კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პატიმრების შეწყალების კომისია პრეზიდენტის ნებართვას ელოდება

12 ნოემბერი, 2009

ანა შეშაბერიძე

საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებულ დებულებაში, რომელიც პატიმართა შეწყალების კომისიას ეხება, აღნიშნულია, რომ კომისია წელიწადში ორჯერ უნდა შეიკრიბოს და პრეზიდენტს შესაწყალებელ პატიმართა სია უნდა წარუდგინოს.

დებულების მიხედვით, თუ შეწყალების კომისიის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ განსახილველად ბევრი პატიმრის საქმე დაგროვდა, ამ შემთხვევაში, მას  უფლება აქვს, პრეზიდენტს მიწეროს წერილი კომისიის შეკრების თხოვნით. შეწყალების კომისიის დამატებითი სხდომების ჩატარება მხოლოდ პრეზიდენტის ნებართვის ძალით არის შესაძლებელი.

2008 წელს შეწყალების კომისია ხუთჯერ შეიკრიბა, 2009 წელს კი _ ორჯერ.   კომისიის დებულებით გათვალისწინებული მოთხოვნა წელს შესრულებულია. თუმცა, კომისიის თავმჯდომარე, ელენე თევდორაძე მიიჩნევს, რომ ერთი სხდომის ჩატარება კიდევ არის საჭირო, რადგან ბევრი პატიმრის საქმეა განსახილველი. მან  პრეზიდენტს ოფიციალურად სთხოვა,  ნოემბერში კომისიას სხდომის ჩატარების უფლება მისცეს, მაგრამ მიხეილ სააკაშვილისგან ნებართვა ჯერ არ მიუღია.

შეწყალების კომისიის თავმჯდომარე პასუხის დაგვიანების მიზეზად 23 ნოემბერს დაგეგმილ ამნისტიას ასახელებს, რომელმაც პატიმართა შეწყალების პროცესი დაჩრდილა.

როგორც ჩანს, ხელისუფლებაში მიიჩნევენ, რომ ბევრი პატიმრის განთავისუფლება ქვეყანაში კრიმინალურ ვითარებას გააუარესებს. თუმცა, ამნისტია მხოლოდ ნარკოტიკების მომხმარებელ პატიმრებს ეხება. სხვა კატეგორიის დანაშაულისთვის მსჯავრდებული პატიმრები კი, რომლებმაც სახელმწიფოს შეწყალების თხოვნით მიმართეს, მოუთმენლად ელიან პრეზიდენტის გადაწყვეტილებას.

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარის,  ნანა კაკაბაძის თქმით, შეწყალება ერთადერთი მექანიზმია, რითაც სასამართლოს მიერ მიღებული უსამართლო გადაწყვეტილებების გასწორება შეიძლება. ამავე დროს, საპატიმროებში ბევრი პატიმარია და სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, ეს შემაშფოთებელი ვითარებაც გამოასწოროს.

,,შეწყალება არის პრეზიდენტის უფლება, რომელსაც უნდა - გამოიყენებს, უნდა - არა. ჩვენს ქვეყანაში შეწყალება საჭირო იყო მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ სასამართლოს მიერ ჩადენილი დანაშაულები გამოსწორებულიყო. ეს საშუალება აუცილებლად უნდა იქნეს გამოყენებული, რათა ზოგადად, სამართლიანობის პრინციპი არ დაირღვეს. ამნისტია არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს შეწყალების კომისიის მუშაობის ხელისშემშლელი ფაქტორი“, - განაცხადა ნანა კაკაბაძემ.

ელენე თევდორაძის თქმით, კომისია დებულების მიხედით მოქმედებს და სხდომის ჩასატარებლად პრეზიდენტის ნებართვას ელოდება. სხდომის ჩატარების გარეშე კომისია პრეზიდენტს შესაწყალებელ პატიმართა სიას განსახილველად ვერ წარუდგენს.

ახალი ამბები