კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მოსამართლე - კეთილი ღიმილითა და მრუდე ხელებით

25 სექტემბერი, 2009

ნინო ონიანის დანაშაული 2-დან 4-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

მადლენ მაჭარაშვილი

ქართულ სასამართლოში ყველაფერი ხდება. უსამართლობის წინააღმდეგ მებრძოლი ადამიანი  ხელისუფლების ამ შტოში შესაძლოა, ყველაზე დიდ უსამართლობას წააწყდეს.

მოსამართლე ნინო ონიანის, ისევე, როგორც მისი ყველა კოლეგის, პროფესიული ვალია სამართლიანი გადაწყვეტილებების მიღება და ამ გზით ადამიანის უფლებების დაცვა. თუმცა თემიდას მსახურის ობიექტურობა დღეს ეჭვქვეშ დგას - ონიანს თავად ედება ბრალი სასამართლო ოქმების გაყალბებაში.

მოსამართლე ნინო ონიანის მიმართ ასეთი ეჭვი მოქალაქე მერაბ ყუბანეიშვილის საქმის განხილვის დროს გაჩნდა. კონკრეტული დოკუმენტებით დასტურდება, რომ სასამართლოს საქმის მასალებში არშემდგარი სხდომის ოქმებიც დევს.

სასამართლო საქმის წინა ისტორია ასე იწყება: დაბა წყნეთში მდებარე აგარაკი წლების განმავლობაში მერაბ ყუბანეიშვილისა და მისი დეიდაშვილის, დავით ჭუმბურიძის, საკუთრება იყო. ჭუმბურიძემ მოგვიანებით დეიდაშვილს შესთავაზა, რომ საერთო აგარაკიდან კუთვნილ წილს 30 ათას დოლარად მიჰყიდდა და, შესაბამისად, ამ აგარაკის ერთადერთი პატრონიც მერაბ ყუბანეიშვილი გახდებოდა. იმ დროისთვის რუსეთში მცხოვრებმა მერაბ ყუბანეიშვილმა დეიდაშვილს 15 ათასი დოლარი თბილისში საბანკო გადარიცხვის გზით გამოუგზავნა. დავით ჭუმბურიძემ კუთვნილი თანხის სრულად აღებამდე წყნეთის აგარაკი ჯერ დააგირავა, შემდეგ კი კონკრეტულ მევალეს ვალის საფასურად დაუტოვა. როგორც მერაბ ყუბანეიშვილი ჩვენთან საუბარში ამბობს, დეიდაშვილისგან მოსკოვიდან გამოგზავნილი 15 ათასი დოლარი რომ ამოეღო, სასამართლოს თბილისში, იაშვილის 24-ში, მდებარე დავით ჭუმბურიძის კუთვნილი  სახლი დააყადაღებინა და,   სასამართლო ყადაღის მიუხედავად, ჭუმბურიძესა და მის მევალეს, თოიძეს, შორის დადებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება საჯარო რეესტრში უპრობლემოდ გაფორმდა. ჩვენი გამოძიების თემას არ წარმოადგენს იაშვილის ქუჩაზე მდებარე სახლის დაყადაღების საკითხი და იმის გარკვევა, რამდენად სარწმუნოა ამის შესახებ ყუბანეიშვილის მიერ    ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაცია. ჩვენი საგამოძიებო ჯგუფი მომავალში დაინტერესდება იმის გარკვევით, რა სამართლებრივ საფუძველზე „დააყადაღებინა“ ყუბანეიშვილმა სხვისი ბინა მაშინ, როცა, ჩვენი ინფორმაციით, არ არსებობდა არანაირი იურიდიული ხელშეკრულება ყუბანეიშვილსა და ჭუმბურიძეს შორის უძრავი ქონების გაყიდვის საფასურად თანხის გადახდაზე. ჩვენი გამოძიების თემა გახლავთ საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ განყოფილებაში ოქმების გაყალბების საკითხი, რაც ჩვენ მიერ მოძიებული დოკუმენტებითა და სხვადასხვა მასალით დასტურდება. ყუბანეიშვილი ამბობს, რომ რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურის თანამშრომელმა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ არსებული სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაითვალისწინა და საკუთრების დოკუმენტი მისი გვერდის ავლით გასცა.

მერაბ ყუბანეიშვილმა დედასთან, ეთერ ხაჩიძესთან, ერთად საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ განყოფილებას 2005 წლის 6 მაისს მიმართა და საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობა მოითხოვა. სასამართლომ ყუბანეიშვილის სარჩელი წარმოებაში მიიღო და მისი განხილვა მოსამართლე ნინო ონიანს დაავალა. სწორედ, ასე დაიწყო საქმე #3/1035.

პირველი სასამართლო სხდომა 2005 წლის 9 ივნისს გაიხსნა, თუმცა იმ დღეს მოსამართლე ნინო ონიანს საქმის არსებითი განხილვა არ დაუწყია. ოქმის თანახმად, სხდომა საჯარო რეესტრის წარმომადგენლის გამოუცხადებლობის გამო გადაიდო.

როგორც მოსარჩელე მერაბ ყუბანეიშვილმა გვითხრა, მოსამართლემ სხდომა მას შემდეგაც რამდენჯერმე გადადო: „ყველა დანიშნულ სხდომაზე მივედი და უკან რამდენჯერმე იმ მიზეზით გამომაბრუნეს, რომ მოპასუხე მხარე, საჯარო რეესტრის წარმომადგენელი, არ გამოცხადდა. ჩვენთან ჩამოდიოდა მოსამართლის თანაშემწე, მე და ადვოკატს გვეტყოდა: იცით, საჯარო რეესტრი არ მოვიდა და მოსამართლემ გადაწყვიტა, სხდომა გადადოს. არადა, საპროცესო კოდექსის თანახმად, მოსამართლემ უნდა გახსნას სხდომა, ნახოს, ვინ მოვიდა, ვინ არ მოვიდა. ხელმოწერით დასტურდება, გამოცხადდნენ თუ არა პროცესზე მხარეები. ამის შემდეგ დგება სხდომის გახსნისა თუ გადადების საკითხი. ჩვენთან მოსამართლის თანაშემწე სხვადასხვა დროს 4-ჯერ ჩამოვიდა ერთი და იმავე ტექსტით: საჯარო რეესტრი არ გამოცხადდა და გადავწყვიტეთ, სხდომა გადავდოთ. მოსამართლესთან, როგორც წესი, რამის გასარკვევად არავინ მიგიშვებს. მეც დავმორჩილდი ამ სიტუაციას.“

მოსამართლე ნინო ონიანმა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება 2006 წლის 6 ივნისს გამოაცხადა. სასამართლო სხდომაზე მოსამართლემ ყუბანეიშვილისა და ხაჩიძის სარჩელი დაუშვებლად ცნო. ამით სასამართლოს პირველ ინსტანციაში საქმის წარმოება შეწყდა. ყუბანეიშვილმა გადაწყვიტა მოსამართლის გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრება.

მერაბ ყუბანეიშვილი: „სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი საქალაქო სასამართლოში მეხუთე სხდომაზე მითხრეს. იურიდიულად გამართული სააპელაციო საჩივარი რომ დამეწერა, სასამართლოს საქმის მასალების გაცნობა მოვითხოვე. აღმოვაჩინე, რომ საქმეში ოთხი არშემდგარი სხდომის ოქმი არსებობს.

ამ ყალბ ოქმებში საუბარი იყო იმაზეც, რომ თითქოსდა სასამართლო სხდომებს დედაჩემი ესწრებოდა. არადა, ამ დროს დედა მწოლიარე ავადმყოფი იყო და, არათუ სასამართლოზე მისვლას, სახლში გადაადგილებასაც ვერ ახერხებდა.
 

ერთ-ერთ ოქმში ისიც წერია, რომ დედაჩემმა კონკრეტული შუამდგომლობებიც დააყენა სასამართლოზე და სხდომის გადადება მოითხოვა. მოსამართლესა და სხდომის მდივანს სულ ერთი და იგივე რომ არ დაეწერათ, ხან ჩემზე წერდნენ, რომ არ გამოვცხადდი სხდომაზე, და ხან - დედაჩემზე. ოქმების თანახმად, დედაჩემი სამ პროცესში არის მონაწილედ გამოყვანილი.“

ჩვენ მიერ მოძიებულ სასამართლოს სხდომის ოქმებში მართლაც წერია, რომ მოქალაქე ეთერ ხაჩიძე ესწრებოდა საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომებს.
2005 წლის 9 ივნისის სასამართლოს სხდომის ოქმი ასეთ მონაცემებს შეიცავს: სხდომას ესწრებიან მოსამართლე ნინო ონიანი, სხდომის მდივანი ც. გახელაძე; მოსარჩელეები:  ეთერ ხაჩიძე და მერაბ ყუბანეიშვილი. არ ესწრება მოპასუხე მხარე _ საჯარო რეესტრის წარმომადგენელი.

2006 წლის 27 აპრილის სხდომის ოქმის თანახმად კი, მოსამართლესა და სხდომის მდივანთან ერთად სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა მოსარჩელე ეთერ ხაჩიძე, არ გამოცხადებულა - მერაბ ყუბანეიშვილი. ასევე არ გამოცხადდა საჯარო რეესტრის წარმომადგენელი.

სხდომის ოქმების „ჭეშმარიტებას“ ეჭვქვეშ აყენებს სამედიცინო დაწესებულებების მიერ გაცემული ცნობები, რომლებიც ჩვენმა საგამოძიებო ჯგუფმა მოიპოვა.
თბილისის #13 პოლიკლინიკის მკურნალი ექიმის, ნემსიწვერიძის, მიერ ხელმოწერილი სამედიცინო ცნობის თანახმად, ეთერ ხაჩიძე 2003 წლიდან მარცხენა ბარძაყის ძვლის ყელის მოტეხილობის გამო იყო ავად.

მას შემდეგ ხაჩიძის მდგომარეობა დამძიმდა. ავადმყოფს სიმსივნე ჩამოუყალიბდა. 2004 წლის 20 თებერვლის სამედიცინო დოკუმენტში უკვე ასეთ ჩანაწერს ვკითხულობთ: „ავადმყოფი საჭიროებს ოთახში გადასაადგილებელ ეტლს.“
2006 წლის 4 აგვისტოს ავადმყოფის ამბულატორიული სტაციონარის სამედიცინო ბარათი ასეთ ინფორმაციას შეიცავს: 2005 წლის მარტიდან პაციენტი არის მწოლიარე - ბინაზე.
ეთერ ხაჩიძის მძიმე ავადმყოფობას ადასტურებენ გიორგი ლეონიძის #18-ში მცხოვრები მისი მეზობლები და მომვლელები. მათი თქმით, ხაჩიძეს დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეეძლო და მისთვის შვილები წლების განმავლობაში დღისა და ღამის მომვლელებს ქირაობდნენ.

როგორ უნდა მოეხერხებინა ასეთ ავადმყოფს სასამართლოს სხდომაში მონაწილეობა? წინააღმდეგ შემთხვევაში კი - როგორ მოხვდა სხდომის ოქმებში ეთერ ხაჩიძის სახელი და გვარი?
ამ კითხვებზე სასამართლოს ოფიციალური წერილობითი განმარტება ასეთია: ერთ-ერთ სხდომაზე დარბაზიდან კონკრეტულმა პიროვნებამ წამოიძახა, მე ვარ ეთერ ხაჩიძეო, სხდომის მდივანმა კი საჭიროდ არ მიიჩნია, მისი პირადობის მოწმობა შეემოწმებინა.
ყუბანეიშვილის ინტერესების დამცველის ადვოკატ მაია ხუციშვილის კომენტარი ასეთია:  „სასამართლომ წერილობით განმარტებაში ასეთი რამ მოგვწერა: 2005 წლის 9 ივნისის პროცესზე ყუბანეიშვილი არ გამოცხადებულა. ამდენად, მას არ შეიძლებოდა სცოდნოდა, ხაჩიძე იყო თუ არა პროცესზე. ამ დროს სხდომის ოქმში გარკვევით წერია, რომ გამოცხადდა ორივე მოსარჩელე და არ გამოცხადდა საჯარო რეესტრის წარმომადგენელი. სასამართლოს ეს პასუხი და სხდომის ოქმი აშკარად ურთიერთწინააღმდეგობრივია. საქმე ის არის რომ ქალბატონი ხაჩიძე ყუბანეიშვილის დედა იყო და მან კარგად იცოდა, დედამისს სახლიდან გასვლა და სიარული რომ არ შეეძლო.

სხდომის მდივანი განმარტებაში ასეთ რამეს ამბობს: დარბაზში ადგა ერთი პიროვნება, რომელმაც თქვა, მე ვარ ხაჩიძეო. მდივანმა მას არ მოსთხოვა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. არადა, ეს მისი პირდაპირი მოვალეობა იყო.
თუ სხდომის ოქმებს დავუჯერებთ, ეთერ ხაჩიძე რამდენჯერმე იყო მისული სხდომაზე. ის ამ შემთხვევაში მოსამართლეს და სხდომის მდივანს ვიზუალურადაც კი უნდა ეცნოთ და დარბაზში მყოფი უცნობი პირისგან ადვილად გაერჩიათ. ყველაფერი ადასტურებს იმას, რომ სხდომის ოქმში ჩანაწერი გაყალბებულია.“

მას შემდეგ, რაც ყუბანეიშვილი და მისი დამცველები მოსამართლის მიერ ოქმების გაყალბებაში დაეჭვდნენ, ნინო ონიანის წინააღმდეგ საჩივარი იუსტიციის  უმაღლეს საბჭოში შეიტანეს. იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილება არ გახმოვანებულა. სასამართლოს სამივე ინსტანციიდან კი მერაბ ყუბანეიშვილსა და მისი ინტერესების დამცველებს ერთი და იმავე ტექსტით უპასუხეს: „იუსტიციის საბჭოს მოსამართლის დასჯის შესახებ ინფორმაციის გაცემას კანონი არ ავალდებულებს“.

მერაბ ყუბანეიშვილი: „თუ მოსამართლის შესახებ მისთვის მიწოდებულ ინფორმაციაში იუსტიციის უმაღლესი საბჭო სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს აღმოაჩენს, იგი  ვალდებულია, საქმე პროკურატურას გადაუგზავნოს. გამოდის, იუსტიციის საბჭომ საქმეში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები „ვერ იპოვა“. ამის შემდეგ თავად დავწერე საჩივარი პროკურატურაში, დავურთე მას შესაბამისი დოკუმენტები და კანცელარიაში ჩავაბარე. მოგვიანებით მომწერეს, რომ საქმე ისევ იუსტიციის საბჭოში გადააგზავნეს.“

ადვოკატ მაია ხუციშვილის განმარტებით, მოსამართლე ნინო ონიანის მიერ სასამართლოს ოქმის გაყალბების საქმე ჯერ არ შეწყვეტილა. ამ ეტაპზე მას მთავარი პროკურატურის გამომძიებელი თემურ ყულოშვილი იძიებს.
მოსამართლეს ბრალი სამოხელეო დანაშაულში ედება. სამოხელეო დანაშაული და მის გამო პასუხისმგებლობა კი სისხლის სამართლის კოდექსის 341-ე მუხლით არის განსაზღვრული. აღნიშნული მუხლი სამსახურებრივი სიყალბისა და დოკუმენტში ან დავთარში ყალბი მონაცემის შეტანის გამო 2-დან 4-წლამდე პატიმრობას ან ჯარიმის გადახდას ითვალისწინებს.
 

ადვოკატ მაია ხუციშვილის განმარტებით, „თუ საქმე სისხლის სამართლის წესის შესაბამისად წარიმართება და მოსამართლეს პასუხისგებაში მისცემენ, ამას ჩვენც შევიტყობთ, რადგან ასეთი განაჩენი არის საჯარო. მაგრამ, თუ მოსამართლის წინააღმდეგ საქმე დისციპლინური პასუხისმგებლობის წესით წარიმართება, შედეგს ვერ შევიტყობთ. ასეთი შედეგი შეიძლება იყოს საყვედური, გაფრთხილება... ჯერჯერობით სისხლის სამართლის საქმე არ შეწყვეტილია, გამოძიება მიმდინარეობს. მაგრამ იმისათვის, რომ დამნაშავედ ცნო ესა თუ ის პირი, უნდა არსებობდეს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენი.“

ვიდრე მოსამართლე ნინო ონიანის დამნაშავეობას სასამართლო და მისი კოლეგები არ დაადასტურებენ, მოსამართლის მანტიით შემოსილი ქალბატონი კიდევ ბევრ საეჭვო გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.

ჩვენმა საგამოძიებო ჯგუფმა ნინო ონიანის მიერ განხილული ის საქმეები მოიძია, რომლებზეც მან ყუბანეიშვილის საქმის შემდეგ გამოიტანა გადაწყვეტილებები. ამ საქმეების შესწავლისა და ერთად თავმოყრის შემდეგ გამოიკვეთა ტენდენცია: ონიანი ის მოსამართლეა, რომელიც, ძირითადად, პიროვნებასა და სახელმწიფო ადმინისტრაციულ ორგანოებს შორის სადაო საკითხებს განიხილავს და, როგორც წესი, გადაწყვეტილება ამ უკანასკნელთა სასარგებლოდ გამოაქვს. მას ახასიათებენ, როგორც მშვიდ, თავაზიან, ერთი შეხედვით კეთილგანწყობილ ადამიანს, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს მოსამართლის სახეზე აღბეჭდილ ღიმილს, თუკი ხელები ხელისუფლების დაკვეთასა და ადამიანის უფლების შელახვას ემსახურებიან?

მედეა გოცაძის საქმე - მოსამართლე ნინო ონიანი

2007 წელს უნივერსიტეტის მასწავლებელმა მედეა გოცაძემ საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში სარჩელი შეიტანა და უნივერსიტეტში ჩატარებული კონკურსიდან თავისი კანდიდატურის უკანონოდ მოხსნა გააპროტესტა. გოცაძის კონკურსიდან მოხსნა უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ სამართლებრივი აქტით გააფორმა.

კახა კოჟორიძე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, გოცაძის ადვოკატი: „ჩვენი მოთხოვნა იყო კონკრეტული ადმინისტრაციული, სამართლებრივი აქტის არარად აღიარება. მოსამართლე ნინო ონიანმა თქვა, რომ ეს აქტი უკანონო იყო. მაგრამ არარად კი არ აღიარა - ბათილად ცნო. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის თანახმად, მოსამართლეს არ აქვს უფლება, გასცდეს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს. მან ან სრულად უნდა დააკმაყოფილოს სარჩელი იმ მოთხოვნის ფარგლებში, რომელზეც აპელირებს მოსარჩელე, ან ნაწილობრივ დააკმაყოფილოს, ან სარჩელის დაკმაყოფილებაზე, საერთოდ, უარი თქვას.

საქმეში მოპასუხე მხარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იყო. უნივერსიტეტმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა. ამის შემდეგ კი სააპელაციო სასამართლომ ნინო ონიანის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გააუქმა. საქმე ხელახლა განსახილველად პირველი ინსტანციის სასამართლოს და ისევ ონიანს დაუბრუნდა. მან სხვა მოსამართლეს გადააწერა. სხვა მოსამართლემ თქვა, რომ ეს საქმე სასამართლოს ადმინისტრაციული კოლეგიის განსჯის საგანი არ არისო და სამოქალაქო სასამართლოს გადაულოცა. სარჩელის განხილვიდან დღემდე ორნახევარი წელი გავიდა და ჯერ არანაირი შედეგი არ ჩანს.

სასამართლოს კანონის მოთხოვნები რომ დაეცვა, საქმე ამ დროისთვის უზენაესშიც დასრულებული უნდა ყოფილიყო. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რამაც საქმის გაჭიანურება და გოცაძის ბედის გაურკვევლობა გამოიწვია, სწორედ, პირველი ინსტანციის მოსამართლის მიერ კანონის ელემენტარული მოთხოვნის დარღვევა იყო.“

ჩახალიანების საქმე - მოსამართლე ნინო ონიანი

ახალქალაქში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს,  ეროვნებით სომეხ რუბენ, არმენ და ვაჰაგან ჩახალიანებს ბრალად სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მძიმე დანაშაულები ედებათ. ერთ-ერთი განსასჯელის, ვაჰაგან ჩახალიანის, დედამ შვილის დაცვის მიზნით საფრანგეთში მცხოვრები ეროვნებით სომეხი, საფრანგეთის ადვოკატთა ასოციაციის წევრის, პატრიკ არაპიანის, აყვანა გადაწყვიტა. არაპიანი საქართველოში გამოემგზავრა. მაგრამ იუსტიციის სამინისტრომ საქმეში ადვოკატად ჩართვაზე უარი უთხრა. მანამდე ამ უწყებას ჩახალიანის დასაცავად სხვა ადვოკატმაც მიმართა. მას საქმეში ჩართვის ნება არ დართეს.

იუსტიციის სამინისტროს უარი შემდეგ არგუმენტებს ემყარებოდა: ჩახალიანს უკვე ჰყავს ერთი - დანიშნული ადვოკატი და კიდევ ერთი ადვოკატი მისთვის ზედმეტია. არ უნდა დაკმაყოფილდეს ადვოკატის ჩართვის მოთხოვნა იმიტომ, რომ ეს გამოიწვევს სისხლის სამართლის პროცესის გაჭიანურებას.
 

ნინო ანდრიაშვილი, ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელი, ჩახალიანის ადვოკატი: „ჩახალიანის დედამ სასამართლოში სარჩელი ადმინისტრაციული წესით შეიტანა. საქმე მოსამართლე ნინო ონიანს დაეწერა. ჩვენი მოთხოვნა იუსტიციის სამინისტროს იმ უკანონო ბრძანების ბათილად ცნობა იყო, რომლითაც ჩახალიანს დაცვის უფლება შეეზღუდა.
 

ბრძანება უკანონო იყო იმიტომ, რომ იუსტიციის სამინისტრო თავისი უფლებამოსილების ფარგლებს გასცდა და მოქალქისათვის კონსტიტუციის 42-ე მუხლით მინიჭებული დაცვის უფლება შელახა. კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს მოქალაქეს აქვს უფლება, იმდენი ადვოკატი აიყვანოს, რამდენიც სურს.
ჩახალიანების საქმე ახალქალაქის სასამართლოში განიხილებოდა და მხოლოდ ახალქალაქის მოსამართლეს ჰქონდა განსასჯელისთვის უარის თქმის უფლება მეორე ადვოკატის აყვანაზე იმ მოტივით, რომ პროცესები უკვე იმართებოდა და ახალი ადვოკატის ჩართვა საქმეს გააჭიანურებდა. იუსტიციის სამინისტროს კი ასეთი ბრძანების გაცემის უფლება არ ჰქონდა. სავარაუდოა, რომ იუსტიციის სამინისტრომ, რომელსაც უწყებრივად ექვემდებარება პროკურატურა, სწორედ, პროკურატურის, სახელმწიფო ბრალმდებლის, ინტერესები დაიცვა და ამისთვის მოქალაქეს კონსტიტუციით მინიჭებული დაცვის უფლება წაართვა.

მოსამართლე ნინო ონიანმა კი საქმეში „ვერ აღმოაჩინა“ ასეთი აშკარა დარღვევა. ასე რომ, მისი სახელით უმაღლესმა მართლმსაჯულებამ (სასამართლო ხელისუფლებამ, რომელსაც აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებების კონტროლიც ევალება) აღმასრულებელი ხელისუფლების სასარგებლოდ უკანონოდ გამოტანილი გადაწყვეტილებით ადამიანის უფლება შელახა.

ცხადია, სასამართლოს იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებისთვის ბრმად კი არ უნდა დაეჭირა მხარი, არამედ უნდა ეღიარებინა, რომ სამინისტრომ კანონი დაარღვია, როდესაც საქართველოს მოქალაქეს ადვოკატის აყვანის უფლება შეუზღუდა. ასე მოხდებოდა სამართლიან სასამართლოში და სამართლიან სახელმწიფოში“.

ჟურნალისტური გამოძიების ხელმძღვანელი ლია ტოკლიკიშვილი
პუბლიკაცია მომზადებულია „ადამიანის უფლებათა ცენტრისა“ და ჟურნალ „სიტყვის“ მიერ პროექტის - „სასამართლო სისტემის მონიტორინგი“ ფარგლებში.
პროექტის მხარდამჭერია „ევრაზიის პარტნიორობის ფონდი.“

ახალი ამბები