კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

წალკაში მამალაძის ხალხი ბატონობს

13 ოქტომბერი, 2009

ლალი დავითაშვილი, სპეციალურად წალკიდან

წალკის რაიონის სოფელ იმერაში მცხოვრები ეკომიგრანტები მოქმედ ხელისუფლებას რეგიონის ყოფილი გუბერნატორის ლევან მამალაძის ხალხის მფარველობაში ადანაშაულებენ. როგორც იმერას მაცხოვრებლებმა „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ განუცხადეს, ქართლოს მძელურმა, რომელიც საქართველოდან ლევან მამალაძის გაქცევამდე, მისი პირადი დაცვის უფროსი იყო, იმერაში ასობით ჰექტარი სათიბი კანონდარღვევით შეისყიდა, ჰექტარი 60 ლარად. ადგილობრივების თქმით, მძელურს სოფლის სათიბი მიწების შესყიდვაში ხელს წალკის რაიონის დღევანდელი მაჟორიტარი დეპუტატი მიშა ცქიტიშვილი უწყობდა, რომელიც იმ დროს წალკის რაიონის გამგებელი იყო.

სოფელ იმერაში მუსლიმანი ქართველები ცხოვრობენ, რომლებიც ხულოს რაიონის სოფელ ღორჯომიდან 2003 წელს ჩამოასახლეს.

ვაჟა მიქელაძე, სოფელ იმერასმაცხოვრებელი: - იმერაში ჩვენამდე ბერძნები ცხოვრობდნენ. ისინი საბერძნეთში რამდენიმე წლის წინ დაბრუნდნენ. ხულოს რაიონიდან წალკაში საქართველოს პრეზიდენტის შემოთავაზებით წამოვედით. რაც აქ დავსახლდით, მას შემდეგ ვითხოვთ, რომ სოფლის კუთვნილი მიწები ან იჯარით მოგვცენ, ან მოგვყიდონ, მაგრამ ვერაფერს გავხდით. გვეუბნებიან თავისუფალი მიწები არ არისო, სხვები კი იოლად ეპატრონებიან. თითქმის ყველა სამსახურს მივმართეთ, მაგრამ სამართალი ვერ ვიპოვნეთ. სოფელში მიწით უნდა იცხოვრო, სხვა საშუალება არ არსებობს, მიწას კი ჩვენთვის არ იმეტებენ. ქართლოს მძელურმა, რომელიც ლევან მამალაძის პირადი დაცვის უფროსი იყო, 2007 წელს ჩვენი სოფლის ტერიტორიაზე 340 ჰექტარი სათიბი შეიძინა, არადა სოფელს კუთვნილებაში მხოლოდ 143 ჰა სათიბი ჰქონდა. ე. ი. დანარჩენ მიწას კატეგორია შეუცვალეს და მძელურს ისე მიჰყიდეს. ახლა, ერთ ჰექტარზე ბალახი რომ მოვთიბოთ, ქართლოს მძელურს 60-დან 100-ლარამდე თანხას ვუხდით, წინააღმდეგ შემთხვევაში საქონელი საკვების გარეშე გვრჩება. არა მგონია ასეთი „ბიზნესი“ ჩვენს ქვეყანაში ბევრს ჰქონდეს. ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე წელიწადში 18 000-დან 30 000-ლარამდე სუფთა მოგებას იღებს. ბალახს არც დათესვა სჭირდება და არც მოვლა“.

- ბატონო ვაჟა, საიდან იცით, რომ მძელურმა სათიბი უკანონოდ იყიდა?

- ადგილობრივ ხელისუფლებაში და საჯარო რეესტრის წალკის სარეგისტრაციო სამსახურში გვითხრეს, რომ მძელურს იჯარა ჰქონდა და მერე სათიბი პირდაპირი მიყიდვის წესით შეიძინა. საკუთარი თვალით გვაქვს ნანახი საბუთები, რომ მძელურს მხოლოდ 60 ჰა სათიბზე ჰქონდა იჯარა. მამალაძის გუბერნატორობის დროს, იჯარით შეიძლება ქალაქი რუსთავიც აეღოთ და ეხლა რომ გამოაჩინონ საბუთები, უნდა მისცენ?

ამ ყველაფრის უკან პარლამენტის წევრი მიშა ცქიტიშვილი დგას. მძელურმა მიწები სწორედ მისი გამგებლობის პერიოდში იყიდა. მამალაძის მმართველობის დროს ცქიტიშვილი წალკის რაიონის საგადასახადო ინსპექციაში მუშაობდა. ახალ ხელისუფლებასაც მშვენივრად მოერგო. ჯერ რაიონის გამგებელი გახდა, ხოლო შემდეგ დეპუტატი. წინასაარჩევნოდ გვეხვეწებოდა, ოღონდ ხმა მომეცით, თქვენს მიწებს დაგიბრუნებთო, მაგრამ გადეპუტატების შემდეგ ყველაფერი დაავიწყდა“.

ნოდარ მიქელაძე, სოფელ იმერას მაცხოვრებელი: „ამ მიწებზე დავა ჯერ კიდევ მაშინ დავიწყეთ, როცა ქვემო ქართლის გუბერნატორი ზურაბ მელიქიშვილი იყო. დაპირისპირების შედეგად ლამის მკვლელობაც მოხდა. მერე საქმეში პროკურატურა ჩაერია და რუსთავიდან ერთ-ერთმა პროკურორმა ჩინოვნიკებს უთხრა: თუ გინდათ, რომ თანამდებობებზე დარჩეთ და კიდევ უარესი, ციხეებშიც არ აღმოჩნდეთ, ამ ხალხს და მიწებსაც თავი დაანებეთო. მაშინ ყველაფერი დალაგდა. ქართლოს მძელურმა გვითხრა, რომ კანონიერად რეგისტრირებული იჯარა მხოლოდ 60 ჰა სათიბზე ჰქონდა, დანარჩენი თქვენ გაიფორმეთო. გამგეობას რომ მივაკითხეთ, გვიპასუხეს, მიწები ჯერ არ იყიდებაო. 2007 წელს კი გავიგეთ, რომ მთელი ის მიწა მძელურმა შეისყიდა“.

ქართლოს მძელურის გარდა იმერაში მიწები სხვა გავლენიან პირებსაც აქვთ ნაყიდი. რამაზ სუბელიანი, რომელიც ამჟამად სახელმწიფო ქონების მართვისა და პრივატიზების წალკის სამსახურს ხელმძღვანელობს, რამდენიმე ჰექტარს ფლობს. ჰექტრობით მიწის მესაკუთრეები არიან ჯონი საბაძე – უშიშროების წალკის რაიონის სამსახურის უფროსი; ოთარ ხვისტანი - წალკის რაიონის ყოფილი გამგებელი და სხვები. იმერას მაცხოვრებლებს არც იმ მიწის ნაკვეთით სარგებლობის საშუალებას აძლევენ, რომელიც სოფლის სათემო კავშირს „ბაქო – თბილის – ჯეიჰანის“ მილსადენის მშენებელმა კომპანიამ, პროექტის ფარგლებში ხელშეკრულებით გადასცა. „ბაქო – თბილისი – ჯეიჰანის“ მილსადენის კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის თამილა ჩანტლაძის ინფორმაციით, აღნიშნული ხელშეკრულება იმერას სათემო კავშირთან 2007 წელს გაფორმდა და ძალაშია. მისივე თქმით, ხელშეკრულება მხოლოდ იმ შემთხვევაში გაუქმდება, თუ იმერას მაცხოვრებლები უსაფრთხოების პირობებს დაარღვევენ. მიუხედავად ამისა, მიწის ნაკვეთს სხვები ეპატრონებიან და ადგილობრივებს ბალახის მოსათიბად იქაც თანხების გადახდას ავალდებულებენ.

სახელმწიფო ქონების მართვისა და პრივატიზების წალკის სამსახურის უფროსის რამაზ სუბელიანის განმარტებით, მიწა, რომლის მესაკუთრეც ამჟამად არის, პრივატიზებამდე იჯარით ჰქონდა აღებული და კანონით შესყიდვის უპირატესი უფლება გააჩნდა. „მეც ასე ვიყიდე და მძელურმაც. რა, ის საქართველოს მოქალაქე არ არის?“, - ამბობს სუბელიანი.

გივი ხუციშვილი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წალკის სარეგისტრაციო სამსახურის უფროსი: „თქვენს მიერ დასახელებული მიწის ნაკვეთები ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ გაყიდა. მე ყიდვა-გაყიდვასთან შეხება არ მქონია. ჩვენს სამსახურში მხოლოდ რეგისტრაცია მიმდინარეობს. მიწის იჯარით გაცემასთან და სხვა პროცედურებთან დაკავშირებულ საკითხებს გამგეობა წყვეტდა“.

მიშა ცქიტიშვილი, წალკის რაიონის ყოფილი გამგებელი, საქართველოს პარლამენტის წევრი: „მიწებს წალკის გამგეობა არ ყიდის. ის გაყიდა ეკონომიკის სამინისტრომ. მიჰყიდა იმას, ვისაც იჯარით ჰქონდა აღებული. მე არ მესმის ვისთან და რა აქვთ სადაო. კარგად მახსოვს, რომ ქართლოს მძელურმა იჯარა რვა-ათი წლით ადრე გაიფორმა ვიდრე მიწები გასხვისდებოდა. 2007 წელს, მან, როგორც მოიჯარემ, მიწის ნაკვეთები პირდაპირი მიყიდვის წესით შეიძინა. სანამ ეგენი ჩამოსახლდებოდნენ, ქართლოს მძელური და მიწის სხვა მესაკუთრეები სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადს იხდიდნენ. არ მესმის, მათთვის მიწა რატომ უნდა წაგვერთმია“.

ლევან მამალაძის პირადი დაცვის ყოფილი უფროსი ქართლოს მძელური იმერას მოსახლეობის პრეტენზიებს საერთოდ უარყოფს. „მე ამ ხალხს 120 ჰექტარი მიწა საჩუქრად გადავეცი და ვიცი, რომ ისინი კმაყოფილები არიან. იმერას მაცხოვრებლებს ჩემს ნაკვეთებში ბალახის მოსათიბად არაფერს ვთხოვ. როგორც გითხარით, გასულ წელს გადავეცი მათ 120 ჰა მიწა. საკუთრებაში აქვთ თუ არა, არ ვიცი. ჩემი ინფორმაციით, საკუთრების მოწმობების დამზადება ვერ მოესწრო.

- ბატონო ქართლოს, ამდენი მიწის შესყიდვა როგორ მოახერხეთ?

- თუ იცით 2000 წელს წალკაში რა ხდებოდა? რაიონი მოსახლეობისგან დაიცალა, მიტოვებული იყო ყველაფერი და მაშინ ავიღე იჯარით მიწის ნაკვეთები. სამთავრობო დაცვაში მე 1995-96 წლებში ვმუშაობდი. 2000 წელს, როცა მიწები იჯარით ავიღე, დაცვაში არ ვიყავი“.

იმერას მოსახლეობა დახმარებისათვის პრეზიდენტს მიმართავს. ეკომიგრანტებს აინტერესებთ პასუხი კითხვაზე: როგორ და რატომ ბატონობს წალკაში, მძიმე დანაშაულებში ბრალდებული ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორის ლევან მამალაძის ხალხი?

ახალი ამბები