კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოს მიაჩნია, რომ ანგარიშში გაამართლეს

5 ოქტომბერი, 2009

სააკაშვილი შედეგებს აქებს, ხოლო მისი ოპონენტები გამოძიებას კრიტიკის გასამკაცრებლად იყენებენ

სარა მარკუსი

თბილისი, საქართველო - თუ აქაურ ტელეგადაცემებს დავუჯერებთ, მიმდინარე კვირას   დამოუკიდებელმა ევროპულმა გამოძიებამ  საქართველო რუსეთთან გასული წლის ომის გამო მთლიანად გაამართლა.

არაფერს ნიშნავს ის, რომ გამოძიების დასკვნით, ომი საქართველომ დაიწყო.  არც ის ნიშნავს რამეს, რომ საქართველოს განცხადებები,  რომელთა თანახმადაც ის ფართომასშტაბიან რუსულ შეტევაზე საპასუხოდ და თავდაცვისთვის მოქმედებდა, უარყოფილ იქნა. სამი მთავარი ნაციონალური ტელეკომპანია  იმას ცდილობს, რომ  ყოველგვარი კვალიფიკაციის გარეშე, მთავრობის ოფიციალური ხაზი გაიმეოროს -  გამოძიების საბოლოო დასკვნით „დადასტურდა, რომ რუსეთი საქართველოში შემოიჭრა“.

კეთილგანწყობილი გაშუქება ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რომ ევროპის კავშირის ანგარიში, რომელსაც ასე ელოდნენ და რომელიც ოთხშაბათს გამოქვეყნდა, ალბათ არაფერს ავნებს საქართველოში სააკაშვილის პოლიტიკურ მდგომარეობას, მოკლევადიან პერსექტივაში მაინც.

„მეორე მიზეზი კი ისაა, რომ ქართული საზოგადოების დიდმა ნაწილმა, განსაკუთრებით მათ, ვინც პრეზიდენტს უჭერს მხარს, უკვე დიდი ხანია დაასკვნა, რომ დამნაშავე რუსეთი იყო“, - ამბობენ ანალიტიკოსები.

სააკაშვილი, ამერიკაში განსწავლული იურისტი, რომელსაც ბუშის ადმინისტრაცია უჭერდა მხარს და რომელიც დემოკრატიული რეფორმებისადმი წინააღმდეგობის გამო კრიტიკის ობიექტად იქცა, ხუთშაბათს ანგარიშს მიესალმა, თუმცა თავიდან უჩვეულოდ იცავდა დუმილს.

„მათ უფრო მეტი სიმართლე სთქვეს, ვიდრე ოდესმე წარმოვიდგენდი“ - ევროპულ გამოძიებაზე მინიშნებით, განუცხადა მან შეხვედრაზე შეკრებილებს, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა - „ეს საქართველოსთვის დიდი დიპლომატიური გამარჯვებაა“.

მაგრამ ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველომ დაარღვია საერთაშორისო სამართალი და სეპარატისტული სამხრეთ-ოსეთის დაბომბვით 2008 წლის აგვისტოს ომი დაიწყო.  სააკაშვილის მიერ ასე ხშირად გამეორებული განცხადება იმის შესახებ, რომ რუსების მიერ დაწყებულ ფართომასშტაბიანი შეტევა მისგან კონტრშეტევაზე ბრძანების გაცემას ითხოვდა, ანგარიშმა, როგორც უსაფუძვლო, უარყო.

„მათ განაცხადეს, რომ საქართველომ თვალი ყველაფერს ვერ მიადევნა და რაღაცა დაარღვია“ - განაცხადა სააკაშვილმა - „მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს“.

ანგარიშს სააკაშვილსა და მის ალყაშემორტყმულ ოპოზიციას შორის ურთიერთბრალდებების ახალი რაუნდი მოჰყვა. ოპოზიცია უკვე კარგა ხანია ბრალს სდებს სააკაშვილს ნაციონალური ტელევიზიებისთვის თავისი ნების კარნახში, ომის ცუდად მართვასა და საქართველოს ტერიტორიების 20%-ის დაკარგვაში.

ოპონენტები ფრთხილობენ, რათა რუსეთის მხარდამჭერებად არ დახატონ, მაგრამ ნინო ბურჯანაძე, პარლამენტის ყოფილი სპიკერი, რომელიც ოპოზიციურ პარტიას „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“-ს უდგას სათავეში, ანგარიშის დასკვნებს სააკაშვილის კრიტიკის გასამძაფრებლად მიმართავს.

„სააკაშვილი ქართველ ხალხს რუსული შემოჭრის შესახებ ატყუებდა“, - განაცხადა მან - „რა თქმა უნდა რუსეთის საფრთხე არსებობდა, მაგრამ პრეზიდენტს თავი უნდა აერიდებინა რუსეთის ხაფანგისთვის, რაზეც მას ბევრი ადამიანი და მათ შორის მეც არაერთხელ ვაფრთხილებდით“.

მეორე წამყვანი ოპოზიციური ფიგურა ირაკლი ალასანია, საქართველოს ყოფილი ელჩი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, სააკაშვილს „პოლიტიკურად უპასუხისმგებლო გადაწყვეტილების“ მიღებაში სდებს ბრალს, „რამაც შედეგად გამოიღო სრულმასშტაბიანი ომი და საქართველოს სახელმწიფოებრიობას საფრთხე შეუქმნა“, მაგრამ მან თავი შეიკავა და სააკაშვილს რუსეთის შემოჭრის შესახებ ქართველი ხალხის მოტყუებაში არ დასდო ბრალი.

ევროპულმა მისიამ აღიარა, რომ როგორც სჩანს გარკვეული რაოდენობის რუსული სამხედრო პერსონალი,  საქართველოში მანამდე შევიდა, სანამ სააკაშვილი სამხრეთ-ოსეთზე შეტევის ბრძანებას გასცემდა. ამ დასკვნას საქართველოს მთავრობა ისე წარმოადგენს, როგორც შემოჭრის დადასტურებას. მთავრობა იმასაც უსვამს ხაზს, რომ მისიის მიერ მოძიებული მასალის თანახმად, რუსეთის მხარდაჭერით სამხრეთ-ოსეთის შეიარაღებულმა რაზმებმა ქართულ სოფლებში ეთნიკური წმენდა ჩაატარეს და რუსეთის შეჭრა საქართველოში უკანონო და გაუმართლებელი იყო.

ქართული გაზეთები და რადიო ბალანსის დაცვას ცდილობდნენ. სამი ნაციონალური სატელევიზიო არხი, ყველაზე გავლენიანი და პოპულარული მედია, ოპოზიციის კრიტიკას გადასცემდა, მაგრამ ხელისუფლების სასარგებლოდ იხრებოდა.

„ნაციონალური სატელევიზიო კომპანიების უმეტესობა კეთილგანწყობილია მთავრობის მიმართ, ამიტომ ისინი ისეთ პოზიციას იკავებენ, რომელიც მთავრობისთვისაა მომგებიანი და ანგარიში ამის შესაძლებლობას იძლეოდა“, - ამბობს გია ნოდია, პოლიტილოგი ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, რომელიც ამტკიცებს, რომ ანგარიში ძალიან ფრთხილად იყო შედგენილი, რაც მხარეებს დასკვნის  ომის მათეული ვერსიის სასარგებლოდ გამოყენების საშუალებას აძლევს.

„საქართველოს ოპოზიცია იმედოვნებდა, რომ ანგარიშს თავის სასარგებლოდ გამოიყენებდა, მაგრამ ეს არ იმუშავებს. ომი, როგორც საკითხი, უკვე ამოწურულია, ხოლო ანგარიში არ არის იმდენად ხისტი, რომ საკითხის გამოცოცხლება შესაძლებელი გამხდარიყო“ - დასძინა ნოდიამ.

სააკაშვილი გაზაფხულზე გადაურჩა ქუჩის ოპოზიციურ საპროტესტო ტალღას, სადაც მის გადადგომას ითხოვდნენ, ხოლო მისი თანამშრომლები ამბობენ, რომ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის მიხედვით, ის პოპულარობას ინარჩუნებს.

მაგრამ ლინკოლ მიტჩელი, კოლუმბიის უნივერსიტეტის საქართველოს პოლიტიკის სპეციალისტი ამბობს, რომ მთავრობის სტრატეგიამ, რომელიც ანგარიშის მხოლოდ იმ ნაწილებზეა ფოკუსირებული, სადაც მის პოზიციას უჭერენ მხარს, საბოლოოდ ხალხთან შეიძლება მარცხი განიცადოს.

„ეს ის მთავრობაა, რომელიც შარშან მთელი წელი  ძალიან მტკიცედ აცხადებდა, რომ ომი მას არ დაუწყია“ - ამბობს მიტჩელი - „ქართველი ხალხი ან იფიქრებს, რომ მთავრობა ატყუებდა, ან ევროკავშირია მის წინააღმდეგ. არც ერთი ამ მოსაზრებათაგანი საქართველოსთვის კომფორტული არ არის“.

ორიგინალი:
http://www.washingtonpost.com/wp-dyn/content/article/2009/10/03/AR2009100302973.html 

წყარო: foreignpress.ge

ახალი ამბები