კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„დაგაინვალიდებ, რომ ვეღარაფერი დაწერო“

29 სექტემბერი, 2009

გელა მთივლიშვილი, კახეთი

„ყელს გამოგჭრი შე დამპალო. გეძებ უკვე და სადაც გნახავ, ისე გაგანადგურებ, არც დავფიქრდები. იძულებული გამხადე. თავს რატომ არ მანებებ, ვერ გაიგე შენ, რომ მე არ უნდა შემეხო?“, - ამ სიტყვებით შპს „ჯანმრთელობა“ სიღნაღის რაიონული საავადმყოფოს დირექტორმა გოგი ნიკვაშვილმა მოგვმართა. მთავარი ექიმის გაღიზიანება, ჩვენს მიერ, მის შესახებ სხვადასხვა დროს გამოქვეყნებულ სტატიებს უკავშირდება.ნიკვაშვილი ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრება იმ ექიმებსაც, რომლებმაც მის წინააღმდეგ, საოჯახო მედიცინის ცენტრის გაქურდვის ფაქტზე პროკურატურას ჩვენებები მისცეს. ნიკვაშვილი აცხადებს, რომ მას ვერავინ ვერაფერს დაუშავებს. მთავარი ექიმი სიღნაღის პოლიციის უფროსის ალექსანდრე ონანაშვილის ნათესავია. ნიკვაშვილის მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებს კი სწორედ სიღნაღის პოლიციის გამომძიებლები იძიებენ.

2009 წლის 5 თებერვალს სიღნაღის საავადმყოფოში 17 წლის გოდერძი ჯანყარაშვილი გარდაიცვალა. გარდაცვლილის დედის ეკა ფოლადაშვილის განცხადებით, მათი დაჟინებული მოთხოვნა, რომ გოდერძისთვის ოპერაცია სხვა ქირურგს ჩაეტარებინა, ნიკვაშვილმა არ დააკმაყოფილა.

„გოდერძი წნორის საავადმყოფოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით მიიყვანეს. ექიმ ნიკვაშვილს ოპერაცია 2 საათის დაგვიანებით რომ არ დაეწყო და შეცდომები არ დაეშვა, ჩემი შვილი გადარჩებოდა. ნიკვაშვილს ქირურგიულ ჩარევამდე ვთხოვეთ, რომ ოპერაცია სხვა ექიმს გაეკეთებინა, მაგრამ ჩვენი თხოვნა არ დააკმაყოფილა. როცა ბავშვი გაჭრეს და ოპერაცია დაასრულეს, აღმოჩნდა, რომ ნიკვაშვილმა ზუსტი დიაგნოზი ვერ დასვა. გოდერძი ხელმეორედ გაჭრეს, რამაც მისი სიცოცხლე იმსხვერპლა კიდეც“, - აღნიშნავს ეკა ფოლადაშვილი.

გარდაცვლილის დედის საჩივრის საფუძველზე კახეთის საოლქო პროკურატურაში გამოძიება დაიწყო, თუმცა უშედეგოდ. საქმის მოკვლევის და ნიკვაშვილისთვის სამედიცინო სქმიანობის უფლების ჩამორთმევის მოთხოვნით ეკა ფოლადაშვილმა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოსაც მიმართა, თუმცა სააგენტოს ეს საქმე საერთოდ არ გამოუკვლევია.

სიღნაღის რაიონული საავადმყოფოს დირექტორს წნორში მცხოვრები სიხაშვილების ოჯახიც უჩივის. ეკა სიხაშვილის განმარტებით, გიორგი ნიკვაშვილმა გულგრილობა გამოიჩინა, საავადმყოფოში მიყვანილ პაციენტს სამედიცინო დახმარება დროულად არ აღმოუჩინა, რის შედეგადაც მისი მეუღლე სანდრო სიხაშვილი გარდაიცვალა.

ოფიციალური მონაცემებით, სანდრო სიხაშვილი სიღნაღის რაიონულ საავადმყოფოში 2009 წლის 8 თებერვალს მაღალი წნევის გამო მოათავსეს. „ნიკვაშვილმა და მისმა თანამშრომლებმა სანდროს არანაირი დახმარება არ აღმოუჩინეს. მოგვიანებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ნიკვაშვილს არაერთხელ ვთხოვეთ, რომ პაციენტი თბილისში გადაგვეყვანა, მაგრამ „კატასტროფის ცენტრი“ მანამ არ გამოიძახა, სანამ კაცი მომაკვდავი არ გახდა. სანდრო თბილისში, ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში მიყვანისთანავე დაიღუპა“, - ამბობს ეკა სიხაშვილი.

ჩვენს მიერ ამ ფაქტების გაშუქებამ სიღნაღის რაიონული საავადმყოფოს დირექტორის გაღიზიანება გამოიწვია. გოდერძი ჯანყარაშვილის გარდაცვალების თაობაზე სტატიის მომზადების დროს საავადმყოფოში მისულებს ნიკვაშვილი სამედიცინო დანით გამოგვიდგა. ამ ფაქტზე რეაგირებისათვის სამართალდამცავი უწყებებისათვის არ მიგვიმართავს. მომხდარიდან რამდენიმე დღეში ნიკვაშვილი ტელეფონით დაგვიკავშირდა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მოგვაყენა და ფიზიკური ანგარიშსწორებით დაგვემუქრა.

„მითხარი, ვინ გაწერინებს ჩემზე კრიტიკულ სტატიებს. არცერთს არ გაგახარებთ. არაფერს შეგარჩენთ, ყველაფერზე პასუხს გაგებინებთ. თქვენ მე კარგად არ მიცნობთ. არაფერზე უკან არ დავიხევ. დაგაინვალიდებ, მარჯვენას მოგაჭრი, რომ ვეღარაფერი დაწერო და ვერც ტელევიზიებს მიაწოდო ინფორმაცია“, - ყვიროდა ნიკვაშვილი. მისი მხრიდან ამ მუქარებს წინ უძღოდა ტელეკომპანიების „იმედის“ და „რუსთავი 2“-ის ეთერით გასული ვრცელი სიუჟეტები ჯანყარაშვილისა და სიხაშვილის გარდაცვალების ფაქტებზე.

რამდენიმე დღის წინ, სიღნაღის რაიონული საავადმყოფოს დირექტორს ექიმებიც დაუპირისპირდნენ. ექიმების ელენე ხელაშვილის, ელიზა ბატიაშვილის, ლია ხანჯალიაშვილის და სხვათა თქმით, „ევროკავშირის მიერ გამოყოფილი დაფინანსებით, 2007 წელს, სიღნაღის რაიონის ქალაქ წნორში საოჯახო მედიცინის ცენტრის შენობა გარემონტდა. ცენტრი ახალი სამედიცინო აპარატურითა და მასალებით აღიჭურვა. წნორის საოჯახო მედიცინის ცენტრი, რომლის მომსახურებაც ქალაქ წნორში მცხოვრებ 6 ათასზე მეტ ადამიანზე იყო გათვლილი, ორი წლის განმავლობაში არ ფუნქციონირებდა. ექიმები ამბობენ, რომ შპს „ჯანმრთელობას“ დირექტორი გოგი ნიკვაშვილი, რომლის დაქვემდებარებაშიც საოჯახო მედიცინის ცენტრი შედის, მათ რეაბილიტირებულ შენობაში შესვლის და მუშაობის უფლებას არ აძლევდა. „ნიკვაშვილმა არაერთხელ გვითხრა, რომ შენობაში შესვლა თუ გვინდოდა, კარი გაგვეტეხა და ისე შევსულიყავით. საოჯახო მედიცინის ცენტრის შენობაში, რამდენიმე დღის წინ, სპეციალური კომისიის თანდასწრებით შევედით. აღმოჩნდა, რომ ძვირადღირებული სამედიცინო აპარატურა და სხვა სამედიცინო მასალები გატანილია. როდესაც ნიკვაშვილს განმარტება ვთხოვეთ, იგი დაგვემუქრა, რომ თუ ჩუმად არ ვიქნებით და დავას არ შევწყვეტთ, უსამსახუროდ დაგვტოვებს, პოლიციასთან პრობლემებს შეგვიქმნის, გვცემს და ა. შ.“, - აღნიშნეს ექიმებმა.

შპს „ჯანმრთელობას“ დირექტორი გოგი ნიკვაშვილი წნორის საოჯახო მედიცინის ცენტრის გაქურდვას და ექიმებზე მუქარის ფაქტებს უარყოფს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მას შემდეგ რაც მას ექიმები დაუპირისპირდნენ, ნიკვაშვილმა კარდიოგრაფიის აპარატი და გლუკომეტრი, შპს „ჯანმრთელობას“ ლაბორანტის მეშვეობით, საოჯახო მედიცინის ცენტრს დაუბრუნა. სხვა ტექნიკა და მასალები კი ამ დრომდე არ ჩანს.

საინფორმაციო საგენტოებით ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა ვრცელი სიუჟეტი ამ ფაქტზეც მოამზადა და ეთერში გაუშვა. მეორე დღეს, ტელეფონზე უცნობი მამაკაცი დაგვიკავშირდა და სიცოცხლის მოსპობით დაგვემუქრა. „ყელს გამოგჭრი შე დამპალო. გეძებ უკვე და სადაც გნახავ, არცკი დავფიქრდები ისე გაგანადგურებ. იძულებული გამხადე. თავს რატომ არ მანებებ, ვერ გაიგე შენ, რომ მე არ უნდა შემეხო?“, - ყვიროდა მამაკაცი. მისი ვინაობა ტელეფონის ნომრის მეშვეობით დავადგინეთ. მუქარის ავტორი გოგი ნიკვაშვილი იყო. მუქარის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და გამოსაძიებლად სიღნაღის პოლიციას გადაეცა. პოლიციის უფროსი ალექსანდრე ონანაშვილი გოგი ნიკვაშვილის ნათესავია, კერძოდ, მისი ბავშვის ნათლიაა. ამასთან ერთად, გოგი ნიკვაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური წევრია. საარჩევნოდ ის სიღნაღის საარჩევნო ოლქში ერთ-ერთ საარჩევნო უბანს ხელმძღვანელობს ხოლმე.

ახალი ამბები