გვინდოდა მისთვის ეს კითხვები დაგვესვა. მოსამართლისთვის ისიც გვინდოდა გვეკითხა, რატომ არაფრად ჩააგდო მან სამართალდამცველთა მიერ საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლისა და ადამიანთა უფლებების ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის დარღვევა, რომელთა თანახმადაც, დაკავებულს დაუყოვნებლივ უნდა განმარტებოდა მისი უფლებები, დაკავების საფუძველი და მისთვის წაყენებული ბრალდება? რატომ გააჩერეს ივანე თამაზაშვილი საკანში 8 საათი, როცა, სასკ-ის 247-ე მუხლის I  ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის დაკავება არ შეიძლება 3 საათზე მეტ ხანს გაგრძელდეს? ვინ და როდის უნდა აგოს პასუხი ამ სამართალდარღვევებზე და, საერთოდ, საჭირო და სავალდებულოა თუ არა, რომ სამართალდამცველებს მათ მიერ ჩადენილ სამართალდარღვევაზე პასუხი მოეთხოვოთ? ცხადია, მოსამართლე მირანდა ერემიძემ ჩვენთან შეხვედრა არ ისურვა.

საქართველოს კანონმდებლობა მოსამართლეს სრულ თავისუფლებას ანიჭებს, თავად განსაჯოს, რამდენი და რა სახის მტკიცებულებაა საჭირო და საკმარისი იმისთვის, რომ ესა თუ ის მოქალაქე სამართალდამრღვევად ცნოს, ანუ კანონი ნდობას უცხადებს მოსამართლეს, მის წესიერებასა და კომპეტენციას. თამაზაშვილის საქმე ერთ-ერთია იმ მრავალთაგან, რომელთა გაცნობის შედეგად ეჭვქვეშ დგება ასეთი ნდობის მიზანშეწონილობა.

ჟურნალისტური გამოძიების ხელმძღვანელი ლია ტოკლიკიშვილი
პროექტი ხორციელდება “ადამიანის უფლებათა ცენტრისა” და ჟურნალ “სიტყვის” მიერ “ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის” მხარდაჭერით

ახალი ამბები