კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აგებს თუ არა პასუხს პრეზიდენტი „დიდი დიპლომატიური გამარჯვებისთვის“

2 ოქტომბერი, 2009

რომან აფაქიძე

ტალიავინის კომისიის სახელით ცნობილი ევროკავშირის ფაქტების დამდგენი კომისიის დასკვნა, რომელიც 30 სექტემბერს გამოქვეყნდა, საქართველოს ხელისუფლებას ომის დაწყებაში ადანაშაულებს. დასკვნაში რუსეთის პასუხისმგებლობაზეცაა საუბარი და მას ბრალი, კონფლიქტის პროვოცირებაში, არაპროპორციული ძალის გამოყენებაში, მიღწეული შეთანხმებების შეუსრულებლობაში და ეთნიკური წმენდის განხორციელებაში ედება.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა დასკვნის შეფასებისას მას „საქართველოს დიდი დიპლომატიური გამარჯვება“ უწოდა, ეს რეალურად ძალიან მძიმე დასკვნაა საქართველოსთვის და ქვეყნის ამ კონკრეტული ხელისუფლებისთვისაც. ამ „დიდი გამარჯვებას“ მრავალი უარყოფითი შედეგი უნდა მოყვეს. ყველაზე მთავარი მათ შორის, ჩვენი აზრით ისაა, რომ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეჟიმებს გაუჩნდათ საქართველოს მიერ ინიცირებული ნებისმიერი სამშვიდობო ინიციატივის დაბლოკვის საშუალება. ამიერიდან ოსეთისა და აფხაზეთის რეჟიმებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს განაცხადონ, რომ არ ენდობიან საქართველოს სამშვიდობო წამოწყებებს, რადგან ერთხელ „სამშვიდობო ინიციატივაზე“ საუბარს რეალურად მოყვა ომის დაწყება ქართული მხარის მხრიდან. ეს ფაქტორი მნიშვნელოვნად გაართულებს მოლაპარაკებების და ნდობის აღდგენის პროცესს.

საქართველოს ახლანდელი ხელისუფლებისთვის კი უფრო მნიშვნელოვანი თუ არა აქტუალური ისაა, რომ დასკვნა ხელისუფლების პოლიტიკურ ოპონენტებს, საქართველოს პრეზიდენტისა და ზოგადად ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხის ინიცირების საშუალებას აძლევს. ოპოზიციური პოლიტიკური ძალები უკვე საუბრობენ ხელისუფლების ცვლილების, სააკაშვილის მშვიდობიანად ჩანაცვლების, მისი იმპიჩმენტის და გასამართლების აუცილებლობაზე.

ხელისუფლების პირველი პირისთვის, სავარაუდოდ საგანგაშო უნდა იყოს ის ფაქტიც, რომ ანგარიშის შედეგად სააკაშვილის შეცვლის შესაძლებლობაზე, უკვე გავლენიანი ევროპული მედიასაშუალებებიც საუბრობენ.

„იმ შემთხვევაშიც კი თუკი სააკაშვილი კვლავ საქართველოს პრეზიდენტად დარჩება, დასავლეთმა ქვეყანას მხარი უნდა დაუჭიროს და ის დასავლურ სტრუქტურებს მაქსიმალურად დაუახლოვოს“ - წერს გავლენიანი გერმანული გაზეთი „ფრანკფურტერ ალგემაინე“. ამ გამოცემის მიერ დასმული საკითხი სააკაშვილისთვის ორმაგად მტკივნეული უნდა იყოს. სააკაშვილი ომის წაგების დღიდან ცდილობს მსოფლიოს თვალში საკუთარი თავი საქართველოსთან გააიგივოს. მისი მცდელობა დასვას ტოლობის ნიშანი საქართველოს ხელისუფლებასა და სახელმწიფოს შორის, როგორც ჩანს ევროპული მედიისთვის არადამაჯერებელია. ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ აგვისტოს თვეში რუსთაველის გამზირზე გამართული აქციებით სააკაშვილი ცდილობდა დასავლეთისთვის ეჩვენებინა, რომ საქართველოს მოსახლეობა მას უჭერს მხარს და ომის დაწყებაზე პასუხისმგებლომა ქართულ საზოგადოებასაც ეკისრება. ხელისუფლება ომის დაწყებამდეც ცდილობდა „ოპერაცია კონსტიტუციური წესრიგის აღსადგენად“ საზოგადოებრივ შეკვეთად და ხელისუფლებისთვის საზოგადოების მიერ მიცემულ დავალებად წარმოეჩინა.

მოუწევს თუ არა სააკაშვილს პასუხისგება „საქართველოს დიდი დიპლომატიური გამარჯვების“ გამო მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული ქართული საზოგადოების აქტიურობაზე. თუ საზოგადოება მიიღებს დასკვნის ხელისუფლებისეულ ინტერპრეტაციას, რომლის ტირაჟირება ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტელევიზიების საშუალებით ხდება, მაშინ სააკაშვილს თანამდებობის შენარჩუნება არ უნდა გაუჭირდეს.

საქართველოს ხელისუფლება  დასკვნის „სათავისოდ“ ინტერპრეტირებას ცდილობს და ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტელევიზიების მიერ ტალიავინის დასკვნასთან დაკავშირებით მომზადებულ სიუჟეტებში ძირითადად ის ნაწილები შუქდებოდა, რომლებიც რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს. არავინ დაობს, რომ დასკვნა რუსეთისთვის ძალიან მძიმეა და მას პირდაპირ ედება ბრალი „ეთნიკური წმენდის“ განხორციელებაში, თუმცა ხელისუფლების მცდელობა გაექცეს პასუხისმგებლობას - იმაზე მიანიშნებს, რომ სააკაშვილი არ აპირებს არჩეული გზიდან გადახვევას და ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესის ხელშეწყობას. ტელევიზიებზე ხელისუფლების გავლენის ზრდა სწორედ ამაზე მიუთითებს.

ქართული პრო-სახელისუფლო ტელეკომპანიების პოზიცია დასკვნასთან დაკავშირებით ზუსტად ემთხვევა საქართველოს ხელისუფლების პოზიციას. დღეს პრეზიდენტმა შემდეგი რამ განაცხადა: „ტალიავინის კომისიის დასკვნამ დაადასტურა, რომ ყველაფერი, რასაც შარშან ვამბობდით, სიმართლე იყო“. ეს არ არის მართალი იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლება შარშან ამბობდა, - ომი ქართულ მხარეს არ დაუწყია.

ახალი ამბები