20:37, Thursday, 19.09.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

დეზინფორმაცია, სახელმწიფო პოლიტიკა თუ ეთნიკური შუღლის ხელოვნური გაღრმავება?

24.09.2009
სტატია, რომელსაც ახლა გთავაზობთ უფრო ბლოგია და საავტორო სტატიის ფორმითაა დაწერილი, თუმცა მასში მოყვანილი ფაქტები იმდენად საინტერესოა, რომ უარი არ გვითქვამს მის დაბეჭდვაზე. ირმა ბერიშვილი არ არის „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ თანამშრომელი და სტატიაშიც მისი პირადი დაკვირვებები და დასკვნებია მოცემული.  წერილიდან ნათლად ჩანს, რომ ავტორი მის გამოქვეყნებას არ აპირებდა, თუმცა ვფიქრობთ, რომ ის ფაქტები, რომელზეც ირმა ბერიშვილი სტატიაში საუბრობს საზოგადოებისთვის დამალული არ უნდა იყოს.ირმა ბერიშვილის სტატიას ვებ-გვერდის რედაქცია ყოველგვარი ცვლილების გარეშე გთავაზობთ

ირმა ბერიშვილი

ამ მასალის საგაზეთო ვარიანტის მომზადებას დიდი ხანია ვგეგმავდი, თუმცა გაეროს გენერალური მდივნის ბოლო მოხსენების შინაარსის გაცნობის შემდეგ, გადავწყვიტე, ჯერ ასეთი სახით წარმომედგინა თქვენთვის. იმედია, გარკვეულ შედეგს მივიღებ და ქვემოთმოყვანილი ფაქტების მასმედიით გახმაურება არ მომიწევს.

ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შესახებ პან გინ მუნის მოხსენებაში დაიწერა, რომ დეზინფორმაცია და საკითხების არასწორად წარმოდგენა, ხელს უწყობს დაძაბულობას მხარეებს შორის, ამიტომ კონფლიქტის ორივე მხარემ თავი უნდა შეიკავოს ასეთი პოლიტიკისგან.

ააშენებს ღმერთი პან გი მუნს, რადგანაც საარჩევნოდ ქართულმა ტელეარხებმა აფხაზეთის თემაზე იმდენი დეზინფორმაცია აფრქვიეს, რომ ამაზე ვინმეს აუცილებლად უნდა ამოეღო ხმა. სად გაეროს გენერალური მდივანი და სად მე, უბრალო ჟურნალისტი, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ 10 წლიანი ჟურნალისტური მოღვაწეობის განმავლობაში, რაც კი დამიწერია, სტატიების დიდი უმეტესობა სწორედ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს, იქ მცხოვრები ქართველების ყოფა-ცხოვრებას და მათ პრობლემებს ეხებოდა და აქვე თუ იმასაც ვიტყვი, რომ 2001-2002 წლებში „არალეგალურად“ სამჯერ ჩავედი სოხუმში, ვიყავი გუდაუთაში, ტყვარჩელში, ოჩამჩირესა და ახალ ათონში, ხოლო გალის რაიონის მაღალი ზონის სოფლებში დღემდე ვაგრძელებ „ვიზიტებს“, თავს უფლებას მივცემ, დეზინფორმაციების შესახებ პან გი მუნზე მეტი რამ გითხრათ. ვგონებ, დამეჯერება.

თავდაპირველად დავიწყებ იმ დეზინფორმაციებით, რომელსაც არჩევნებამდე და არჩევნების დღეებში ვითომ კონფლიქტის ზონიდან გვაწვდიდნენ.

დეზინფორმაცია #1

ალბათ ყველას გახსოვთ, ცალკეული ტელეკომპანიების მიერ დეკემბრის შუა რიცხვებში გადმოცემული ინფორმაციები და კადრები იმის შესახებ, თუ როგორ „უშლიდნენ“ გალის რაიონში მცხოვრებ ქართველებს საარჩევნო აგიტაციის ჩატარებას, როგორ „ებრძოდნენ“ ნაციონალური პარტიის აქტივისტებს და როგორ ხევდნენ პრეზიდენტობის კანდიდატ მიხეილ სააკაშვილის პლაკატებს სხვადასხვა სტენდიდან.

ის, რომ გალის რაიონში საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებისთვის არათუ სააკაშვილის, არამედ არცერთი სხვა კანდიდატის საარჩევნო შტაბი არ გაიხსნებოდა და იქ საარჩევნო კამპანიას ვერავინ აწარმოებდა, ეს თავიდანვე ყველა მხარემ იცოდა. ამიტომ იქ არც არავის უცდია, ხმამაღალი აგიტაცია ეწარმოებინა და რომელიმე კანდიდატის მხარდამჭერი აქციები მოეწყო. ამდენად, რაც არ ყოფილა, იმ მოვლენის აღკვეთას აფხაზები ვერანაირად ვერ შეძლებდნენ.

მაშ, რა ფაქტი იყო მოცემული ზემოთნახსენებ სიუჟეტში, რომელმაც შეცდომაში მრავალი მაყურებელი შეიყვანა?

მივყვეთ დეტალურად. გახსოვთ ის ძველი, ჟანგმოდებული მემორიალი, საიდანაც  სააკაშვილის პლაკატები „უმოწყალოდ“ იყო ჩამოხეული? გახსოვთ ფართოვიტრინებიანი ცარიელი შენობები, რომლის მინებიდანაც ეს პლაკატები ჯარისკაცის ფარაჯიანმა უცნობმა ჩამოყარა? გახსოვთ ის ფიცრებისგან ნაშენი პატარა ჯიხური, რომელზე გაკრულ სააკაშვილის სურათსაც ვიღაც ქალბატონი მხურვალედ კოცნიდა? ისეთი „სულისშემძვრელი“ კადრები იყო, უეჭველად დაგამახხსოვრდებოდათ.

და თქვენ გგონიათ, ეს ყველაფერი გალის რაიონში ხდებოდა? თუ ასე გგონიათ, უნდა გაგაწბილოთ და გითხრათ, რომ ეს კადრები, ზუგდიდის რაიონის სოფელ ზედაეწერში იყო დადგმული. ცნობისათვის მოგახსენებთ, ზედაეწერი ზუგდიდი-ჯვარის (იგივე ზუგდიდი-მესტიის) მონაკვეთზე მდებარეობს და გალის რაიონთან არავითარი შეხება არა აქვს. ის ჟანგიანი მემორიალი ზედაეწერის ცენტრში საბჭოთა დროიდან სამამულო ომში დაღუპულთა პატივსაცემად დგას, ის ფართოვიტრინებიანი ნაგებობები, თავის დროზე, კულტურის სახლის, მუშათა სასადილოს და უნივერმაღის შენობებს წარმოადგენდა. ის „უცნობი ჯარისკაცი“ კი, რომელიც კადრში გაარონიეს, ზედაეწერელთა თქმით, გადასაღებად სპეციალურად შემოსილი ჩაიყვანეს იქ. აქვე იმასაც მოგახსენებთ, რომ ამ სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ, „გადამღებ ჯგუფს“ ეტყობა ვიღაცამ მიუთითა, რომ ჯარისკაცს რუსული კი არა, ქართული ფარაჯა ეცვა, ამიტომ რამდენიმე დღეში, ოდნავ შეცვლილი კადრებით, მორიგი სიუჟეტი გაკეთდა. ქართველი ჯარისკაცის ნაცვლად, უკვე რუსი სამშვიდობოები გამოჩნდნენ, რომლებიც თავიანთი საგუშაგოს კედლებიდან სააკაშვილის პლაკატებს ხსნიდნენ, დანარჩენი ყველაფერი ძველებურად იყო. „შუაგულ გალში“ სააკაშვილის პლაკატს რომ ქალი კოცნიდა, ის კადრიც არ შეუცვლიათ. ეს ქალბატონი, სახელად ნანული, მართლაც ცხოვრობდა გალში, ოღონდ 15 წლის წინ. დევნილობის მერე მან ზედაეწერში სახლი იყიდა და მხოლოდ განსაკუთრებული შემთხვევებისთვისღა ახერხებს თავის მშობლიურ კუთხეში ჩასვლას.

როგორც დავადგინე, იმ დღეს, ძროხას მიდენიდა, როცა მიკროფონიანი და ტელეკამერიანი ხალხი შეხვდა, რომლებმაც ყელისგამოწევით თხოვეს „გადაღებაში“ მიეღო მონაწილეობა. თავიდან ფეხი კი აითრია, მაგრამ დაარწმუნეს, არავის არაფერს ვავნებთ, პირიქით, კარგს ვიტყვით, თქვენს სოფელსაც გამოვაჩენთო და ისიც დათანხმდა. მერე უთხრეს, კამერის წინ თქვი, რომ აფხაზები ენგურის ხიდზე გადმოსვლას და სააკაშვილისთვის ხმის მიცემას გიშლიანო, მანაც თქვა. ახლა ისიც თქვი, რომ მიუხედავად ყველაფრისა, მაინც არავის დაუჯერებ, გადმოხვალ და ხუთ ნომერს შემოხაზავო, ქალბატონმა ნანულიმაც გაიმეორა. ამასაც არ დასჯერდნენ და თვალსაჩინოებისთვის თხოვეს, პლაკატი გაეკრა ჯიხურზე და ეკოცნა. ქალბატონმა ნანულიმ ესეც გააკეთა და წავიდა თავის სახლში. ამის შემდეგ „შემოქმედებითმა ჯგუფმა“ უკვე გალის რაიონის გამგებელი თორნიკე კილანავა გამოაჩინა, რომელმაც თვალისდაუხამხამებლად ისე დაამოწმა „აფხაზების მიერ გალელების დაშინების“ ზემოთაღნიშნული ფაქტი, თითქოს იმ წუთს თავად ყოფილიყო ყველაფრის მოწმე.

რადგან ბატონ თორნიკე კილანავას შევეხეთ, აქვე იმასაც მოგახსენებთ, რომ გამოგონილ ინფორმაციებზე ეს არ ყოფილა მისი პირველი და უკანასკნელი კომენტარი. ხშირ შემთხვევაში, ცაკლეული ტელეატხის მიერ აფხაზეთის თემაზე მოწოდებული ინფორმაცია მცდარია, თუმცა გალის რაიონის ლეგიტიმური ხელმძღვანელი, ქალბატონი ნანულივით, აბსოლუტური სიზუსტით იმეორებს იმ ტექსტს, რასაც კორესპონდენტი კარნახობს.
 
ვთქვათ, ჟურნალისტს არ ჰყოფნის შორმჭვრეტელობა და ვერ ხვდება, დეზინფორმაციის გავრცელებით, რამდენად შეიძლება ავნოს სახელმწიფოს და იმ ქართველ ხალხს, ვინც კონფლიქტის ზონაში ცხოვრობს, მაგრამ ოფიციალურ პირებს, მათ შორის გალის ლეგიტიმური ადმინისტრაციის ხელმძღვანელობას ამ ელემენტარული ჭეშმარიტების გააზრება ხომ მოეთხოვება? იმედია, ამ კითხვაზე ვინმე აუცილებლად გამცემს პასუხს, ახლა ისევ ზედაეწერის ეპიზოდს დავუბრუნდეთ.

ტელევიზიის და ოფიციალური პირების მონდომებით, იმ დღეს ამ სიუჟეტის მნახველი მთელი საქართველო თუ არა, ტელემაყურებელთა ის ნაწილი მაინც იოლად მოტყუვდა, ვინც სამეგრელოში არაა ნამყოფი და ვისაც ზედაეწერის ცენტრში ერთხელ მაინც არ გაუვლია.

მას შემდეგ, რაც ამ სიუჟეტზე დაყრდნობით, აფხაზური მხარის მიერ მთელ რიგ კანონდარღვებზე ალაპარაკდა პარლამენტი და საზოგადოება, დეზინფორმაციებისგან რამდენიმე დღით დაგვასვენეს. ზუსტად არჩევნების წინა დღეებში კი ეს თემა ისევ გააქტიურდა და ზედაეწერიდან ახლა ოდნავ გაახლებული კადრები შემოგვთავაზეს, რომელშიც უკვე არამარტო ზედაეწერელ, არამედ წალენჯიხელ „დევნილებასაც“ მიაღებინეს მონაწილეობა. მათ შორის ერთ-ერთი პიროვნება, რომელიც ზუგდიდში ტაქსის მძღოლად მუშაობს და 3 იანვარს ზედაეწერში გადამღებ ჯგუფს თავისივე ტაქსით ახლდა, გვარად ციმინტია გახლავთ, თუმცაღა „საზრიანმა“ კორესპონდენტმა გვარი შეუცვალა და ჯალაღონიად გაგვაცნო. სწორედ ამ ციმინტია-ჯალაღონიამ კამერების წინ საქართველოს მოსახლეობას რიხიანად მოახსენა, რომ აფხაზური ადმინისტრაცია მას და მის ახლობლებს აშინებს და სასტიკად უშლის ენგურის ხიდზე გადასვლას, არჩევნებში მონაწილეობის მიღებას და რაც მთავარია, სააკაშვილისთვის ხმის მიცემას. გზები გადაკეტილია, მაგრამო, ჩვენ არავის შევუშინდებით და შავი გზებით (ალბათ, „ჩორნი ხოდებით“ - ი. ბ.) მაინც გადავალთ და ხმას მივცემთო.

„შავი გზებით“ მოსიარულე ქართველები კი ტელეეკრანების საშუალებით მეორე დღესვე გვანახეს.

დეზინფორმაცია #2

4-5 იანვარს, რამდენიმე ტელეარხის ყველა საინფორმაციო გამოშვებაში გამოჩნდა კადრები, თუ როგორ მიმოდიოდნენ დანგრეულ შენობაში ხუთნომრიანი ქუდებითა და კაშნებით დამშვენებული ადამიანები, კორესპონდენტი კი გვაუწყებდა, რომ ისინი აფხაზებისგან მალულად გადმოდიოდნენ გალიდან, რათა ხმა მიეცათ მიხეილ სააკაშვილისთვის. ანუ, უნდა გვევარაუდა, რომ სწორედ ეს იყო ის „შავი გზა“, რომელიც პატივცემულმა ციმინტია-ჯალაღონიამ ახსენა. თუმცა, იმ დანგრეულ შენობას არაფერი აკავშირებს აფხაზეთთან, ვინაიდან თავის დროზე ის ზედაეწერის ჩაის ფაბრიკას წარმოადგენდა, დღეს კი მხოლოდ სოფლის ცენტრში არსებული ნანგრევების გროვაა. რაც შეეხება „მასოვკებში“ მონაწილე მოხალისეებს, ისინი ზედაეწერის ბაღის შენობაში კომპაქტურად ჩასახლებული დევნილები (რომლებიც აფხაზეთში მხოლოდ დღესასწაულებზე ან ნათესავების ქორწილებასა და გასვენებებში გადადიან) და საჭითანაოს უბნის ადგილობრივი მცხოვრებლები იყვნენ.

დეზინფორმაცია #3

არჩევნების დღეს ტელეეკრანებზე ასევე მრავალჯერ ვნახეთ კადრები, თუ როგორ გადმოდიოდა ფეხშიშველი ახალგაზრდა ანკარა ღელეზე, სიუჟეტში კი ნათქვამი იყო, რომ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად გალელ ამომრჩეველს მდინარე ენგურის გადალახვა ასე თავგანწირვით უხდებოდა. თუმცა, ვინც იცის, რომ წელიწადის ვერც ერთ დროს მდინარე ენგურს ანკარას ვერ იხილავთ და ვერც ისეთ ფონს უპოვით სადმე, შარვლის ტოტების დაუსველებლად გადმოხვიდეთ, ადვილად მიხვდებოდა, რასთან გვქონდა საქმე. სიმართლე გითხრათ, თავად ნამდვილად ვერ ვიცანი ის ადგილი, ვინაიდან ნანახი არ მქონდა, მაგრამ ზედაეწერელებმა მითხრეს, რომ ეს იყო ხელოვნური არხი ზედაეწერისა და რუხის საზღვარზე, რომელსაც რუხის ღელეს ეძახიან.

აქ არის ერთი საგულისხმო ფაქტიც. სიუჟეტებში ცალსახად იყო აქცენტი გაკეთებული იმაზე, რომ სააკაშვილისთვის ხმის მიცემას უშლიდნენ გალელებს და ამიტომ უკეტავდნენ გზებს. თითქოს გეგონება, სხვა კანდიდატების მომხრეებს სულ ზურნა-დუდუკით აცილებდნენ გამოღმა. 

ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ არც 5 იანვარს და არც მანამდე, მთელი საარჩევნო დუღილის განმავლობაში აფხაზურ ადმინისტრაციას, არც ენგურის ხიდი ჩაუკეტავს და არც სხვა ადმინისტრაციული საზღვარი. ჯერ კიდევ 1 იანვარს საბერიოდან წალენჯიხის რაიონის სოფელ ფახულანის გავლით თავისუფლად გადმოვიდნენ ჩემი ნათესავები სამეგრელოში, 5 იანვარს მონაწილეობა მიიღეს არჩევნებში და 8 იანვარს ასევე თავისუფლად დაბრუნდნენ უკან. იგივე არჩევნების დღეს, მიუხედავად თორნიკე კილანავას და გალის ლეგიტიმური ადმინისტრაციის კოორდინატორის პაატა შამუგიას მტკიცებისა, რომ საზღვარი ჩაკეტილი იყო, ენგურის ხიდზე აბსოლუტურად უპრობლემოდ მიმოდიოდნენ გალელი ქართველები,  თუმცა კანტი-კუნტად. როგორც ერთ-ერთმა მათგანმა ამიხსნა, გადმოსვლის მსურველი უფრო მეტი იყო, მაგრამ სატელევიზიო აგიტაციით შეშინებულებმა თავი შეიკავეს და ამიტომ, მხოლოდ ისინი მოვდივართ, ვისაც აუცილებელი საქმე გვაქვსო. „არადა, გადმოსვლა არავის დაუშლია. ოღონდ აფხაზმა მესაზღვრეებმა გაგვაფრთხილეს, ზუგდიდში რომ გადახვალთ, ჟურნალისტებს ტყუილებს ნუ ეტყვით, თორემ უკან მობრუნებულებს თქვენი ნათქვამი წინ დაგხვდებათო“, - მითხრა 5 იანვარს ენგურის ხიდზე გალის რაიონიდან გადმოსულმა ახალგაზრდამ. მანვე მომიყვა, ადრე ხიდზე როგორ ხვდებოდნენ, ხოლმე, ამა თუ იმ არხის რეგიონალური კორესპონდენტი გალელებს და თხოვდნენ კამერების წინ ეთქვათ ის, რასაც თავად უკარნახებდნენ, მერე მათ ნათქვამზე კომენტარს გალის ადმინისტრაცია აკეთებდა. ახლა კარგა ხანია, ინტერვიუებზე აქ არ მოდიან და სადღაც სხვაგან აკეთებენ სიუჟეტებსო.

ეტყობა, გალის ქართული მოსახლეობა მიხვდა, რომ მსგავსი საქციელით იმ ტოტს ჭრიდნენ, რომელზედაც სხედან და ნაკარნახევს უკვე აღარ იმეორებენ, ამიტომაც გადაინაცვლა გადაღებებმა ენგურის ხიდიდან ზედაეწერში. იქ არის დანგრეული შენობები, დაჟანგული მემორიალი, დგას ნახევრად გამხმარი პალმები და ცარიელი მაღაზიის შენობა, რომელსაც რუსული წარწერა შერჩენია. ამ გარემოებების გამო, ჩემს პატივცემულ კოლეგებს რატომღაც ჰგონიათ, რომ ერგვარ ილუზიას უქმნიან მაყურებელს, თითქოს ეს ყველაფერი გალშია გადაღებული. არადა, ქართველი  ჟურნალისტისთვის დღეს მიკროფონითა და ვიდეოკამერით გალის რაიონში გადასვლა, თითქმის შეუძლებელია. შეუძლებელია, პირველ ყოვლის, სწორედ იმიტომ, რომ ძალიან ხშირად აბსურდული დეზინფორმაცია ასე დაუფიქრებლად ვრცელდება, რის გამოც ისევ იქ მცხოვრები ქართველები ზარალდებიან.
 
როგორც ჩემთვის ცნობილია, ადრე მსგავს ცრუ ინფორმაციებზე აფხაზური ადმინისტრაციის წარმომადგენლებს მძაფრი რეაქცია ჰქონდათ და საკამოდ მკაცრად თხოვდნენ პასუხს იქაურ ქართველებს, მერე და მერე ისინიც შეეჩვივნენ და უკვე კი არ ბრაზდებიან დეზინფორმაციებზე, უბრალოდ ენგურსგაღმელებსაც და გამოღმელებსაც მწარედ დაგვცინიან.

ამ თემაზე გალის რაიონის დაბალი ზონის ერთ-ერთი სოფლის მკვიდრიც მესაუბრა, რომელთანაც საუბრის დასაწყისში ჩემი პროფესიისა და კოლეგების გამო, თავის მართლებამ მომიწია. როგორც კი გაიგო, რომ ჟურნალისტი ვიყავი, საკმაოდ უხეშად მელაპარაკა და საყვედურებით ამავსო.

ვინ გავალებთ და რატომ ამბობთ ამდენ ტყუილს, ნუთუ ვერ ხვდებით რომ ცხოვრებას გვირთულებთ. ვინც დევნილობაშია და დღემდე მათხოვრულ 14 ლარიან შემწეობას შეჰყურებს, მათი ნაწილი დროებითი საცხოვრებელი ადგილებიდანაც გამოყარეთ, ახლა გინდათ თქვენი საქციელის გამო აფხაზებმა ჩვენც კიდევ ერთხელ გაგვყაროს აქედან?

ასეთი იყო მისი პრეტენზია ქართული ჟურნალისტიკის მიმართ. მანვე მითხრა, რომ არც ქართველთა სახლების დაწვის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია შეესაბამებოდა სინამდვილეს.

ამ დღეებში აფხაზებს არავისი სახლი არ დაუწვავთ და საიდან მოიტანეს ის კადრები ან როდიდნდელი იყო, ვერ გეტყვითო.

ძალიან არ მინდა, ვინმემ იფიქროს, თითქოს ამ მასალით აფხაზი კრიმინალების ადვოკატად გამოვდიოდე. პირიქით, როგორც საკითხში ღრმად ჩახედულს, მიმაჩნია, რომ ამ თემაზე დიახაც ბევრია საწერი, სათქმელი და საყვირალი, მაგრამ არა გამოგონილ და ტყუილ ფაქტებზე, არამედ იმაზე, რაც სინამდვილეში ხდება.

ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, რომ გალის რაიონის ქართველ ბავშვებს სკოლებში საგნებს რუსული სახელმძღვანელოებითა და რუსეთის პროგრამით ასწავლიან და როცა მოსწავლე მათემატიკას ან ბოტანიკას რუსულად ვერ იგებს, მასწავლებელი იძულებულია მეგრულად აუხსნას; რომ ქართულ ენას იქ მხოლოდ უცხო ენის სტატუსი აქვს; რომ საზეიმო ღონისძიებებზე ქართველებს მშობლიურ ენაზე სიტყვით გამოსვლას უშლიან და აიძულებენ რუსულად, აფხაზურად და მეგრულად მიმართონ ხალხს; რომ იქაურებს ქართული პასპორტების ნაცვლად აფხაზური პასპორტების აღება უხდებათ; რომ ქართველ წვევამდელებს აფხაზურ ჯარში იწვევენ; რომ იქ წარა-მარა ილახება ქართველი მოსახლეობის უფლებები; რომ კონტრაბანდულმა საქონელმა წალეკა იქაურობა და სხვა მრავალი. აი, რაზე უნდა ვამახვილებდეთ ყურადღებას, თორემ იმ ფაქტის გაშუქებით, გალში "მიშა მაგარიას" ხმამაღლა რომ ვერავინ იძახდა, საერთაშორისო თანამეგობრობას, ალბათ, ვერ გავაკვირვებთ.

თუ ვინმეს მოუვა აზრად, რომ ის სიუჟეტები, რაც ზემოთ ვახსენე, დეზინფორმაციები კი არა საინფორმაციო პოლიტიკის ნაწილია, მათ ვკითხავ. როცა კონფლიქტების მოგვარების სახელმწიფოებრივი პოლიტიკა მიმართულია იქითკენ, რომ მხარეებს შორის ნდობა და თანხმობა უნდა აღდგეს, რომ ერთმანეთთან მშვიდობიანი გზით უნდა მივიდეთ, ასეთი სახის ბინძური კამპანიის წარმოება რამდენად შეუწყობს ხელს ჩვენს დაახლოებას? საინფორმაციო ომია ეს თუ ეთნიკური კონფლიქტის ხელოვნური გაღრმავება?

თუ არ მეთანხმებით, კიდევ ერთ დეზინფორმაციას გაგაცნობთ.

დაახლოებით სამი თვის წინ, ერთ-ერთი ტელეარხიდან გვაუწყეს ინფორმაცია, რომ ენგურის ხიდზე მიმავალ ქართველს აფხაზმა მესაზღვრეებმა ისეთი შეურაცხყოფა მიაყენეს, მისმა გულმა ვერ გაუძლო და ადგილზე გარდაიცვალა. ზუსტად ამ სიტყვებით დაამოწმა ეს ფაქტი, ბატონმა თორნიკე კილანავამ. მეორე დღეს შევიტყვე, რომ გარდაცვლილი გალის რაიონიდან დევნილი, ჩემთვის კარგად ცნობილი უზადო პიროვნება, როლანდ (როლიკო) შონია იყო, რომელიც წლების განმავლობაში აჩიგვარას ინდუსტრიული ტექნიკუმის დირექტორად მუშაობდა და ნახევარი აფხაზეთი იცნობდა. მას აფხაზებთანაც მშვენიერი ურთიერთობა ჰქონდა, ამიტომ ენგურის ხიდზე გადასვლა-გადმოსვლისას არასდროს შექმნია პრობლემები. გული აწუხებდა და იმ დღესაც, ზუგდიდიდან გალში მიმავალს, დილიდანვე ცუდად უგრძვნია თავი, მაგრამ საქმის გამო მაინც წასულა. ხიდზე მოძრავი ავტობუსიდან როგორც კი ჩავიდა, მაშინვე უთქვამს ცუდად ვარო. აფხაზებს მოსაცდელის მერხზე წამოუწვენიათ, სხვა მოქალაქეებისთვის დახმარება უთხოვიათ, სასწრაფო დახმარებაც გამოუძახიათ, მაგრამ ექიმების მოსვლამდე როლიკო გარდაცვლილა. ჟურნალისტმა და გალის ლეგიტიმურმა მთავრობამაც უმალ "სენსაცია¬გამოაცხვეს" და მისი სიკვდილი აფხაზებს დააბრალეს.

ჰოდა ისევ ვსვამ კითხვას, მიგვიყვანს ეს გზა ნდობის და ურთიერთობის აღდგენამდე ან არგებს ქართულ ჟურნალისტიკას მსგავსი დეზინფორმაციების გამოგონება?

დღეს სამეგრელოსა და აფხაზეთში ჟურნალისტს უყურებენ, როგორც მატყუარა ადამიანს, ვინც ფულის გულისთვის ნებისმიერ შეკვეთას შეასრულებს და ნებისმიერ ბინძურ გარიგებაზე წავა.

მე არ მინდა ასე იყოს, მე ამის გამო მრცხვენია.

ჟურნალისტებს ძალიან მაღალი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა გვეკისრება, ამიტომ დღეს ჩვენს პროფესიონალიზმში, ჩვენს კომპეტენტურობაში, ჩვენს აზროვნებასა და თვითშეგნებაში არავის უნდა შეეპაროს ეჭვი.

სწორედ ამის გამო მოვიტანე თქვენამდე ეს წერილი. აქვე, მინდა, იცოდეთ, რომ რასაც ვამბობ, არ არის ყველაფერი ის, რისი თქმაც შემიძლია, უბრალოდ ამ ჯერზე, თავს მეტად არ შეგაწყენთ, თუმცა ერთ რამეს გთხოვთ.

თუ ფიქრობთ, რომ მე ვცდები და ჩამოთვლილი ფაქტები დეზინფორმაცია კი არა, მართლაც სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილია, დამარწმუნეთ ამაში და გპირდებით, ყველა ამ უმსგავსობაზე თავადაც თვალს დავხუჭავ და ჩემს პროფესიონალ კოლეგებსაც ვურჩევ, იგივე გააკეთონ.

თუ მეთანხმებით, რომ ჩემს ნაამბობს არაფერი აქვს საერთო სახელმწიფო პოლიტიკასთან და მართლაც არაპროფესიონალიზმის შედეგად მიღებული ბინძური დეზინფორმაციაა, მაშინ ერთად დავგმოთ მსგავსი მოვლენა და ერთად ვიბრძოლოთ ისეთი პროფესიონალური სტანდარტების დანერგვისთვის, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს აფხაზურ და ქართულ საზოგადოებებს შორის გაუცხოების დაძლევას და ნდობის მოპოვებას.

თუ არც ერთი იქნება და არც მეორე, მაშინ ერთადერთი გამოსავალი დამრჩება. იძულებული ვიქნები, ეს მასალა პრესის საშუალებით ფართოდ გავაშუქო და ძალიან გთხოვთ, მერე ანტისახელმწიფოებრივ აზროვნებასა და ქვეყნის მტრობას ნუ დამწამებთ.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC