კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პოლიტიკა კულტურაში

30 სექტემბერი, 2009

რა მიზანი აქვს კულტურის მოღვაწეების დისკრედიტაციის მცდელობას

ანა შეშაბერიძე

პოლიტიკა თანდათან უფრო აქტიურად იჭრება ყველა სფეროში. პოლიტიკის გავლენა კულტურაშიც შესამჩნევი გახდა, მიუხედავად იმისა, რომ ხელოვანი ადამიანები პოლიტიკოსები არ არიან და პოლიტოსები მათ საქმეში ყველაზე ნაკლებად უნდა ერეოდნენ, ბოლო ხანებში განვითარებულმა მოვლენებმა სულ სხვა რეალობა დაგვანახა.

რუსეთ-საქართველოს ომმა ბევრი რამ შეცვალა, ეს საქართველოს რუკაზეც აისახა და როგორც ჩანს, რაც უფრო მეტს საუბრობენ, რომ ქართველი და რუსი ხელოვანები ერთმანეთს ყველაფრის მიუხედავად არ უნდა დაშორდნენ, მით უფრო მეტად ღიზიანდებიან ქართველი მაღალჩინოსნები ამგვარი ურთიერთობების გამო და იმისათვის, რომ რუსეთთან დაახლოებული ქართველი მოღვაწე ხალხის თვალში მოღალატედ გამოჩნდეს ყველანაირ ბერკეტს იყენებენ.

ბოლო დროს ამგვარი დამოკიდებულების დემონსტრერბა არაერთხელ მოხდა.

იმის გამო, რომ პაატა ბურჭულაძემ მოსკოვში უნარშეზღუდული ბავშვების დასახმარებლად გამართულ საქველმოქმედო კონცერტში მიიღო მონაწილეობა, ქართული მედიის ნაწილმა ის ლამის ქვეყნის მოღალატედ შერაცხა.

გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს წითელ მოედანზე მის გამოსვლას მედვედევის სიტყვა უძღოდა წინ. მედვედევი სიტყვით მოსკოვის იუბილეთან დაკავშირებით გამართულ სამხედრო კონცერტზე გამოვიდა. მართალია ბურჭულაძემ მონაწილეობა არა ამ არამედ სხვა კონცერტში მიიღო, მაგრამ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მიერ დამონტაჟებულ სიუჟეტში სულ სხვა რეალობა ვიხილეთ.

ოპერის ქართველი მომღერალი გაეროს კეთილი ნების ელჩია, რის გამოც ის  საქველმოქმედო აქციებში მონაწილეობას თავის პირდაპირ მოვალეობად მიიჩნევს. მან კონცერტი მოსკოვის ტაძრის მოედანზე 6 სექტემბერს გამართა, თუმცა მაყურებელმა ეს ფაქტი სულ სხვა კონტექსტში დაინახა და აღიქვა. მონტაჟის ხელოვნების დახმარებით რუსთავი 2-მა მაყურებლის წინაშე სულ სხვა სურათი წარმოაჩინა: თითქოს პაატა ბურჭულაძემ კრემლის ეზოში, მოსკოვის 862 წლისთავისადმი მიძღვნილ სამხედრო კონცერტში, 14 რუს ვარსკვლავთან ერთად, მიიღო მონაწილეობა. მოსკოვის 862 წლისთავისადმი მიძღვნილი კონცერტი 5 სექტემბერს გაიმართა.

ფონდ „იავნანაში“ აცხადებენ, რომ ბურჭულაძე სოციალური პროგრამების საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელმა, ნატალია პენსკაიამ მიიწვია კონცერტში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც არა-5, არამედ 6 სექტემბერს.

პაატა ბურჭულაძის შემთხვევა ერთადერთი არ არის.

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის უკვე ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი ქეთი დოლიძე მოღალატედ არ შეურაცხიათ. ის „თბილისის საერთაშორისო ფესტივალთან“ დაკავშირებით კრიტიკული აზრის გამოთქმის გამო დასაჯეს. სწორედ ასე აფასებს ქეთი დოლიძე კინომსახიობთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან მისი დათხოვნის ფაქტს.

„თბილისის საერთაშორისო ფესტივალი“ თბილისის მერიისა და საკრებულოს ინიციატივით დაფუძნდა. თბილისის მერია აქამდე ქეთი დოლიძის მიერ დაფუძნებული თეატრალური ფესტივალის „საჩუქარი“ ერთ-ერთი დამფინანსებელი იყო. ახლაც მერიის მიერ დაფუძნებული ფესტივალის გამართვა ზუსტად იმ დღეებში დაიგეგმა, რა დღეებშიც 11 წლის განმავლობაში ქეთი დოლიძის ფესტივალი „საჩუქარი“ტარდებოდა.

ქეთი დოლიძემ ახალ ფესტივალთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მისი ორგანიზება ქალაქის ბიუჯეტს ბევრად ძვირი უჯდება ვიდრე „საჩუქარი“ ჯდებოდა. გარდა ამისა დოლიძე ფესტივალის საბჭოს ხელისუფლების წარმომადგენლებით დაკომპლექტების წინააღმდეგ გამოვიდა. მისი თქმით, წარმოუდგენელია ფესტივალის საბჭოს წევრთა შორის იყოს თავად გიგი უგულავა. გარდა ამისა, ქეთი დოლიძემ რამოდენიმეჯერ განაცხადა, რომ ახალი ფესტივალი მხოლოდ იმისთვის დაარსდა, რომ 12 წლიანი ტრადიციის მქონე „საჩუქარი“ ჩაანაცვლონ.

დოლიძე აცხადებს, რომ მისი კომენტარი ქალაქის მერს, გიგი უგულავას არ მოეწონა, რის გამოც ის პირველ სექტემბერს, კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

სამინისტროში რეჟისორის გათავისუფლების მიზეზად სეზონის ჩაგდებას ასახელებენ. ამ გადაწყვეტილების მიზეზი გამხდარა ის, რომ სამხატვრო ხელმძღვანელმა ვერ უზრუნველყო ახალი სპექტაკლების დადგმა, რის შედეგადაც თეატრი გარკვეული დროის განმავლობაში არ ფუნქციონირებდა.

ხელისუფლების მიერ სამხატვრო ხელმძღვანელის გათავისუფლების ასახსნელად გაჟღერებული მიზეზი დამაჯერებლობას იმის გამო კარგავს, რომ დოლიძის გათავისუფლება სწორედ იმ დროს მოხდა, როცა ახალი ფესტივალის გამართვის თემამ შეიძინა აქტუალობა.

ახალი ამბები