კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დევნილთათვის გამოყოფილი 176 646 450 ლარიდან, ფაქტობრივად, მხოლოდ 60 770 900 ლარი დაიხარჯა

28 ოქტომბერი, 2009

გელა მთივლიშვილი

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" აგვისტოს ომის შედეგად დევნილთა საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფისათვის განხორციელებული ღონისძიებების მონიტორინგის პირველადი შეფასება გამოაქვეყნა. შუალედურ ანგარიშში ნათქვამია, რომ დევნილების საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფისათვის გამოყოფილი 176 646 450 ლარიდან, ფაქტობრივად, მხოლოდ 60 770 900 ლარი დაიხარჯა. მონიტორინგის შედეგად იურისტებმა სახელმწიფო სახსრების არაეფექტური და უშედეგო ხარჯვის არაერთი ფაქტი გამოავლინეს.

მონიტორინგის ჩატარება ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" მიერ დაფუძნებული კოალიციის "გამჭვირვალე საერთაშორისო დახმარება საქართველოს" პროექტის ფარგლებში გახდა შესაძლებელი. კოალიცია მიზნად ფინანსური დახმარების გამჭვირვალობის ხელშეწყობას, მთავრობის ანგარიშვალდებულების ამაღლებას და სამოქალაქო საზოგადოების თანამონაწილეობის გაზრდას ისახავს.

პროექტის ფარგლებში "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" ადგილობრივი თვითმმართველობების, მუნიციპალური განვითარების ფონდისა და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ დევნილთათვის აშენებული და რეაბილიტირებული სახლების მშენებლობის სამართლებრივ მონიტორინგს ახორციელებს. აღნიშნული მშენებლობები ხორციელდება როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით, ასევე, საქართველოსთვის, ბრიუსელის დონორთა კონფერენციის შედეგად გამოყოფილი თანხებით. როგორც ცნობილია, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა და დონორებმა, 2008 წლის 22 ოქტომბერს, ბრიუსელში გამართულ დონორთა კონფერენციაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს მომდევნო 3 წლის განმავლობაში 4.55 მლრდ აშშ დოლარის ოდენობის დახმარება გამოუყვეს. დახმარების პრიორიტეტული სფეროებია: სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკულ პროექტები და დევნილთათვის საცხოვრებელი სახლების აშენება.

-თამარ კორძაია, "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" იურისტი:

იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით გამოყოფილი სახსრების ხარჯვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ვითხოვდით ყველა იმ მხარჯავი დაწესებულებიდან, რომელთაც აღნიშნული ღონისძიებების განხორციელება და კონტროლი ევალებოდათ. ესენია: მუნიციპალური განვითარების ფონდი, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო, ადგილობრივი თვითმმართველობები, ფინანსთა სამინისტრო, კონსტროლის პალატა, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო. ინფორმაციის მოპოვებასთან დაკავშირებით გარკვეული სირთულეები შეგვექმნა.

-ძირითადად, რა პრობლემები შეგექმნათ?

არის შემთხვევები როცა საერთოდ არ მოგვაწოდეს ინფორმაცია, ან დაგვიანებით და არასრულყოფილად მოგვაწოდეს. ინფორმაციის მოუწოდებლობისა და არასრულყოფილად მოწოდებისათვის ადამინისტრაციული და სასამართლო დავები წარმოებს 7 საჯარო დაწესებულებასთან. ასევე, სენაკის, ხაშურის, დუშეთის და მარნეულის მუნიციპალიტეტების მასალების გაცნობა შეუძლებელი გახდა იმ მოტივით, რომ ისინი ამოღებულ იქნა პროკურატურის მიერ. ოფიციალური ინფორმაციით, მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 132-ე (მითვისება, გაფლანგვა) და 332-ე (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთან დაკავშირებით.

ჩვენ ხელთ არსებული მასალების თანახმად, 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების შემდეგ მთლიანობაში აშენდა, გარემონტდა და რეაბილიტირებულ იქნა 4603 ობიექტი. აქედან, შეკეთდა 3023 სახლი და 317 ობიექტს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. უშუალოდ დევნილებისთვის 1263 ობიექტი აშენდა. ხელშეკრულებების დეტალური შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ რეაბილიტირებული შენობების ზუსტი რაოდენობის დადგენა პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან ხელშეკრულებები არ ითვალისწინებს სარემონტო – სარეაბილიტაციო სახლების ზუსტ რაოდენობას. მათი დაანგარიშება უნდა მოხდეს წარმოდგენილი დეფექტური აქტებისა და ხარჯთაღრიცხვების შესაბამისად, ხოლო აღნიშნული დოკუმენტები ხშირ შემთხვევაში არასრულყოფილად არის წარმოდგენილი.

-რა დარღვევები გამოვლინდა, რამდენად სწორედ არის განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვები?

"სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის მე-9 მუხლით დადგენილი სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვისა და მომზადების წესები დარღვეული აქვს მუნიციპალური განვითარების ფონდსაც, სამინისტროსაც და მუნიციპალიტეტების გამგეობებსაც. კერძოდ, ტენდერის შედეგად გაფორმებულ თითქმის ყველა ხელშეკრულებაში შემდგომ ხორციელდება ცვლილებები. ეს ნათლად მეტყველებს, რომ შემსყიდველ ორგანიზაციას არ გააჩნია ზუსტი ინფორმაცია და დოკუმენტაცია შესასრულებელი სამუშაოების მოცულობების, სახეობებისა და საჭიროებების შესახებ. მაგალიათად, ერთ-ერთი სატენდერო პაკეტის შემთხვევაში დაფიქსირდა, რომ 2009 წლის 26 მარტის წერილით მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ითხოვს სოფელ მუხრანში მდებარე ორსართულიანი სახლის რეაბილიტაციის შეჩერებას, რადგან "კონკრეტული შერჩევის საფუძველზე" პირდაპირი მიყიდვის წესით პრივატიზებული აქვს შპს "ქართულ ტრადიციას". საგულისხმოა, რომ 26 მარტისთვის ამ ობიექტზე მუნიციპალური განვითარების ფონდის (მგფ) მიერ შესყიდულია საპროექტო – სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, გამოცხადებულია ტენდერი და გაფორმებულია შესაბამისი კონტრაქტი. საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, ჯერ კიდევ 2008 წლის 19 ნოემბრიდან მოცემული სახლი პრივატიზებულია. როგორც დგინდება, მთელი რიგი შესყიდვის მომზადების ღონისძიებები და ხარჯები მგფ-მა განახორციელა კერძო საკუთრებაში არსებული შენობა – ნაგებობების მიმართ და არამიზნობრივად.

მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ერთ პირთან მოლაპარაკების გზით დადებული ხელშეკრულებების დიდი ნაწილი შეეხება დევნილებისათვის ახალი სახლების მშენებლობას შიდა ქართლში, გორის, კასპისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში. აღნიშნული ხელშეკრულებები ჯამურად 1263 ობიექტის მშენებლობას ითვალისწინებდა. ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოება, რაც გამოიკვეთა, არის ხარჯთაღრიცხვებით გათვალისწინებული სამუშაოების ნაწილის შეუსრულებლობა ან მისი უხარისხოდ და არაჯეროვნად შესრულება. მაგალითად, გორის რაიონის სოფლებში ბერბუკში, შავშვებსა და ხურვალეთში, ჯამში სულ 450 სახლი აშენდა. თითოეულ სახლთან მიმართებაში ხარჯთაღრიცხვა ითვალისწინებდა საქონლის სადგომის მშენებლობას, რაც არცერთ შემთხვევაში არ განხორციელებულა. გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული ობიექტი ხარჯთაღრიცხვაში განფასებულია 640 ლარად. 450 ობიექტის თანხა კი 288 ათას ლარს შეადგენს. მიუხედავად ამისა, კონტრაქტორებს მთლიანად აუნაზღაურდათ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხები.

-თქვენ აღნიშნეთ, რომ ტენდერის შედეგად გაფორმებულ თითქმის ყველა ხელშეკრულებაში შემდგომ ცვლილებები და დამატებები ხორციელდება. ცვლილებების შედეგად სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება გაზრდილია?

განსაკუთრებულად უნდა გაესვას ხაზი შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ღირებულების შემდგომში შეუსაბამოდ მაღალ გაზრდას და სამუშაო მოცულობების შემცირებას. პრეტენდენტი წარმოადგენს ძალიან დაბალ ფასს, მოიპოვებს უპირატესობას და სამუშაოების მიმდინარეობისას მის მიერ ხორციელდება შემოთავაზებული ღირებულების შეუსაბამოდ გაზრდა. არის შემთხვევები, როცა პრეტენდენტი სატენდერო წინადადებით სავარაუდო ღორებულების 50-40 პროცენტით ნაკლებ ფასს წარმოადგენს. მაგალითად, ერთ-ერთ ტენდერში გამარჯვებულად გამოვლინდა შპს "ბლოკ – ჯორჯია" სახელშეკრულებო ღირებულებით 1 117 246 ლარი. სამუშაოს სავარაუდო ღირებულება შეადგენდა 3 507 428 ლარს. მნიშვნელოვანია, რომ გამარჯვებული წინადადება შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 30 პროცენტს შეადგენს, ანუ პრეტენდენტმა წარადგინა შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაზე 70 პროცენტით დაბალი ფასი. შესაძლებელია, ვივარაუდოთ, რომ პრეტენდენტმა სამუშაოს მიახლოებითი ღირებულება 70 პროცენტით შეამცირა უპირატესობის მოპოვების მიზნით და შემდგომ მის მიერ მოთხოვნილ იქნა სატენდერო წინადადების 44 პროცენტით გაზრდა. ასევე, არის შემთხვევები, როცა გამარჯვებული კომპანიის შემოთავაზებული ღირებულება, შემდეგ მისივე მოთხოვნით იზრდება 50 – 70 პროცენტითაც კი. რიგ შემთხვევაში კონტრაქტის გაზრდილი ღირებულება შესყიდვის სავარუდო ღირებულებასაც კი აღემატება და გაზრდის აუცილებლობას ადასტურებენ იმავე საპროექტო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ვინც უშუალოდ იყვნენ პასუხისმგებლები სრულყოფილ საპროექტო – სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე.

-თამარ, ადგილობრივ თვითმმართველობებს რა დარღვევები აღმოუჩინეთ?

მუნიციპალიტეტების გამგეობებს, პრეზიდენტის განკარგულებით ხელშეკრულებები ერთ პირთან მოლაპარაკების გზით აქვთ დადებული. გამოვლინდა, რომ ხელშეკრულებებში ფასები ან საერთოდ არ არის გათვალისწინებული, ან გათვალისწინებულ თანხებზე მეტია გადახდილი. შემსყიდველი ორგანიზაციები განხორცილებულ სამუშაოებზე მონიტორინგს ფაქტობრივად არ ახდენდნენ.

მაგალითად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ დადებულ ხელშეკრულებაში კონტრაქტის ფასი განსაზღვრულია შესრულებული სამუშაოს პროცენტებით, თუმცა შესრულებული სამუშაოს ამსახველი დოკუმენტები არასრულყოფილია და აღნიშნული ფასის დადგენა, პრაქტიკულად, შეუძლებელია.  გარდა ამისა, სოფელ ფოლადაურში გარემონტებულ 9 კოტეჯთან დაკავშირებით ბოლნისის მუნიციპალიტეტის მიერ მოწოდებული გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტების თანახმად, ინდმეწარმე "ბესარიონ გაბიძიშვილისთვის" გადარიცხული თანხების მთლიანი ოდენობა აღემატება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხას. შედეგად, მთლიანობაში გადარიცხულ იქნა 49 951 ლარი. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ სამუშაოს შესრულების აქტების თანახმად, "ბესარიონ გაბიძიშვილის" მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 81 350 ლარი. მიუხედავად ამისა, შენობები არის ავარიული, სახურავი დაზიანებულია და ჭერი წყლისგან უკვე ჩამონგრეულია. სოფელში არ არის საშუალო სკოლა, მნიშვნელოვნად დაზიანებულია სოფლამდე მისასვლელი გზა. თანხების გამოყოფისას სამუშაოს შესრულების ერთ პირთან მოლაპარაკების გზას საქართველოს მთავრობა ასაბუთებდა შეზღუდული ვადებით, თუმცა "გარემონტებულ" კოტეჯებში ამ დრომდე არავინ ცხოვრობს.

-როგორც ვიცი, უკეთესი მდგომარეობა არც იმ შენობებშია, რომლებიც დევნილებისთვის სხვა რაიონებში გაარემონტეს?

სახელმწიფო სახსრების არაეფექტურ ხარჯვად შესაძლოა მივიჩნიოთ მარნეულის რაიონის სოფელ შაუმიანში განხორციელებულ სამუშაოებზე დახარჯული თანხებიც. ნომერ პირველ კორპუსში კედლები არის დახეთქილი და შპალერი პირდაპირ შეულესავ კედელზეა მიკრული. ნომერ მეოთხე კორპუსში არ არის შეცვლილი სახურავი. ყველა სართულზე ჟონავს კანალიზაციის წყალი.

საგანგაშო მდგომარეობაა ქალაქ გორში, კომბინატის დასახლებაში მდებარე პოლიკლინიკის შენობაში. სრულიად ამორტიზებულია საკანალიზაციო სისტემა. წყალი ჟონავს ყველა სართულზე.

-თქვენს მიერ გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირებისათვის თუ მიმართეთ სამართალდამცავ ორგანოებს, შს სამინისტროს, კონტროლის პალატას და ა.შ. მართალია, ამ უწყებების მაღალჩინოსნები საჯაროდ თავად ხელმძღვანელობდნენ დევნილებისთვის სახლების მშენებლობასა და რეაბილიტაციას, მაგრამ მაინც.

კოალიციის პროექტის ფარგლებში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სულ უნდა შეისწავლოს 90 ტენდერი. ამ ეტაპზე მხოლოდ 20 ტენდერი გვაქვს შესწავლილი. ჩვენ მივმართეთ პროკურატურასაც და კონსტროლის პალატასაც. პროკურატურას რამდენიმე ფაქტზე, როგორც ზემოთ აღვნიშნე, გამოძიება დაწყებული აქვს. ერთ შემთხვევაში, მაგალითად, ხაშურში უკვე გამამტყუნებელი განაჩენიც დადგა. რაც შეეხება კონტროლის პალატას, მათ გვაცნობეს, რომ დოკუმენტაციის ნაწილს უკვე ამოწმებენ, მაგრამ საბოლოო დასკვნა არ აქვთ. იურიდიულად არასდ ჩანს, რომ საცხოვრებელი სახლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროცესს სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელები კურირებდნენ.

-იურიდიულად არ ჩანს, მაგრამ მაგალითად, კახეთში, კონტროლის პალატის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი ბოტკოველი და თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი დევნილებისთვის საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაციის პროცესს პირადად ხელმძღვანელობდნენ.

ასე შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილიც ხელმძღვანელობდა გორის რაიონში დევნილთათვის სახლების მშენებლობას, მაგრამ დოკუმენტებში ეს ფაქტი არსად არ არის მოცემული.

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" მიერ მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ საქართველოს ფინანსთა და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროებს, ასევე მუნიციპალური განვითარების ფონდს და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს. არაერთი მცდელობის მიუხედავად სამინისტროებიდან კომენტარი ვერ მოვიპოვეთ. მუნიციპალური განვითარების ფონდის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დაგვპირდნენ, რომ ანგარიშთან დაკავშირებით ფონდიდან კომპეტენტური პირი კომენტარს გააკეთებდა. მოგვიანებით ფონდის წარმომადგენელი ტელეფონით თავად დაგვიკავშირდა. მისი თქმით, ფონდის განმარტებას საზოგადოება თავის მართლებად აღიქვამს, რაც ფონდს საჭიროდ არ მიაჩნია. "თავი რომ ვიმართლოთ, საამისო არაფერი გვჭირს", - განაცხადა მგფ-ის წარმომადგენელმა.

ზაზა დეკანოიძე, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი: "რა თანხებიც იყო გამოყოფილი სახელმწიფო ბიუჯეტიდან, იმაზე მეტი სამუშაო შევასრულეთ. გამორიცხულია, რომ კანალიზაცია მოშლილი იყოს და წყალი ჟონავდეს. გამოვრიცხავ რომ შპალერი გაულესავ კედელზე იყოს აკრული. ერთ-ერთ კორპუსში სახურავი ნამდვილად არ შეცვლილა, იმ მიზეზით, რომ ამის საჭიროება არ იყო".

სოსო ლალიაშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი: "დევნილთათვის საცხოვრებელი კოტეჯების მშენებლობა როცა მიმდინარეობდა, მე მაშინ რაიონის გამგებელი არ ვიყავი. შესაბამისად, დეტალურად არ ვიცი რა დარღვევებზეა საუბარი. დაახლოებით ორი თვის წინ ვიყავი სოფელ ფოლადაურში და პირადად მე არ მინახავს, რომ კოტეჯები დანგრეული ან დაზიანებული ყოფილიყო. კონტროლის პალატამ ეს საკითხი შეისწავლა და დარღვევები არ აღმოჩნდა".

ახალი ამბები