კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შსს-ს თანამშრომლის მამა, მერაბიშვილს შვილის მკვლელის მფარველობაში ადანაშაულებს

6 ნოემბერი, 2009
ნინო მიქიაშვილი

თბილისში, 15 თვის წინ მოკლული ლევან ოდიკაძის მამა, შინაგან საქმეთა მინისტრს, ვანო მერაბიშვილს მკვლელის მფარველობაში ბრალს სდებს და აცხადებს, რომ მისი შვილის მკვლელობის ბურუსით მოცულ საქმეში, „სანამ ესენი იქნებიან, არაფერი გაირკვევა“.

25 წლის ლევან ოდიკაძის განზრახ მკვლელობის მუხლით აღძრულ საქმეში, ოფიციალური ვერსია ჯერჯერობით არ არსებობს, მაგრამ მოკლულის მამას, ნოდარ ოდიკაძეს აქვს თავის ვერსია, რომელიც მან პრესა.გე-სთან შეხვედრისას ასე ჩამოაყალიბა:

„2008 წლის 7 აგვისტოს ღამეს დედას მობილური ტელეფონით ელაპარაკა. მოგეხსენებათ 7-ში საქართველოში რა ხდებოდა. შიდა ტელეფონით რატომ არ მირეკავო, - ჰკითხა დედამ და აქ ისეთი ამბავია, ზოგი მკვდარი მოჰყავთ, ზოგი დაჭრილიო, - მიუგო. არანაირი შანსი არ არსებობს, გარდა ერთისა, რომ ჩემი შვილი ზემდგომის მითითებით მოკლეს. ე. წ. მოდულში დაინახა რაღაც ისეთი, რაც არ უნდა დაენახა და მოკლეს. აბა სხვა რა უნდა ვიფიქრო?!“

ლევან ოდიკაძე შსს-ს გარე პერიმეტრის დაცვის სამმართველოში მსახურობდა - ე. წ. მოდულის შენობას იცავდა. 2008 წლის 8 აგვისტოს დილას, სამსახურიდან სახლისკენ გაემართა, მაგრამ ვერ მიაღწია, 11 აგვისტოს, თბილისის პატარა და დიდი ზღვის შესართავთან, თემქის ტერიტორიაზე არსებულ მთის ძირში, ნაძვნარში, მწყემსებმა ლევან ოდიკაძის ცხედარი იპოვეს, რომელიც მისივე კუთვნილ „ჟიგულის“ მარკის ავტომანქანაში ესვენა.

განზრახ მკვლელობის (108-ე) მუხლით აღძრულ საქმეს, შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველო იძიებს. საქმის მასალებს მოკლულის მშობლებსა და მათი უფლებების დამცველ ადვოკატს, გელა ნიკოლაიშვილს, მათივე განმარტებით, არ აცნობენ.

საქმის ვითარების ირგვლივ, მათ ხელთ არსებული ერთადერთი დოკუმენტია, დეტექტივების სამმართველოდან, 2009 წლის 7 აგვისტოს, სახალხო დამცველის ოფისში გაგზავნილი სს №001083577-ზე საქმეზე შედგენილი ცნობა, რომელშიც აღწერილია მოკლულის მეგობრების, თანამშრომლების, თვითმხილველების დაკითხვის დეტალები, ჩატარებული ექსპერტიზების შედეგები, მოკლულის კუთვნილი მობილური ტელეფონის სიმბარათზე დაფიქსირებული შემავალი და გამავალი ზარები…

როგორც რვაგვერდიანი ცნობიდან ჩანს, თბილისის ზღვაზე, 8 აგვისტოს, დაახლოებით 15 საათზე, გაშლილ სუფრასთან და იქვე დანთებულ ცეცხლთან, 7 მამაკაცი ქეიფობდა, რომელთაგან ერთ-ერთი ლევან ოდიკაძე იყო. სუფრაზე საუბრის დაძაბვის შემდეგ, სუფრის ერთ-ერთ წევრს მოშორებით გაუყვანია ის პიროვნება, რომელსაც ქამარში დანა ჰქონია ჩადებული.

რამდენიმე წუთში, ჩხუბის და 2 გასროლის ხმის შემდეგ, სუფრის დანარჩენი წევრებიც იქ მისულან, ჩხუბი რამდენიმე წუთს გაგრძელებულა. გ. ადეიშვილს, რომელიც თბილისის ზღვაზე მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს მწყემსავდა, დაუნახია თავში ქვის ჩარტყმით როგორ მოკლა ლევან ოდიკაძე ვინმე ლადომ.

„მათ სავარაუდოდ გვამი მანქანის უკანა სავარძელზე დაუსვამთ და თავისივე ავტომანქანით წაუყვანიათ თემქის მიმართულებით. მანამდის კი, სიკვდილით დამუქრებიან შემსწრე გ. ადეიშვილს და მიწაზეც წაუქცევიათ. ადეიშვილი აცხადებს, რომ ვინმე გიორგის და იარაღიანი მამაკაცის ამოცნობა შეუძლია“, - წერია შსს-დან სახალხო დამცველის აპარატში გაგზავნილ 8-გვერდიან ცნობაში.

მკვლელობიდან 4 თვის შემდეგ, ადეიშვილი დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით (376-ე) დააკავეს, გაასამართლეს და 7 თვის შემდეგ, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გაათავისუფლეს.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარებულ, 2008 წლის 4 სექტემბრით დათარიღებულ დასკვნაში, ლევან ოდიკაძის სიკვდილის მიზეზად მითითებულია: „ქალა-ტვინის ბლაგვი ტრავმა, სახისა და ქალის ფუძის ძვლების მრავალფრაგმენტოვანი მოტეხილობით… აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და განეკუთვნება დაზიანებათა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს, რასაც შედეგად მოჰყვა სიკვდილი“.

ნოდარ ოდიკაძე: - „შსს-ში მუშაობა 2008 წლის იანვარში დაიწყო და 8 თვე ვერ გაძლო. ხშირად იმეორებდა - მამა, ეს სად მოვედიო, მაგრამ არაფერს აკონკრეტებდა. მოდულის შენობას 80 ჯარისკაცი იცავდა. ლევანი ცვლის უფროსი იყო, სამ დღეში ერთხელ მორიგეობდა. 2008 წლის 7 აგვისტოს, ომი რომ დაიწყო, მორიგე იყო. გვაინტერესებდა ომში ხომ არ წაიყვანეს და ჩემი მეუღლე ელაპარაკა.

„არ მივდივართ, ყაზარმულზე გადაგვიყვანეს და ყოველ მეორე დღეს სახლში მოვალ, დავიბან და უკან დავბრუნდებიო“, - უთხრა დედას. 8-ში შეიცვალა. მეუღლემ დამირეკა - გაიგე როგორ არის, მოდის თუ არა სახლშიო.

დილით დავურეკე და „რა მოგივიდათ?! მოვდივარ, სახლთან ვარო“, - მითხრა, მაგრამ აღარ მოვიდა.

ეს ზარი ამოშლილია და რატომღაც აღარ ფიგურირებს, ისევე, როგორც მის ტელეფონში შემავალი კიდევ ერთი ზარი - ვიდეოთვალიდან ამოღებულ კადრებში ჩანს, ე. წ. თათრების ბაზრობასთან, გაჩერებულ მანქანაში, 10 წამის განმავლობაში როგორ ელაპარაკება ვიღაცას, ვინც სავარაუდოდ იქიდან წაიყვანა.

მეორე დღეს, ანუ 9 აგვისტოს გზებზე დაყენებული ვიდეოთვალის მეშვეობით გავარკვიეთ, რომ ისან-სამგორის რაიონში, ჯავახეთის ქუჩამდეა მოსული, თათრების ბაზრობას, რომ ეძახიან, აი, იმ ადგილამდე. ჩვენ ვაზისუბნის დასახლებაში ვცხოვრობთ. ჯავახეთის ქუჩიდან მანქანის კვალი იკარგება“.

მოკლულის მამა ამბობს, რომ არ სჯერა იმ ვერსიების, რომელსაც სამართალდამცავები მასთან საუბრის დროს ახმოვანებდნენ, რომ ვითომ თბილისის ზღვაზე, ტოტალიზატორში მომხდარი გაუგებრობის გასარჩევად ავიდა.

„მგონია რომ ეს საქმე შეკერილია. ტოტალიზატორში ერთი ლარი არ დაუდევს, არასდროს და ამ ვერსიას გამოვრიცხავ. თავიდან ადვოკატი ჩემი შვილის სამსახურმა დამინიშნა. ის მეუბნებოდა, „აქ ქალის ამბავიაო“ და 5 თვე გამაცდინა. შემდეგ გელა ნიკოლაიშვილი ავიყვანეთ და ახლა ის იცავს ჩვენს უფლებებს. მერაბიშვილმა ჭიანჭველა სად დადის, ეს იცის და ჩემი შვილი ვინ და რატომ მოკლა, ეს ვერ დაადგინეს?! მით უმეტეს, მისი უწყების თანამშრომელი იყო, მაგრამ ჩემი აზრით, ამის დადგენას, არც არავინ აპირებს.

ერთხელ შალვა ნათელაშვილმა ბრიფინგი ჩამატარებინა, გელა ნიკოლაიშვილი ტელევიზიით გამოვიდა და ამ საქმეზე ილაპარაკა, მაგრამ მაინც არავინ მაქცევს ყურადღებას. შემდეგ იური ვაზაგაშვილის ოფისში მივედი და ღმერთი უშველის, თავისი შესაძლებლობის ფარგლებში დამეხმარა - ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში დარეკა და შეიძლება ამ საქმეში ისინიც ჩაერთნონ.

ბატონ იურის ჩემი შვილის ფოტო მივუტანე, დიდ პლაკატს აკეთებს. ყოველ შაბათ-კვირას შვილმკვდარი მშობლები ვიკრიბებით. „გადაარჩინე სიცოცხლეში“ გაერთიანებას ვაპირებ, მეტი აღარაფერი დამრჩენია, ერთადერთი ბიჭი ხელიდან წამგლიჯეს.

იმიტომ კი არა, რომ ჩემი შვილია!.. მტერი ვერ უპოვეს, უპატიოსნესი კაცი იყო. რისთვის, რატომ მომიკლეს? ამაზე გამცენ პასუხი, სხვა არაფერი მინდა. ფიზკულტურის ინსტიტუტი დაამთავრა, მანამდე სპეციალური საფეხბურთო სკოლა. ნაკრებში თამაშობდა. მინისტრ მერაბიშვილისგან მადლობაც აქვს მიღებული. მიხეილ სააკაშვილი ხშირად ამბობს, ჩვენს თანამშრომელს რამე რომ მოუვიდეს, ამას ვიზამთ, იმას ვიზამთო და რატომ არ აკეთებენ არაფერს? დაინტერესება ხომ უნდა იყოს?! ჩემი შვილის მკვლელობიდან წელიწადი და 3 თვე გავიდა. ბოლო 6 თვე არავინ შემხმიანებია.

28 ოქტომბერს გამომძიებელმა დამირეკა - მობრძანდითო. მივედი და მეკითხებიან: „რამე ვერსია ხომ არ გაქვთ? ეზოში მეზობლები, მეგობრები ხომ არ ჭორაობენ რაიმესო?“ წარმოგიდგენიათ, რა კითხვებს მისვამენ?! ეს საქმე პროკურატურიდან კონტროლზეა აყვანილი და იმის გამო შემეხმიანნენ, რომ საბუთებს მტვერი არ ადევს. ეგ იყო და ეგ, მეტი არაფერი“.

ნოდარ ოდიკაძემ სამ მეგობარ პარლამენტარს დახმარება სთხოვა. სამივე მათგანი „ნაცმოძრაობის“ წევრია. მათგან ერთ-ერთი შს მინისტრს შეხვდა. ამ უკანასკნელის დაპირება ასეთი ყოფილა - „მკვლელს მიწიდან ამოვიღებთო“, მაგრამ, მოკლულის მამა ამბობს, რომ შს მინისტრი მკვლელს მიწის ზემოდანაც არ ეძებს, რადგან, ალბათ, ის არის, რომლის მხილებაც ამ უწყებას ხელს არ აძლევს, ან მისი 25 წლის შვილი „ზემოდან“ წამოსული დავალებით მოკლეს, რადგან, მისივე განმარტებით, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ის დაინახა, რაც არ უნდა დაენახა. ნოდარ ოდიკაძის სატელეფონო ზარებს პარლამენტარი მეგობრები აღარ პასუხობენ; მოკლულის მამა ფიქრობს, რომ ალბათ სიმართლე გაიგეს, არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ და მასთან საუბარს თავს არიდებენ.

ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილის განმარტებით, სამართალდამცავები საქმის მასალების გაცნობაზე უარს იმ მოტივით ეუბნებიან, რომ გამოძიება მიმდინარეობს და კანონში არ წერია, რომ მასალები დაზარალებულ მხარეს, ანუ მოკლულის მშობლებსა და მათი უფლებების დამცველ ადვოკატს უნდა გააცნონ.

გელა ნიკოლაიშვილი: „წერია რომ საქმის მასალებს მხარე უნდა გაეცნოს, მაგრამ დაზარალებულიც, რომ მხარეა, ესენი ასე არ თვლიან. პოლიციელი რომ იყო ამ მკვლელობაში ჩარეული, ეს აშკარაა, რადგან შეუძლებელია სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი ადამიანი იარაღს გამოსაჩენად ატარებდეს, თუ პოლიციელი არ არის. მწყემსის გადმოცემით, ერთ-ერთს იარაღი ჰქონდა.

ამოცნობაც შეუძლია, მაგრამ ვეჭვობთ რომ მას უთხრეს არ უნდა ამოეცნო ის თანამშრომელი, რომელსაც იარაღი ჰქონდა. ამ მკვლელობაში ვიღაც ისეთია ჩარეული, რომლის გამოჩენაც ხელს არ აძლევთ, მალავენ. ანდა, თავის შეწუხება და სიმართლის დადგენა არ უნდათ“.

წყარო: პრესა.გე

ახალი ამბები