კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„რადიო თავისუფლება“ უკვე აფხაზეთსა და ცხინვალშიც

3 ნოემბერი, 2009

„ეხო კავკაზა“-ს ანდრეი ბაბიცკი უხელმძღვანელებს

ანა შეშაბერიძე

გუშინ, საღამოს 10 საათზე, გადაცემა ,,ეხო კავკაზა“ პირველად გავიდა რადიო ,,თავისუფლების“ ეთერში. გადაცემა რუსულენოვანია რადგან ის აფხაზეთსა და ე. წ. სამხრეთ ოსეთშიც გადაიცემა. ადამიანის უფლებათა ცენტრი ახალი გადაცემის შესახებ, რადიო ,,თავისუფლების“ ქართული რედაქციის დირექტორს დავით კაკაბაძეს ესაუბრა.

- ბატონო დავით, როდის გაჩნდა რადიო ,,თავისუფლების“ ეთერში, გადაცემა ,,ეხო კავკაზას“ გასვლის იდეა?

- იდეა დაახლოებით ორი წლის წინ გაჩნდა თუმცა მას კონკრეტული სახე მოგვიანებით მიეცა. შემდეგ სამწუხაროდ ომიც დაიწყო, მაგრამ ამას გავლენა არ მოუხდენია რამეზე, ვერ გეტყვით რომ ამ ომმა დააჩქარა ან შეაფერხა იდეაზე მუშაობა.

- რა სპეციფიკისა და ხანგრძლივობისაა გადაცემა?

- გადაცემა 10-დან 11 საათამდე გრზელდება ანუ ერთ საათიანია. ეს არის ყოველდღიური საინფორმაციო-ანალიტიკური გადაცემა, რომელიც სპეციფიკით დიდად არ განსხვავდება რადიო „თავისუფლების“ სხვა პროგრამებისგან. საუბარი შეესხება პოლიტიკას, ეკონომიკას, კულტურას, სოციალურ საკითხებს. გადაცემაში ასევე იქნება ინტერვიუბი, მოეწყობა მრგვალი მაგიდები, აქტუალური რეპორტაჟები და სხვა. რადიო „თავისუფლების“ მსმენელისთვის  სტრუსტურული თვალსაზრისით არავითარი სიახლე არ არის. მაუწყებლობა რუსულ ენაზე იწარმოებს, რადგან ეს გადაცემა როგორც აფხაზეთისთვის, ისე ცხინვალის რეგიონისთვისაა გამიზნული  და შესაბამისად შეირჩა ორივე რეგიონისთვის საერთო, რუსული ენა. სხვა შემთხვევაში მოგვიწევდა ორი გადაცემის გაკეთება, ცალკე ერთი რეგიონისთვის და ცალკე მეორესთვის, ცხადია აფხაზურად და ოსურად, მაგრამ რადგან ერთი საერთო გადაცემის გაკეთება გადაწყდა, იქნება რუსული და უფრო მეტსაც გეტყვით,  ვფიქრობ ეს გადაცემა საინეტერსო იქნება არა მხოლოდ კონფლიქტური რეგიონების მოსახლეობისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის და ამ რეგიონებით დაინტერესებული ნებისმიერი მსმენელისთვის. ამის თქმის საშუალებას მაძლევს ის ფაქტი, რომ გადაცემაში განხილული იქნება არა მხოლოდ ლოკალური საკითხები,  არამედ საერთოდ მთელი რეგიონის და საერთაშორისო მნიშვნელობის საკითხები.

- რადიო „თავისუფლების“ შტაბ-ბინა ჩეხეთის დედაქალაქშია. „ეხო კავკაზა“-ს მაუწყებლობაც პრაღიდან განხორციელდება?

- დიახ, პრაღიდან განხორციელდება. მუშაობს 5 კაციანი ჯგუფი. კორესსპონტენტები გვეყოლება თბილისში, სოხუმში და ცხინვალშიც. სავარაუდოა, რომ გვეყოლება კორესპონდენტი მოსკოვშიც, თუმცა გადაცემაზე მუშაობის პროცესი ჯერ-ჯერობით არ დასრულებულა და ჯერ კიდევ თანამშრომლების ძიებაში ვართ.

- რა ტერიტორიაზე იქნება შესაძლებელი გადაცემის მოსმენა, აფხაზეთის ტერიტორიაზე მაუწყებლობა გარკვეულ პრობლემებთან ხომ არაა დაკავშირებული?

- მოკლე ტალღებით გადაცემის მოსმენის  შესაძლებლობა მთელ რეგიონში შესაძლებელი იქნება. იმედი გვაქვს, რომ დროთა განმავლობაში FM  დიაპაზონზე მაუწყებლობასაც შევძლებთ. ამ ეტაპზე FM მაუწყებლობას რადიო „მწვანე ტალღის“ დახმარებით ვახორციელებთ, რომელიც საქართველოს მრავალ რეგიონს ფარავს, მათ შორის აფხაზეთის ნაწილს და ოსეთსაც, მაგრამ იმისთვის რომ ტექნიკურად მაღალი ხარისხის მაუწყებლობა განვახორციელოთ აუცილებელია FM პარტნიორების ყოლა, როგორც ცხინვალში ისე სოხუმში, მაგრამ ეს ჯერ-ჯერობით ვერ მოვახერხეთ, იმედი მაქვს, რომ მომავალში ესეც გამოსწორდება.

- გაქვთ თუ არა რაიმე სახის შეთანხმება მაუწყებლობაზე აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ფაქტობრივ ხელისუფლებებთან?

- არა, რადგან ჩვენთან შეთანხმების პრაქტიკა არ არსებობს. არც სეპარატისტული რეგიონების და არც საქართველოს ხელისუფლებასთან არაფერი შეგვითანხმებია. ჩვენს რადიო ირანშიც მაუწყებლობს სპარსულ ენაზე ყოველგვარი შეთანხმების გარეშე. როგორ წარმოგიდგენიათ შეთანხმება ირანის ხელისუფლებასთან? ანუ შეთანხმების პრაქტიკა ჩვენთან საერთოდ არ არის მიღებული.

- ვინ იქნებიან ჟურნალისტები ვინც გადაცემაზე იმუშავებენ?

- პროექტს ცნობილი ჟურნალისტი ანდრეი ბაბიცკი უხელმძღვანელებს, ის კავკასიის ექსპერტია. ალბათ იცით, რომ ის აქამდე, ძირითადად ჩრდილოეთ კავკასიაზე მუშაობდა, მაგრამ რადიო თავისუფლების რუსული სამსახურიდან ჩვენთან გადმოვიდა და ამ პროექტს გაუძღვება. ჟურნალისტებთან შეთანხმების პროცესი ჯერ არ დასრულებულა, ამიტომ მათი გვარების დასახელებისგან თავს შევიკავებ, იმის თქმა კი ნამდვილად შემიძლია, რომ გადაცემაში ოსი და აფხაზი ჟურნალისტები აუცილებლად იქნებიან.

- იმ პირობებში, როცა აფხაზეთის ხელისუფლება მაუწყებლობის ჩახშობაზე საუბრობს, როგორ წარმოგიდგენიათ მათი იქ მუშაობა?

- რა თქმა უნდა ვერ გამოვრიცხავთ, რომ მათ გარკვეულ წინააღმდეგობები შეხვდეთ. რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა სიახლე ნამდვილად არ არის. ჩვენს ჟურნალისტებს ყოვეთვის რთულ პირობებში უწევდათ მუშაობა. ირანი ვახსენე და ძალიან რთულია იქ მუშაობა, მაგრამ მაინც ხერხდება... იგივე ითქმის ჩვენს კორესპონდენტებზე თურქეთშიც, სადაც ჩვენი რადიოს კორესპონდენტები მუდმივად განიცდიან შევიწროვებას. ამ სირთულეების მიუხედავად ისინი მაინც მუშაობენ და ასე იყო საბჭოთა პერიოდშიც, როცა ჩვენს რადიოსთან თანამშრომლობა სიცოცხლისთვის სახიფათო იყო.

- თქვენ რა პოზიცია გაქვთ აფხაზეთის ხელისუფლების განცხადებასთან დაკავშირებით?

- მე ნამდვილად არ მიმაჩნია ეს მეთოდი გამართლებულად, მაგრამ გადაწყვეტილებას ისინი იღებენ და მათი გადასაწყვეტია ჩაახშობენ თუ არა სიგნალს მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე. ჩახშობა ძალიან ძველი მეთოდია და ახალი რადიო თავისუფლებისთვის არც ამაშია რამე . საბჭოთა კავშირის  არსებობის დროს ამ რადიოს სიგნალს ახშობდნენ, მაგრამ ინფორმაცია მაინც მიდიოდა მსმენელამდე. ეს მეთოდი ბერად უფრო არაეფექტური იქნება დღეს, როცა არსებობს ინფორმაციის გავრცელების ალტერნატიული საშუალებები, არსებობს ინტერნეტი, და უკვე შეიძლება გადაცემის სრული ტექსტის როგორც წაკითხვა, ისე მოსმენა. ვფიქრობ, რომ გადაცემის ჩახშობა არაეფექტური იქნება და არ მგონია, რომ ამ ნაბვიჯზე წავიდნენ.

- როგორც ვიცით დღეიდან უკვე ამოქმედდა გადაცემის ვებ-გვერდიც, რა სახის იქნება ის?

- აქ  ძირითადად ტექსტურის სახით განთავსდება ის მასალები, რომელიც ეთერში გავიდა. საიტზე აიტვირთება ის ინფორმაციაც, რომელიც ეთერში არ მოხვდება.  საიტს ექნება ფორუმები, სადაც თითოეულ მსმენელს შეეძლება საკუთარი აზრის გამოხატვა. გადაცემის ტექსტური ვერსიის გარდა საირტზე აუდიომასალაც აიტვირთება და შესაძლებელი იქნება გადაცემების მოსმენა ინტერნეტის საშუალებით. იარსებებს აუდიო არქივიც, ძველი გადაცემების მოსასმენად. საიტს ექნება ფოტოგალერეაც. მოკლედ ჩვენი ვებ-გვერდის მომხმარებელს შეეძლება ისარგებლოს ნებისმიერი სერვისით, რომელიც თანამედროვე ინტერნეტ საიტებს ახასიათებს. გადაცემის რუსულენოვანი საიტის მისამართი იქნება www.ekhokavkaza.com.

- რას ელით ამ გადაცემისგან? როგორ ფიქრობთ შეძლებს თუ არა ის რაიმე ცვლილებების მოხდენას?

- ჩვენი მიზანი საზოგადოების ინფორმირებაა. მთავარია ადამიანებმა ნებისმიერ მოვლენაზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ. არ გვაქვს ილუზიები იმის თაობაზე, რომ გადაცემის შედეგად პოლიტიკური სიტუაცია შეიცვლება, თუმცა ინფორმაციის გაცვლის შედეგად ადამიანებმა სავარაუდოდ ერთმანეთის მოსმენა უნდა ისწავლონ და უფრო შემწყნარებლური უნდა გახდენ ერთმანეთის პოზიციების მიმართ. ეს კი დიალოგის წინაპირობაა. ჩვენი საქმეც ინფორმირება და საზოგადოებებს შორის ხიდების აშენებაა.

ახალი ამბები