კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არც სახლი არც კომპენსაცია...

5 ოქტომბერი, 2009

თეა თედლიაშვილი, გორი

მეღვრეკისში მცხოვრები ზურაბ მაისურაძის ოჯახი, შარშან ომს სოფლიდან 11 აგვისტოს გამოექცა. ახლა კი საბავშვო ბაღიდან წასვლას ვერ ახერხებს, რადგან ხელისუფლება არც მისი სახლის რემონტს აპირებს და არც კომპენსაციას აძლევს. სახლი კი ისეთ მდგომარეობაშია, რომ იქ ცხოვრება ოთხშვილიანი ოჯახისთვის შეუძლებელია.

მაისურაძეების ოჯახი ომის შედეგად ჯერ კახეთში დასახლდა, საიდანაც „ადამიანის უფლებათა ცენტრისა“ და პირველი არხის ჟურნალისტების ჩარევის შემდეგ გორის მერვე საბავშვო ბაღში ზარ-ზეიმით გადმოასახლეს, ვრცელი სიუჟეტიც მიუძღვნეს და განაცხადეს, რომ ოჯახი დროებით იცხოვრებდა საბავშვო ბაღში. ცოტა ხანში კი კუთვნილ კომპენსაციას მისცემდნენ, რითიც მათ საშუალება მიეცემოდათ სახლი შეეძინათ.

მაისურაძეების ოჯახი გორში მაშინ გადმოასახლეს, როდესაც საბავშვო ბაღები ნაწილობრივ გამოათავისუფლეს და მათი ბინადრები საკუთარ სახლებს უბრუნდებოდნენ.

საბავშვო ბაღის გამგემ იმ პერიოდში განაცხადა, რომ მათ დაწესებულებაში ყველა დევნილის პირობები დამაკმაყოფილებელი იყო და აქედან გამომდინარე არც მაისურაძეების ოჯახს გაუჭირდებოდათ დროებით ცხოვრება. მაისურაძეებისთვის კი „დროებითი“ პერიოდი აღარ დასრულდა და დღემდე ცხოვრება ისევ მერვე საბავშვო-ბაღში უწევთ.

ზურაბ მაისურაძე კახეთიდან წამოყვანის შემდეგ, საბავშვო ბაღში ცხოვრებაზე თავიდანვე უარს აცხადებდა, თუმცა სიუჟეტებში ნამდვილად არ ჩანდა, რომ მაისურაძეებს ისევ კახეთში დაბრუნების სურვილი ჰქონდათ.

„წელიწადზე მეტია ყოველდღე მივდივარ გამგეობაში და ვითხოვ, ან კომპენსაცია მომცენ ან სახლი გამირემონტონ, რათა ნორმალური საცხოვრებელი პირობები შემექმნას. ვერაფერს მივაღწიე. ომის დროს მეღვრეკისიდან რომ წამოვედით, ჩემი ცოლ-შვილი კახეთში თბილისის მერიამ გადაიყვანა, შემდეგ მეც იქ ჩავედი და 2 დეკემბრამდე იქ ვცხოვრობდით. როდესაც მოვითხოვე, ყურადღება მომაქციეთ მეთქი, გორში გადმომიყვანეს საბავშვო-ბაღში. მე მაშინვე განვაცხადე საბავშვო-ბაღში ცხოვრებას ისევ კახეთში დამაბრუნეთ მეთქი. მაგრამ მითხრეს, შენ უკვე სიაში ხარ და კომპენსაციას მალე მიიღებო. რადგან კომისიამ შეამოწმა და ჩემს სახლზე დადეს დასკვნა რომ რესტავრაციას არ ექვემდებარებოდა“, - ამბობს ზურაბ მაისურაძე.

გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ დაადგინა, რომ მაისურაძეების სახლი ვერ შეკეთდებოდა ამიტომ მათთვის კომპენსაციის მიცემა გადაწყვიტეს. თუმცა დღეს ეს კომპენსაციაც აღარსად ჩანს. მეტიც, მაისურაძეებს ახლა ეუბნებიან, რომ მისი სახლი ომის დროს არ დაზიანებულა და ის სიძველის გამო დაინგრა.

„დავით ხმიადაშვილმა მითხრა შემეცოდე და ახლა კოტეჯს აგიშენებთ, თორემ კომპენსაცია არ გეკუთვნისო. კოტეჯები ვისაც აუშენეს თავზე ენგრევათ უკვე. თუ არ მეკუთვნის არაფერი, კოტეჯი როგორ უნდა ამიშენონ? არადა აქამდე მუბნებოდნენ, რომ სიები გადაცემული იყო და კომპესაცია უნდა მოეცათ ჩემთვის. თუ მეკუთვნოდა რას მერჩიან, თანხა დაიკარგა როგორც ჩანს. თანაც ის კოტეჯები ჩვენ სოფელში დანიის ლტოლვილთა საბჭომ ააშენა. საუბარი ეხება 24 კავდრატულ მეტრზე აშენებულ კოტეჯებს. 6 სულიანი ოჯახი ვართ,  არ მინდა კოტეჯი, მომცენ ფული და მე თვითონ მოვუვლი ჩემი ოჯახის დაბინავებას”, - გვითხრა მაისურაძემ.

გორის მუნიციპალიტეტის გამგებელს დავით ხმიადაშვილს 2008 წლის 19 ნოემბერს თვითონ აქვს გაცემული ცნობა, რომ სახლი ომის დროს დაზიანდა:
„ეძლევა გორის რაიონის სოფელ მეღვრეკისში მცხოვრებ ზურა მაისურაძეს მასზე, რომ მისი საცხოვრებელი ბინა დაზიანდა საომარი მოქმედებების შედეგად და საცხოვრებლად გამოუსადეგარია. ცნობა ეძლევა დანიშნულების ადგილზე წარსადგენად“_ ცნობას „პატივისცემით“ ხელს აწერს დავით ხმიადაშვილი.

როგორც ჩანს ამ ცნობის დანიშნულების ადგილი გორის მუნიციპალიტეტი არ აღმოჩნდა. მუნიციპალიტეტი კი სწორედ ის ორგანოა, რომელიც შეიმუშავებს და საქართველოს მთავრობას გადასცემს სიას კომპენსაციების მოთხოვნით.

დავით ხმიადაშვილმა მაისურაძეს 2009 წლის 18 აგვისტოს, წერილობით აცნობა, რომ მისი განცხადება შესწავლილია ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურისა და შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მიერ. სახლის დაზიანებები ომისაგან არ არის გამოწვეული და ის დაზიანებულია სიძველით.

„ჩემი სახლის გვერდით ხუთი სახლია დანგრეული, ბომბია დაცემული ყველაზე, სულ 40 მეტრშია ჩემი სახლიდან. მიწასთანაა გასწორებული. ამ ნგრევამ გამოიწვია ჩემი სახლის დანგრევაც, სახურავი ჩამოვარდა, კედლები დაიხსნა. ალბათ ერთ წელიწადში კედლები მთლად ჩამოინგრევა. ერთი კედელი უკვე დანგრეულია. სახურავი ისეა დაზიანებული, რომ როგორც გარეთ წვიმს ისევე წვიმს შიგნით. დროებითი კოტეჯი ჩემთვის ჯერ არ აუშენებიათ, დანიის ლტოლვილთა საბჭომ ააშენა პატარა კოტეჯები ეზოშივე“_ ამბობს ზურაბ მაისურაძე.

„ის სახლი არ არის ომისაგან დაზიანებული. მე თვითონ ვიყავი მშენებლებთან ერთად ორჯერ ასული სოფელში. მოზაიკის კიბეები აქვთ და თავისით არის დაშლილი. ჩვენი მითითებით ორ კოტეჯს უშენებს დანიის საბჭო, გვკითხეს ვინ არის გაჭირვებულიო და მაისურაძეების ოჯახი მივუთითეთ, რადგან მრავალშვილიანია და ერთი შვილი ინვალიდი ჰყავთ. სახლი სიძველისგან არის დანგრეული და ასეთ ხარჯებს ბიუჯეტი ვერ გაწევს“, - ამბობს გორის მუნიციპალიტეტში ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი გივი ხუროშვილი.

მაისურაძეების ოთხ შვილიან ოჯახში, უფროსი შვილი შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა. მას ორი თვის წინ დაუნიშნეს პენსია. ზურაბ მაისურაძე წუხს, რომ შვილისთვის 10 დღეს სამყოფი წამალი 45 ლარი ღირს, მისი პენსია კი სულ 65 ლარს შეადგენს.

„სოფელში მუშად დავდივარ, რაღაცას ვაკეთებ მაინც. შემოსავალი არაფერი გაგვაჩნია ბაღში. უფროსი შვილი ინვალიდია და 65 ლარს იღებს, 45 ლარი მარტო ერთი წამალი ღირს, დანარჩენი სამი შვილი რითი ვარჩინო. თანაც ახლა გამოგვიცხადეს, რომ საბავშვო-ბაღში დახმარება აღარ უნდა მოვიდეს. არც აქამდე იყო ბევრი არაფერი, წინა თვეს ლობიო და მაკარონი მოგვიტანეს, მას შემდეგ აღარაფერი მიგვიღია და როგორც გვითხრეს აღარც მივიღებთ. შეშა კი არ დარიგდებაო. როგორ უნდა გავძლოთ ვერ წარმომიდგენია. სულ ორი ოჯახი ვართ დარჩენილი და ბაღის გახსნა უნდათ, ჩვენს გამოსახლებაზეა საუბარი და სად უნდა შეგვასახლონ იმასაც არ გვეუბნებიან“, - ამბობს ზურაბ მაისურაძე.

ზურაბ მაისურაძემ დახმარებისთვის უკვე მიმართა პრეზიდენტს, პრემიერ მინისტრს, დევნილთა სამინისტროს და ადგილობრივ მუნიციპალიტეტს. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსგან მაისურაძემ მიიღო ინფორმაცია, რომ რუსეთის აგრესიის შედეგად დაზარალებულმა 1300 ოჯახმა კომპენსაცია უკვე მიიღო, ხოლო საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 ივლისის განკარგულების თანახმად შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგეობებმა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს უნდა წარუდგინოს საკომპენსაციო თანხის მიმღებთა სახელობითი სია, რომლის მიხედვითაც მოხდება ამ განკარგულებით განსაზღვრული ოდენობის ოჯახების უზრუნველყოფა საკონპენსაციო თანხებით.

12 მილიონიანი საბიუჯეტეო დაფინანსების მიუხედავად, გორის რაიონში ჯერ კიდევ მრავლად რჩება ისეთი სახლები, რომელიც ომის დროს დაზარალდა და მათი აღდგენა დახმარების გარეშე ადგილობრივ მოსახლეობას არ შეუძლია.

ახალი ამბები