კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მოსახლეობას ავტოფარეხებს უნგრევენ

28 ოქტომბერი, 2009

მაკა მალაყმაძე, ბათუმი

ბათუმის, ჯავახიშვილის ქუჩის მოსახლეობამ ადამიანის უფლებათა ცენტრს დახმარებისთვის მიმართა. საქმე ისაა, რომ მათ ბათუმის ზედამხედველობის სამსახურმა ავტოფარეხები დაუნგრია.

ჯავახიშვილის ქუჩის #80-ში შექმნილ ამხანაგობა „ელვას“ საკუთრების უფლების მოწმობა #1221 ქალაქ ბათუმის საკრებულომ 2009 წლის 21 ივლისს მისცა. ამხანაგობას საერთო საკუთრებაში გადაეცა 1297 კვ. მეტრი არასასფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 650 კვ. მეტრი შენობა-ნაგებობებით, რომლებიც ამ ფართობზე იყო აშენებული. სწორედ ეს შენობები, ავტოფარეხები აიღო აღნიშნული ტერიტორიიდან ზედამხედველობის სამსახურმა. მოსახლეობა ამ ფაქტს აპროტესტებს, რადგან ავტოფარეხების მშენებლობის ნებართვა მათ ჯერ კიდევ 1987 წლის 11 თებერვლს მიიღეს ბათუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის #143 გადაწყვეტილების საფუძველზე.

„ეს ავტოფარეხები თავის დროზე კანონიერად ავაშენეთ, მაგრამ რადგან სახელმწიფო მიწაზე გაქვთ აშენებული, როცა გვინდა მაშინ დავანგრევთო, - ამას ითვალისწინებს თურმე კანონი. მოვიდნენ და დაანგრიეს“, - სწუხს ერთ-ერთი ავტოფარეხის მფლობელი აიშე ბერიძე.

პენსიონერი სულიკო ღოღობერიძე ყვება, რომ მას ლამის ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს, რადგან მან წინააღმდეგობა გასწია ავტოფარეხში მოწყობილი მარანის დანგრევის დროს: „ესაა ცხოვრება... მთელი 20 წელია მაგ გარაჟით ვიქცევ თავს, მარანი მოვაწყვე შიგ და ძველ ავეჯს ვინახავდი. მოვიდნენ და ჩემი ნაშრომი ერთიანად ჩამიყარეს წყალში, ხელით კინაღამ შემეხნენ - რას ჰქვია საყვედური და უკმაყოფილობა გამოვთქვიო“.

„რომ დაანგრიეს ნაგავი მაინც გაეტანათ“, - გვითხრა  ჯავახიშვილის ქ. #57 -ში მცხოვრებმა დოდო ნემსაძემ და ერთი თვის წინ დანგრეული ანტოფარეხების ადგილას დახვავებულ ნაგავზე მიგვითითა. „გული მოგიკვდება ადამიანს, ერთ წუთში მიანგრ-მოანგრიეს ყველაფერი, ასევე დაყარეს და წავიდნენ. გალამაზებაო და კი არის გალამაზებული, მაგათმა მზემ. ეს ნაგავი სადამდე უნდა ეყაროს ნეტა ეზოში“.

ავტოფარეხების მფლობელები დაპირებული კომპესაციითაც უკმაყოფილონი არიან: „მთავრობის აზრით, 1300 ლარი დამიჯდა იმხელა ავტოფარეხის აშენება. მხოლოდ ეს კომპენსაცია გერგებათო, ასეა განსძღვრულიო. მათ მილიონები არ ყოფნით და ხალხისთვის სტანდარტებს აწესებენ? ჩვენი ნაშრომი ვის რაში ენაღვლება...“ - აცხადებენ ისინი.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა რამდენჯერმე სცადა ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურისგან ამ საკითხებზე კომენტარის მოპოვება, თუმცა უშედეგოდ. ზედამხედველობის სამსახურის უფროსი დავით დავითაძემ მერიის პრესცენტრთან გადაგვამისამართა. მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში კი გაგვიცხადეს: „ავტოფარეხების საკითხზე ახალი არაფერია. როცა სიახლე იქნება, ჩვენ თვითონ შეგეხმიანებით“

ახალი ამბები