კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„მახსოვს 7 ნოემბერი!“

6 ნოემბერი, 2009

„ეს დღე სისხლთან და სირცხვილთან ასოცირდება...“

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

2 ნოემბერს თბილისში, ტელეკომპანია „იმედთან“ არასამთავრობო ორგანიზაციები შეიკრიბნენ და მომავალი 7 ნოემბერისთვის დაგეგმილი საპროტესტო აქციების გეგმა საზოგადოებას  გააცნეს.

„ყველას, ვისთვისაც სულერთი არ არის პიროვნული ღირსება, ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესები და დემოკრატიული ფასეულობები, მოვუწოდებთ, 7 ნოემბერს, თბილისში, 15 საათზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან შევიკრიბოთ და მონაწილეობა მივიღოთ საპროტესტო მსვლელობაში“, - მოწოდებას, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივით მთელი საქართველოს მასშტაბით გავრცელდა, ქუთაისში, ისევე, როგორც დანარჩენ საქართველოში, ათასობით მოქალაქე შეუერთდა.

დღეს ქართველ ხალხს, 2007 წლის 7 ნოემბერს საქართველოს დედაქალაქში განვითარებული მოვლენების გახსენებისას, ზუსტად იგივე განცდა ეუფლება, რაც ორი წლის წინ ტელეკომპანია „იმედის“ დარბევისას. ირკვევა, რომ 7 ნოემბრიდან არცთუ ცოტა დროის გასვლისა და ქვეყანაში განვითარებული სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი მოვლენების მიუხედავად,  2007 წლის 7 ნოემბერი დავიწყებას არ ეძლევა.

ქუთაისში მცხოვრები რიგითი მოქალაქეებს ვთხოვეთ შვიდი ნოემბერი გაეხსენებინათ და ამ დღესთან დაკავშირებით უკვე ორი წლის მერე დაეფიქსირებინათ საკუთარი პოზიცია.

გიორგი ჯანელიძე, 29 წლის: „ხვალ ჩემი ქვეყნის ღირსების სადარაჯოზე ისევე დავდგები, როგორც ეს 2007 წლის 7 ნოემბერს გავაკეთე. მაშინ სააკაშვილს და მის მთავრობას ეგონა, რომ ხალხს შეაშინებდა და ფარ-ხმალს დააყრევინებდა. ყველას გვახსოვს, რომ ასე არ მოხდა. ხალხი დღესაც ბრძოლის განწყობაზეა და ამას ხვალინდელი და მომავალი დღეები აჩვენებს. სანამ ეს ცრუ სპექტაკლები და ვაიდემოკრატია არ დამთავრდება, არ გავჩერდებით“.

მარი ლაღაძე, 27 წლის: „მაშინ ხალხში ფრაზა გავრცელდა - „მახსოვს 7 ნოემბერი!“ ზუსტად ვიცოდი და დღესაც ვიცი, რომ მართლა მახსოვს და არც არასდროს დამავიწყდება. ეს იყო ძალიან ცუდი დღე ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში და ამ სირცხვილის ჩამორეცხვას ალბათ დიდი დრო დასჭირდება. ეს დღე პირადად ჩემთვის, სირცხვილთან, სისხლთან და ღირსების შელახვასთან ასოცირდება“.

მანანა ასათიანი, 43 წლის: „2007 წლის 7 ნოემბერს საქართველოს ხელისუფლებამ საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინაშე უმძიმესი დანაშაული ჩაიდინა.  ეს საშინელი ფაქტი იყო, რომელიც მართლა სამარცხვინო ფურცლად შევა საქართველოს ისტორიაში. მიმართვას, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაავრცელეს, აბსოლუტურად ვუერთდები. დარწმუნებული ვარ, ჩემს აზრზე სხვა ბევრი ქართველიცაა. დაიღალა ხალხი სიცრუით და დროა, ეს სიცრუე ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს“.

ტარიელ გიორგაძე, 61 წლის: „2007 წლის 7 ნოემბერი, როგორც თარიღი, საქართველოს ისტორიაში არასოდეს წაიშლება. ეს თარიღი საქართველოს ხელისუფლების დამსახურებაა, რომელიც მას, ადრე თუ გვიან, არ ეპატიება. სწორედ ამ თარიღს მოჰყვა საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული რუსული აგრესია, რომელსაც ასობით და ათასობით ადამიანის უბედურება მოჰყვა. ჩვენ 2007 წლის 7 ნოემბერს ჩვენივე ხელისუფლებამ არ დაგვინდო და რატომ გვქონდა ილუზია, რომ რუსეთი დაგვინდობდა? რა ქნა რუსეთმა იმაზე მეტი, ვიდრე 7 ნოემბერს ტელეიმედის დარბევა და ფეხმძიმე ადამიანების ფეხქვეშ გათელვა იყო? რაც დათესა მაშინ ჩვენმა ხელისუფლებამ, ზუსტად ის მოიმკა შარშან აგვისტოში“.

თამაზ ჩირგაძე, 55 წლის: „მე არ ვიცი, რას აპირებს ხვალ საქართველოს მთავრობა. ვერ გეტყვით, რას გვეტყვის იგი ორი წლის შემდეგ საკუთარი ხალხის აწიოკებიდან. ერთი კი ვიცი, რომ ხალხი არ მოისვენებს, სანამ მიზანს არ მიაღწევს. ხალხი ვერ შეეგუება ამ ხელისუფლება, პოლიციურ რეჟიმს და და საერთოდ, ქვეყანაში არსებულ ვითარებას. სიმართლე უნდა ითქვას - ვერც ოპოზიციამ ივარგა და ხალხს მოლოდინი გაუცრუა. ახლა ჯერი ხალხზეა... სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა გადადგას ნაბიჯი წინ, დემოკრატიისკენ და უკან აღარ დაიხიოს. მხოლოდ ამ გზაშია ხსნა. სხვანაირად დავიღუპებით“.

მაკა გუმბერიძე, 33 წლის: „ახლაც იგივე განცდა მეუფლება, როგორც მაშინ, 7 ნოემბერს. მახსოვს, 8-ში ქალაქის ცენტრში რომ გამოვედი, იქაურობა პილიციელებით იყო სავსე. სამარისებური სიჩუმე იდგა... ქუთაისის მერიის წინ გზა იყო გადაკეტილი და პოლიციელები „წესრიგს ამყარებდნენ“. იმ წესრიგს ამყარებდნენ, რომელსაც არავინ არღვევდა... სკოლებიდან მასწავლებლები და მოსწავლეები გამოიყვანეს და ქალაქის ცენტრში შეკრიბეს. სასწავლო პროცესი ჩაშალეს... ეს იმიტომ გააკეთეს, რომ ხელისუფლებას შიში ჰქონდა, ხალხი თბილისისკენ არ დაძრულიყო. ვინც დაიძრა, ყველანაირად ხელი შეუშალეს. მძღოლებს მარშუტკები ჩამოართვეს. მოკლედ, ძალიან მძიმე დღეები იყო“.

ნელი გიგინეიშვილი, 61 წლის: „ასეთი დღეები არ ავიწყდებათ. ასეთი დღეების დავიწყება, უბრალოდ, არ შეიძლება“.

ახალი ამბები