20:37, Thursday, 19.09.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

რა მიზეზით გაათავისუფლეს შოთა ხაბარელი

24.09.2009
2006 წლის ევროპის საუკეთესო მწვრთნელი ქართულ ძიუდოს ჩამოაშორეს

ანა შეშაბერიძე

11 სექტემბრიდან ძიუდოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ამირან ტოტიკაშვილია. შოთა ხაბარელი კი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

ხაბარელის გათავისუფლების მიზეზად რამოდენიმე ვერსიას ასახელებენ. ერთ ერთის თანახმად ხაბარელის გადაყენება მისი „არასწორი“ პოლიტიკური შეხედულებების გამო მოხდა, რასაც ოფიციალურად არავინ ადასტურებს. თავად ხაბარელი ამ ვერსიას პრინციპში არც ადასტურებს და არც უარყოფს. ის პირდაპირ საუბრობს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტ დილარ ხაბულიანთან დაპირისპირებაზე, რომელიც ნაციონალური მოძრაობის წევრია. არსებობს კულუარული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ხაბარელმა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს უარი უთხრა პარტიაში გაწევრიანებასა და აპრილის აქციების დროს საკუთარი პოლიტიკური პოზიციის დაფიქსირებაზე. არსებობს ეჭვი, რომ სწორედ ამ წინადადებაზე უარის მიღების შემდეგ შემოსწყრა მას ხაბულიანი. ხაბარელის გადაყენება უბრალოდ დროის საკითხი იყო.

ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დილარ ხაბულიანი ამბობს, რომ ხაბარელის გათავისუფლების მიზეზი მხოლოდ ის უშედეგობაა, რომელიც ნაკრებმა ევროპისა და მსოფლიო პირველობაზე, ასევე ოლიმპიურ თამაშებზე აჩვენა. მართლაც, არსებობის ისტორიაში პირველად, საქართველოს ნაკრებმა როტერდამში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე არნახულად ცუდი შედეგი უჩვენა. ძიუდოისტებს როტერდამიდან არც ერთი სინჯის მედალი არ ჩამოუტანიათ და სწორედ ეს იქცა ხაბარელის გადაყენების ოფიციალურ მიზეზად.

„მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ ის არადამაკმაყოფილებელი შედეგია, რომელსაც ბოლო პერიოდში ნაკრები გუნდ უჩვენებდა. ნაკრებმა ჩააგდო მსოფლიოს და ევროპის პირველობები; ოლიმპიურ თამაშებზე კი დაგეგმილი შვიდიდან მხოლოდ ერთი მედალი ავიღეთ. პირად მიზეზებზე საუბარი სისულელეა, არანაირი პირადი მიზეზი მასთან არ მქონია, პირიქით როცა ოლიმპიური კომიტეტის სხდომაზე მას ვკითხე რამე პრეტენზია გაქვს თუა არა-მეთქი, განაცხადა არანაირიო“ - ამბობს დილარ ხაბულიანი.

ხაბარელი კი აცხადებს, რომ მისი გადაყენების ერთადერთი - პირადული მიზიზი არსებობს. „ეს იყო პირდაპირი პირადი ანგარიშსწორება, რასაც შეეწირა ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატი, შედეგებზე საუბარი არ შეიძლება რადგან არ ყოფილა ძიუდოში შეჯიბრება, რომელშიც ჩვენ არ გაგვემარჯვა, ამას კი როგორც ხაბულიანმა გვიწოდა ტურისტი მწვრთნელები ვერ შეძლებდნენ“ - განაცხადა ყოფილმა მწვრთნელმა.

ჟურნალისტებს ხაბულიანმა ახალი მთავარი მწვრთნელი - ამირან ტოტიკაშვილი 16 სექტემბერს წარუდგინა და მედიის თანდასწრებით გააფორმა მასთან შრომითი ხელშეკრულება. ტოტიკაშვილი ცნობილი ძიუდოისტი, მსოფლიოს ჩემპიონი და ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორია (აღსანიშნავია ისიც, რომ ტოტიკაშვილს ჯილდოების უდიდესი ნაწილი ხაბარელის მწვრთნელობის პირობებში აქვს მოპოვებული). ტოტიკაშვილთან ერთად ხაბულიანმა ჭაბუკთა და ახალგაზრდული ნაკრების უფროსი მწვრთნელები წარმოადგინა: - რამაზ ჩოჩიშვილი და სოსო ლიპარტელიანი, რომელთაც რეკომენდაცია ახალმა მწვრთნელმა გაუწია. ისინი მისი თანაშემწეები იქნებიან.

ხაბულიანმა ტოტიკაშვილის წარდგინების დროს მთავარი მწვრთნელის დანიშვნის წესზეც გაამახვილა ყურადღება. საქმე ისაა, რომ ტოტიკაშვილის კანდიდატურასა და ხაბარელის გადაყენების საკითხზე ძიუდოს ფედერაციის აღმასკომს პრაქტიკულად არ უმსჯელია. ხაბულიანის განცხადებით ფედერაციის პრეზიდენტს მწვრთნელის ერთპიროვნულად დანიშნვის უფლება გააჩნია. მისი განცხადებით, აღმასკომს უბრალოდ კანდიდატურა წარედგინება.

ხაბარელი ფედერაციის პრეზიდენტის ამ განცხადებას აბსურდულს უწოდებს, „რადგან თუ მართლაც ასეა, ამ შემთხვევაში აღმასკომის მოვალეობა გაუგებარი ხდება“.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ შოთა ხაბარელმა ხაბულიანისგან მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გადაყენებისთანავე შეთავაზება მიიღო. ხაბულიანი ყოფილ მწვრთნელს მამაკაცთა ძიუდოს კურატორობას სთავაზობდა. ხაბულიანის განცხადებით ხაბარელისთვის ყველა კარი ღიაა და მას შეუძლია გააგრძელოს მუშაობა, ოღონდ არა ნაკრების თავკაცის, არამედ ახალი თაობის აღზრდის კუთხით. ხაბულიანმა ამ შეთავაზებაზე უარი მიიღო. შოთა ხაბარელი აცხადებს, რომ ის არასდროს დათანხმდება ფედერაციის ახლანდელ ხელმძღვანელობასთან მუშაობას და მოითხოვს ფედერაციის პრეზიდენტის ვადამდელი არჩევნების დანიშვნას. ყოფილი მწვრთნელი დარწმუნებულია, რომ ხაბულიანს მისი დათხოვნის შემდეგ ხმას აღარავინ მისცემს.

და მართლაც, ფედერაციის ხელმძღვანელობასთან კითხვები სპორტსმენებსაც აქვთ. ისინი პრეზიდენტთან შეხვედრას ითხოვენ და ფედერაციის თავკაცს ამ შეხვედრის დასაგეგმად ერთი კვირის ვადას აძლევენ.

წარსული მეორდება?

„აუცილებელია, რომ ერთი კვირის ვადაში დაიგეგმოს ჩვენი შეხვედრა. დავუსვამთ კითხვებს ფედერაციას. გული შეგვტკივა შოთა ხაბარელზე და საბოლოოდ უნდა გაირკვეს ყველაფერი. სხვა შემთხვევაში ჩვენს ვარჯიშს აზრი არ აქვს“ - აცხადებენ ძიუდოისტები და უკიდურეს შემთხევაში კიმანოს ჩაბარებაზეც თანხმდებიან.

ეს ხაბარელის მოხსნის პირველი შემთხვევა არაა. ხაბულიანმა ხაბარელი ერთხელ უკვე გადააყენა საქართველოს ძიუდოს ნაკრების მწვრთნელის თანამდებობიდან ეს 1991 წელს მოხდა. ხაბარელი მწვრთნელის თანამდებობაზე 1996 წელს დაბრუნდა. ხაბარელის ამბობს, რომ როცა დილარ ხაბულიანს ჰქონდა ძალაუფლება, ყოველთვის ახერხებდა მის დისკრედიტაციას.

დილარ ხაბულიანი ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დროს შს მინისტრი იყო, შევარდნაძის ხელისუფლების დროს - პარლამენტის წევრი, სააკაშვილის პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს კი - დიდგორის რაიონის გამგებელი.

შოთა ხაბარელი სსრკ და სსრკ ხალხთა VIII სპარტაკიადის, ევროპის და XXII ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. ევროპის ჩემპიონატების ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორი. 2006 წელს ის ევროპის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს. დაჯილდოებულია „საპატიო ნიშნის“ ორდენით, რომელიც ადამიანებს განსაკუთრებული მიღწევებისთვის ენიჭებათ. ამ მიღწევების ჩამოთვლის შედეგად ნათელი ხდება, რომ სადღეისოდ ხაბარელი ძიუდოს ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპაშიც და ამდენად მისი გადაყენების ოფიციალური მიზეზი (ერთი მსოფლიო ჩემპიონატის ჩაგდება), არადამაჯერებელი ჩანს.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC