კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სასამართლომ ერთადერთი მოწმე დარბაზიდან გააძევა

8 ოქტომბერი, 2009

გარდაცვლილი ჟურნალისტების მშობლები დამნაშავის დასჯას ითხოვენ

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესს, სადაც ავტოავარიის შედეგად გარდაცვლილი ქუთაისელი ჟურნალისტების საქმე განიხილებოდა, საპროტესტო აქცია მოჰყვა. დაზარალებული მხარე, რომელსაც  ჟურნალისტების მშობლები წარმოადგენენ, სასამართლოს ბრალს მიკერძოებაში სდებენ  და დახმარებას ადგილობრივ ხელისუფლებას  სთხოვენ.

26 ივლისს, ქუთაისში, ავტოავარიის შედეგად ადგილობრივი ტელეკომპანია „რიონის“ ოთხი ჟურნალისტი დაიღუპა. ავტომანქანას, რომლითაც ჟურნალისტები: ნინო გიგაშვილი, ჯონი კუბლაშვილი, გიორგი მგალობლიშვილი და დათო ავალიანი   გადაადგილდებოდნენ, BMW-ს მარკის ავტომანქანა დაეჯახა. სამართალდამცავებმა BMW-ს მძღოლი რევაზ ტყეშელაშვილი მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. ის შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაზარალებული მხარე აცხადებს, რომ სამართალდამცავები დამნაშავეს ხელს აფარებენ და ცდილობენ, იგი სათანადიდ არ დასაჯონ.

„სასამართლო პროცესი სრული არასერიოზულობით წარიმართა. აშკარად შეინიშნება, რომ მოსამართლე ტყეშელაშვილის დაცვას ცდილობს. განსაკუთრებულს არაფერს ვითხოვთ. შვილები მოგვიკვდა და გვინდა, სასამართლო პროცესი ობიექტურად ჩატარდეს და არა ისე, როგორც ეს დღეს მოხდა,“ - ამბობს გარდაცვლილი გიორგი მგალობლიშვილის მამა ნუგზარ მგალობლიშვილი.

უბედური შემთხვევას, რომელიც ღამით, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე მოხდა, ერთადერთი მოწმე, ჟურნალისტი როენა კახიძე ჰყავს. მოსამართლემ იგი სასამართლო პროცესიდან გააძევა, რასაც ვითარების დაძაბვა მოჰყვა.

„ტყეშელაშვილი სათანადოდ უნდა დაისაჯოს. იმ ღამით მან მე გარდაცვლილებთან მარტო დამტოვა. ორი ადამიანი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. ისინი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალნენ. სათანადო სამედიცინო დახმარება დროზე რომ აღმოეჩინათ, იქნებ გადარჩენილიყვნენ კიდეც. მე მას ვთხოვდი, არ მივეტოვებინეთ, მაგრამ ჩემი თხოვნა ყურად არ იღო. დღეს კი, როცა ეს სასამართლო პროცესზე ვთქვი, მოსამართლემ დარბაზიდან გამაძევა. მე ერთადერთი მოწმე ვარ, ვინც მომხდარი დეტალურად იცის, მაგრამ მათ ეს არ აინტერესებთ“, - ამბობს როენა კახიძე.

გარდაცვლილების ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ტყეშელაშვილმა რამდენჯერმე მათ გარიგებაც კი შესთავაზა, მათი განცხადებით საუბარი გარკვეულ თანხაზეც კი იყო, რომელსაც ის გარდაცვლილის ახლობლებს გაჩუმების სანაცვლოდ სთავაზობდა.

„ეს იმის ბრალია, რომ გამოძიება სათანადოდ არ ტარდება. როგორ უნდა ბედავდეს ოთხი ადამიანის მკვლელი ჩვენთან გარიგებასა და თანხაზე საუბარს. რომელ გარიგებაზე და თანხაზეა საუბარი. მე ჩემი შვილის იმედად ვცხოვრობდი. ახლა ეს შვილი მომიკლეს და სამართალდამცავები მკვლელის დასჯას ვერ ახერხებენ. სასამართლო პროცესი რამდენჯერმე, გაურკვეველი მიზეზის გამო გადაიდო. დღესაც იგივე მოხდა. როდემდე შეიძლება ეს ყველაფერი გაგრძელდეს? ამ კაცმა ოთხი ადამიანი მოკლა. ნუთუ ეს ძნელი გასაგებია“, - ამბობს ჯონი კუბლაშვილის დედა ნუგეშა კუბლაშვილი.

საპროტესტო აქციას, რომელიც ქუთაისის მერიის წინ გაიმართა, ადგილობრივი ჟურნალისტებიც შეუერთდნენ. ისინი გამოძიების ობიექტურად  ჩატარებას მოითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ გამორიცხავენ, რომ საპროტესტო აქციებმა უფრო მასშტაბური სახე მიიღოს.

ახალი ამბები