კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ცოცხალმკვდარ პატიმრებს სასამართლომ 11 წელი მიუსაჯა

27 ოქტომბერი, 2009

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

ქუთაისის #2 საპყრობილეში გამართული სკანდალური სასამართლო პროცესი, რომელსაც მოშიმშილე პატიმრების საბოლოო განაჩენი უნდა გამოეცხადებინა, ხმაურითა და შეხლა-შემოხლით დასრულდა.  მართლმსაჯულებამ ქურდობაში ეჭვმიტანილ გიორგი ზირაქაძესა და გიორგი გორგოძეს 7 და 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლო პროცესის ქუთაისის ციხეში ჩატარება მას შემდეგ გადაწყდა, რაც შიმშილობისგან დაუძლურებული პატიმრების სასამართლომდე გადაყვანა შეუძლებელი გახდა.

გასულ თვეს, ქუთაისის №2 საპყრობილეში ორი პატიმარი უსამართლობას პროტესტის უმკაცრესი ფორმით ებრძოდა. გიორგი გორგოძემ და გიორგი ზირაქაძემ  პირი ამოიკერეს და ახლობლებს პირობა მისცეს, რომ პროტესტის ამ უმკაცრეს ფორმაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში იტყოდნენ უარს, თუ მათი გამართლება მოხდებოდა.

სასამართლო პროცესი ქუთაისის ციხეში გუშინ თითქმის მთელი დღის მანძილზე გაგრძელდა და გვიან საღამოს, საკმაოდ მძიმე ვითარებაში დასრულდა. საბოლოო განაჩენის გამოცხადებამდე, პატიმრების ახლობლების მხრიდან ხმაური გიორგი ზირაქაძის საშინელმა მდგომარეობამ გამოიწვია. შიმშილობისგან დაუძლურებული ზირაქაძე სასამართლო პროცესის დროს სკამიდან რამდენჯერმე გადმოვარდა, რასაც ოჯახის წევრების მხრიდან ხმაური მოჰყვა. მოსამართლემ პატიმრის ახლობლები სასამართლო პროცესიდან დაითხოვა.

„ისინი ბოლო წუთამდე დარწმუნებული იყვნენ, რომ პროკურატურაც და შესაბამისად, სასამართლოც დათმობაზე წავიდოდნენ და მათ მდგომარეობას გაითვალისწინებდნენ (ბოლოსდაბოლოს, ეს ხალხი, სიმართლის დადგენის მოთხოვნით, თითქმის ორი თვის მანძილზე შიმშილობდა). სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა ზედმიწევნით შეასრულა და ზუსტად ისე მოიქცა, როგორც უნდა მოქცეულიყო. საშინელი ვითარება იყო. პატიმრები თითქმის ცოცხალმკვდარი არიან. გიორგი გორგოძე, რომელიც შიმშილობისგან და ავადმყოფობისგან უკვე გასივებულია, პროცესზე გიორგი ზირაქაძეს უვლიდა. იგი საშინლადაა დასუსტებული და სკამიდან რამდენჯერმე გადმოვადრა. ამ უკანასკნელს უკვე პირიდან უცნაური სუნი ამოსდის. წარმოიდგინეთ, სხდომის მდივანს მთელი პროცესის მანძილზე ცხვირზე ხელი ჰქონდა აფარებული და ისე ასრულებდა თავის მოვალეობას. ამ ფონზე, სასამართლომ არაჩვეულებრივი განაჩენი გამოიტანა: ზირაქაძეს 7, ხოლო გორგოძეს 11 წელი მიუსაჯა“, - აცხადებს ადვოკატი ფიქრია ცერცვაძე.

მისივე თქმით, ბაღდათის რაიონის პროკურორი მამუკა ჩუბინიძე, რომელიც სასამართლო პროცესს ესწრებოდა, ადვოკატის შეკითხვებს საკმაოდ უსუსური არგუმენტებით პასუხობდა. მეტიც, მისთვის მთავარი იყო სასამართლო პროცესი რაც შეიძლება მალე დასრულებულიყო.

„პროკურორი ამბობდა, გაჩერდეს დაზარალებული და საპროცესოს გავაფორმებთო. ამ დროს დაზარალებული იძახის, კი, ბატონო, არ ჩაუდენია ამ ბიჭებს ქურდობა და მაშინ სხვა ქურდები მომიძებნეთო. აი, ამაშია საქმე. სად იპოვოს ახლა ბაღდათის პოლიციამ და პროკურატურამ სხვა ქურდი? ამას ხომ შრომა სჭირდება? ეს საქმე კი უკვე „გამომცხვარია“, - ამბობს ფიქრია ცერცვაძე.

ადვოკატი პატიმრების პროტესტის პირველ დღეებს იხსენებს, როცა გორგოძემ და ზირაქაძემ პირი გაიკერეს და მშრალი შიმშილობა გამოაცხადეს. იგი იმ დამოკიდებულებას უსვამს ხაზს, რომელიც მაშინ სხვადასხვა უწყებების მხრიდან  მის წერილს მოჰყვა. პატიმრების პროტესტის მეხუთე დღეს ფიქრია ცერცვაძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციას, პარლამენტს, სახალხო დამცველსა და გენერალურ პროკურატურას წერილობით მიმართა და ბრალდებულთა უმძიმესი მდგომარეობის შესახებ აცნობა. პასუხმა კი, როგორც თავად ამბობს, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა: „შიმშილობით და პირის გაკერვით რომ ადამიანებს ამართლებდნენ, მაშინ მთელი ქვეყნის პატიმრები იშიმშილებდნენ და პირსაც გაიკერავდნენო - დაახლოებით ასე ჟღერდა პასუხი მათი მხრიდან. ერთადერთი სახალხო დამცველის აპარატი იყო, ვინც მაშინ გულთან მიიტანა ეს ამბავი და პატიმრები ადგილზე მოინახულა“, - გვითხრა ადვოკატმა.

რამდენიმე დღეში მსჯავრდებულები განაჩენს ჩაიბარებენ. ადვოკატს კი, მისი გასაჩივრება უკვე გადაწყვეტილი აქვს. „მე არ მქონია ილუზია, რომ ეს პროცესი სხვა შედეგით დასრულდებოდა... მაგრამ ეს არ არის ყველაფერი. თუ საჭირო გახდა, სტრასბურგამდე მივალთ და სიმართლეს მაინც დავადგენთ. მე, უბრალოდ, ამ ბიჭების ჯანმრთელობის მდგომარეობა მაღელვებს და ის დამოკიდებულება, რაც მათ მიმართ მართლმსაჯულებისა და, ზოგადად, სახელმწიფოს მხრიდანაა ფიქსირდება“.

ახალი ამბები