კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თელავის სასამართლოში ჟურნალისტებს მუშაობის საშუალებას არ აძლევენ

20 ოქტომბერი, 2009

გელა მთივლიშვილი, კახეთი

2007 წლის ივლისში საქართველოს პარლამენტმა საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებები შეიტანა. ცვლილებების შედეგად სასამართლო სხდომის დარბაზებში ფოტო, ვიდეო გადაღება და ტრანსლაცია აიკრძალა. კანონში ცვლილებების შეტანის პირვანდელი პროექტით აუდიოჩაწერაც იკრძალებოდა, თუმცა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წინააღმდეგობის გამო, პროექტიდან ეს ჩანაწერი ამოღებულ იქნა. საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს კანონი სხდომის დარბაზში აუდიოჩაწერას არ კრძალავს. მიუხედავად ამისა, თელავის რაიონულ სასამართლოში ჟურნალისტებს დიქტოფონების გამოყენების და სრულყოფილად მუშაობის საშუალებას არ აძლევენ.

საქმე ისაა, რომ მანდატურის სამსახურის თანამშრომლები ჟურნალისტებს სხდომის დარბაზში შესვლამდე ჩხრეკენ და მათ ყველა ნივთს ართმევენ. „ჯიბეები ამოიბრუნეთ, ვნახოთ ტანსაცმელში რამეს ხომ არ მალავთ. გაფრთხილებთ, რომ დარბაზში ფოტო და ვიდეო კამერის, ასევე აუდიოჩამწერის შეტანა არ შეიძლება“, - ასე აფრთხილებენ მანდატურები ჟურნალისტებს. მათივე მოთხოვნით, მობილური ტელეფონიც სხდომის დარბაზში შესვლამდე უნდა გამოვრთოთ, ხმოვანი ზარის გამორთვა საკმარისი არ არის. ამ მხრივაც განსაკუთრებული ყურადღებისა და დაკვირვების ქვეშ ჟურნალისტები არიან. „გარანტია არ გვაქვს, რომ პროცესს ტელეფონით არ ჩაიწერთ“, - დაუფარავად აცხადებენ მანდატურები.

- კანონი სხდომის დარბაზში აუდიოჩაწერას არ კრძალავს და თქვენ რის საფუძველზე გვიზღუდავთ ამ უფლებას? – ვკითხეთ მანდატურებს.

- ამან ახსნა-განმარტებებიც კი მოგვთხოვა. თუ ჩვენს მოთხოვნებს არ ემორჩილები, დარბაზშიც ვერ შეხვალ, - გვიპასუხეს მანდატურებმა.

თელავის რაიონული სასამართლოს შენობაში, საინფორმაციო დაფაზე ვერ ვნახეთ რაიმე დადგენილება, რომლის საფუძველზეც სხდომის დარბაზში აუდიოჩაწერა შეზღუდული ან სპეციალური წესებით იქნებოდა დარეგულირებული.

ნანა ვასაძე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრესსამსახურის უფროსი: კანონით, სხდომის დარბაზში აუდიოჩაწერა არ იკრძალება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაც არ იკრძალება, ყველაფერი დაშვებულია.

- რას გულისხმობთ? რადგან კანონი სხდომის დარბაზში აუდიოჩაწერას არ კრძალავს, ე. ი. გვაქვს უფლება პროცესი დიქტოფონზე უხმაუროდ ჩავიწეროთ.

- თუ გსურთ, რომ სხდომის დარბაზში აუდიოჩამწერი გამოიყენოთ, ამის შესახებ მოსამართლე საქმის კურსში წინასწარ, პროცესის დაწყებამდე ჩააყანეთ და პრობლემა არ იქნება.

- ამას კანონი გვავალდებულებს?

- რათქმაუნდა, კანონში წერია ამის შესახებ. ხომ შეიძლება დიქტოფონი იწვევდეს ხმაურს და ა. შ. ასეთი რამ არ უნდა მოხდეს, პროცესის მიმდინარეობას ხელი არ უნდა შეეშალოს. ანუ ჩაწერის უფლება გაქვთ, მაგრამ მოსამართლემ ეს უნდა იცოდეს.


- შეგიძლიათ კონკრეტული მუხლი დამისახელოთ, რომელიც გვავალდებულებს, რომ დარბაზში დიქტოფონის გამოყენების შემთხვევაში მოსამართლეს ან სასამართლოს თანამშრომელს წინასწარ უნდა შევატყობინოთ?

- სხდომის მდივანს მაინც რომ უთხრა, პროცესის აუდიოჩაწერის თაობაზე, რა დაშავდება? რატომ ცდილობ ხელოვნურად შექმნა პრობლემა?

- მე ვცდილობ ის უფლებები გამოვიყენო, რაც კანონით მაქვს და არ დავემორჩილო სასამართლოს აბსოლუტურად უკანონო მოთხოვნებს. დარბაზში დიქტოფონის გამოყენების შესახებ მოსამართლის ან სხდომის მდივნის გაფრთხილებაც რომ გადავწყვიტო, იქამდე, სადაც ისინი სხედან, მაინც ვერ მივაღწევ.

- მაშინ პროცესის დაწყებამდე საქმის კურსში მოსამართლის თანაშემწე ჩააყენეთ. ეს პრობლემები მალე ამოიწურება. უზენაესი სასამართლო მუშაობს სპეციალური განმარტებითი ხასიათის ბროშურის გამოცემაზე, სადაც მოცემული იქნება ინფორმაცია იმის შესახებ, ვის რა უფლება აქვს საჯარო ინფორმაციის მოპოვებასთან დაკავშირებით და ა. შ. ეს კეთდება იმისათვის, რომ სასამართლო პრაქტიკა იყოს ერთგვაროვანი. ჟურნალისტებმა ისევე უპრობლემოდ შეძლოთ რეგიონულ სასამართლოებში მუშაობა, როგორც ეს თბილისის საქალაქო, სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებშია.

- ნანა, გარდა ამისა, მანდატურები სხდომის დარბაზში მხოლოდ მას შემდეგ გვიშვებენ, რაც დარბაზში არსებული ადგილები შეივსება, მიუხედავად იმისა, რომ რიგში პირველები ვართ ხოლმე. მერე, სხდომის დარბაზში ფეხზე დგომა აკრძალულიაო და ამ მოტივით ისევ გარეთ ცდილობენ ჩვენს გამოძევებას. ეს რამდენად კანონიერია?

- შეიძლება განსასჯელების მხრიდან ბევრი ხალხია ხოლმე და ეს პრობლემა ამით იყოს განპირობებული. ვფიქრობ, რომ არ არის სპეციალური განზრახვა, ჟურნალისტები დარბაზში არ დაუშვან.

ნინო ზურიაშვილი, საგამოძიებო ჟურნალისტი, სტუდია „მონიტორის“ დამფუძნებელი: მას შემდეგ რაც საერთო სასამართლოების შესახებ კანონის მე-12 მუხლში ცვლილება შეიტანეს, სასამართლო პროცესი არაერთხელ ჩამიწერია დიქტოფონზე. მოსამართლეებს ჰქონდათ პროტესტი და კითხვები, ვინ ხარ, საიდან ხარ, მაჩვენე ხელში რა გიჭირავს, რა ხელსაწყოა და ა. შ. მაგრამ პროცესი მაინც ჩამიწერია. მანდატურს ვინ კითხავს, რომ ჩაწერა აგვიკრძალოს. თავიდან, როცა კანონში ცვლილებები შეიტანეს, იყო აუდიოჩაწერის აკრძალვაც, მაგრამ ეუთოს ჰქონდა ძალიან მძაფრი რეაქცია. საპარლამენტო კომიტეტში მეორე მოსმენის დროს აუდიოჩაწერის აკრძალვა ამოიღეს. მოგვიანებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილმა პრესკონფერენციაც კი გამართა და გვითხრა, რომ მოთხოვნის შემთხვევაში, სხდომის დამთავრებისთანავე, სასამართლო თვითონ გადმოგვცემდა აუდიოჩანაწერის ასლს. მანდატურების მხრიდან აუდიოჩაწერის აკრძალვა, არის ჟურნალისტისთვის მუშაობაში ხელის შეშლა.

თამარ გურჩიანი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი: საერთო სასამართლოების შესახებ კანონის მე-12 მუხლის თანახმად, აუდიოჩაწერა აკრძალული არ არის, ანუ დაშვებულია. იკრძალება მხოლოდ ფოტო და ვიდეო გადაღება. ამავე მუხლით, სასამართლო სხდომის სტენოგრაფირება, აუდიოჩაწერა დაიშვება სასამართლოს ან მოსამართლის მიერ დადგენილი წესით. აღნიშნული წესი უნდა არსებობდეს წერილობითი სახით. აუდიოჩაწერა შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ მოსამართლის მოტივირებული გადაწყვეტილებით.

უზენაესი სასამართლოს ინფორმაციით, თელავის რაიონულ სასამართლოში აუდიოჩაწერის თაობაზე სპეციალური წესი არ მოქმედებს. არც სასამართლოს, მოსამართლეს აქვს გამოცემული რომელიმე საქმეზე მოტივირებული გადაწყვეტილება, აუდიოჩაწერის შეზღუდვასთან დაკავშირებით.

ახალი ამბები