კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„პატრიოტული“ საქმეები გორის პროკურატურაში

28 სექტემბერი, 2009

ანუ ვინ ეხმარებოდა ოკუპანტებს და ვინ სცემდა მეზობლებს

საბა წიწიკაშვილი, გორი

„პატრიოტული თავგანწირვის“ თემა გორის რაიონში კვლავ აქტუალურია. ერთი წლის შემდეგაც აგვისტოს მოვლენების პერიოდში ქალაქ გორის ხელისუფლების გარეშე დატოვების ამბავზე კვლავ საუბრობენ მოსახლეობაში. დღემდე პასუხგაუცემელია კითხვა, რატომ აღმოჩნდნენ მოულოდნელად გორის მოსახლეობა  და რუსის ჯარისკაცები ერთმანეთის პირისპირ?
 
არანაკლებ მძიმე სიტუაციაა რაიონში. რამდენიმე სოფელში მეზობლები ერთმანეთს ამ „პატრიოტულმა“ შემართებამ გადაჰკიდა... ომის დროს სოფელში დარჩენილ მოსახლეობას დანარჩენი მოსახლეობა დღემდე ეჭვის თვალით უყურებს. ამ უკანასკნელებს ეჭვი აქვთ, რომ მათი ქონება სოფელში დარჩენილმა მეზობლებმა და ახლობლებმა გაძარცვეს...

მაგალითად, გორის რაიონის პატარა სოფელ სათემოში, რომელიც ძევერის თემის საკრებულოში შედის, ლალი ფარეხელაშვილს 18-მა თანასოფლელმა გორის პოლიციაში უჩივლა. საჩივრის ავტორები ლალი ფარეხელაშვილს და მის ძმას ბრალს „რუს და ოს ოკუპანტებთან“ ერთად სოფლის საცხოვრებელი სახლების გაქურდვაში სდებენ.

თითქოს „ისინი ოს და რუს ოკუპანტებს დაჰყვებოდნენ და უჩვენებდნენ საცხოვრებელ სახლებს, სადაც შეძლებული ხალხი ცხოვრობდა, საცხოვრებელი სახლიდან კი, რუსი და ოსი სეპარატისტების დახმარებით, გაჰქონდათ სხვადასხვა დასახელების ნივთები“, - წერია კოლექტიურ საჩივარში, რომელიც გორის პოლიციის ტყვიავის განყოფილებაში 2008 წლის 2 სექტემბერს შევიდა.

ლალი ფარეხელაშვილი დახმარების თხოვნით „ადამიანის უფლებათა ცენტრში“ მოვიდა და თან მოიტანა რამოდენიმე ხელწერილი, რომელიც მან მეზობლებისგან აიღო. ეს იგივე ხალხის ხელწერილებია, რომლებიც გორის პოლიციაში შესულ საჩივარს აწერენ ხელს. ხელწერილში ისინი ამბობენ, რომ ლალი ფარეხელაშვილის წინააღმდეგ საჩივარზე ხელი მოტყუებით მოაწერინეს.

საქმეს რომ ნათელი მოეფინოს უნდა გავითვალისწინოთ ერთი გარემოებაც: - 2008 წლის 2 სექტემბრამდე (ამ დღეს შევიდა გორის პოლიციაში საჩივარი ლალი ფარეხელაშვილის წინააღმდეგ) ორი დღით ადრე ლალი ფარეხელაშვილმა და მისმა ძმამ იმავე პოლიციაში თვითონ შეიტანეს საჩივარი მეზობელ - მერაბ და მარინე  ფარეხელაშვილების წინააღმდეგ. ლალი ფარეხელაშვილი ირწმუნება, რომ ცოლ-ქმარმა მერაბ და მარინე ფარეხელაშვილებმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მიაყენეს.

„2008 წლის 30 აგვისტოს ჩემს ნაკვეთში ვნახე ჩემი მეზობლის მერაბ ფარეხელაშვილის მაისური, რომელიც ავიღე და მის ეზოში გადავაგდე. ამაზე ჩემი მეზობელი მარინე ფარეხელაშვილი გაბრაზდა და განერვიულდა. მასთან ურთიერთშელაპარაკება მომივიდა. მომაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ჩვენს ხმაურზე მისი მეუღლე მერაბი გამოვიდა და მანაც ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყენა. ამ დროს ჯანმრთელობის დაზიანება მივიღე“, - აცხადებს ლალი ფარეხელაშვილი, რომელმაც ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დაზიანებების შესწავლა და დასკვნის გაცემა სთხოვა.

მართლაც, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2008 წლის 9 სექტემბრის დასკვნით, „მოქალაქე ლალი ფარეხელაშვილს სხეულზე გარეგნულად აღენიშნება დაზიანებები ნაჭდევების სახით. დაზიანებანი მიყენებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედებით. თითოეული ცალ-ცალკე და ერთად აღებული მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანებათა ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება 2008 წლის 29 აგვისტოს თარიღს. შემოწმება ჩატარდა 2008 წლის 2-5 სექტემბერს“.

ლალი ფარეხელაშვილის საჩივრის საფუძველზე საქმეც აღიძრა, თუმცა გამოძიება მალევე შეწყდა. რის მიზეზადაც სამოტივაციო ნაწილში პროკურორი კახა მურადაშვილი მოწმის სახით დაკითხულ მარინე ფარეხელაშვილის ჩვენებას ასახელებს.

„,საქმეზე მოწმის სახით დაკითხვისას მარინე ფარეხელაშვილმა განმარტა, რომ ლალი ფარეხელაშვილი არის ფსიქიურად დაავადებული და ის ფაქტი, რომ მან და მისმა მეუღლემ ლალი ფარეხელაშვილს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, არის სიცრუე და სინამდვილეს არ შეესაბამება. მარინე ფარეხელაშვილმე განმარტა, რომ ლალი ფარეხელაშვილი ხშირად არის ნასვამ მდგომარეობაში მყოფი, იწვევს მეზობლებს, რათა მიაყენონ შეურაცხყოფა და შემდეგ უჩივლოს“, - წერია პროკურორის დადგენილებაში.

დადგენილების მომდევნო აბზაცში პროკურორი წერს, რომ მარინე ფარეხელაშვილის მიერ მოწმედ მოყვანილმა მერაბ ფარეხელაშვილმა, მარინე აღდგომელაშვილმა და იზა ფარეხელაშვილმა „დაადასტურეს მოწმე მარინე ფარეხელაშვილის ფაქტი“. ანუ დანარჩენმა მოწმეებმა დაადასტურეს, რომ ლალი ფარეხელაშვილი არის ფსიქიურად დაავადებული და რომ იგი ხშირად ნასვამია და ხალხს იწვევს, რათა სცემონ.
 
„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ გორის ოფისში განმარტავენ, რომ მოწმეების ჩვენებები შეიცავენ არა ფაქტებს, არამედ შეფასებებს იმ ადამიანის მიმართ, რომელიც მათ ცემაში ადანაშაულებს. თუკი ცემაში ეჭვმიტანილმა მარინე ფარეხელაშვილმა თავის გასასამართლებლად მოიყვანა ლალი ფარეხელაშვილის ფსიქოლოგიური არამდგრადობის ფაქტი, გამომძიებელი გამოძიების პროცესში ვალდებული იყო შეესწავლა დაზარალებულის ფსიქოლოგიური მდგომარეობა და დაენიშნა ექსპერტიზა. მსგავსი პროკურატურას არაფერი გაუკეთებია.

ლალი ფარეხელაშვილის ცემის ფაქტზე გამოძიება გორის რაიონის პროკურორ-გამომძიებელმა კახა მურადაშვილმა 2009 წლის 20 იანვრამს შეწყვიტა.

"ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტის ეკა ქობესაშვილის განცხადებით, პროკურატურის მხრიდან ადგილი აქვს მორიგ უგულისყურობას. პროკურორმა კახა მურადაშვილმა წინასწარი გამოძიება ისე შეწყვიტა არ დაუკითხავს თვით დაზარალებული და მისი ძმა. დადგენილებაში პროკურორი არ საუბრობს იმ მიზეზზე თუ რატომ არ დაიკითხა თავად დაზარალებული და მისი ძმა.
 
სამაგიეროდ, გორის პროკურატურას ჯერ არ შეუწყვეტია თვით ლალი ფარეხელაშვილის და მისი ძმის მიმართ კოლექტიური საჩივრის საფუძველზე დაწყებული წინასწარი გამოძიება, რომელზე სტატიის დასაწყისში გვქონდა საუბარი.

იკვეთება შემდეგი სურათი: - 2008 წლის 31 აგვისტოს ლალი ფარეხელაშვილმა მეზობლებს ცემის გამო უჩივლა, ხოლო ორი დღის შემდეგ იმავე მეზობლების ხელმოწერით შს იმავე განყოფილებაში ლალი ფარეხელაშვილის წინააღმდეგ შედის საჩივარი. რომლის ავტორები ლალი ფარეხელაშვილს ოს „ოკუპანტებთან“ კავშირში ადანაშაულებენ...
 
პოლიციამ ამ საქმეზე დაჰკითხა მერაბ ფარეხელაშვილი. მერაბ ვლადიმერის ძე ფარეხელაშვილმა განმარტა, რომ აგვისტოს თვეში საომარი მოქმედებების პერიოდში, მან თავის საცხოვრებელ სახლთან მდებარე მიწის ნაკვეთიდან, სადაც იგი დამალული იყო, დაინახა, როგორ შეიყვანა ლალი ფარეხელაშვილმა მისი საცხოვრებელი სახლის სარდაფში რუსი ოკუპანტები და გამოატანინა სარდაფში არსებული ღვინო. რუსი ჯარისკაცების წასვლის შემდეგ მან ლალი ფარეხელაშვილს ჰკითხა, რატომ მოიქცა ასე. ლალი ფარეხელაშვილმა მას უპასუხა: „საჭმელი და სასმელი შენ გქონდა და სხვაგან ვისთან უნდა მიმეყვანაო?“...
 
კოლექტიურ საჩივარს ხელს ასევე აწერს სათემოში მცხოვრები ტარიელ ოქროპირიძე. მან განაცხადა, რომ მისმა დედამ დაინახა თუ როგორ მიასწავლა რუს ოკუპანტებს მისი სახლი ლალი ფარეხელაშვილის ძმამ, საიდანაც 1 500 ლარის საქონელი წაიღესო...

ერთი სიტყვით, კოლექტიური საჩივრის ავტორების განცხადებით  სოფელ სათემოში რუსი და ოსი ოკუპანტები ადგილობრივ მოსახლეობას არაფერს უშავებდნენ, არ ემუქრებოდნენ, ხოლო ლალი ფარეხელაშვილი და მისი ძმა ამ ,,ოკუპანტებს" თავისი ინიციატივით აძარცვინებდნენ უპატრონოდ დარჩენილ სახლებს. განცხადებაში სხვა ფაქტებიც იყო მოყვანილი.
 
ლალი ფარეხელაშვილმა "ადამიანის უფლებათა ცენტრის" დახმარებით გამოძიებას გაუგზავნა იმ ადამიანების ხელწერილები, რომლებიც აცხადებენ, რომ მათ ლალი ფარეხელაშვილის საწინააღმდეგო კოლექტიურ საჩივარზე ხელი არ მოუწერიათ. მაგალითად, ფარეხელაშვილი არსენი აცხადებს, რომ მას განცხადებაზე ხელი არ მოუწერია. 14 აგვისტოდან 1 სექტემბრამდე სოფელში არ ვიყავი და როგორ უნდა დამენახა, თუ ვინ აძარცვინებდა ოკუპანტებს საცხოვრებელ სახლებსო. ელვარა აღდგომელაშვილმა წერილობით უბნის რწმუნებულს დაუდასტურა, რომ მას განცხადებაზე ხელი არ მოუწერია.

საინტერესო ინფორმაციას იძლევა სოფელ სათემოში მცხოვრები მაგული ფარეხელაშვილი, რომელმაც გაიხსენა, თუ ვინ და რატომ მოაწერინა ხელი ლალი ფარეხელაშვილის საწინააღმდეგო საჩივარზე.
 
„მე ისედაც 5 სექტემბრამდე თბილისში ვიმყოფებოდი. ჩემთან მოვიდა ტარიელ ოქროპირიძის მეუღლე, რომელმაც განმიცხადა, ხელი უნდა მოაწერო იმ დახმარების მოთხოვნაზე, რომელსაც დაკარგული ქონების სანაცვლოდ მთავრობას უნდა მოგვცესო. მე სხვა არაფერზე მომიწერია ხელი. თუ ის ჩემი ხელმოწერა სხვა რამეში გამოიყენეს, არ ვიცი“, - აცხადებს კოლექტიური საჩივრის ერთ-ერთი „ავტორი“ მაგული ფარეხელაშვილი.

ლალი ფარეხელაშვილი ამბობს, რომ მერაბ ფარეხელაშვილი, რომელსაც ის ცემაში ადანაშაულებლად, ახლო ურთოერთობაშია პოლიციის და პროკურატურის წარმომადგენლებთან. მისი განცხადებით, სწორედ ამიტომ შეწყვიტა პროკურატურამ გამოძიება მისი ცემის ფაქტზე, მაშინ როცა ჯერ კიდევ გრძელდება გამოძიება ლალი ფარეხელაშვილისა და მისი ძმის „ჯაშუშობის“ საქმეზე, რომელიც მერაბ ფარეხელაშვილმა მას „ყალბი ხელმოწერებით შეუკერა“.

ახალი ამბები