კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შოთა ცანავა: „საზღვარზე შემოსვლისას ადამიანს ვერც ერთი ექიმი ვერ შეატყობს, აქვს თუ არა ღორის გრიპი“

16 ნოემბერი, 2009
თაკო ხუციშვილი

საქართველოში გრიპის ახალი ტიპის ვირუსით - ე. წ „ღორის გრიპით“ (იგივე H1N1) დაავადებულთა რაოდენობა ნელი ტემპით, მაგრამ მაინც მატულობს. ამ ეტაპისთვის, საერთო ჯამში, ლაბორატორიულად 65 შემთხვევაა დადასტურებული, მაგრამ საშიში გართულება არც ერთ ინფიცირებულს არ ჰქონია. შემთხვევების უმეტესობა დაკავშირებულია საზღვარგარეთის ქვეყნებიდან ადამიანების საქართველოში შემოსვლასთან. ამიტომ საზოგადოებას ლოგიკურად აინტერესებს, რატომ არ არის გამკაცრებული კონტროლი საზღვრებზე და განსაკუთრებით - აეროპორტში, რათა თავიდან ავიცილოთ გრიპის საშიში ეპიდემია ქვეყანაში. 

ე.წ. „ღორის გრიპი“ ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ უჩვეულო ვირუსად შეაფასა. იგი ადამიანის, ფრინველის და ღორის გრიპის  ვირუსების გენეტიკური მასალის ნაერთს წარმოადგენს.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ და შესაბამისმა სტრუქტურებმა ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება ჯერ კიდევ მაისის თვიდან დაიწყეს: ლაბორატორიული დიაგნოსტიკის და მკურნალობის საკითხებში კადრები გადამზადდა, მოსახლეობას პროფილაქტიკისთვის შესაბამისი  განმარტება მიეცა, ქვეყანაში ანტივირუსული პრეპარატებიც მოიმარაგეს. თუმცა, ქვეყანაში ღორის გრიპის გავცელება მაინც ვერ აღიკვეთა.

გრიპის ვირუსი საქართველოში, ფაქტობრივად, საზღვარგარეთიდან შემოსული საქართველოს მოქალაქეებისა თუ უცხოელების საშუალებით ვრცელდება. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა უკრაინაში, სადაც H1N1-ით ასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. ლეტალური შემთხვევების გამო, ქვეყნის ტერიტორიაზე კარანტინიც გამოცხადდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, შოთა ცანავა ფიქრობს, რომ კარანტინი არ არის ეფექტური ღონისძიება, რომელიც საქართველოში ვირუსის შემოსვლას აღკვეთავს: „ჩვენ მთელ ქვეყანაში კარანტინს არ ვაცხადებთ და ალბათ, არც გამოვაცხადებთ. თუმცა, ვითარების გართულების შემთხვევაში, შეიძლება, ასეთ ღონისძიებას ლოკალურ ტერიტორიებზე მოვმართოთ. ეს გრიპი ამ სეზონისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა. ამიტომ ჩვენ არც საზღვრები გადაგვიკეტავს და მოქალაქეთა ნორმალური საქმიანობისთვის ბარიერები არ შეგვიქმნია“. 

 „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ შეკითხვაზე, რატომ არ ხდება საზღვრებზე და აეროპორტში კონტროლის გამკაცრება, შოთა ცანავამ განაცხადა: „ჩვენ მოქალაქეს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას ვერ ავუკრძალავთ. ეს დაუშვებელია. შემომსვლელების შემოწმებას კი აზრი არა აქვს, რადგან საზღვარზე ხალხის გასინჯვა შეუძლებელია. არ არსებობს არანაირი მეთოდი და ვერც ერთი ექიმი ვერ შეატყობს ადამიანს საზღვარზე გადმოსვლისას, აქვს თუ არა ეს ვირუსი. შეიძლება, ვიღაცას ტემპერატურის მატება ჰქონდეს, მაგრამ ეს სხვა მიზეზით იყოს გამოწვეული. ჩვენთვის მთავარია, ეპიდემიური ქვეყნებიდან შემოსული თითოეული ადამიანი გავაფრთხილოთ, თუკი რაიმე სიმპტომი ექნება, დროულად მიმართოს ექიმს. მათ ურიგდებათ ბუკლეტები, სადაც ყველაფერია მითითებული“.

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აღნიშნავენ, რომ ვირუსის შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება, ვინაიდან ამ ტიპის ვირუსების გავრცელება პიკს შემოდგომა-ზამთრის პერიოდში აღწევს. თუკი გაქვთ მაღალი ტემპერატურა, ყელის და სახსრების ტკივილი, უმჯობესია, ექიმს დროულად მიმართოთ, რათა შემდგომი გართულებები თავიდან აიცილოთ.

ახალი ამბები